საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება

საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 33-HKSAR-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 13/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016557
33-HKSAR-1
28/06/2018
ვებგვერდი, 31/01/2019
480610000.03.030.016557
საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება

 


 

სარჩევი

 

პრეამბულა

თავი 1                  საწყისი დებულებები, ტერმინთა განმარტებები და ინტერპრეტაციები

თავი 2                  საქონლით ვაჭრობა

თავი 3                  წარმოშობის წესები

თავი 4                  საბაჟო პროცედურები და ვაჭრობის ხელშეწყობა

თავი 5                  ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში

თავი 6                  სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები

თავი 7                  ვაჭრობაში დაცვითი ზომები

თავი 8                  მომსახურებით ვაჭრობა

თავი 9                  ელექტრონული კომერცია

თავი 10                დაფუძნება

თავი 11                ინტელექტუალური საკუთრება

თავი 12                კონკურენცია

თავი 13                გარემოს დაცვა და ვაჭრობა

თავი 14                გამჭვირვალობა

თავი 15                ინსტიტუციური დებულებები

თავი 16                დავების მოგვარება

თავი 17                ზოგადი დებულებანი და გამონაკლისები

თავი 18                დასკვნითი დებულებები


 

დანართების ჩამონათვალი

 

დანართი 2-1      საქართველოს გამონაკლისების ჩამონათვალი

დანართი 3-1      წარმოშობის სპეციფიკური წესები

დანართი 3-2      წარმოშობის სერტიფიკატი

დანართი 8-1      სპეციფიკური ვალდებულების ცხრილები

ჰონგ კონგ, ჩინეთის სპეციფიკური ვალდებულების ცხრილი

საქართველოს სპეციფიკური ვალდებულების ცხრილი

დანართი 8-2      საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტი

დანართი 10-1    დათქმების ცხრილები

ჰონგ კონგ, ჩინეთის დათქმების ცხრილი

საქართველოს დათქმების ცხრილი

დანართი 16-1    საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცედურო წესები


 

პრეამბულა

 

საქართველოს მთავრობა (შემდგომში წოდებული, როგორც "საქართველო") და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის მთავრობა (შემდგომში წოდებული, როგორც ჰონგ კონგი, ჩინეთი), შემდგომში ერთობლივად წოდებულნი, როგორც "მხარეები":

შთაგონებულნი არიან რა მზარდი ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებით;

ამყარებენ რა ურთიერთობებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების საფუძველზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ მარაკეშის შეთანხმებისა და მის ფარგლებში მოლაპარაკებული სხვა შეთანხმებების შესაბამისად, რომელთა მხარეებს მხარეები წარმოადგენენ;

იცავენ რა თავიანთი მთავრობების უფლებებს, გაატარონ რეგულაციები ეროვნული პოლიტიკის ამოცანების მისაღწევად;

სურთ რა, გააძლიერონ პარტნიორობა ეკონომიკურ სფეროში და განახორციელონ  ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაცია და ხელი შეუწყონ ინვესტიციებს ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მიღების, დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნის, თავიანთი ხალხისთვის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის  მიზნით;

კიდევ ერთხელ ადასტურებენ რა თავიანთ  მისწრაფებას  მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად;

გადაწყვიტეს რა, შექმნან საქონლისა და მომსახურების გაფართოებული ბაზარი ვაჭრობის მარეგულირებელი მკაფიო წესების დადგენის გზით, რომელებიც  უზრუნველყოფენ პროგნოზირებად, გამჭვირვალე და თანმიმდევრულ სავაჭრო ჩარჩოს ბიზნესსაქმიანობისთვის;

სურთ რა, შექმნან ხელსაყრელი პირობები მათ შორის ვაჭრობის განვითარებისა და დივერსიფიცირებისთვის და საერთო ინტერესის სფეროებში კომერციული და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით;

აღიარებენ რა, რომ მათი ეკონომიკური პარტნიორობის განმტკიცება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გზით, რომლითაც იხსნება ბარიერები საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობისას, ორმხრივ სარგებელს მოუტანს ჰონგ კონგს, ჩინეთს და საქართველოს;

სწამთ რა, რომ წინამდებარე შეთანხმება გააღრმავებს გლობალურ ბაზარზე თავიანთი კომპანიების კონკურენტუნარიანობას და შექმნის მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის პირობებს;

კიდევ ერთხელ ადასტურებენ რა მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური პოლიტიკისა და ეკონომიკის თავისუფლების საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, და გაერთიანებული ერების წესდებისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებსა და მიზნებს; და

ადასტურებენ რა თავიანთ ვალდებულებებს თავიდან აიცილონ და ებრძოლონ კორუფციას საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციაში და ხელი შეუწყონ გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის პრინციპებს:

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


თავი 1

საწყისი დებულებები, ტერმინთა განმარტებები და ინტერპრეტაციები

მუხლი 1

თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნა

მხარეები, GATT 1994-ის XXIV მუხლისა და GATS-ის V მუხლის შესაბამისად ქმნიან თავისუფალ სავაჭრო სივრცეს.

მუხლი 2

სხვა შეთანხმებებთან ურთიერთქმედება

მხარეები ადასტურებენ თავიანთ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს WTO-ს შეთანხმებიდან და მის ფარგლებში მოლაპარაკებული სხვა შეთანხმებებიდან, რომელთა მხარესაც ორივე მხარე წარმოადგენს და ნებისმიერი სხვა საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომელთა მხარესაც ორივე მხარე წარმოადგენს.

მუხლი 3

მოქმედების სფერო

  1. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მხარეთა შესაბამის სივრცეზე;
  2.  თითოეული მხარე სრულად არის პასუხისმგებელი წინამდებარე შეთანხმების ყველა დებულების შესრულებაზე და უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა გონივრული ზომა, რათა, შესაბამის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი აღსრულება ადგილობრივი ხელისუფლების ან ადგილობრივი ორგანოების მიერ.

მუხლი 4

ზოგადი განმარტებები

თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

  1. შეთანხმება ნიშნავს საქართველო – ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას;
  2. ანტიდემპინგის შეთანხმება ნიშნავს შეთანხმებას 1994 წლის ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების მუხლი VI-ის განხორციელების შესახებ, რომელიც მოცემულია WTO-ს შეთანხმების 1A დანართში.
  3. სივრცე:
    1. საქართველოსთან მიმართებით ნიშნავს ტერიტორიას, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის სახმელეთო ტერიტორიას, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ წყლებს, ზღვის ფსკერს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელთა მიმართ საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, აგრეთვე ტერიტორიულ წყლებთან მომიჯნავე მიმდებარე ზონას,  განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტალურ შელფებს, რომელთა მიმართ საქართველო ახორციელებს სუვერენულ უფლებებს და/ან იურისდიქციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; და 
    2. ჰონგ კონგ, ჩინეთთან მიმართებით ნიშნავს ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, როგორც ეს განსაზღვრულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1997 წლის პირველი ივლისის №221 ბრძანებაში, რომელიც მოიცავს ჰონგ კონგის კუნძულს, კოულუნს და ახალ ტერიტორიებს;
  4. საბაჟო ღირებულებების განსაზღვრის შესახებ შეთანხმება  ნიშნავს 1994 წლის ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების მუხლი VII-ის განხორციელების შესახებ შეთანხმებას, რომელიც მოცემულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების 1A დანართში;
  5. დღეები ნიშნავს კალენდარულ დღეებს;
  6. არსებული ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისთვის მოქმედს;
  7. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისია ნიშნავს  თავი 15-ის (ინსტიტუციური დებულებები) მუხლი 1-ით (ერთობლივი კომისიის დაფუძნება) დაფუძნებულ ჰონგ კონგი, ჩინეთი – საქართველოს ერთობლივ კომისიას;
  8. GATS ნიშნავს გენერალურ შეთანხმებას მომსახურებით ვაჭრობის შესახებ, რომელიც მოცემულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმების 1B დანართში;
  9. GATT 1994 ნიშნავს 1994 წლის გენერალურ შეთანხმებას ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ, რომელიც მოცემულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის  შეთანხმების 1B დანართში;
  10. ჰარმონიზებული სისტემა გულისხმობს საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ საერთაშორისო კონვენციას, მათ შორის მისი ინტერპრეტაციის ზოგად წესებს, ნაწილებისა და თავების შენიშვნებს, ისე როგორც ეს მიღებულ იქნა და გამოიყენება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ;
  11. ზომა ნიშნავს ნებისმიერ კანონს, მარეგულირებელ აქტს, პროცედურას, მოთხოვნასა თუ პრაქტიკას;
  12. მხარის ფიზიკური პირი ნიშნავს:
    1. ჰონგ კონგ, ჩინეთისთვის არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მუდმივად მცხოვრები პირი, მისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად; და
    2. საქართველოსთვის არის ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის საქართველოს მოქალაქე;
  13. წარმოშობის მქონე ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების თავი 3-ის (წარმოშობის წესები) წარმოშობის წესების შესაბამისად კვალიფიცირებულს;
  14. SCM შეთანხმება ნიშნავს შეთანხმებას სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ, რომელიც მოცემულია WTO-ს შეთანხმების 1A დანართში.
  15. SPS შეთანხმება ნიშნავს შეთანხმებას სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების შესახებ, რომლებიც მოცემულია WTO-ს შეთანხმების 1A დანართში.
  16. WTO ნიშნავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას; და
  17. WTO შეთანხმება ნიშნავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ მარაკეშის შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა 1994 წლის 15 აპრილს ქ. მარაკეშში.

მუხლი 5

ინტერპრეტაციები

ამ შეთანხმებაში, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:

  1. ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში, სადაც გამოთქმა კვალიფიცირდება ტერმინით „ეროვნული,“ ასეთი გამოთქმა უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, როგორც ჰონგ კონგ, ჩინეთთან დაკავშირებული;
  2. ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში, ტერმინი „საერთაშორისო შეთანხმება" მოიცავს შეთანხმებას ან გარიგებას ჰონგ კონგ, ჩინეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სხვა ნაწილებს შორის;
  3. ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში, ნებისმიერი მითითება საერთაშორისო შეთანხმებაზე, რომლის მხარესაც წარმოადგენს მხარე მოიცავს საერთაშორისო შეთახმებას, რომელიც ვრცელდება ჰონგ კონგ, ჩინეთზე და ნებისმიერი მითითება მხარის მიერ საერთაშორისო შეთანხმებით აღებულ უფლებებზე, ვალდებულებებსა და დაპირებებზე მოიცავს უფლებებს, ვალდებულებებსა და დაპირებებს, რომლებიც საერთაშორისო შეთანხმებით ვრცელდება ჰონგ კონგ, ჩინეთზე; და
  4. როდესაც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, რაიმე უნდა შესრულდეს რამდენიმე დღის განმავლობაში კონკრეტული თარიღის ან მოვლენის შემდეგ, მანამდე ან ამ თარიღიდან ან მოვლენიდან, ეს განსაზღვრული თარიღი ან ის თარიღი, როდესაც კონკრეტული მოვლენა მოხდა, ზემოაღნიშნული დღეების გამოთვლაში არ ჩაითვლება.

 

თავი 2

საქონლით ვაჭრობა

მუხლი 1

განმარტებები

წინამდებარე თავის მიზნებისთვის,  საბაჟო გადასახადი მოიცავს ნებისმიერი სახის საბაჟო ან იმპორტის გადასახადს და ნებისმიერი ტიპის მოსაკრებელს, ნებისმიერი სახის დამატებითი გადასახადის ან მოსაკრებლის ჩათვლით, რომელიც დაწესებულია საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, თუმცა არ მოიცავს არცერთი სახის:

  1. მოსაკრებელს, რომელიც GATT 1994-ის III მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაწესებული შიდა გადასახადის ეკვივალენტურია და ეხება ერთ-ერთი მხარის ადგილობრივ მსგავს საქონელს ან მუხლთან დაკავშირებით, რომლის შესაბამისადაც განხორციელდა იმპორტირებული საქონლის წარმოება მთლიანად ან ნაწილობრივ;
  2. ანტიდემპინგურ ან საკომპენსაციო გადასახადებს, რომელიც დაწესებულია GATT 1994-ის VI მუხლის დებულებების, ანტიდემპინგის შეთანხმების და SCM შეთანხმების შესაბამისად; ან
  3. გადასახდელებს ან სხვა მოსაკრებლებს, რომლებიც მოცემულია GATT 1994-ის VIII მუხლის 1(a) ქვეპუნქტში.

მუხლი 2

მოქმედების სფერო

წინამდებარე თავი გამოიყენება მხარეთა შორის საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

მუხლი 3

ეროვნული რეჟიმი შიდა დაბეგვრასა და მარეგულირებელ აქტებზე

თითოეული მხარე მეორე მხარის საქონელს ანიჭებს ეროვნულ რეჟიმს GATT 1994-ის III მუხლის შესაბამისად. ამ მიზნით, GATT 1994-ის III მუხლი ასახულია წინამდებარე შეთანხმებაში და წარმოადგენს მის ნაწილს, mutatis mutandis.

მუხლი 4

საბაჟო გადასახადების გაუქმება

  1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან, თითოეული მხარე აუქმებს ყველა საბაჟო გადასახადს მეორე მხარის სივრცეში წარმოშობილ პროდუქციაზე, გარდა მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 
  2.  დანართ 2-1-ში (საქართველოს გამონაკლისების ჩამონათვალი) ჩამოთვლილ პროდუქტებზე საქართველოში იმპორტისას ვრცელდება უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის საბაჟო გადასახადი.
  3. არცერთი მხარე არ გაზრდის არსებულ საბაჟო გადასახადს ან შემოიღებს ახალ საბაჟო გადასახადს მეორე მხარეში წარმოშობილი საქონლის იმპორტზე, გარდა წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული შემთხვევებისა. 

მუხლი 5

საქონლის კლასიფიკაცია

მხარეებს შორის საქონლით ვაჭრობის კლასიფიკაცია უნდა ეფუძნებოდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის სატარიფო ნომენკლატურას „ჰარმონიზებული სისტემის“ შესაბამისად.   

მუხლი 6

არასატარიფო ზომები

  1. გარდა წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული შემთხვევებისა, არცერთმა მხარემ არ უნდა დააწესოს ან შეინარჩუნოს რაიმე სახის არასატარიფო ზომა, მათ შორის აკრძალვა ან შეზღუდვა ან მსგავსი ძალის მქონე ზომა მეორე მხარის სივრცეში წარმოშობილი საქონლის იმპორტზე, ან მეორე მხარის სივრცეში შესასვლელად განკუთვნილი საქონლის ექსპორტზე ან საექსპორტოდ გასაყიდ საქონელზე, გარდა მხარის უფლებებისა და ვალდებულებებისა WTO-ს შეთანხმების შესაბამისად.
  2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ პირველი პუნქტით ნებადართული არასატარიფო ზომები არ არის შემუშავებული, მიღებული ან გამოყენებული იმ მიზნით, რომ შექმნას მხარეთა შორის ვაჭრობაში არასაჭირო დაბრკოლებები ან არ გამოიწვევს ამგვარ შედეგს.

მუხლი 7

იმპორტის ლიცენზირება

თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მეორე მხარეში წარმოშობილი საქონლის მიმართ გამოყენებული იმპორტის ლიცენზირების რეჟიმი გამოიყენება WTO-ს  შეთანხმების შესაბამისად, კერძოდ კი, იმპორტის ლიცენზირების პროცედურების შესახებ შეთანხმების დებულებათა შესაბამისად, რომელიც მოცემულია WTO-ს შეთანხმების 1A დანართში.

მუხლი 8

იმპორტთან და ექსპორტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული გადასახდელები და ფორმალობები

GATT 1994-ის VIII მუხლის პირველი პუნქტის დებულებების შესაბამისად, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ყველა გადასახადი, მოსაკრებელი, ფორმალობა და მოთხოვნა, რომელიც დაწესებულია საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე, უნდა შეესაბამებოდეს  GATT 1994-ის ვალდებულებებს.

