საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი
დოკუმენტის ნომერი 18/220-3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016565
18/220-3
29/12/2017
ვებგვერდი, 12/03/2019
480610000.03.030.016565
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი

პრეამბულა

,,თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას   შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ 2014 წლის 1 5 დეკემბრის შეთანხმებაზე დაყრდნობით (შემდგომში, როგორც „შეთანხმება“), საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში ცალკე მოხსენიებულნი როგორც ,,მხარე“, ხოლო ერთობლივად მოხსენიებულნი როგორც „მხარეები“)  შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი I

მიზანი

ამ ოქმის მიზანია 2014 წლის უცხოური სამხედრო ლოგისტიკური დახმარების პროექტის განსაზღვრა, რომელიც განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2014 წლის 15 დეკემბრის შეთანხმებაზე დაყრდნობით.

მუხლი II

2014 წლის უცხოური სამხედრო ლოგისტიკური დახმარების პროექტი

1. შეთანხმების შესაბამისად თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან დაგეგმილია საქართველოსათვის 220.000,00 (ორას ოცი ათასი) თურქული ლირის  ეკვივალენტური აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით დახმარების გაწევა.

2. ამ სახსრებით სამხედრო აღჭურვილობით დახმარება განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად.

მუხლი III

ზოგადი დებულებები

1. პროექტის განსახორციელებლად შესაძენი მასალის სახეობა და რაოდენობა განისაზღვრება მხარეების მიერ პროექტის სახით თბილისში სამხედრო ატაშეს საშუალებით ერთობლივი მუშაობის შედეგად და საბოლოო ფორმა მიეცემა თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ.

2. გრანტის სახით გადასაცემი მასალის შეძენა განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ თურქეთიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ სახსრებით, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, არ შესრულდება სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, არ იქნება შეძენილი მოხმარების საგნები.

4. გრანტის სახით გადაცემული მასალა გამოიყენება მხოლოდ დაგეგმილი პროექტის მიზნებისათვის.

5. გრანტის სახით გაცემული მასალის მესამე ქვეყნისათვის ან ორგანიზაციისათვის გადაცემა და დაკავშირებული მასალის განკარგვა განხორციელდება თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის თანხმობით.

6. გრანტის სახით გადაცემული მასალების საქართველოში შეტანასთან დაკავშირებული ყველა საბაჟო პროცედურა განხორციელდება საქართველოს მთვარობის მიერ, რომელიც წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროთი. ეს პროცედურები არ გამოიწვევს თურქეთის რესპუბლიკისათვის რაიმე სახის ფინანსურ, ადმინისტრაციულ და სამართლებრივ ვალდებულებებს.

7. გრანტის სახით გადაცემული მასალების ტექნიკური მომსახურება, ფუნქციონირება და შენარჩუნება განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

მუხლი IV

უფლებამოსილი ორგანოები და საკონტაქტო პირები

1. ამ ოქმის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოებია:

თურქული მხარის სახელით: თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბი;

ქართული მხარის სახელით: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

2. ოქმთან დაკავშირებით საკონტაქტო პირებია:

თურქული მხარის სახელით:   

თბილისში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე,

ქართული მხარის სახელით:    

საქართველოს თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში.

მუხლი V

დავათა მოგვარება, ცვლილებები და დამატებები

 

1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ოქმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების და/ან კონსულტაციების გზით და არ გადაეცემა ნებისმიერ მესამე პირს, ორგანიზაციას, არბიტრს, ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლოს.

2. წინამდებარე ოქმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ ოქმის VI მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.

მუხლი VI

 ძალაში შესვლა

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ ოქმის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

მუხლი VII

მოქმედების ვადა და შეწყვეტა

1. ეს ოქმი მოქმედებს იმ შეთანხმების მოქმედების ვადის განმავლობაში, რომელსაც ოქმი ეყრდნობა. შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში, ოქმი შეწყდება სხვა რაიმე მოქმედების გარეშე.

2. თუკი ერთ-ერთი მხარე მივა დასკვნამდე, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ან არ შეუძლია შეასრულოს ამ ოქმის დებულებები, ოქმი შეწყდება ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის ამ ოქმის შეწყვეტის შესახებ ცალმხრივად გაკეთებული წერილობითი შეტყობინების დღეს.

მუხლი VIII

ტექსტი და ხელმოწერა

შესრულებულია ქ. ანკარაში წლის 29.12.2017 ორ დედნად, თითოეული თურქულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

აქართველოს  მთავრობის  სახელით   

  თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

 

 

ხელმოწერა:

   ხელმოწერა:

სახელი:  ვიცე-პოლკოვნიკი ალ. ქუთათელაძე

   სახელი:  პოლკოვნიკი გ. დენიზერი

თანამდებობა: თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში

 

   თანამდებობა: ლოგისტიკის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი