დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 204 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 137, 06/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №204
2009 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №99, მუხლი 849) დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება და, შესაბამისად, გეგმით გათვალისწინებული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტის კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ წინადადებათა მომზადება; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; სამინისტროში შემოსული საჩივრებისა და სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებათა მომზადება მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან; მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრა; სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებულ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულებების მოშლის შესახებ; ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტისათვის.
2. მე-9 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი – სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; აუცილებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში კონტრაჰენტებზე გადაცემული სახელმწიფო ქონების კომისიური წესით ადგილზე დათვალიერება; სახელშეკრულებო (საკონკურსო) პირობების დარღვევისა ან/და მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში სათანადო დასკვნის მომზადება; ასევე დამრღვევ პირთათვის საჯარიმო სანქციების გატარების მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება კანონით დადგენილი წესით; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულებების მოშლის თაობაზე დასკვნების მომზადება და იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა; ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში სახელმწიფოს კუთვნილ ქონებაზე კონტრაჰენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველის მიერ თანხის მთლიანად გადახდის შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება მყიდველისათვის საკუთრების მოწმობის გაცემის მიზნით; სახელმწიფო ქონების მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (ნაკისრი ვალდებულებები, საქმიანობის პროფილი, განსახორციელებელი ინვესტიცია და სხვა) შესრულებაზე, მათი სპეციფიკურობის, მიზნობრიობისა და ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე მინისტრის სახელზე წინადადების მომზადება; განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის დავალებით, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემოწმების მიზნით, დამატებითი აუდიტის ან/და საექსპერტო დაწესებულების მიერ სათანადო დასკვნის მოსამზადებლად შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები