შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41/25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2019
ძალაში შესვლის თარიღი 28/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016558
41/25
22/03/2018
ვებგვერდი, 06/02/2019
480610000.03.030.016558
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

ხელმძღვანელობენ რა, ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის სურვილით,

თავისი სახელმწიფოების მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის რეჟიმის დარეგულირების მიზნით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, შედიან, გადიან, ტრანზიტით გაივლიან და დროებით იმყოფებიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე, წინამდებარე ხელშეკრულების დანართში ჩამოთვლილი სამგზავრო დოკუმენტების საფუძველზე.

მუხლი 2

ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს უფლება აქვთ იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა კალენდარულ წელიწადში ამ მხარის ტერიტორიაზე პირველი შესვლის თარიღიდან.

მუხლი 3

ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს – მოქმედი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, რომლებიც დანიშნულნი არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე აკრედიტებულ დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებად, გათავისუფლებულნი არიან ვიზის მიღებისაგან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის, გასვლისა ან ტრანზიტით გავლისათვის, მათი დანიშვნის სრული პერიოდის განმავლობაში.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ასევე აღნიშნული პირების ოჯახის წევრებზე,  თუ ისინი არიან მოქმედი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები.

ამ მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია.

თითოეული მხარე, ამ მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში მითითებულ პირებზე, გასცემს შესაბამის აკრედიტაციას 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.

მუხლი 4

ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს, ვალდებულნი არიან დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების რეგისტრაციის, ყოფნისა და გადაადგილების წესები.

ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებმაც მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაარღვიეს წინამდებარე შეთანხმების ან ყოფნის წესები, პასუხს აგებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

                                                                               

მუხლი 5

ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შედიან, გადიან და ტრანზიტით გაივლიან საერთაშორისო მიმოსვლისთვის  გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით. 

მუხლი 6

ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს ან დააზიანეს თავიანთი დოკუმენტები მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ აცნობებენ იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, და ასევე, იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც მოხდა დაკარგვა ან დაზიანება.

დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება გასცემს დოკუმენტს, რომელიც, მათ შორის, აძლევს მოქალაქეობრივი კუთვნილების სახელმწიფოში დაბრუნების უფლებას.

მუხლი 7

თითოეულ მხარეს უფლება აქვს უარი უთხრას მეორე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეს  შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა თავისი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზების ახსნა-განმარტების გარეშე.

მუხლი 8

მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან წინამდებარე შეთანხმების დანართში აღნიშნულ დოკუმენტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.

მხარეები ერთმანეთს აცნობებენ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ახალი ან შეცვლილი დოკუმენტების შემოღების შესახებ, რომლებიც გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, და მიაწვდიან ერთმანეთს მათ ნიმუშებს არაუგვიანეს  30 (ოცდაათი) დღისა ახალი ან შეცვლილი დოკუმენტების ძალაში შესვლამდე.

მუხლი 9

მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, გამართავენ კონსულტაციებს იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან.

ნებისმიერი დავა ან საკამათო საკითხი, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 10

მხარეებს უფლება აქვთ წინამდებარე შეთანხმებაში შეიტანონ ცვლილებები ან დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 11

მხარეები ინარჩუნებენ უფლებას, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, სტიქიური უბედურებების, ტექნოგენური კატასტროფებისა ან მოქალაქეთა ჯანდაცვისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, დროებით, მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერონ წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.

წინამდებარე შეთანხმების შეჩერების, ასევე მისი მოქმედების განახლების შესახებ, მხარემ, რომელმაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, წინასწარ, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 72 (სამოცდათორმეტი) საათისა, უნდა აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს, დიპლომატიური არხების მეშვეობით.

მუხლი 12

წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლის მონაწილეებიც ისინი არიან.

მუხლი 13

თუ ერთი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა აწესებს შესვლის, ყოფნის ან გასვლის უკეთეს პირობებს, ვიდრე იმ პირობებისა, რომლებიც დადგენილია წინამდებარე შეთანხმებით, ამ მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოიყენება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნორმები.              

მუხლი 14

წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლის დებულების მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, მხარეებს შორის არ გამოიყენება „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა ტერიტორიებზე უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება, ხელმოწერილი 1992 წლის 9 ოქტომბერს, ქ. ბიშკეკში.

მუხლი 15

წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ.

თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 (ოთხმოცდამეათე) დღეს.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2018 წლის 22 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, მხარეები იხელმძღვანელებენ ტექსტით რუსულ ენაზე.

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

(ხელმოწერა)

ბელარუსის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

(ხელმოწერა)

         დანართი შეთანხმებაზე

საქართველოს მთავრობასა და

ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის

მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ

სამგზავრო დოკუმენტების ჩამოთვალი, რომლებიც აუცილებელია მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლისათვის

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის მოქმედი დოკუმენტებია:

1)  საქართველოს მოქალაქეებისათვის:

საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

დიპლომატიური პასპორტი;

სამსახურებრივი პასპორტი;

მეზღვაურის წიგნაკი (ეკიპაჟის განრიგის ან ეკიპაჟის სიის ამონაწერის არსებობის შემთხვევაში);

საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მოწმობა (შესაბამისი გენერალური დეკლარაციის ან საფრენოსნო დავალების არსებობის შემთხვევაში);

დასაბრუნებელი მოწმობა (მხოლოდ საქართველოში დაბრუნებისათვის);

2) ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის:

ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი;

დიპლომატიური პასპორტი;

სამსახურებრივი პასპორტი;

მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ეკიპაჟის წევრთა სიის ან მისი ამონაწერის არსებობის შემთხვევაში);

საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის დამადასტურებელი მოწმობა (ფრენის დავალების ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში);

ბელარუსის რესპუბლიკაში დასაბრუნებელი მოწმობა (მხოლოდ ბელარუსის რესპუბლიკაში დაბრუნებისათვის).