საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 5/23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016566
5/23
28/04/2017
ვებგვერდი, 15/03/2019
480610000.03.030.016566
საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 


საქართველოს მთავრობა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

ეფუძნებიან რა, 1970 წლის 27 სექტემბერს მექსიკაში დამტკიცებულ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წესდებას,

სურთ რა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთობის განვითარებასა და ამ დარგში ორი სახელმწიფოს უფლებამოსილ მმართველ ორგანოებს შორის თანამშრომლობას,

აღიარებენ რა, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აუცილებელ ელემენტს ორივე ქვეყნის ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებისა და განმტკიცებისათვის,

ისწრაფვიან რა, საფუძველი დაუდონ ტურიზმის სფეროში საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის ურთიერთობის გაღრმავებას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

მხარეები ხელს შეუწყობენ ტურიზმის სფეროში ურთიერთობის განვითარებას, ორივე სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.

მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ სხვადასხვა სახისა და ფორმის ტურიზმის განვითარებას, მათ შორის:

  1. კულტურულ ტურიზმს;
  2. საქმიან ტურიზმს;
  3. შემეცნებით ტურიზმს;
  4. საკურორტო-სამკურნალო ტურიზმს;
  5. აგრო ტურიზმს;
  6. ეკოლოგიურ ტურიზმს;
  7. ტურიზმს, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ღონისძიებასთან (მონაწილეობა გამოფენებში,  ბაზრობებში, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში);
  8. ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურიზმს;
  9. სპორტული ტურიზმის;
  10. ახალგაზრდულ ტურიზმს და ა.შ.

მუხლი 3

წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებათა ორგანოებს და  ეკონომიკურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობა განხორციელდება ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შემდეგი გზებით:

  1. ტურიზმის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით, ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
  2. ტურიზმის სფეროში ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა;
  3. ტურიზმის სფეროში სპეციალისტების, ჯგუფებისა და ექსპერტთა დელეგაციების გაცვლა;
  4. ერთობლივი გამოფენების, სხდომების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების და მრგვალი მაგიდების ორგანიზება;
  5. საკონსულტაციო მომსახურების განხორციელების ხელშეწყობა;
  6. და სხვა, მხარეებისათვის მისაღები თანამშრომლობის ფორმები.

მუხლი 4

ტურიზმის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიზნით, მხარეები გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიებზე ტურიზმის საინფორმაციო ბიუროების გახსნაში.

აღნიშნული ბიუროები იმოქმედებენ თითოეული ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით.

მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყობენ ორივე სახელმწიფოს ეკონომიკურ სუბიექტებსა და ტურისტულ უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებისა და შესრულებისათვის ხელსაყრელი აუცილებელი პირობების განვითარებას შემდეგი გზებით:

  1. ახალი ტურისტული ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა, ასევე არსებულის რეკონსტრუქცია;
  2. კულტურული და ბუნებრივი ტურისტული რესურსების  განვითარება, მართვა და დაცვა;
  3. თანამედროვე სასტუმრო ინფრასტრუქტურის შექმნა;
  4. მრავალგვარი ტურისტული მომსახურების განვითარება.

მუხლი 6

ტურიზმის განვითარების მიზნით, ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე, მხარეებს შორის პერიოდულად გაიმართება ერთობლივი ღონისძიებები ურთიერთინფორმირებისა და ტურიზმის ხელშეწყობისათვის, კერძოდ:

  1. გამოფენები, ბაზრობები, პრესკონფერენციები, მრგვალი მაგიდები;
  2. ტურისტული ფილმების შექმნა და წარდგენა;
  3. სარეკლამო მასალებისა და ტურისტული ინფორმაციის გაცვლა, აგრეთვე ამ სფეროსთან დაკავშირებული ჟურნალებისა და სამეცნიერო გამოცემების გაცვლა, რომლებიც წარმოდგენილია ორივე ქვეყნის ბიბლიოთეკებისა და გამომცემლობების მიერ;
  4. ინფორმაციის გაცვლა ტურიზმის სფეროში საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ;
  5. გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის გაცვლა მშენებლობებისა და სამეცნიერო კვლევების საკითხებზე ტურიზმის სფეროში, საერთაშორისო ტურისტულ ორგანიზაციებში წევრობასა და ტურიზმის სფეროს განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

ამ ღონისძიებათა ორგანიზების კონკრეტული ფორმები, კალენდარი და ფინანსური პირობები, აგრეთვე საინფორმაციო მასალებისა და ტურისტული რეკლამის მოცულობა, რომელთა გადაცემაც უნდა მოხდეს ურთიერთსარგებლობის საფუძველზე, განისაზღვრება მხარეთა შორის შეთანხმებული პროგრამებით.

 

მუხლი 7

მხარეები გააღრმავებენ თანამშრომლობას ტურიზმის ინდუსტრიისათვის კადრების მომზადებისა და სრულყოფის კუთხით.

ამ მიზნის განსახორციელებლად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

  1. ორივე ქვეყნის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში შესაბამის სპეციალობებზე განათლების მიღების მიზნით სტუდენტების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა;
  2. განახორციელონ შესაძლებლობების ურთიერთწარდგენა და გაცვლითი პროგრამების ტურიზმის, მათ შორის ეკოტურიზმის სფეროში უფლებამოსილი მმართველი ორგანოების ხელმძღვანელი კადრებისა და სპეციალისტების, ეკონომიკური აგენტებისა და ტურისტული ორგანიზაციების, ასევე სასტუმროების, რესტორნების თანამშრომელთა და ტურისტული მომსახურების შემთავაზებელი სხვა კატეგორიის სპეციალისტების მომზადებისა და სრულყოფისათვის.

 

მუხლი 8

წინამდებარე შეთანხმების შესრულებისათვის, ოპერატიული ზომების მიღების მიზნით, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მხარეთა უფლებამოსილი მმართველი ორგანოების წარმომადგენლებისაგან.

ერთობლივი სამუშაო ჯგუფი:

  1. შეისწავლის იმ პრობლემებს, რომლებიც წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმების შესრულების პროცესში;
  2. განიხილავს და წარმოადგენს ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებს;
  3. შეიმუშავებს რეკომენდაციებს ტურიზმის სფეროში გაცვლებისა და თანამშრომლობის სტიმულირებისათვის.

მუხლი 9

წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს მხარეთა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელთა მხარეებიც არიან საქართველო და/ან მოლდოვას რესპუბლიკა.

მუხლი 10

უთანხმოებებს, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების პირობათა ინტერპრეტაციისა და შესრულებისას, მხარეები გადაწყვეტენ კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 11

მხარეებს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ წინამდებარე შეთანხმებაში შეიტანონ აუცილებელი დამატებები და ცვლილებები, დათქმული შესაბამისი წესის მიხედვით, ცალკეულ დოკუმენტებში, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების შემადგენელ ნაწილს.

ხსენებული დოკუმენტები ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 12

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი  შეტყობინების მიღებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

წინამდებარე შეთანხმება ფორმდება 5 (ხუთი) წლის ვადით. მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, სანამ რომელიმე მხარე, წინამდებარე შეთანხმების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 6 თვით ადრე, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს, ამ შეთანხმების  შეწყვეტის განზრახვის შესახებ.

წინამდებარე შეთანხმება შედგენილია ქ. თბილისში, „28აპრილს, 2017 წელს ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუმინულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.

წინამდებარე შეთანხმების დებულებათა ინტერპრეტაციისას, უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის  სახელით

(ხელმოწერილია)

მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)