საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.021066
51
11/02/2019
ვებგვერდი, 12/02/2019
430020000.10.003.021066
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №51

2019 წლის 11 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოში  უცხო ქვეყნის  მოქალაქეთათვის  სწავლების  ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების,     კულტურისა    და    სპორტის    სამინისტროს    მიერ    საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე      მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და   აღმასრულებელი   ხელისუფლების   შესაბამისი   უწყების   მიერ საქართველოს განათლების,  მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის     სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის  მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ4“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა“.

 

მუხლი 2
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა

 


მუხლი 1. პროგრამის მიზანი

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების  ხელშეწყობის  პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს  განათლების,  მეცნიერების,  კულტურისა  და  სპორტის   სამინისტროს  (შემდგომში − სამინისტრო)   მიერ   საერთაშორისო   შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით   ნაკისრი   ვალდებულებების   ფარგლებში   და   აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა  მიერ  საქართველოს  უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებებში  ბაკალავრიატის, მაგისტრატურის,  დიპლომირებული  მედიკოსის/სტომატოლოგის,  დოქტორანტურის  აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  სწავლის ხელშეწყობა.

მუხლი 2. პროგრამის ბენეფიციარები

ამ  პროგრამის  ბენეფიციარები  არიან  უცხო  ქვეყნის  მოქალაქეები,  რომლებიც  სამინისტროს  მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის  დასაბუთებული     მიმართვის     საფუძველზე,     გეგმავენ     ყოფნას/იმყოფებიან/სწავლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მიზნით.

მუხლი 3. პროგრამის დაფინანსება

1. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების  ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე და ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები და ახალგაზრდების წახალისების“ (პროგრამული კოდი: 32 04 02) პროგრამის „ცოდნის კარის“ ქვეპროგრამის  ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 32 04 02 04).

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დაფინანსება ითვალისწინებს სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით,  ხელშეკრულებებით,  აგრეთვე  მემორანდუმებითა  და  პროგრამებით  ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის  დასაბუთებულ  მიმართვაში  დაფიქსირებული  უცხო  ქვეყნის  მოქალაქეთათვის  გრანტის სახით ხარჯების ანაზღაურებას.

მუხლი 4. პროგრამის ადმინისტრირება

პროგრამას ადმინისტრირებას უწევს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომელიც აფორმებს ხელშეკრულებას იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელშიც საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე სწავლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მუხლი 5. პროგრამის მოქმედების ვადა

პროგრამა ძალაშია 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.