მუხლი 9

ვაჭრობის მარეგულირებელი აქტების ადმინისტრირება

  1. GATT 1994-ის X მუხლის შესაბამისად, თოთოეული მხარე ერთიანი, მიუკერძოებელი და გონივრული ფორმით ახორციელებს ყველა იმ კანონის, მარეგულირებელი აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული გადაწყვეტილების ადმინისტრირებას, რომელიც უკავშირდება საბაჟო მიზნებისთვის პროდუქციის კლასიფიკაციასა თუ შეფასებას, ან გადასახადების, გადასახდელების ან მოსაკრებლების, ან მოთხოვნების, შეზღუდვების ან აკრძალვების განაკვეთებს, რომლებიც დაწესებულია იმპორტსა თუ ექსპორტზე ან შესაბამისად, გადასახადების გადარიცხვაზე, ან რომელიც გავლენას ახდენს პროდუქციის გაყიდვაზე, დისტრიბუციაზე, ტრანსპორტირებაზე, დაზღვევაზე, დასაწყობებაზე, შემოწმებაზე, გამოფენაზე, დამუშავებაზე, შერევასა და სხვა სახით მათ გამოყენებაზე. 
  2. GATT 1994-ის VIII მუხლის შესაბამისად, არცერთი მხარე არ დააწესებს მკაცრ ჯარიმებს საბაჟო მარეგულირებელი აქტების ან პროცედურული მოთხოვნების უმნიშვნელო დარღვევებისთვის. კერძოდ, არცერთი ჯარიმა საბაჟო დოკუმენტაციაში დაშვებული ისეთი ტიპის შეცდომისთვის, რომელიც მარტივად გამოსწორებადია და აშკარად არ არის დაშვებული თაღლითური განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჭიროა უბრალო გაფრთხილებისთვის.  

თავი 2-ის (საქონლით ვაჭრობა) დანართების ჩამონათვალი

დანართი 2-1

საქართველოს გამონაკლისების ჩამონათვალი

 

თავი 3

 წარმოშობის წესები

ნაწილი1

წარმოშობის წესები

მუხლი 1

ტერმინთა განმარტებები

წინამდებარე თავის მიზნებისათვის:

  1. ჯგუფი, პოზიცია და ქვეპოზიცია, შესაბამისად ნიშნავს “ჰარმონიზებული სისტემის” ჯგუფს (ორნიშნა კოდებს), პოზიციას  (ოთხ ნიშნა კოდებს) და ქვეპოზიცია (ექვს ნიშნა კოდებს);
  2. საბაჟო ღირებულება ნიშნავს ღირებულებას, როგორც ეს განსაზღვრულია  საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეთანხმებაში;
  3. ფრანკო-ქარხნის ფასი ნიშნავს ქარხნის ფასს, გადახდილს პროდუქციაში  მწარმოებლისთვის, რომელიც მდებარეობს მხარის ტერიტორიაზე, სადაც სრულდება პროდუქციის საბოლოო დამუშავება ან გადამუშავება, იმ პირობით, რომ ფასი მოიცავს ყველა გამოყენებული მასალის ფასს, ხელფასებსა და ნებისმიერ სხვა ხარჯსა და სარგებელს, გარდა შიდა გადასახადებისა, რომლებიც ანაზღაურებული იქნება ან შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს მიღებული პროდუქციის ექსპორტის შემდეგ;
  4. ურთიერთშემცვლელი მასალები ნიშნავს მასალებს, რომლებიც ურთიერთშემცვლელია კომერციული მიზნებისათვის, რომელთა მახასიათებლები არსებითად იდენტურია და რომელთა განსხვავება უბრალო ვიზუალური დათვალიერებით შეუძლებელია;
  5. საყოველთაოდ აღიარებული საბუღალტრო პრინციპები ნიშნავს მხარის აღიარებულ საბუღალტრო სტანდარტებს შემოსავლების, გასავალის, ხარჯების, აქტივებისა და პასივების აღრიცხვასთან, ინფორმაციის გამჟღავნებასთან და ფინანსური ანგარიშების მომზადებასთან მიმართებით. აღნიშნული სტანდარტები შეიძლება შეიცავდეს როგორც ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებს, ასევე  დეტალურ  ნორმებს, პრაქტიკასა და წესებს;
  6. საქონელი გულისხმობს პროდუქტს ან მასალას;
  7. მასალა გულისხმობს ნებისმიერ ინგრედიენტს, ნაწილს, კომპონენტს, კონსტრუქციების ნაწილებს ან საქონელს, რომელიც ფიზიკურად შერეულ იქნა სხვა პროდუქტთან ან გადამუშავებულ იქნა სხვა პროდუქტის წარმოებისას;
  8. წარმოშობის მქონე მასალები გულისხმობს მასალებს, რომელიც წინამდებარე თავის დებულებების შესაბამისად კვალიფიცირებულია, წარმოშობილად;
  9. პროდუქტი გულისხმობს წარმოებულ პროდუქტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გამოყენება მოგვიანებით განზრახულია სხვა საწარმოო ოპერაციაში; და
  10. წარმოება გულისხმობს საქონლის მოპოვების ნებისმიერ მეთოდს, მათ შორის მოყვანა, გაზრდა, მოპოვება, მოსავლის აღება, თევზაობა, აკვაკულტურა, სოფლის მეურნეობა, ხაფანგით დაჭერა, ნადირობა, დაჭერა, შეგროვება, შეკრება, მოშენება, მოპოვება, წარმოება, საქონლის დამუშავება ან აწყობა.

მუხლი 2

წარმოშობის მქონე საქონელი

თუ წინამდებარე თავით სხვაგვარად არაა განსაზღვრული, შემდეგი საქონელი ჩაითვლება, როგორც მხარეში წარმოშობილი:

  1. საქონელი, რომელიც მთლიანად მიღებულია ან წარმოებულია მხარეში, როგორც ეს განმარტებულია მე-3 მუხლში (მთლიანად მიღებული საქონელი);
  2. საქონელი, რომელიც წარმოებულია ექსკლუზიურად მხარის სივრცეში წარმოშობილი მასალებით; და
  3. მხარეში წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებიდან წარმოებული საქონელი, იმ პირობით, რომ საქონელი შესაბამისობაშია რეგიონალური ღირებულების მინიმალურ მოთხოვნასთან არანაკლებ 40%-ით, იმ საქონლის გარდა, რომელიც მოცემულია დანართში 3-1 (პროდუქტის წარმოშობის სპეციფიკური წესები), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.   

მუხლი 3

მთლიანად მიღებული საქონელი

მე-2 მუხლის (წარმოშობის მქონე საქონელი) (a) ქვეპუნქტის მიზნებისათვის, შემდეგი საქონელი ჩაითვლება, როგორც მთლიანად მიღებული ან წარმოებული მხარეში:

  1. მხარეში დაბადებული და გაზრდილი ცოცხალი ცხოველები;
  2. (a) ქვეპუნქტში მითითებული ცოცხალი ცხოველებიდან მიღებული საქონელი;
  3. მხარეში გაზრდილი, მომკილი, აღებული ან შეგროვებული მცენარე, ბოსტნეული, ხილი და სხვა ბოსტნეული პროდუქტები;
  4. მხარეში განხორციელებული ნადირობით, ხაფანგით  დაჭერით, თევზაობით, აკვაკულტურით, შეგროვებით ან დაჭერით მიღებული საქონელი;
  5. მინერალები და სხვა ბუნებრივი ნივთიერებები, რომლებსაც არ შეიცავს ზემოხსენებული (a)-დან (d)-მდე ქვეპუნქტები და რომლებიც მოპოვებული ან მიღებულია მისი ნიადაგიდან, წყლებიდან, ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის ქვეშ ქვენიადაგიდან.
  6. საქართველოს ტერიტორიული წყლების, ჰონგ კონგ, ჩინეთის წყლებისა და სხვა  ნებისმიერი არახელშემკვრელი მხარის ტერიტორიული წყლების გარეთ წყლებიდან, ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის ქვეშ ქვენიადაგიდან მოპოვებული საქონელი, იმ შემთხვევაში, თუ მხარეს აქვს ამგვარი წყლების, ზღვის ფსკერის ან ზღვის ფსკერის ქვეშ ქვენიადაგის ექსპლუატაციის უფლება, შესაბამისი საერთაშორისო შეთახმებების თანახმად, რომლის მხარესაც წარმოადგენს აღნიშნული მხარე;
  7. მხარეში რეგისტრირებული და ამ მხარის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის ან მხარის მიერ ლიცენზირებული ხომალდის მიერ ჰონგ კონგ, ჩინეთის წყლების გარედან და საქართველოს ტერიტორიული წლების გარედან მიღებული საზღვაო თევზჭერის საქონელი და სხვა საზღვაო პროდუქტები;
  8. მხარეში რეგისტრირებული და ამ მხარის დროშის ქვეშ მცურავი გემის ბორტზე ქარხნის მიერ დამუშავებული ან დამზადებული საქონელი, რომლებიც ექსკლუზიურადაა მიღებული (g) ქვეპუნქტში მითითებული საქონლიდან;
  9. მხარეში გადამუშავების შედეგად მიღებული ჯართი და ნარჩენები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნედლეულის აღსადგენად;
  10. იქ მოპოვებული გამოყენებული საქონელი, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნედლეულის აღსადგენად; და
  11. მხარეში მთლიანად წარმოებული საქონელი, რომლებიც ექსკლუზიურადაა მიღებული (a)-დან (j)-მდე ქვეპუნქტებში მითითებული საქონლიდან.

მუხლი 4

რეგიონალური ღირებულების მინიმალური მოთხოვნა

  1. რეგიონალური ღირებულების მინიმალური მოთხოვნა (RVC) გამოთვლილი უნდა იქნეს შემდეგნაირად:

სადაც:

RVC არის რეგიონალური ღირებულების მინიმალური მოთხოვნა, რომელიც გამოხატულია პროცენტებში;

VNM არის წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების ღირებულება.

  1. VNM უნდა განისაზღვროს საბაჟო ღირებულების საფუძველზე წარმოშობის სტატუსის არმქონე, მათ შორის, დაუდგენელი წარმოშობის მასალების იმპორტის დროს. თუ აღნიშნული ღირებულება უცნობია და შეუძლებელია დადგენა, გამოიყენება პირველად დადგენილი ფასი, რომელიც გადახდილ იქნა ან გადასახდელია მასალისათვის მხარის სივრცეში.
  2. თუ პროდუქტი, რომელმაც მოიპოვა წარმოშობის სტატუსი მხარის სივრცეში პირველი პუნქტის შესაბამისად, შემდგომ დამუშავებულ იქნა ამ მხარის სივრცეში და გამოყენებულ იქნა, როგორც მასალა სხვა პროდუქტის საწარმოებლად, მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული ამ მასალის წარმოშობის სტატუსის არმქონე კომპონენტი  პროდუქტის წარმოშობის სტატუსის განსაზღვრისას.

მუხლი 5

კუმულაცია

ერთ-ერთი მხარის წარმოშობის მქონე მასალები, რომლებიც გამოიყენება მეორე მხარის სივრცეში საქონლის წარმოებისათვის, მიჩნეული უნდა იქნეს ამ უკანასკნელი მხარის სივრცეში წარმოშობილად.

მუხლი 6

არასაკმარისი დამუშავება ან გადამუშავება

  1. მიუხედავად მე-2 (c) მუხლისა, საქონელი არ უნდა ჩაითვალოს წარმოშობის მქონედ, თუ მან მხოლოდ გაიარა ერთ ან მეტი ქვემოთ მოცემული ოპერაცია ან დამუშავება:
  1. კონსერვირების ოპერაციები პროდუქციის ვარგისიანობის  შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს;
  2. საგნების ნაწილების მარტივი აწყობა, რათა შეადგინოს მთლიანი საგანი ან პროდუქტების დაშლა ნაწილებად;
  3. შეფუთვის, გახსნის ან ხელახალი შეფუთვის ოპერაციები გაყიდვის ან წარდგენის მიზნებისათვის;
  4. ცხოველების დაკვლა;
  5. რეცხვა, წმენდა, მტვრის, ჟანგის, ზეთის, საღებავის ან სხვა სახის საფარების მოცილება;
  6. ქსოვილის დაუთოება ან დაპრესვა;
  7. ღებვისა და გაპრიალების მარტივი ოპერაციები;
  8. მარცვლეულისა და ბრინჯის გარჩევა, ნაწილობრივი ან სრული გაუფერულება, გაპრიალება და მომინანქრება;
  9. შაქრის ღებვის ან შაქრის ნატეხების დამზადების ოპერაციები;
  10. ხილის, თხილისა და ბოსტნეულის თლა, კურკის გამოცლა და ნაჭუჭის მოცილება;
  11. თლა, მარტივი ფქვა ან მარტივი ჭრა;
  12. გაცრა, გაცხრილვა, გადარჩევა, კლასიფიცირება, დაჯგუფება, მისადაგება; (ნაკეთობათა კომპლექტების შედგენის ჩათვლით); ჭრა, დასერვა, გატარება, დახვევა ან გორგლის დაშლა;
  13. მარტივი მოთავსება ბოთლებში, თუნუქის ქილებში, კოლბებში, ჩანთებში, ჩემოდნებში, ყუთებში, დამაგრება ბარათებზე ან დაფებზე და შეფუთვის სხვა მარტივი ოპერაციები;
  14. შტამპების, იარლიყების, ლოგოების და სხვა განმასხვავებელი ნიშნების მიმაგრება ან ბეჭდვა პროდუქციაზე ან მათ შეფუთვაზე;
  15. პროდუქციის მარტივი შერევა, მიუხედავად იმისა, არის ეს სხვადასხვა ტიპის თუ არა;
  16. წყლით ან სხვა ნივთიერებით მარტივი გაზავება, რომელიც არსებითად არ ცვლის საქონლის მახასიათებლებს; ან
  17. ოპერაციები, რომელთა ერთადერთი მიზანია პორტში ტვირთის დამუშავების გაადვილება.
  1. იმის დადგენისას, საქონლის მიმართ განხორციელებული დამუშავება ან პროცესი რამდენად უნდა ჩაითვალოს პირველ პუნქტში მითითებულ არასაკმარის დამუშავებად ან გადამუშავებად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის სივრცეში  საქონლის წარმოებისას განხორციელებული ყველა ოპერაცია.

მუხლი 7

დე მინიმის

საქონელი, რომელიც არ აკმაყოფილებს დანართით 3-1 (პროდუქტის წარმოშობის სპეციფიკური წესები) გათვალისწინებულ სატარიფო კლასიფიკაციაში ცვლილების მოთხოვნას, არის წარმოშობის მქონე, თუ წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალის ღირებულება, რომელიც გამოყენებულ იქნა საქონლის წარმოებისათვის და არ განუცდია შესაბამისი ცვლილება სატარიფო კლასიფიკაციაში, არ აღემატება მოცემული საქონლის ფრანკო ქარხნის ფასის ღირებულების 10%-ს. ხსენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალის ღირებულება განსაზღვრული უნდა იქნეს მე-4 მუხლის (რეგიონალური ღირებულების მინიმალური მოთხოვნა) მე-2 პუნქტის თანახმად.

მუხლი 8

ურთიერთშემცვლელი მასალები

როდესაც წარმოშობის მქონე და წარმოშობის სტატუსის არმქონე ურთიერთშემცვლელი  მასალები გამოიყენება საქონლის წარმოებისათვის, შემდეგი ზომები უნდა იქნეს მიღებული, რათა განისაზღვროს გამოყენებული  მასალა წარმოშობის სტატუსის მქონეა თუ არა:

  1. მასალების ფიზიკური განცალკევება; ან
  2. მატერიალურ-ტენიკური მომარაგების მართვის მეთოდი, რომელიც აღიარებულია ექსპორტიორი მხარის ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებით და გამოყენებული უნდა იქნეს სულ მცირე ერთი ფისკალური წლისათვის.

მუხლი 9

ნეიტრალური ელემენტები

  1. იმის დადგენისას, საქონელი არის თუ არა წარმოშობის მქონე საქონელი, ნებისმიერი ნეიტრალური ელემენტი, როგორც ეს განსაზღვრულია მე-2 პუნქტში, უგულებელყოფილი უნდა იქნეს.
  2. ნეიტრალური ელემენტი ნიშნავს საქონელს, რომელიც გამოიყენება სხვა საქონლის წარმოებისათვის, შემოწმებისა და ინსპექტირებისათვის, მაგრამ თავად არ არის ფიზიკურად შერეული ამ საქონელში, მათ შორის:
  1. საწვავი, ენერგია, კატალიზატორები და გამხსნელი ნივთიერებები;
  2. მოწყობილობა, ხელსაწყოები და დანადგარები, რომლებიც გამოიყენება საქონლის შემოწმების ან ინსპექტირებისათვის;
  3. ხელთათმანები, სათვალეები, ფეხსაცმელები, ტანსაცმელები, უსაფრთხოების მოწყობილობები და ხელსაწყოები;
  4. ინსტრუმენტები, შტამპები და ყალიბები;
  5. სათადარიგო ნაწილები და მასალები, რომლებიც გამოიყენება მოწყობილობებისა და შენობების ექსპლუატაციისათვის;
  6. საპოხი მასალა, საცხი, შემადგენელი ნაწილები და სხვა მასალები, რომლებიც გამოიყენება წარმოებაში ან გამოიყენება მოწყობილობებისა და შენობების მუშაობისათვის; და
  7. ნებისმიერი სხვა საქონელი, რომელიც არ შედის საქონელში, მაგრამ რომლის გამოყენება საქონლის საწარმოებლად დასაბუთებულად ჩანს, რომ არის ამ წარმოების ნაწილი.

მუხლი 10

შეფუთვა, შეკვრები და კონტეინერები

  1. კონტეინერები და შესაფუთი მასალები, რომლებიც გამოიყენება საქონლის ტრანსპორტირებისათვის, არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული საქონლის წარმოშობის განსაზღვრისას.
  2. შესაფუთი მასალებისა და კონტეინერების წარმოშობა, რომლებშიც შეფუთულია საქონელი საცალო გაყიდვისათვის, უგულებელყოფილ უნდა იქნეს საქონლის წარმოშობის განსაზღვრისას, იმ შემთხვევაში, თუ  შესაფუთი მასალები და კონტეინერები კლასიფიცირებულია საქონელთან ერთად.
  3. მე-2 პუნქტის მიუხედავად, როდესაც საქონელი ექვემდებარება რეგიონალური ღირებულების მინიმალურ მოთხოვნას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საცალო გაყიდვებისთვის გამოყენებული შესაფუთი მასალებისა და კონტეინერების, როგორც წარმოშობის მქონე მასალების ან წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების ღირებულება, შესაბამის შემთხვევაში საქონლის რეგიონალური ღირებულების მინიმალური მოთხოვნის გამოთვლისას.

მუხლი 11

აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები

  1. საქონელთან წარმოდგენილი და კლასიფიცირებული  აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები, მიჩნეული უნდა იქნეს, როგორც საქონლის ნაწილი, თუ:
  1. მათი ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია საქონელთან ერთად; და
  2. მათი რაოდენობა და ღირებულება კომერციულად სტანდარტულია საქონლისათვის.
  1. როდესაც საქონელი ექვემდებარება დანართით 3-1 (წარმოშობის სპეციფიკური წესები) დადგენილ სატარიფო კლასიფიკაციაში ცვლილების კრიტერიუმს, პირველ პუნქტში მითითებული აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები უგულებელყოფილი უნდა იქნეს საქონლის წარმოშობის განსაზღვრისას.
  2. როდესაც საქონელი ექვემდებარება რეგიონალური ღირებულების მინიმალურ მოთხოვნას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირველ პუნქტში მითითებული აქსესუარების, სათადარიგო ნაწილებისა და ინსტრუმენტების, როგორც წარმოშობის მქონე მასალების ან წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების ღირებულება, შესაბამის შემთხვევაში საქონლის რეგიონალური ღირებულების მინიმალური მოთხოვნის გამოთვლისას.  

მუხლი 12

კომპლექტები

კომპლექტები, როგორც ეს განსაზღვრულია „ჰარმონიზებული სისტემის“ ზოგად მე-3 „ზოგად წესში,“ განიხილება როგორც წარმოშობის მქონე, როდესაც წარმოშობის მქონეა მისი ყველა კომპონენტი. მიუხედავად ამისა, როდესაც კომპლექტი შედგება წრმოშობის მქონე და წარმოშობის სტატუსის არმქონე პროდუქტებისგან, მთლიანი კომპლექტი განხილული იქნება, როგორც წარმოშობის მქონე იმ პირობით, თუ წარმოშობის სტატუსის არმქონე პროდუქტების ღირებულება არ აღემატება კომპლექტის ფრანკო-ქარხნის ფასის 15%-ს.

მუხლი 13

პირდაპირი მიწოდება

  1. წინამდებარე შეთანხმების  შესაბამისად, პრეფერენციული სატარიფო რეჟიმი უნდა მიეცეს მხოლოდ წარმოშობის მქონე პროდუქტებს, რომელთა ტრანსპორტირებაც ხება პირდაპირ მხარეთა შორის.  
  2. პირველი პუნქტის მიუხედავად, საქონელი, რომლის ტრანსპორტირებაც მოიცავს ერთი ან მეტი არახელშემკვრელი მხარის ტრანზიტს, ამ არახელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე გადაზიდვებით ან 6 თვემდე შენახვით ან აღნიშნულის გარეშე, მიჩნეული უნდა იქნეს, როგორც მხარეთა შორის პირდაპირ ტრანსპორტირებულად, იმ პირობით, თუ:
  1. საქონლის ტრანზიტული შესვლა გამართლებულია გეოგრაფიული მიზეზით ან ექსკლუზიურად სატრანსპორტო მოთხოვნების გათვალისწინებით;
  2. არ გაუვლია რაიმე სხვა ოპერაცია, გარდა  გადმოტვირთვის და ხელახალი დატვირთვის, ან სხვა რომელიმე ოპერაცია, რომელიც საჭიროა მათი ვარგისიანობის შენარჩუნებისთვის; და
  3. არახელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე ტრანზიტისას, საქონელი დარჩება საბაჟო კონტროლის ქვეშ.
  1. მე-2 პუნქტის დადგენილი მოთხოვნების დაცვა დადასტურებული უნდა იქნეს იმპორტიორი მხარის საბაჟო ორგანოებისათვის არახელშემკვრელი მხარეების საბაჟო დოკუმენტების ან იმპორტიორი მხარის საბაჟო ორგანოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი სხვა დოკუმენტების წარდგენით.

 

ნაწილი 2

 წარმოშობის განხორციელების პროცედურები

მუხლი 14

წარმოშობის სერტიფიკატი

  1. წარმოშობის სერტიფიკატი, როგორც ეს დადგენილია დანართით 3-2 (წარმოშობის სერტიფიკატი), გაცემული უნდა იქნეს მხარის უფლებამოსილი ორგანოების მიერ (საქართველოს შემთხვევაში – საბაჟო ადმინისტრაცია; ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში – ჰონგ კონგ, ჩინეთის ვაჭრობისა და ინდუსტრიის დეპარტამენტი ან ჰონგ კონგ, ჩინეთის მთავრობის მიერ აღიარებული სერტიფიკაციის ორგანოები) ექსპორტიორის ან მწარმოებლის მოთხოვნით, იმ პირობით, რომ ამ თავის დებულებების მიხედვით, საქონელი შეიძლება მიჩნეულ იქნეს, მხარეში წარმოშობის მქონედ.
  2. წარმოშობის სერტიფიკატი უნდა:
  1. შეიცავდეს სერტიფიკატის უნიკალურ ნომერს;
  2. მოიცავდეს ერთ ან მეტ საქონელს ერთ საქონლის პარტიაში;
  3. მიეთითოს, რის საფუძველზე მიიჩნევა საქონელი ამ თავის მიზნებისათვის კვალიფიცირებულად, როგორც წარმოშობის სტატუსის მქონე;
  4. შეიცავდეს უსაფრთხოების მახასიათებლებს, როგორიცაა ხელმოწერების ან შტამპების ნიმუშები, ექსპორტიორი მხარის მიერ იმპორტიორი მხარის რეკომენდაციიდან გამომდინარე; და
  5. შესრულებულ იქნეს ინგლისურ ენაზე.
  1. წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა გადაზიდვამდე ან გადაზიდვის დროს. იგი ძალაშია ექსპორტიორი მხარის ტერიტორიაზე გაცემის თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში.
  2. თითოეული მხარე ატყობინებს მეორე მხარის საბაჟო ორგანოებს თითოეული უფლებამოსილი ორგანოს სახელს პირველი პუნქტის შესაბამისად, ასევე შესაბამის საკონტაქტო მონაცემებს და აწვდის თითოეული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოყენებული შესაბამისი ფორმებისა და დოკუმენტების ნებისმიერ უსაფრთხოების მახასიათებლებს ამ ორგანოს მიერ რაიმე სერტიფიკატის გაცემამდე. ზემოხსენებულ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე მხარის საბაჟო ორგანოს.
  3. წარმოშობის სერტიფიკატი შეიძლება გაცემულ იქნეს რეტროსპექტულად ერთი წლის განმავლობაში, გადაგზავნის თარიღიდან და უნდა ფლობდეს წარწერას „გაცემულია რეტროსპექტულად“ და ძალაში დარჩეს გადაგზავნიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ:
  1. იგი არ იქნა გაცემული გადაზიდვამდე ან გადაზიდვის დროს ფორსმაჟორული გარემოებების, უნებლიე შეცდომების, ხარვეზის ან სხვა დასაბუთებული მიზეზების გამო; ან
  2. აღნიშნული მოთხოვნილ იქნა იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ, სადაც გაცემულ იქნა წარმოშობის სერტიფიკატი, მაგრამ არ იქნა მიღებული იმპორტის დროს.
  1. ექსპორტიორმა ან მწარმოებელმა შეიძლება წერილობით მიმართოს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს გასცეს დამოწმებული ასლი იმ პირობით, რომ მანამდე გაცემული დოკუმენტის ორიგინალი დადასტურებულ იქნა, რომ არ იყო გამოყენებული. დამოწმებულ ასლზე უნდა იყოს წარწერა „ორიგინალი წარმოშობის სერტიფიკატის ნომერი -------, თარიღი -------, დამოწმებული ასლი“. დამოწმებული ასლი  ძალაშია ორიგინალი წარმოშობის სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაში.
  2. როდესაც ორივე მხარე კმაყოფილია 21-ე მუხლით განსაზღვრული წარმოშობის მონაცემების გაცვლის ელექტრონული სისტემის სრული გამოყენებით, მხარეები თანხმდებიან იმ თარიღზე, საიდანაც წარმოშობის მონაცემების გაცვლის ელექტრონული სისტემით გაგზავნილი მონაცემები ჩაანაცვლებს პირველი პუნქტით განსაზღვრულ ქაღალდის წარმოშობის სერტიფიკატს.

მუხლი 15

წარმოშობის დოკუმენტების შენახვა

  1. თითოეული მხარე აცნობებს თავის მწარმოებლებს, ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს შეინახონ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ საქონლის წარმოშობის სტატუსს, ასევე შეასრულონ ამ თავით დადგენილი მოთხოვნები სულ მცირე 3 წლის განმავლობაში ან, თითოეული მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, უფრო დიდხანს.
  2. თითოეული მხარე ითხოვს, რომ მათმა უფლებამოსილმა ორგანოებმა შეინახონ წარმოშობის სერტიფიკატებისა და სხვა დაკავშირებული დამხმარე დოკუმენტები სულ მცირე 3 წლის განმავლობაში, ან, თითოეული მხარის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, უფრო დიდხანს.

მუხლი 16

იმპორტთან დაკავშირებული ვალდებულებები

თუ წინამდებარე თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იმპორტიორმა, რომელიც ითხოვს პრეფერენციულ სატარიფო რეჟიმს, უნდა:

  1. მიუთითოს საბაჟო დეკლარაციაში, რომ საქონელი კვალიფიცირებულია როგორც წარმოშობის მქონე საქონელი;
  2. ფლობდეს მოქმედ წარმოშობის სერტიფიკატს (a) ქვეპუნქტში მითითებული იმპორტის საბაჟო დეკლარაციის გაკეთებისას; და
  3. იმპორტიორი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის მოთხოვნისას წარადგინოს მოქმედი წარმოშობის სერტიფიკატი და საქონლის იმპორტთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტური მტკიცებულება.

მუხლი 17

იმპორტის საბაჟო გადასახადების ანაზღაურება ან დეპოზიტი

  1. როდესაც მე-16 მუხლის შესაბამისად (იმპორტთან დაკავშირებული ვალდებულებები), წარმოშობის სერტიფიკატი არ არის წარდგენილი იმპორტიორი მხარის საბაჟოზე იმპორტის განხორციელების დროს, იმპორტიორის მოთხოვნისთანავე იმპორტიორი მხარის საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დააკისრონ მოქმედი არაპრეფერენციული საბაჟო გადასახადები, ან მოითხოვონ აღნიშნულ საქონელზე საბაჟო გადასახადების სრულო ოდენობის ეკვივალენტური გარანტია იმ პირობით, თუ იმპორტიორი იმპორტის განხორციელების დროს  ფორმალურად განუცხადებს საბაჟო ორგანოებს, რომ აღნიშნული საქონელი კვალიფიცირებულია, როგორც წარმოშობის მქონე საქონელი.
  2. იმპორტიორმა შეიძლება მოითხოვოს ზედმეტად დაკისრებული საბაჟო გადასახადების ან გადახდილი გარანტიის ანაზღაურება, თუ ისინი შეძლებენ წარადგინონ მე-16 მუხლით (იმპორტთან დაკავშირებული ვალდებულებები) გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია ექსპორტის განხორციელების დღიდან ერთი წლის განმავლობაში.

მუხლი 18

წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლება

  1. მე-16 მუხლის (იმპორტთან დაკავშირებული ვალდებულებები) მიუხედავად, მხარემ შეიძლება გაათავისუფლოს ნებისმიერი წარმოშობის მქონე საქონლის ტვირთის წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისაგან, რომელთა საბაჟო ღირებულება არ აღემატება 600 აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტურ ოდენობას ხელშემკვრელი მხარის ვალუტაში.
  2. პირველ პუნქტში გათვალისწინებული ვალდებულებისაგან გათავისუფლება არ გამოიყენება, როდესაც იმპორტიორი მხარის საბაჟო ორგანოების მიერ დადგენილია, რომ იმპორტი წარმოადგენს იმპორტის სერიების ნაწილს, რომელიც გონივრულად შეიძლება იქნეს მიჩნეული, რომ განხორციელებულ და ორგანიზებულ იქნა წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენის არიდების მიზნით.

მუხლი 19

წარმოშობის შემოწმება

  1. წარმოშობის სერტიფიკატი შემდგომი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს შემთხვევითობის საფუძველზე ან როდესაც იმპორტიორი მხარის საბაჟო ორგანოებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი ამ დოკუმენტების ავთენტურობასთან, საქონლის წარმოშობის სტატუსთან ამ წინამდებარე თავის სხვა მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოებმა წარმოშობის შემოწმება შეიძლება განახორციელონ შემდეგი საშუალებებით:
  1. იმპორტიორისგან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით;
  2. ექსპორტიორი მხარის საბაჟო ადმინისტრაციისაგან ადმინისტრაციული დახმარების თხოვნით, რათა განახორციელონ დამოწმება; ან
  3. ექსპორტიორი მხარის საბაჟო ხელისუფლებისა და ექსპორტიორის ან მწარმოებლის წერილობითი ნებართვით შემოწმების ვიზიტის განხორციელება ექსპორტიორი მხარეში, მხარეთა საბაჟო ხელისუფლებების მიერ ერთობლივად დადგენილი წესით.
  1. იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანომ, რომელიც ექსპორტიორ მხარეს სთხოვს შემოწმებას  1 (b) და 1 (c) ქვეპუნქტების შესაბამისად, უნდა განახორციელოს ექსპორტიორი მხარის საბაჟო ხელისუფლებასთან წერილობით კომუნიკაცია და უნდა მიუთითოს მიზეზები, წარადგინოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, რათა დაასაბუთოს შემოწმების მოთხოვნის მიზანი.
  2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულმა იმპორტიორმა, ექსპორტიორმა, მწარმოებელმა ან ექსპორტიორმა მხარის საბაჟო ორგანოებმა, რომელიც იღებს მოთხოვნას შემოწმების თაობაზე, უნდა უპასუხოს მოთხოვნას დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემოწმების თაობაზე შუამდგომლობის დაყენების თარიღიდან ექვსი თვისა.
  3. თუ შემოწმების თაობაზე შუამდგომლობის დაყენების თარიღიდან ექვს თვეში არ იქნება პასუხი მიღებული, ან თუ პასუხი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას დოკუმენტის ან განსახილველი საქონლის წარმოშობის სტატუსის აუთენტურობის დასადგენად, შუამდგომლობის წარმდგენ საბაჟო ორგანოს შეუძლია უარი განაცხადოს პრეფერენციულ სატარიფო რეჟიმზე.

მუხლი 20

უარი პრეფერენციულ სატარიფო რეჟიმზე

  1. წინამდებარე თავით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, იმპორტიორმა მხარემ შეიძლება უარი თქვას პრეფერენციული სატარიფო რეჟიმის მოთხოვნაზე, თუ:
    1. საქონელი არ აკმაყოფილებს წინამდებარე თავით დადგენილ მოთხოვნებს;
    2. იმპორტიორი, ექსპორტიორი ან მწარმოებელი ვერ ასრულებს წინამდებარე თავით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს;
    3. წარმოშობის სერტიფიკატი არ აკმაყოფილებს წინამდებარე თავით დადგენილ მოთხოვნებს; ან
    4. მე-19 მუხლის (წარმოშობის შემოწმება) მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
  2. პრეფერენციული სატარიფო რეჟიმის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, იმპორტიორი მხარის საბაჟო ხელისუფლება ვალდებულია წერილობით შეატყობინოს იმპორტიორს ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები.

მუხლი 21

წარმოშობის მონაცემების გაცვლის ელექტრონული სისტემა

ორივე მხარემ უნდა შექმნას წარმოშობის მონაცემების გაცვლის ელექტრონული სისტემა, რათა უზრუნველყონ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის წარმოშობასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლა, მათ შორის:

  1. ინფორმაცია, რომელიც ეხება სერტიფიკატის უნიკალურ ნომერს;
  2. მე-14 მუხლის (წარმოშობის სერტიფიკატი) მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წარმოშობის სერტიფიკატის მონაცემები, გარდა მე-14 მუხლის (წარმოშობის სერტიფიკატი) 2 (d) ქვეპუნქტისა, რომლებიც დადასტურებულია ექსპორტიორი მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  3. ინფორმაცია იმპორტიორი მხარის მიერ მიღებული პრეფერენციული სატარიფო რეჟიმის განხორციელების თაობაზე.

მუხლი 22

საკონტაქტო პირები

თითოეული მხარე განსაზღვრავს საკონტაქტო პუნქტებს, რათა უზრუნველყოს ამ თავის ეფექტური და ქმედითი იმპლემენტაცია. ყველა ინფორმაცია გაცვლილ უნდა იქნეს მხოლოდ საკონტაქტო პირების მეშვეობით.

 

თავი 3-ის (წარმოშობის წესები) დანართების ჩამონათვალი

დანართი 3-1

წარმოშობის სპეციფიკური წესები

დანართი 3-2

წარმოშობის სერტიფიკატი

 

თავი 4

საბაჟო პროცედურები და ვაჭრობის ხელშეწყობა

მუხლი 1

განსაზღვრებები

წინამდებარე თავის მიზნებისთვის:

  1. საბაჟო, საბაჟო კანონმდებლობის განსაზღვრის მიზნებისთვის, ნიშნავს სახელმწიფო სამსახურს, რომელიც პასუხისმგებელია საბაჟოსთან დაკავშირებული მარეგულირებელი აქტებისა და კანონების ადმინისტრირებაზე და საბაჟო და შიდა გადასახდელების შეგროვებაზე და რომელსაც ასევე გააჩნია პასუხისმგებლობა სხვა კანონებისა და მარეგულირებელი აქტების გამოყენებაზე, რომელიც ეხება საქონლის იმპორტს, ექსპორტს, ტრანსპორტირებას ან დასაწყობებას.
  2. საბაჟო ადმინისტრაცია ნიშნავს:
  1. ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში, ჰონგ კონგ, ჩინეთის საბაჟოსა და აქციზის ადმინისტრაციას; და
  2. საქართველოს შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს – ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
  1. საბაჟო კანონმდებლობა ნიშნავს იმ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებს, რომლებიც ეხება საქონლის იმპორტს, ექსპორტს, ტრანსპორტირებასა და დასაწყობებას, და რომელთა ადმინისტრირება და აღსრულება ექსკლუზიურად საბაჟო ორგანოების ფუნქციაა, და ნებისმიერ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელსაც საბაჟო ორგანოები გამოსცემენ  კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
  2. საბაჟო პროცედურები ნიშნავს რეჟიმს, რომელსაც მხარის საბაჟო ადმინისტრაცია იყენებს საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ;
  3. სატრანსპორტო საშუალებები ნიშნავს სხვადასხვა ტიპის საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ახორციელებენ მგზავრების ან საქონლის ტრანსპორტირებას მხარის სივრცეში ან სივრციდან.

მუხლი 2

მოქმედების ფარგლები და მიზანი

  1. წინამდებარე თავი ვრცელდება საბაჟო პროცედურებზე, მხარეთა შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებსა და შიდა საბაჟო კანონმდებლობასა და საბაჟო პროცედურებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, რომლებიც ეხება მხარეთა შორის საქონლით ვაჭრობასა და მხარეთა შორის სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას.
  2. წინამდებარე თავის მიზნებია:
  1. მხარეთა საბაჟო პროცედურების გამარტივება და ჰარმონიზაცია;
  2. მხარეთა შორის ვაჭრობის ხელშეწყობა; და
  3. საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, წინამდებარე თავის ფარგლებში.

მუხლი 3

ხელშეწყობა

  1. წინამდებარე თავის შესაბამისად, თითოეული მხარე უზრუნველყოფს თავისი საბაჟო პროცედურებისა და წესების პროგნოზირებადობას, თანამიმდევრულობასა და გამჭვირვალობას და ვაჭრობის ხელშეწყობას.
  2. ხარჯებისა და ვაჭრობაში გაუმართლებელი შეფერხებების შემცირების მიზნით, მხარეები გამოიყენებენ ეფექტიან საბაჟო პროცედურებს, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ემყარება საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის სტანდარტებსა და რეკომენდებულ წესებს, მათ შორის, „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის  პრინციპებს (ცვლილებების გათვალისწინებთ), ცნობილი „გადასინჯული კიოტოს  კონვენციის“ სახელით.
  3. მხარეთა შორის საქონლით ვაჭრობის სფეროში აუცილებელი კონტროლის ზომებს, ფორმალობებს და დოკუმენტებს მხარეები დაიყვანენ იმ ოდენობამდე, რომელიც აუცილებელი და საჭიროა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად, რითაც მაქსიმალურად გაამარტივებენ შესაბამის  პროცედურებს.
  4. თითოეული მხარის საბაჟო ადმინისტრაცია პერიოდულად გადასინჯავს თავის საბაჟო პროცედურებს მათი გამარტივების შესაძლებლობათა შესწავლისა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშესაწყობად ორმხრივად ხელსაყრელი მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 4

გამჭვირვალობა

  1. თითოეული მხარე დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს, მათ შორის, ინტერნეტში, ზოგადი გამოყენების კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადი ხასიათის ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ვრცელდება მხარეთა შორის საქონლით ვაჭრობაზე.
  2. თითოეული მხარე შექმნის ერთ ან რამდენიმე საინფორმაციო პუნქტს, რომელსაც  დაევალება საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისგან შესულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა, და ინტერნეტში გამოაქვეყნებს ინფორმაციას ამგვარი შეკითხვების გაგზავნის პროცედურების შესახებ.
  3. პრაქტიკული შესაძლებლობიდან გამომდინარე, და თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, თითოეული მხარე ინტერნეტში წინასწარ გამოაქვეყნებს ზოგადი ხასიათის კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს, რომლებიც არეგულირებენ მხარეთა შორის ვაჭრობას, იმისათვის რომ საზოგადოებას, განსაკუთრებით, დაინტერესებულ პირებს, მიეცეთ თავიანთი შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა.
  4. თითოეული მხარე შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს სათანადო ინტერვალის დაცვას მხარეთა შორის ვაჭრობის სფეროში ზოგადი ხასიათის ახალი ან შეცვლილი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოქვეყნებასა და მათ ძალაში შესვლას შორის.
  5. თითოეული მხარე უზრუნველყოფს მხარეთა შორის ვაჭრობის სფეროში ზოგადი ხასიათის კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთგვაროვან,  მიუკერძოებლ და გონივრულ განხორციელებას.
  6. თითოეულმა მხარემ შეძლებისდაგვარად და საჭიროების შემთხვევაში ინტერნეტის მეშვეობით ხელმისაწვდომი უნდა გახადოს და განაახლოს შემდეგი:
  1. იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის პროცედურების აღწერა, მათ შორის გასაჩივრების და განხილვის პროცედურები, რომლებიც აცნობებენ მეორე მხარეს, მოვაჭრეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს იმ პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ, რომელიც საჭიროა იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტისთვის; და
  2. მის სივრცეში იმპორტის, სივრციდან ექსპორტის და ტრანზიტისთვის საჭირო ფორმები და დოკუმენტები.
  1. როდესაც შესაძლებელია, თითოეულმა მხარემ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს 6(a) პუნქტში მითითებული ინფორმაცია, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე.

მუხლი 5

საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

ერთმანეთს შორის ვაჭრობისას, მხარეები საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავენ  GATT-1994-ის VII მუხლისა და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეთანხმების დებულებათა შესაბამისად.

მუხლი 6

ტარიფების კლასიფიკაცია

ერთმანეთს შორის ვაჭრობისას, მხარეები საქონლის მიმართ გამოიყენებენ საქონლის ჰარმონიზებულ სისტემას.

მუხლი 7

თანამშრომლობა

1. თავიანთი კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებით ნებადართულ ფარგლებში, ორივე მხარის საბაჟო ადმინისტრაციები ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას შემდეგ სფეროებში:

  1. წინამდებარე თავის განხორციელება და მოქმედება; და
  2. ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელზეც მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ.

2. თითოეული მხარე შეეცდება მეორე მხარეს დროულად აცნობებს თავის საბაჟო კანონებში, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და პროცედურებში შეტანილი იმ მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, რომლებსაც შეუძლია არსებითი ზემოქმედება იქონიოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედებაზე.

მუხლი 8

წინასწარი გადაწყვეტილებები

  1. თითოეული მხარე დადგენილ გონივრულ ვადებში მიაწვდის მე-2(a) ქვეპუნქტში მითითებულ პირს წინასწარ წერილობით გადაწყვეტილებებს ტარიფების კლასიფიკაციისა და იმის შესახებ, არის თუ არა საქონელი წარმოშობის მქონე წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში.
  2. საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეული მხარე მიიღებს ან შეინარჩუნებს წინასწარი წერილობითი გადაწყვეტილებების გაცემის პროცედურას, რომელიც:
  1. ადგენს, რომ ექსპორტიორს, იმპორტიორს, ან სათანადო საფუძვლის მქონე ნებისმიერ პირს, ან მის წარმომადგენელს შეუძლია განაცხადის შეტანის გზით მოითხოვოს წინასწარი გადაწყვეტილების გაცემა განაცხადში მითითებული საქონლის იმპორტირების თარიღამდე. მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ განმცხადებელს გააჩნდეს იურიდიული წარმომადგენლობა, ან რომ ის რეგისტრირებული იყოს მის სივრცეში;
  2. დეტალურად მიუთითებს იმ ინფორმაციას, რომლის წარდგენაც სავალდებულოა იმისათვის, რომ მსვლელობა მიეცეს განაცხადს  წინასწარი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ;
  3. ნებას რთავს მხარის საბაჟო ადმინისტრაციას წინასწარი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ განაცხადის შეფასების ნებისმიერ ეტაპზე, განმცხადებლისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია მისი მოთხოვნის შესაფასებლად;
  4. უზრუნველყოფს, რომ წინასწარი გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს განმცხადებლის მიერ წარდგენილ ფაქტებსა და გარემოებებს და გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელთ არსებულ ნებისმიერ სხვა რელევანტურ ინფორმაციას; და
  5. უზრუნველყოფს განმცხადებლის სახელზე წინასწარი გადაწყვეტილების გაცემას, გამცემი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის ოფიციალურ ენაზე, სწრაფი წესით, ყველა სახის აუცილებელი ინფორმაციის მიღებიდან 90 დღის ვადაში.
  1. პირველი პუნქტის მიუხედავად, მხარეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს წინასწარი გადაწყვეტილების გაცემაზე და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გაუგზავნის შეტყობინებას განმცხადებელს, რომელშიც მიუთითებს  წინასწარი გადაწყვეტილების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
  2. პირველი პუნქტის მიუხედავად, მხარეს შეუძლია უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გაცემაზე, თუ  მე-2(c) პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი.
  3. თითოეული მხარე შეეცდება საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წინასწარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ის ინფორმაცია, რომელსაც ის საინტერესოდ მიიჩნევს ვაჭრობაში მონაწილე სხვა პირებისთვის, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის საჭიროების გათვალისწინებით.
  4. მხარის საბაჟო კანონმდებლობისა და მე-7 პუნქტის შესაბამისად, თითოეული მხარე შესვლის ნებისმიერი პორტიდან თავის სივრცეში შეტანილი საიმპორტო საქონლის მიმართ წინასწარი გადაწყვეტილების გამოყენებას დაიწყებს წინასწარი გადაწყვეტილების გაცემის ან წინასწარ გადაწყვეტილებაში მითითებული ნებისმიერი სხვა თარიღიდან. მხარე უზრუნველყოფს, რომ წინასწარი გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში, ყველა სახის იმპორტირებული საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს ერთნაირი რეჟიმი, მიუხედავად იმპორტიორის ან ექსპორტიორისა, თუ ყველა არსებითი ხასიათის ფაქტი და გარემოება ერთმანეთის იდენტურია.
  5. მხარეს შეუძლია ცვლილებები შეიტანოს ან გააუქმოს წინასწარი გადაწყვეტილება, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები შევიდა შესაბამის კანონებში ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში; როდესაც წარდგენილ იქნა არასწორი ინფორმაცია, ან არ იქნა მიწოდებული შესაბამისი ინფორმაცია; ცვლილება შევიდა არსებით ფაქტში; ან ცვლილება შევიდა იმ გარემოებებში, რომლებსაც დაემყარა გადაწყვეტილება.

მუხლი 9

გადახედვა და გასაჩივრება

თითოეული მხარე, თავისი შიდა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, უზრუნველყოფს, რომ იმპორტიორს, ექსპორტიორს ან ნებისმიერი სხვა პირს, რომლის მიმართაც ვრცელდება საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით გამოტანილი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, ჰქონდეს უფლება:

  1. ადმინისტრაციული წესით გაასაჩივროს საბაჟო ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, და ამ პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადმინისტრაციული განხილვის დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიმღები პირის ან ორგანოსგან; და
  2. სასამართლო წესით გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილებები თავისი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 10

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება

თითოეული მხარე გამოიყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს საბაჟო ოპერაციების ხელშეწყობის მიზნით, თუ ეს ტექნოლოგიები ეკონომიკურად ეფექტური და ეფექტიანია, კერძოდ, უქაღალდო (ელექტრონული) ვაჭრობის დანერგვის სფეროში, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ფარგლებში ამ კუთხით არსებული მიღწევების გათვალისწინებით.

მუხლი 11

რისკების მართვა

  1. თითოეული მხარე დანერგავს და შეინარჩუნებს რისკების მართვის სისტემას და მის საფუძველზე განსაზღვრავს თუ რომელი პირი, საქონელი ან სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოწმებას, და ასევე  შემოწმების დონეს.
  2. თითოეული მხარე იმუშავებს თავისი საბაჟო პროცედურებში რისკების მართვის მეთოდების უფრო ფართოდ გამოყენების მიმართულებით, იმისათვის რომ  გამარტივდეს დაბალი რისკის საქონლის განბაჟება და რესურსები მობილიზდეს მაღალი რისკის საქონელზე.
  3. რისკების მართვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ  მან არ გამოიწვიოს თვითნებური ან გაუმართლებელი დისკრიმინაცია თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში ან ფარული შეზღუდვების დაწესება საერთაშორისო ვაჭრობაზე.

მუხლი 12

საქონლის გაშვება

  1. მხარეთა შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით თითოეული მხარე მიიღებს ან შეინარჩუნებს გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს საქონლის ეფექტიანად გაშვებისთვის. უფრო მეტი სიცხადისთვის, წინამდებარე პუნქტი არ ავალდებულებს  მხარეს საქონლის გაშვებას, თუ არ შესრულებულა მისი მოთხოვნები საქონლის გაშვებასთან დაკავშირებით.
  2. პირველი პუნქტის შესაბამისად, თითოეული მხარე დანერგავს ან განახორციელებს პროცედურებს, რომლებიც:
  1. ითვალისწინებს საქონლის გაშვებას მისი მისვლიდან შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში, იმ პირობით, თუ შესრულებულია ყველა სხვა ნორმატიული მოთხოვნები; და
  2. საჭიროების შემთხვევაში ითვალისწინებს ინფორმაციის ელექტრონული წესით წარდგენას და დამუშავებას წინასწარ, საქონლის ფიზიკურად მისვლამდე, საქონლის გაშვების პროცედურის დაჩქარების მიზნით.
  1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ საქონლის გაშვების პერიოდი არ იყოს იმაზე უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს ესაჭიროება საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

მუხლი 13

მალფუჭებადი საქონელი

  1. მალფუჭებადი საქონლის დანაკარგების ან გაფუჭების თავიდან აცილების მიზნით, და იმ პირობით, რომ შესრულებულია ყველა სავალდებულო მოთხოვნა, თითოეული მხარე მალფუჭებადი საქონელის გაშვებას უზრუნველყოფს:
  1. ნორმალურ პირობებში უმოკლეს ვადებში; და
  2. განსაკუთრებულ გარემოებებში – როდესაც ამის გაკეთება მიზანშეწონილია, საბაჟოსა და სხვა შესაბამისი უწყებების არასამუშაო საათებში.
  1. შემოწმებების გრაფიკის შედგენისას, თუ ასეთი საჭიროება არსებობს, თითოეული მხარე უპირატესობას მიანიჭებს მალფუჭებად საქონელს.
  2. თითოეული მხარე თავად უზრუნველყოფს, ან იმპორტიორს მისცემს შესაძლებლობას უზრუნველყოს მალფუჭებადი საქონლის შესაბამისი დასაწყობება მის გაშვებამდე. მხარემ შეიძლება მოითხოვოს, რომ იმპორტიორის მიერ უზრუნველყოფილი საწყობები აღიარებული ან განსაზღვრული იყოს თავისი შესაბამისი ორგანოების მიერ. საქონლის გადაზიდვა საწყობებამდე, ასევე ოპერატორებისთვის ამგვარი გადაზიდვის ნებართვების მინიჭება, საჭიროების შემთხვევაში,  შეიძლება დაექვემდებაროს აღნიშნული შესაბამისი ორგანოების ნებართვას. მხარე, როდესაც ეს შესაძლებელია, თავისი შიდა კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, იმპორტიორის მოთხოვნისთანავე, უზრუნველყოფს ნებისმიერი ისეთი პროცედურის შესრულებას, რომელიც აუცილებელია ზემოაღნიშნული საწყობებიდან ტვირთის გასაშვებად.
  3. მალფუჭებადი საქონლის გაშვებისას მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაში, და წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, იმპორტიორი მხარე, როდესაც ეს შესაძლებელია, წარმოადგენს ინფორმაციას შეფერხების მიზეზების შესახებ.

მუხლი 14

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი

მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის ფუნქციონირებას ან საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებთან მიმართებაში უსაფრთხოების ზომების გატარებას:

  1. მეორე მხარეს მისცემს შესაძლებლობას გამართოს მოლაპარაკებები უფლებამოსილების ორმხრივი აღიარებასა და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით, რომელთა მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა, ეფექტიანი საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფასთან ერთად; და
  2. იხელმძღვანელებს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით, კერძოდ, გლობალური ვაჭრობის უსაფრთოხებისა და ხელშეწყობის სფეროში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის უსაფრთხო (SAFE) ჩარჩო სტანდარტებით.

მუხლი 15

თანამშრომლობა სასაზღვრო ორგანოებს შორის

  1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მისმა ორგანოებმა და სამსახურებმა, რომლებიც ახორციელებენ სასაზღვრო კონტროლს იმპორტირებულ, ექსპორტირებულ ან ტრანზიტულ საქონელთან მიმართებაში, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მოახდინონ თავიანთი პროცედურების კოორდინაცია ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით.
  2. თითოეული მხარე შეეცდება, რამდენადაც შესაძლებელია, შეიმუშაოს ელექტრონული სისტემა თავისი საბაჟო ადმინისტრაციისა და სხვა შესაბამისი საბაჟო სამსახურების მიერ მოთხოვნილი  ინფორმაციის გადაცემის მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებათა საერთაშორისო გადაადგილებას.

მუხლი 16

კონსულტაციები

  1. თითოეული მხარის საბაჟო ადმინისტრაციამ შესაძლოა ნებისმიერ დროს მოითხოვოს მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციასთან კონსულტაციების გამართვა, წინამდებარე თავის განხორციელებასთან ან ამოქმედებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, იმ შემთხვევაში, თუ მომთხოვნი მხარე წარადგენს დასაბუთებულ მოთხოვნას. ამგვარი კონსულტაციები გაიმართება შესაბამისი საკონტაქტო პირების მეშვეობით,  მოთხოვნის წარდგენიდან 60 დღის, ან ნებისმიერი სხვა პერიოდის განმავლობაში, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
  2. თუ კონსულტაციების გზით ვერ მოხერხდება შესაბამისი საკითხის გადაწყვეტა, მოთხოვნის წარმდგენ მხარეს შეუძლია საკითხი შემდგომი განხილვის მიზნით გადასცეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიას.
  3. წინამდებარე თავის მიზნებისთვის, თითოეული საბაჟო ადმინისტრაცია დანიშნავს ერთ ან რამდენიმე საკონტაქტო პირს. საკონტაქტო პირთან დაკავშირებული ინფორმაცია მიეწოდება მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას და ასევე ამ ინფორმაციაში შეტანილი ნებისმიერი შესწორების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას.

 

თავი 5

ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში

მუხლი 1

განმარტებები

წინამდებარე თავის მიზნებისთვის:

  1. TBT შეთანხმება ნიშნავს შეთანხმებას ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ, რომელიც მოცემულია WTO-ს შეთანხმების 1A დანართში.
  2. გამოიყენება TBT შეთანხმების პირველ დანართში მოცემული განსაზღვრებები, mutatis mutandis

მუხლი 2

მიზანი

წინამდებარე თავის მიზნებია:

  1. მხარეებს შორის საქონლით ვაჭრობის ხელშეწყობა და წახალისება იმის უზრუნველყოფით, რომ ტექნიკური რეგლამენტები, სტანდარტები და შესაბამისობის შეფასების პროცედურები არ ქმნიან ზედმეტ ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში;
  2. თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლა სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების მომზადებასთან, მიღებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით;
  3. თითოეული მხარის სტანდარტების, ტექნიკური რეგულაციებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით ურთიერთგაგების ხელშეწყობა; და
  4. TBT შეთანხმების პრინციპების იმპლემენტაციის ხელშეწყობა. 

მუხლი 3

გამოყენების სფერო

წინამდებარე თავი გამოიყენება თითოეული მხარის ყველა იმ ტექნიკური რეგლამენტის, სტანდარტის და შესაბამისობის შეფასების პროცედურასთან მიმართებით, რომელმაც, შესაძლოა, პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა იქონიოს მხარეებს შორის საქონლით ვაჭრობაზე. ეს უკანასკნელი არ მოიცავს:

  1. სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ზომებს, SPS შეთანხმების დანართი A-ს პირველი პუნქტის განმარტების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების თავი 6-ში (სანიტაირულ და ფიტოსანიტარიულ ზომები); და
  2. შესყიდვების სპეციფიკაციებს, რომელიც მომზადებულია სამთავრობო ორგანოების მიერ, სამთავრობო ორგანოების მიერ პროდუქციის წარმოების ან მოხმარების მიზნით, როგორც ეს განსაზღვრულია TBT შეთანხმების მუხლში 1.4.

მუხლი 4

TBT შეთანხმების დადასტურება

მხარეები ადასტურებენ თავიანთ უფლებებსა და ვალდებულებებს ერთმანეთის მიმართ TBT შეთანხმების შესაბამისად.

მუხლი 5

ტექნიკური რეგლამენტები[1]

შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების არსებობის შემთხვევაში, ან როდესაც დასრულების ეტაპზეა მისი შემუშავება, თითოეული მხარე ვალდებულია გამოიყენოს ისინი ან მათი შესაბამისი ნაწილები, როგორც ტექნიკური რეგლამენტების საფუძველი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტები ან მათი შესაბამისი ნაწილები არ იქნება ეფექტური ან ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, მაგალითად, არსებითი კლიმატური ან გეოგრაფიული ფაქტორების ან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით. 

მუხლი 6

საერთაშორისო სტანდარტები

წინამდებარე თავის გამოყენების მიზნებისთვის, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (IEC), საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) და საკვების რეგულაციების კომისიის (CAC) მიერ გამოცემული სტანდარტები შესაძლოა ჩაითვალოს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებად TBT შეთანხმების 2.4. მუხლის შესაბამისად. 

მუხლი 7

შესაბამისობის შეფასების პროცედურები

  1. შესაბამისობის შეფასების ეფექტურობის გაზრდისა და ხარჯ-ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, თითოეული მხარე, მოთხოვნის საფუძველზე, შეეცდება, ცალკე გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების გზით, მოახდინოს იმ შესაბამისობის შეფასების შედეგების აღიარება, რომლებიც მიღებულია შესაბამისი  აკრედიტირებული ან/და უფლებამოსილი შესაბამისობის შეფასების ორგანოს მიერ მეორე მხარის სივრცეში.
  2. მხარეები თანხმდებიან, რომ მოთხოვნის საფუძველზე, გაცვლიან ინფორმაციას შესაბამისობის შეფასების პროცედურების შესახებ, მათ შორის გამოცდების, სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის თაობაზე.
  3. შესაბამისობის შეფასების ფარგლებში თანამშრომლობისას, მხარეები მხედველობაში მიიღებენ შესაბამის საერთაშორისო ან/და რეგიონულ ორგანიზაციაში მონაწილეობას.  

მუხლი 8

გამჭვირვალობა

  1. თითოეული მხარე ადასტურებს, რომ ხელმისაწვდომს გახდის ახალი ან შეცვლილი ტექნიკურ რეგლამენტებს, სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების შესახებ ინფორმაციას TBT შეთანხმების მიერ დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების თანახმად.
  2. თითოეული მხარე ვალდებულია, წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელმისაწვდომი გახადოს ის ტექნიკური რეგლამენტები და შესაბამისობის შეფასების პროცედურების სრული ტექსტი, არსებულ ენებზე, რომლების ნოტიფიცირებაც განახორციელა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში.
  3. TBT-ს შეთანხმების 2.9 და 5.6 მუხლების შესაბამისად, თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს მისცეს სულ ცოტა 60 დღე შენიშვნების წარსადგენად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს წინაშე წარმოშობილი რისკები ან რისკის საფრთხე მოითხოვს გადაუდებელი ქმედებების განხორციელებას.
  4. თითოეული მხარე ვალდებულია მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის შენიშვნები და, მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს ზომები მათზე პასუხის გასაცემად.

მუხლი 9

ტექნიკური კონსულტაციები

  1. თუ მხარე თვლის, რომ მეორე მხარის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტი ან შესაბამისობის შეფასების პროცედურები ზედმეტ დაბრკოლებას უქმნის მის ექსპორტს, მას უფლება აქვს მოითხოვოს ტექნიკური კონსულტაციები. მოთხოვნის მიმღები მხარე ვალდებულია მსგავს მოთხოვნას მაქსიმალურად სწრაფად გასცეს პასუხი.
  2. მოთხოვნის მიმღები მხარე ჩაერთვება ტექნიკურ კონსულტაციებში ორმხრივად შეთანხმებულ პერიოდში შესაბამისი შედეგის მიღწევის მიზნით. ტექნიკური კონსულტაციები შესაძლოა გაიმართოს მხარეებს შორის ორმხრივად შეთანხმებული ფორმით.

მუხლი 10

თანამშრომლობა

მხარეები თავიანთი შესაბამისი სისტემების ცნობადობის გაზრდისა და ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, გააძლიერებენ ტექნიკურ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში:

  1. შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობა, ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, შესაბამისობის შეფასების პროცედურებისა და კარგი რეგულირების პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა;
  2. მხარეთა შესაბამისობის შეფასების ორგანოებს შორის თანამშრომლობის  წახალისება იმ სფეროებში სადაც ეს შესაძლებელია;
  3. საერთო ინტერესის მქონე სფეროებში თანამშრომლობა შესაბამისი რეგიონული და საერთაშორისო ორგანოების მუშაობის პროცესში, რაც უკავშირდება სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების შემუშავებასა და გამოყენებას; და
  4. მხარეებს შორის შეთანხმებული სხვა სფეროები. 

მუხლი 11

პასუხისმგებელი ორგანო

  1. თითოეული მხარე გამოყოფს წინამდებარე თავის შესრულების კოორდინაციაზე პასუხისმგებელ ორგანოს, ეს ორგანოებია:
  1. ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში ვაჭრობისა და ინდუსტრიის დეპარტამენტი; და
  2. საქართველოს შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
  1. თითოეული მხარე მეორე მხარეს მიაწვდის მის მიერ გამოყოფილ პასუხისმგებელ ორგანოში შესაბამისი თანამდებობის პირის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, ტელეფონსა და ელ-ფოსტას.
  2. თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს დროულად შეატყობინოს პასუხისმგებელ ორგანოსთან და შესაბამის თანამდებობის პირთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილებების შესახებ. 

 

თავი 6

სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები

მუხლი 1

განმარტებები

წინამდებარე თავის მიზნებისთვის, გამოიყენება SPS შეთანხმების A დანართში მოცემული განმარტებები, mutatis mutandis.

მუხლი 2

მიზები

წინამდებარე თავის მიზნებია:

  1. მხარეებს შორის საქონლით ვაჭრობის ხელშეწყობა და ამავე დროს მათ სივრცეში ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვა;
  2. თითოეულ მხარეში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და თითოეული მხარის სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენებასთან დაკავშირებით საერთო შეთანხმების გაღრმავება;
  3. მხარეებს შორის სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ზომებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაძლიერება, რათა ხელი შეუწყონ ვაჭრობასა და თავიანთ ბაზრებზე დაშვებას; და
  4. SPS შეთანხმების პრინციპების განხორციელების ხელშეწყობა.

მუხლი 3

გამოყენების სფერო

წინამდებარე თავი გამოიყენება მხარეების მიერ განხორციელებულ ყველა სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ზომასთან მიმართებით, რომელმაც, შესაძლოა, პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა იქონიოს მხარეებს შორის საქონლით ვაჭრობაზე.

მუხლი 4

SPS შეთანხმების დადასტურება

მხარეები ადასტურებენ თავიანთ უფლებებსა და ვალდებულებებს ერთმანეთის მიმართ SPS შეთანხმების შესაბამისად. 

მუხლი 5

რისკის შეფასება

მხარეები უზრუნველყონ, რომ მათი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები ეფუძნება, გარემოების შესაბამისად, ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის რისკის შეფასებას, როგორც ეს მოცემულია SPS შეთანხმების მე-5 მუხლში, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რისკების შეფასების ტექნიკის გათვალისწინებით.     

მუხლი 6

ჰარმონიზაცია

  1. მხარეებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ, რათა თავიანთი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები ეფუძნებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, სახელმძღვანელო წესებს ან რეკომენდაციებს, მათი არსებობის შემთხვევაში.
  2. მხარეებმა, საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთში უნდა გააძლიერონ კომუნიკაცია, თანამშრომლობა და კოორდინაცია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC), კოდექს ალიმენტარიუსის (Codex) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ფარგლებში.

მუხლი 7

რეგიონალიზაცია

მხარეები აღიარებენ რეგიონალიზაციის პრინციპებსა და მის იმპლემენტაციას, როგორც ეს მოცემულია SPS შეთანხმების მე-6 მუხლში და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ შესაბამის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო წესებში.

მუხლი 8

ეკვივალენტობა

თითოეული მხარე აღიარებს მეორე მხარის სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ზომებს, როგორც საკუთარის ეკვივალენტურს, თუ ექსპორტიორი მხარე ობიექტურად წარმოუჩენს მეორე მხარეს, რომ მისი ზომები აკმაყოფილებს მეორე მხარის დაცვის შესაბამის დონეს. ამ მიზნით, მოთხოვნის შემთხვევაში, იმპორტიორ ქვეყანას მიეცემა სათანადო დაშვება ინსპექტირების, ტესტირებისა და სხვა შესაბამისი პროცედურების განსახორციელებლად.

მუხლი 9

გამჭვირვალობა

  1. თითოეული მხარე ადასტურებს, რომ ხელმისაწვდომს გახდის ინიცირებული ახალი ან შეცვლილი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების შესახებ ინფორმაციას SPS შეთანხმების მიერ დადგენილი შეტყობინების ვალდებულების შესაბამისად.
  2. თითოეული მხარე ვალდებულია, მომთხოვნი მხარის მიერ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელმისაწვდომი გახადოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის შეტყობინებული სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების სრული ტექსტი, ხელმისაწვდომ ენებზე.
  3. SPS შეთანხმების მე-7 მუხლთან და B დანართთან დაკავშირებული შეტყობინებების ვალდებულებების შესაბამისად, თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს ინიცირებული სანიტარიული ან ფიტოსანიტარიული ზომების შესახებ შენიშვნების წარსადგენად განუსაზღვროს სულ მცირე 60 დღე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან მცენარის სიჯანსაღეს წარმოეშვა რისკი ან არსებობს ასეთი რისკის წარმოშობის საფრთხე, რაც მოითხოვს გადაუდებელი ქმედებების განხორციელებას.
  4. თითოეული მხარე შეეცდება მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის შენიშვნები და, მოთხოვნის შემთხვევაში, გონივრულ ვადებში მოახდინოს მათზე რეაგირება.

მუხლი 10

ტექნიკური თანამშრომლობა

  1. მხარეები თანხმდებიან, რომ შეისწავლიან ერთობლივი ინტერესის სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ საკითხებთან დაკავშირებით ტექნიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს ამ თავის შესაბამისად, რათა გაზარდონ ურთიერთგაგება მხარეთა მარეგულირებელი სისტემების შესახებ  და ხელი შეუწყონ ერთმანეთის ბაზარზე დაშვებას.
  2. თითოეული მხარე, მოთხოვნის საფუძველზე, გაითვალისწინებს ერთობლივი ინტერესის სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ საკითხებთან დაკავშირებულ თანამშრომლობას ამ თავის შესაბამისად. 

მუხლი 11

საკონტაქტო ორგანოები

  1. თოთოეული მხარე გამოყოფს საკონტაქტო ორგანოს, რომელიც ამ მხარისთვის წარმოადგენს წინამდებარე თავის შესრულების კოორდინაციაზე პასუხისმგებელ ორგანოს. საკონტაქტო ორგანოებია:
  1. ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში, ვაჭრობისა და ინდუსტრიის დეპარტამენტი;  და
  2. საქართველოს შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო.

 

  1. თითოეული მხარე მეორე მხარეს მიაწვდის მის მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი ორგანოს სახელს და აღნიშნულ ორგანიზაციაში შესაბამისი თანამდებობის პირის საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, ტელეფონსა და ელ-ფოსტას.
  2. თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს დროულად შეატყობინოს საკონტაქტო ორგანოსთან და შესაბამის თანამდებობის პირთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილებების შესახებ.

 

თავი 7

 ვაჭრობაში დაცვითი ზომები

მუხლი 1

განმარტებები

ამ თავის მიზნებისთვის, დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმება ნიშნავს დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმებას, რომელიც მოცემულია WTO-ს შეთანხმების 1A დანართში.

მუხლი 2

ანტიდემპინგი

  1. მხარეები შეეცდებიან თავი შეიკავონ ერთმანეთის მიმართ ანტიდემპინგის შეთანხმებით და  GATT 1994-ის VI მუხლით განსაზღვრული ანტიდემპინგური პროცედურების ინიციირებისგან.
  2. მხარის მიერ სათანადოდ დასაბუთებული განაცხადის მიღებისას და  ანტიდემპინგური შეთანხმების შესაბამისად მოკვლევის დაწყებამდე, მხარე წერილობით ატყობინებს მეორე მხარეს, რომლის საქონელიც, სავარაუდოდ, დემპინგს დაექვემდებარა და კონსულტაციებისათვის ადგენს 30-დღიან ვადას ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავლის მოსაძებნად. მეორე მხარე შეტყობინების მიღებიდან 20 დღეში მოითხოვს კონსულტაციების გამართვას და კონსულტაციები ტარდება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის ფარგლებში წინამდებარე შეთანხმების 15 თავის დებულებების შესაბამისად (ინსტიტუციური დებულებები).
  3. მხარის მიერ ანტიდემპინგური ზომის გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნული ზომის გამოყენება წყდება მისი დაწესებიდან, არაუგვიანეს ხუთი წლის შემდეგ.
  4. მხარე არ იწყებს ანტიდემპინგურ მოკვლევას მეორე მხარის იმავე პროდუქტზე ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მიიღებს გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ზომების არგატარების ან გაუქმების თაობაზე ან ზომის გაუქმებიდან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
  5. თუ მხარე გადაწყვეტს ანტიდემპინგური გადასახადის დაწესებას, მხარე იყენებს „ნაკლები გადასახადის“ წესს და გადასახადის ოდენობას განსაზღვრავს იმგვარად, რომ იგი დემპინგის ზღვარს არ აღემატებოდეს, თუ ასეთი ნაკლები გადასახადი საკმარისი იქნება ადგილობრივი მრეწველობისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.
  6. ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ,  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივ კომისია განიხილავს, საჭიროა თუ არა მათ შორის ანტი-დემპინგური ზომების გატარების შესაძლებლობის შენარჩუნება. თუ პირველი განხილვისას მხარეები გადაწყვეტენ, რომ ამგვარი შესაძლებლობის შენარჩუნება საჭიროა, შემდგომში განხილვები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის მიერ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება.

მუხლი 3

სუბსიდიები და საკომპენსაციო ზომები

  1. მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას შეასრულონ GATT 1994-ის XVI მუხლი და SCM შეთანხმება.
  2. პირველი პუნქტის მიუხედავად, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან არცერთი მხარე არ დაიწყებს ნებისმიერი სახის მოკვლევას ან შემოიღებს ნებისმიერ საკომპენსაციო ზომას, როგორც ეს განსაზღვრულია GATT 1994-ის VI მუხლსა და სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმებაში, მეორე მხარეში წარმოშობილი საქონლის მიმართ.

მუხლი 3

გლობალური დაცვითი ზომები

  1. მხარეები ადასტურებენ თავიანთ უფლებებს და ვალდებულებებს მეორე მხარის მიმართ, GATT 1994-ის  XIX მუხლის და დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
  2. თუ მე-3 პუნქტში სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, წინამდებარე შეთანხმება მხარეებს არ ანიჭებს დამატებით უფლებებს ან ვალდებულებებს GATT 1994-ის XIX მუხლის და დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმების შესაბამისად განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.
  3. მხარე დაუყოვნებლივ წერილობით ატყობინებს მეორე მხარეს, მათ შორის ელექტრონული საშუალებებით, ნებისმიერი გლობალური დაცვითი მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის დაწყების მიზეზების შესახებ.  ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს შვიდი დღისა.

 

თავი 8

მომსახურებით ვაჭრობა

ნაწილი I: მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტებები

მუხლი 1

განმარტებები

წინამდებარე თავის მიზნებისთვის:      

  1. საჰაერო ხომალდის შეკეთებისა და მოვლის მომსახურება გულისხმობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ხორციელდება საჰაერო ხომალდზე ან მის ნაწილზე, როცა ეს საჰაერო ხომალდი ამოღებულია მომსახურებიდან და არ შეიცავს ეგრეთ წოდებულ “მიმდინარე ტექნიკურ მომსახურებას”;
  2. კომერციული წარმომადგენლობა გულისხმობს ნებისმიერი სახის ბიზნეს ან პროფესიულ დაწესებულებას, მათ შორის, შემდეგის მეშვეობით:
  1. იურიდიული პირის დაფუძნების, შეძენის ან ფუნქციონირების გზით; ან
  2. მხარის სივრცეში ფილიალის ან წარმომადგენლობის შექმნის ან ფუნქციონირების გზით,

მხარის სივრცეში მომსახურების მიწოდების მიზნით;

  1. კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის მომსახურება გულისხმობს კომპიუტერული სისტემების საშუალებით უზრუნველყოფილ მომსახურებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საჰაერო გადამზიდავების განრიგის, ხელმისაწვდომობის, მგზავრობის ღირებულებისა და ტარიფის გამოყენების წესების შესახებ, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ჯავშნის გაკეთება ან ბილეთების გაცემა;
  2. კონტროლირებადი გულისხმობს დირექტორთა უმრავლესობის დასახელების ან იურიდიული პირის ქმედებების სხვაგვარად სამართლებრივად მართვის უფლებამოსილებას;
  3. მხარის იურიდიული პირი გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოგების მიღების ან სხვა მიზნებისათვის შექმნილ ან ორგანიზებულ სახელმწიფო ან კერძო იურიდიულ პირს, კორპორაციის, ტრასტის, პარტნიორობის, ერთობლივი საწარმოს, ინდივიდუალური მეწარმის ან ასოციაციის ჩათვლით, რომელიც:
  1. დაფუძნებულია ან სხვაგვარად ორგანიზებულია იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და იმ მხარის სივრცეში ეწევა არსებით ბიზნეს საქმიანობას; ან
  2. კომერციული წარმომადგენლობის საშუალებით მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, საკუთრებაშია ან კონტროლდება:
  1. იმ მხარის ფიზიკური პირების მიერ; ან                     
  2. იმ მხარის იურიდიული პირის მიერ, რომელიც მოცემულია (i) ქვეპუნქტში;
  1. ზომა გულისხმობს მხარის მიერ გამოყენებულ ნებისმიერ ზომას კანონის, რეგულაციის, წესის, პროცედურის, გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული ქმედების ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც მიღებულია:
  1. ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობების და ხელისუფლების მიერ; და
  2. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცენტრალური, რეგიონალური ან ადგილობრივი მთავრობების ან ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად;
  1. მხარეების მიერ მიღებული ზომები, რომლებიც ეხება მომსახურებით ვაჭრობას მოიცავს ქვემოთ მოცემულ ზომებს:
  1. მომსახურების შესყიდვასთან, გადახდასთან ან გამოყენებასთან მიმართებით;
  2. მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით მომსახურების წვდომასა და მის გამოყენებასთან მიმართებით, რომლებიც მოითხოვება მხარეების მიერ, რათა შეთავაზებულ იქნეს საზოგადოებისათვის; და
  3. მხარის ფიზიკური პირების, მათ შორის კომერციულ წარმომადგენლობასთან მიმართებით, მეორე მხარის სივრცეში მომსახურების მიწოდების მიზნით;
  1. მომსახურების მონოპოლისტი მიმწოდებელი გულისხმობს ნებისმიერ საჯარო ან კერძო პირს, რომელიც მხარის შესაბამის ბაზარზე ავტორიზებულია ან დაფუძნებულია ფორმალურად ან ფაქტობრივად ამ მხარის მიერ, როგორც ამ მომსახურების ერთადერთი მიმწოდებელი;
  2. მხარის პირის საკუთრებაში ქონა გულისხმობს იურიდული პირის 50 პროცენტზე მეტი სააქციო კაპიტალის ფლობას;
  3. მხარის პირი გულისხმობს, მხარის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;
  4. მომსახურების სექტორი ნიშნავს, სპეციფიკურ ვალდებულებასთან მიმართებით, ამ მომსახურების ერთ ან მეტ ან ყველა ქვესექტორს, როგორც ეს მოცემულია მხარის ცხრილში დანართში 8-1 (სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები), ან სხვაგვარად ამ მომსახურების სექტორი მთლიანად, მისი ყველა ქვე-სექტორით;
  5. საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების გაყიდვა და მარკეტინგი გულისხმობს შესაძლებლობებს შესაბამისი საჰაერო გადამზიდავისთვის თავისუფლად გაყიდოს და მოახდინოს მისი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების მარკეტინგი, რაც მოიცავს მარკეტინგის ყველა ასპექტს, როგორიცაა ბაზრის კვლევა, რეკლამირება და დისტრიბუცია, მაგრამ არ მოიცავს საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების ფასის დადგენას და არც შესაბამის პირობებს;
  6. მომსახურება მოიცავს ნებისმიერ მომსახურებას ნებისმიერ სექტორში, გარდა მომსახურებისა, რომელიც მიწოდებულია სამთავრობო უფლებამოსილების განსახორციელებლად;
  7. მომსახურების მომხმარებელი გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც იღებს ან იყენებს მომსახურებას;
  8. სამთავრობო უფლებამოსილების განხორციელებისათვის მიწოდებული მომსახურება გულისხმობს ნებისმიერ მომსახურებას, რომელიც არ არის მიწოდებული არც კომერციულ საწყისებზე და არცერთ ან მეტ მომსახურების მიმწოდებელთან კონკურენციით;
  9. მხარის მომსახურების მიმწოდებელი გულისხმობს მხარის ნებისმიერ პირს, რომელიც აწვდის მომსახურებას;[2]
  10. მომსახურების მიწოდება მოიცავს მომსახურების წარმოებას, დისტრიბუციას, მარკეტინგს, გაყიდვასა და მიწოდებას;
  11. მომსახურებით ვაჭრობა გულისხმობს მომსახურების მიწოდებას:
  1. ერთი მხარის სივრციდან მეორე მხარის სივრცეში („ტრანსსასაზღვრო მიწოდების რეჟიმი“);
  2. ერთი მხარის სივრცეში მეორე მხარის მომსახურების მომხმარებლისთვის („საზღვარგარეთ მოხმარების რეჟიმი“);
  3. ერთი მხარის მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეორე მხარის სივრცეში კომერციული წარმომადგენლობით („კომერციული წარმომადგენლობის რეჟიმი“); და
  4. ერთი მხარის მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეორე მხარის სივრცეში პირველი მხარის ფიზიკური პირის წარმომადგენლობის საშუალებით („ფიზიკურ პირთა წარმომადგენლობის რეჟიმი“ ან „ფიზიკური პირის გადაადგილების რეჟიმი“);
  1. გადაზიდვის უფლება გულისხმობს განრიგით და დაუგეგმავ სატრანსპორტო მომსახურების უფლებას მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის ოპერირების ან/და გადაზიდვის მიზნით, მხარის სივრციდან, მის სივრცეში, მის ფარგლებში ან ფარგლებს გარეთ ანაზღაურების ან დაქირავების საფუძველზე, რაც მოიცავს გასაწევი მომსახურების ადგილებს, გზებს, რომელთა ოპერირებაც უნდა მოხდეს, გასატარებელი ტარიფის ტიპებს, შესაძლებლობებს, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი, დასაკისრებელ ტარიფებსა და მათ პირობებს, ასევე ავიახაზების დანიშვნის კრიტერიუმებს, მათ შორის, ისეთებს, როგორებიცაა, ნომერი, საკუთრება და კონტროლი.

მუხლი 2

მოქმედების სფერო

  1. წინამდებარე თავი ეხება ზომებს, რომლებიც მიღებული ან შენარჩუნებულია მხარეების მიერ და გავლენას ახდენს მომსახურებით ვაჭრობაზე.
  2. წინამდებარე თავი არ ვრცელდება:
  1. ზომებზე, რომლებიც ეხება საჰაერო მიმოსვლის უფლებებს,  მინიჭების ფორმის მიუხედავად ან ზომებზე, რომლებიც ეხება საჰაერო მიმოსვლის უფლებასთან, საჰაერო მიმოსვლის კონტროლისა და საჰაერო ნავიგაციის მომსახურების გამოყენებასთან პირდაპირ დაკავშირებულ მომსახურებას, გარდა იმ ზომებისა, რომლებიც ეხება შემდეგს:
  1. საჰაერო ხომალდის შეკეთებისა და მოვლის მომსახურებას;
  2. საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების გაყიდვასა და მარკეტინგს;
  3. კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის (“CRS”) მომსახურებას;
  1. სახელმწიფო შესყიდვაზე;
  2. მთავრობის უფლებამოსილების განხორციელებისას მხარის სივრცეში მიწოდებულ მომსახურებაზე;
  3. სუბსიდიებზე, მათ შორის, გრანტებზე, რომლებიც გათვალისწინებულია მხარის ან მისი სახელმწიფო საწარმოების მიერ, მათ შორის, მთავრობის მიერ გაცემულ სესხებზე, გარანტიებსა და დაზღვევაზე, ან ამგვარი სუბსიდიების მიღებაზე ან მიღების გაგრძელებაზე მიბმულ ნებისმიერ პირობებზე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამგვარი სუბსიდიები შეთავაზებული ექსკლუზიურად ეროვნული მომსახურების, მომსახურების მომხმარებლების ან მომსახურების მიმწოდებლებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია მე-8 მუხლით (სუბსიდიები); და   
  4. ზომებზე, რომლებიც ეხება მხარის ფიზიკურ პირებს, რომლებიც ცდილობენ მეორე მხარის სამუშაო ბაზარზე შესვლას ან მოქალაქეობასთან, ცხოვრების უფლებასთან ან დასაქმებასთან დაკავშირებულ ზომებზე.
  1. მხარეები მხედველობაში მიიღებენ მრავალმხრივ მოლაპარაკებებს GATS-ის სატრანსპორტო მომსახურების შესახებ დანართის გადახედვასთან დაკავშირებით. ამ მრავალმხრივი მოლაპარაკებების დასრულებისას, მხარეები განახორციელებენ მიმოხილვას, წინამდებარე შეთანხმებაში შესაბამისი ცვლილებების განხილვის მიზნით, იმგვარად, რომ მოხდეს ამ მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგების გათვალისწინება.

 

ნაწილი II: ზოგადი ვალდებულებები და დისციპლინები

მუხლი 3

სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილის განსაზღვრა

  1. თუ მხარე იღებს ვალდებულებებს ამ ნაწილის შესაბამისად, ეს ვალდებულება აღებული მე-4 (ეროვნული რეჟიმი), მე-5 (ბაზარზე დაშვება) და მე-7 (დამატებითი ვალდებულებები) მუხლების შესაბამისად, ასახული უნდა იყოს ცხრილში (თავის „სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილში“). რაც შეეხება სექტორებს, სადაც ამგვარი ვალდებულებები არის აღებული, მისი სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილი აკონკრეტებს შემდეგს:
  1. ბაზარზე დაშვების წესებს, შეზღუდვებსა და პირობებს;
  2. ეროვნული რეჟიმის შესახებ პირობებსა და კვალიფიკაციებს;
  3. დამატებით ვალდებულებებთან დაკავშირებულ პირობებს; და
  1. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი ვალდებულებების შესრულების ვადებს.
  1. მე-4 მუხლთან (ეროვნული რეჟიმი) და მე-5 მუხლთან (ბაზარზე დაშვება) შეუსაბამო ზომები აღინიშნება მე-5 მუხლთან (ბაზარზე დაშვება) დაკავშირებულ სვეტში. ამ შემთხვევაში, აღნიშვნა ჩაითვლება ასევე მე-4 მუხლის (ეროვნული რეჟიმი) პირობის ან კვალიფიკაციის გათვალისწინებად.
  2. სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები თან ერთვის ამ შეთანხმებას დანართი 8-1-ის (სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები) სახით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 4

ეროვნული რეჟიმი

  1. თუ მხარე ამ ნაწილის შესაბამისად იღებს ვალდებულებებს იმ სექტორებში, რომლებიც აღნიშნულია მისი სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილში დანართში  8-1 (სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები) და ექვემდებარება მასში მოცემულ ნებისმიერ პირობებსა და კვალიფიკაციებს, ამ მხარემ უნდა მიანიჭოს მეორე მხარის მომსახურებას და მომსახურების მიმწოდებლებს, მომსახურების მიწოდებაზე მოქმედ ყველა ზომასთან მიმართებით, არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ის ანიჭებს საკუთარ მსგავს მომსახურებას ან მომსახურების მომწოდებლებს.[3]
  2. მხარე შეიძლება აკმაყოფილებდეს პირველი პუნქტის მოთხოვნებს, მეორე მხარის მომსახურებაზე ან მომსახურების მიმწოდებლებზე ფორმალურად იდენტური რეჟიმის ან ფორმალურად განსხვავებული რეჟიმის გავრცელებით, რასაც ის უწესებს საკუთარ მსგავს მომსახურებას ან მომსახურების მომწოდებლებს.
  3. ფორმალურად იდენტური ან ფორმალურად განსხვავებული რეჟიმი მხარის მიერ ითვლება ნაკლებად ხელსაყრელად, თუ იგი ცვლის კონკურენციის პირობებს ამ მხარის მომსახურების ან მომსახურების მიმწოდებლების სასარგებლოდ მეორე მხარის მსგავს მომსახურებასთან ან მომსახურების მიმწოდებლებთან შედარებით.

მუხლი 5

ბაზარზე დაშვება

  1. მუხლი 1-ის (განმარტებები) (r) პუნქტში მითითებული მიწოდების რეჟიმების საშუალებით ბაზარზე დაშვებასთან მიმართებაში, თითოეულმა მხარემ მეორე მხარის მომსახურებას და მომსახურების მიმწოდებლებს უნდა მიანიჭოს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ეს არის განსაზღვრული ამ შეთანხმების დანართში 8-1 (სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები) არსებული სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილში შეთანხმებული და დაწესებული ვადების, შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად.[4]
  2. იმ სექტორებში, სადაც მხარეები იღებენ ბაზარზე დაშვების ვალდებულებებს,  არც რეგიონული დაყოფის საფუძველზე და არც მათ მთელს სივრცეში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართი 8-1-ის (სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები) სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილებში, მხარეებმა არ უნდა განაგრძონ ან წამოიწყონ შემდეგი ზომების გატარება:
  1. შეზღუდვები მომსახურების მიმწოდებლების რაოდენობაზე, რაოდენობრივი კვოტების, მონოპოლიების, მომსახურების ექსკლუზიური მიმწოდებლების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნების ფორმით;
  2. შეზღუდვები მომსახურებასთან დაკავშირებული გარიგებების ან აქტივების მთლიან ღირებულებაზე, რაოდენობრივი კვოტების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით;
  3. შეზღუდვები მომსახურების ოპერაციების მთლიან რაოდენობაზე ან მომსახურების შედეგების მთლიან მოცულობაზე, გამოსახული დადგენილ რაოდენობრივ ერთეულებში კვოტების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით[5];
  4. შეზღუდვები ფიზიკური პირების მთლიან რაოდენობაზე, რომლებიც შეიძლება იყვნენ დასაქმებული კონკრეტული მომსახურების სექტორში, ან რომლებიც მომსახურების მიმწოდებელმა შეიძლება დაასაქმოს და ვინც აუცილებელნი და პირდაპირ დაკავშირებულნი არიან კონკრეტული მომსახურების მიწოდებასთან, გამოსახული რაოდენობრივი კვოტებში ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით;
  5. ზომები, რომლებიც ზღუდავს ან მოითხოვს კონკრეტული სახის იურიდიულ პირებს ან პარტნიორობებს, რომელთა მეშვეობითაც მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია მომსახურების მიწოდება; და
  6. შეზღუდვები უცხოური კაპიტალის მონაწილეობაზე, უცხოური აქციების ან ინდივიდუალური, ან აგრეგირებული უცხოური ინვესტიციების საერთო ღირებულების მაქსიმალური პროცენტული ლიმიტის სახით.

მუხლი 6

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი

  1. GATS-ის VII მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების შეუზღუდავად, თითოეული მხარე მეორე მხარის მომსახურებასა და მომსახურების მიმწოდებლებზე დაუყოვნებლივ და უპირობოდ ავრცელებს, ყველა ზომასთან მიმართებაში, რომელიც ვრცელდება მომსახურების მიწოდებაზე, არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე ნებისმიერი არაწევრი მხარის მსგავს მომსახურებაზე და მომსახურების მიმწოდებლებზე.
  2. რეჟიმი, რომელსაც აწესებს სხვა არსებული ან მომავალი შეთანხმებები, რომლებსაც დებს მხარე და აცნობებს GATS-ის V მულის ან V bis მულის შესაბამისად, არ წარმოადგენს პირველი პუნქტის საგანს.
  3. თუ მხარე დებს ან შეაქვს ცვლილებები ისეთი სახის შეთანხმებაში, რომელიც მითითებულია მეორე პუნქტში, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში იგი შეეცდება გაავრცელოს მასზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობები, რომელიც გათვალისწინებულია იმ შეთანხმებით. მხარემ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მეორე მხარისათვის ადეკვატური შესაძლებლობა, რათა მოილაპარაკონ იმ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმის მოცემულ შეთანხმებაში გათვალისწინების თაობაზე.
  4. ამ თავის დებულებები არ უნდა განიმარტოს ისე, რომ მხარეებს შეეზღუდოთ მეზობელი ქვეყნებისთვის უპირატესობის მინიჭება, სასაზღვრო ზონის ფარგლებში ადგილობრივი წარმოებისა და მოხმარების მომსახურების გაცვლის გამარტივების მიზნით.

მუხლი 7

დამატებითი ვალდებულებები

მხარემ შეიძლება ასევე მოილაპარაკოს მომსახურებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, რომელიც არ ექვემდებარება მე-4 მუხლით (ეროვნული რეჟიმი) და მე-5 მუხლით (ბაზარზე დაშვება) გათვალისწინებული ვალდებულებების ცხრილში გაწერას, მათ შორის, კვალიფიკაციების, სტანდარტების ან ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით. ამგვარი ვალდებულებები განსაზღვრული უნდა იქნეს მხარის სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილში დანართში 8-1 (სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები).

 

ნაწილი III: სხვა დებულებები

მუხლი 8

ადგილობრივი რეგულაციები

  1. იმ სექტორებში, სადაც ნაკისრია სპეციფიკური ვალდებულებები, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ზოგადი გამოყენების ყველა ზომა, რომელიც ეხება მომსახურებით ვაჭრობას, მიიღება დასაბუთებულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად. თითოეული მხარე ასევე უზრუნველყოფს, რომ სალიცენზიო მოთხოვნებთან და პროცედურებთან, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და პროცედურებთან და ტექნიკურ სტანდარტებთან დაკავშირებული ზომები  არ არის ჩამოყალიბებული, დანერგილი, განხორციელებული, ადმინისტრირებული ან გამოყენებული მომსახურებით ვაჭრობისათვის არასაჭირო ბარიერების შექმნის მიზნით.
  2. (a) თითოეულმა მხარემ უნდა გამოიყენოს ან შექმნას სასამართლო, საარბიტრაჟო ან ადმინისტრაციული ორგანოები ან პროცედურები, რომლებიც დაზარალებული მომსახურების მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე, განახორციელებენ მომსახურებით ვაჭრობაზე გავლენის მქონე ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ განხილვას და იქ, სადაც გამართლებულია, გაითვალისწინებენ მათი გამოსწორებისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი პროცედურები დამოუკიდებელი არ არის იმ უფლებამოსილი ორგანოსაგან, რომელიც იღებს ასეთ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს, მხარე უზრუნველყოფს, რომ ეს პროცედურები, პრაქტიკულად, ითვალისწინებდეს ობიექტურ და მიუკერძოებელ განხილვას.

(b) (a) ქვეპუნქტის დებულება არ უნდა განიმარტოს ისე, რომ მოითხოვოს მხარისგან ისეთი ორგანოების ან პროცედურების შექმნა, რომლებიც შეუსაბამო იქნება მის კონსტიტუციურ მოწყობასთან ან სამართლებრივ სისტემასთან.

  1. თუ იმ მომსახურების მიწოდებისთვის, რომელზეც ამ შეთანხმების შესაბამისად სპეციფიკური ვალდებულება იქნა აღებული, მოითხოვება ავტორიზაცია, თითოეული მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი:
  1. არასრული განაცხადის შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, განსაზღვრონ ყველა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა განაცხადის შესავსებად და უზრუნველყონ ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობა გონივრულ ვადებში;
  2. გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც მისი შიდა კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად განაცხადი ჩაითვლება მიღებულად, განმცხადებელს ეცნობოს გადაწყვეტილება შესაბამისი ავტორიზაციის გაცემასთან დაკავშირებით;
  3. განმცხადებლის მოთხოვნით, გაუმართლებელი დაგვიანების გარეშე, მიაწოდონ ინფორმაცია განაცხადის სტატუსის შესახებ; და
  4. თუ განაცხადი შეჩერებული ან უარყოფილია, რაც შეიძლება დეტალურად მიაწოდონ განმცხადებელს ინფორმაცია წერილობით ფორმით და დაგვიანების გარეშე, ამგვარი მოქმედების მიზეზების შესახებ. განმცხადებელს ექნება შესაძლებლობა მისი დისკრეციის ფარგლებში ხელახლა შეიტანოს განაცხადი.
  1. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და პროცედურებთან, ტექნიკურ სტანდარტებთან და სალიცენზიო მოთხოვნებთან დაკავშირებული ზომები არ ქმნიან მომსახურებით ვაჭრობის არასაჭირო დაბრკოლებებს, მხარეები ერთობლივად განიხილავენ  GATS-ის VI მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ამ ზომების დაწესების შესახებ მოლაპარაკებების შედეგებს, მათი ამ შეთანხმებაში შეტანის მიზნით. მხარეები ითვალისწინებენ, რომ ამგვარი დისციპლინები მიზნად ისახავს უზრუნველყონ, რომ ეს მოთხოვნები, მათ შორის:
  1. ეფუძნება ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის კრიტერიუმებს, როგორიცაა მომსახურების მიწოდების კომპეტენცია და უნარი;
  2. არ არის იმაზე მეტად დამამძიმებელი, ვიდრე აუცილებელია მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად; და
  3. სალიცენზიო პროცედურების შემთხვევაში, ეს პროცედურები თავად არ წარმოადგენს შეზღუდვებს მომსახურების მიწოდებაზე.
  1. (a) სექტორებში, რომლებშიც მხარეს ნაკისრი აქვს სპეციფიკური ვალდებულებები, მე-4 პუნქტში მითითებული დისციპლინების შეთანხმებაში გათვალისწინების მიმდინარეობისას, მხარემ არ უნდა გამოიყენოს სალიცენზიო და საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ტექნიკური სტანდარტები, რომლებიც აუქმებენ ან აუარესებენ ამ შეთანხმების ვალდებულებებს ისეთი გზით, რომელიც:
  1. არ არის 4(a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მოცემულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში;  და
  2. არ შეიძლება ყოფილიყო გონივრული მოლოდინი მხარისაგან იმ დროს, როდესაც სპეციფიკური ვალდებულებები იმ სექტორებში იქნა აღებული.

(b) იმის დადგენისას, არის თუ არა მხარე მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში, აუცილებელია ამ მხარის მიერ გამოყენებადი შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტების მხედველობაში მიღება.[6]    

  1. სექტორებში, სადაც ნაკისრია პროფესიულ მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, თითოეული მხარე უზრუნველყოფს ადეკვატურ პროცედურებს მეორე მხარის პროფესიონალთა კომპეტენციის დასადგენად.
  2. მხარე თავის კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, აძლევს ნებას მეორე მხარის მომსახურების მიმწოდებლებს, გამოიყენონ საწარმოს სახელი, რომლითაც ვაჭრობენ მეორე მხარის სივრცეში.
  3. სადაც მხარე ინარჩუნებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და პროცედურებთან, ტექნიკურ სტანდარტებთან და სალიცენზიო მოთხოვნებთან დაკავშირებულ ზომებს, მხარემ საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს:
  1. ინფორმაცია ლიცენზიის ან პროფესიული კვალიფიკაციის მიღებასთან, განახლებასთან ან შენარჩუნებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და პროცედურებზე; და
  1. ინფორმაცია ტექნიკური სტანდარტების შესახებ.

9. არასამთავრობო ორგანოებთან მიმართებით, რომლებიც არ ახორციელებენ სამთავრობო უფლებამოსილებას ან არ ახორციელებენ სავალდებულო შიდა რეგულაციებს, თითოეული მხარე წაახალისებს მათ შეასრულონ წინამდებარე მუხლის დებულებები.

მუხლი 9

აღიარება

  1. მომსახურების მომწოდებელთა ავტორიზაციისთვის, ლიცენზირებისთვის ან სერტიფიცირებისთვის სტანდარტებისა და კრიტერიუმების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების მიზნით, აგრეთვე მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მხარემ შეიძლება აღიაროს ან წაახალისოს თავისი შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები, აღიარონ მეორე მხარის სივრცეში მიღებული განათლება ან გამოცდილება, შესრულებული მოთხოვნები, გაცემული ლიცენზიები ან სერტიფიკატები. ამგვარი აღიარება, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნეს ჰარმონიზაციით ან სხვაგვარად, შეიძლება ეფუძნებოდეს მხარეთა ან მათ კომპეტენტურ ორგანოთა შორის შესაბამის ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, ან შეიძლება მინიჭებულ იქნეს დამოუკიდებლად.
  2. თუ მხარე დამოუკიდებლად ან ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე, აღიარებს არაწევრი სახელმწიფოს სივრცეში მიღებულ განათლებას ან გამოცდილებას, შესრულებულ მოთხოვნებს, ლიცენზიებს ან სერტიფიკატებს, არაფერი მე-6 მუხლში (უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი) არ უნდა განიმარტოს ისე, რომ მხარეს მოეთხოვოს გაავრცელოს ეს აღიარება მეორე მხარის სივრცეში მიღებულ განათლებაზე ან გამოცდილებაზე, შესრულებულ მოთხოვნებზე, გაცემულ ლიცენზიებზე ან სერტიფიკატებზე.
  3. მხარემ, რომელიც არის მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ან შეთანხმების მხარე, მიუხედავად იმისა, არსებულია ეს შეთანხმება თუ მომავალი, უნდა მისცეს ადეკვატური შესაძლებლობა მეორე მხარეს, მოთხოვნის საფუძველზე, აწარმოოს მოლაპარაკებები ამგვარ ხელშეკრულებასთან ან შეთანხმებასთან მიერთების მიზნით, ან მოილაპარაკოს ანალოგიური საკითხები მასთან. თუ მხარე დამოუკიდებლად ახორციელებს აღიარებას, მან უნდა მისცეს ადეკვატური შესაძლებლობა მეორე მხარეს, რათა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ მეორე მხარის სივრცეში მიღებული განათლება ან გამოცდილება, შესრულებული მოთხოვნები, ლიცენზიები ან სერტიფიკატები ასევე აღიარებულ იქნეს.
  4. მხარემ არ უნდა მოახდინოს იმგვარი აღიარება, რომელიც შექმნის მეორე მხარესა და არაწევრ მხარეთა შორის დისკრიმინაციის საშუალებებს მომსახურების მიმწოდებელთან ავტორიზაციის, ლიცენზირების ან სერტიფიკაციის სტანდარტებისა და კრიტერიუმების გამოყენებაში, ან შენიღბულ შეზღუდვებს მომსახურებით ვაჭრობაზე.

მუხლი 10

კვალიფიკაციების აღიარების შესახებ თანამშრომლობა

  1. მხარეები თანხმდებიან, სადაც შესაძლებელია წაახალისონ შესაბამისი ორგანოები მათ სივრცეში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროფესიული და პროფესიულ-ტექნიკური კვალიფიკაციის გაცემასა და აღიარებაზე, რათა გააძლიერონ თანამშრომლობა და გამოიკვლიონ შესაძლებლობები შესაბამისი პროფესიული და პროფესიულ-ტექნიკური კვალიფიკაციების ორმხრივი აღიარებისთვის.
  2. მხარეებმა, საჭიროების შესაბამისად, შეიძლება განიხილონ შესაბამისი ორმხრივი, პლურილატერალური და მრავალმხრივი შეთანხმებები, რომლებიც დაკავშირებულია პროფესიულ და პროფესიულ-ტექნიკურ მომსახურებასთან.

მუხლი 11

ანგარიშსწორება და გადარიცხვები

  1. გარდა მე-17 თავის (ზოგადი დებულებები და გამონაკლისები) მე-6 მუხლში (საგადასახდელო ბალანსის დაცვის ზომები) გათვალისწინებული გარემოებებისა, მხარემ არ უნდა გამოიყენოს შეზღუდვები საერთაშორისო გადარიცხვებსა და ანგარიშსწორებაზე მიმდინარე ტრანზაქციებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მის სპეციფიკურ ვალდებულებებთან.
  2. არაფერმა ამ თავში გავლენა არ უნდა იქონიოს მხარეთა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრთა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების მუხლებით განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებზე, მათ შორის, ვალუტის გაცვლითი მოქმედებების გამოყენება, რომელიც შესაბამისობაშია შეთანხმების მუხლებთან, თუ მხარე არ აწესებს შეზღუდვებს ნებისმიერი სახის კაპიტალის ტრანზაქციებზე ამგვარ ტრანზაქციებთან დაკავშირებით მისი კონკრეტული ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, გარდა მე-17 თავის (ზოგადი დებულებები და გამონაკლისები) მე-6 მუხლის (საგადასახდელო ბალანსის დაცვის ზომები) შესაბამისად, ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნის საფუძველზე.

მუხლი 12

უარი სარგებელზე

წინასწარი შეტყობინებისა და კონსულტაციების საფუძველზე, მხარემ შეიძლება უარი განუცხადოს მეორე მხარის მომსახურების მიმწოდებელს ამ თავში გათვალისწინებულ სარგებლის მინიჭებაზე, თუ მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირი:

  1. არის არაწევრი ან უარის მთქმელი მხარის პირების მფლობელობაში ან კონტროლდება მათ მიერ; და
  2. არ აქვს არსებითი ბიზნესოპერაციები მეორე მხარის სივრცეში.

მუხლი 13

გამჭვირვალობა

  1. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს:
  1. მარეგულირებელი გადაწყვეტილებების, მათ შორის, ამგვარი გადაწყვეტილებების საფუძვლების  დაუყოვნებლივ გამოქვეყნება ან ყველა დაინტერესებული პირისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა; და
  2. საჯარო ქსელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული მისი ზომების, მათ შორის, ნებართვებისათვის დაწესებული მოთხოვნების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
  1. როდესაც მოითხოვება ლიცენზია, თითოეული მხარე უზრუნველყოფს საჯარო ქსელების ან მომსახურების მიმწოდებლების ლიცენზირებასთან დაკავშირებული ყველა ზომის საჯაროდ ხელმისაწვდომობას, რომელიც მოიცავს:
  1. გარემოებებს, რომლის ფარგლებშიც მოითხოვება ლიცენზია;
  2. ყველა ხელმისაწვდომ სალიცენზიო პროცედურას;
  3. დროის მონაკვეთს, რომელიც, როგორც წესი, საჭიროა სალიცენზიო განაცხადზე გადაწყვეტილების მისაღებად;
  4. განაცხადის შეტანის ან ლიცენზიის მიღების ღირებულებას ან მოსაკრებელს; და
  5. ლიცენზიის მოქმედების ვადას.
  1. თითოეული მხარე საკუთარი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად უზრუნველყოფს, რომ მოთხოვნის საფუძველზე განმცხადებელმა მიიღოს ინფორმაცია ლიცენზიასთან დაკავშირებით უარის თქმის, გაუქმების, განახლებაზე უარის ან სალიცენზიო პირობების დამატების ან შეცვლის მიზეზების თაობაზე. თითოეული მხარე შეძლებისდაგვარად უნდა შეეცადოს მიაწოდოს ამგვარი ინფორმაცია წერილობითი ფორმით.

მუხლი 14

სუბსიდიები

  1. მხარეს, რომელსაც მიაჩნია, რომ მეორე მხარის სუბსიდია ზიანს აყენებს მას, შეუძლია მოითხოვოს ad hoc კონსულტაციები ამ მხარესთან ამგვარ საკითხებზე. მხარე, რომელსაც მოსთხოვეს კონსულტაციები, უნდა დათანხმდეს კონსულტაციებზე.

2.         მხარეები განიხილავენ GATS-ის  XV მუხლის შესაბამისად შეთანხმებულ ნებისმიერ დისციპლინას,  მათი ამ თავში ასახვის მიზნით.

მუხლი 15

მონოპოლიები და მომსახურების ექსკლუზიური მიმწოდებლები

  1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მის სივრცეში მონოპოლისტი  მომსახურების მიმწოდებლები, შესაბამის ბაზარზე მონოპოლიური მომსახურების მიწოდებისას, არ მოქმედებდნენ მე-6 მუხლის (უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი) და დანართში 8-1 (სპეციფიკური ვალდებულების ცხრილები) გათვალისწინებული მხარის ვალდებულებების შეუსაბამოდ.
  2. თუ მხარის მონოპოლისტი მიმწოდებელი, პირდაპირ ან აფილირებული კომპანიის მეშვეობით, კონკურენციაში შედის მისი მონოპოლიზირებული უფლების ფარგლებს მიღმა მომსახურების მიწოდებაში და რომელიც წარმოადგენს მხარის სპეციფიკური ვალდებულების საგანს დანართი 8-1-ში (სპეციფიკური ვალდებულების ცხრილები)  განსაზღვრული ცხრილის შესაბამისად, მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ამგვარი მომწოდებელი ბოროტად არ გამოიყენებს მის მონოპოლიურ მდგომარეობას, რომ იმოქმედოს მის სივრცეში ამგვარი ვალდებულებების შეუსაბამოდ.
  3. თუ მხარეს აქვს საფუძველი მიაჩნდეს, რომ მეორე მხარის მონოპოლისტი მომსახურების მიმწოდებელი მოქმედებს პირველ ან მეორე პუნქტთან შეუსაბამოდ, ამ მხარემ შეიძლება მოსთხოვოს მეორე მხარეს, რომელიც აფუძნებს ან უფლებამოსილებას ანიჭებს ამ მიმწოდებელს, წარმოადგინოს კონკრეტული ინფორმაცია შესაბამისი ოპერაციების შესახებ.
  4. თუ ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ, მხარე გასცემს მონოპოლიის უფლებას იმ მომსახურების მიწოდებაზე, რომელზეც ვრცელდება დანართში 8-1 (სპეციფიკური ვალდებულების ცხრილები) მოცემული ცხრილით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები, შესაბამისი მხარე აცნობებს მეორე მხარეს  გათვალისწინებული მონოპოლიის უფლების გაცემამდე სულ მცირე სამი თვით ადრე, მე-17 მუხლის (ცხრილების ცვლილება) 1(b) და ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის გათვალისწინებით.
  5. წინამდებარე მუხლი ასევე ვრცელდება ექსკლუზიური მომსახურების მიმწოდებლებზე, თუ მხარე ფორმალურად ან ფაქტობრივად:
  1. ანიჭებს უფლებამოსილებას ან ქმნის მომსახურების მიმწოდებლების მცირე რაოდენობას; და
  2. არსებითად ხელს უშლის ამ მიმწოდებლებს შორის კონკურენციას მის სივრცეში.

მუხლი 16

სხვა დებულებები

  1. GATS-ის დანართი მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური პირების გადაადგილებაზე, დანართი ფინანსურ მომსახურებაზე და ტელეკომუნიკაციების შესახებ დანართი ინკორპორირებულია ამ თავში და წარმოადგენს მის ნაწილს, mutatis mutandis.
  2. ეს თავი მოიცავს დანართებს, თავისი შინაარსით, რომლებიც წარმოადგენენ ამ თავის განუყოფელ და ამ თავის შესაბამისად შეთანხმებულ ყველა მომავალ იურიდიულ ინსტრუმენტს.
  3. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეს თავი ან მის შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არ ახდენს გავლენას ან არ აბათილებს მხარის უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელიც მას გააჩნია არსებული შეთანხმებებით, რომელთა მხარესაც ის წარმოადგენს.

მუხლი 17

ცხრილების ცვლილება

  1. ერთ-ერთ მხარეს (ამ მუხლში მითითებულია, როგორც „შემცვლელი მხარე“) შეუძლია შეცვალოს ან ამოიღოს ნებისმიერი ვალდებულება მისი ცხრილიდან დანართში 8-1 (სპეციფიკური ვალდებულების ცხრილები), ნებისმიერ დროს, ვალდებულების ძალაში შესვლიდან 3 წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ: 
  1. იგი აცნობებს მეორე მხარეს (ამ მუხლში მითითებულია, როგორც „ზემოქმედების ქვეშ მხარე“) მისი განზრახვის შესახებ, რომ შეცვალოს ან გააუქმოს ვალდებულება, სულ მცირე სამი თვით ადრე ამგვარი ცვლილების ან გაუქმების განხორციელებისთვის განსაზღვრულ დღემდე; და
  2. მოდიფიკაციის შესახებ მხარის მიერ შეტყობინებისას, მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები და შეეცადონ შეთანხმების მიღწევას შესაფერის საკომპენსაციო ზომებზე.
  1. საკომპენსაციო ზომების მიღწევისას, მხარეები ისწრაფვიან შეინარჩუნონ ორმხრივად სასარგებლო ვალდებულებების ის დონე, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია ვაჭრობისთვის, ვიდრე ამ მოლაპარაკებამდე იყო განსაზღვრული ცხრილებით.
  2. თუ შემცვლელ და ზემოქმედების ქვეშ მხარეს შორის სამი თვის განმავლობაში, 1(b) პუნქტის შესაბამისად ვერ მოხდა შეთანხმების მიღწევა, ზემოქმედების ქვეშ მხარეს შეუძლია ამ საკითხზე, მე-16 თავში (დავების გადაწყვეტა) განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს, ან თუ შეთანხმებულია მხარეთა შორის, მიმართოს ალტერნატიულ საარბიტრაჟო პროცედურას.
  3. შემცვლელ მხარეს არ შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს მისი ვალდებულება, სანამ არ განსაზღვრავს საკომპენსაციო ზომებს მე-3 პუნქტის მიხედვით საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
  4. თუ შემცვლელი მხარე განახორციელებს მის მიერ შეთავაზებულ ცვლილებას ან გაუქმებას და არ იქნება შესაბამისობაში საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, ზემოქმედების ქვეშ მხარეს შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს არსებითად ეკვივალენტური სარგებელი სააარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

მუხლი 18

საკონტაქტო პირები

თითოეული მხარე წარადგენს ერთ ან მეტ საკონტაქტო პირს, რათა გაადვილდეს მხარეთა შორის კომუნიკაცია ამ თავში განსაზღვრულ ნებისმიერ საკითხზე და ასევე მეორე მხარეს წარუდგენს ამ საკონტაქტო პირის დეტალებს. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ერთმანეთს თავიანთ საკონტაქტო პირების შესახებ დეტალებში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე.

მუხლი 19

გადახედვა

  1. მხარეებმა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან სამი წლის განმავლობაში და ყოველ მომდევნო ხუთ წელიწადში ან სხვაგვარი შეთანხმებით, უნდა გამართონ კონსულტაციები,  ამ თავის განხორციელების საკითხის და ასევე მომსახურებით ვაჭრობის შესახებ ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხების განსახილველად, მომსახურებით ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით ორმხრივად ხელსაყრელ საფუძვლებზე.
  2. თუ მხარე ცალმხრივად ახდენს იმ ზომების ლიბერალიზაციას, რომლებიც ეხება მეორე მხარის მომსახურების მიმწოდებლის ან მიმწოდებლების ბაზარზე დაშვების საკითხს, მეორე მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები ამ ზომების განხილვის მიზნით. ამ კონსულტაციების შესაბამისად, თუ მხარეები შეთანხმდებიან ამგვარი ლიბერალიზებული ზომების, როგორც ახალი ვალდებულების წინამდებარე შეთანხმებაში გათვალისწინებაზე, დანართ 8-1 (სპეციფიკური ვალდებულების ცხრილები) გათვალისწინებულ ცხრილში შევა შესაბამისი ცვლილება.

 

თავი 8-ის (მომსახურებით ვაჭრობა) დანართების ჩამონათვალი

დანართი 8-1

სპეციფიკური ვალდებულების ცხრილები

დანართი 8-2

საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტი

 

თავი 9

ელექტრონული კომერცია

მუხლი 1

ზოგადი დებულება

მხარეები აღიარებენ ელექტრონული კომერციის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ ზრდასა და შესაძლებლობას, მისი გამოყენებისა და განვითარების წახალისების მნიშვნელობას და WTO შეთანხმების გამოყენებას იმ ზომებთან მიმართებაში, რომლებიც გავლენას ახდნენ ელექტრონულ კომერციაზე.

მუხლი 2

თანამშრომლობა ელექტრონული კომერციის სფეროში

  1. მხარეები თანხმდებიან, რომ ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას და გამოცდილებას ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ასევე მოიცავს კანონებსა და მარეგულირებელ აქტებს, წესებსა და სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას.
  2. ელექტრონული კომერციის განვითარების მიზნით მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას კვლევით და სასწავლო საქმიანობის სფეროში.
  3. მხარეები წაახალისებენ ბიზნეს გაცვლებს,  თანამშრომლობის  ღონისძიებებსა და ელექტრონული კომერციის ერთობლივ პროექტებს.
  4. ელექტრონული კომერციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მხარეები თანამშრომლობის გზით აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
  5. ამ მუხლით განსაზღვრული თანამშრომლობა უნდა წარიმართოს მხარეების შესაბამისი კანონმდებლობის, მარეგულირებელი აქტებისა და კომპეტენციის შესაბამისად.

 

თავი 10

დაფუძნება

მუხლი 1

ტერმინთა განმარტებები

წინამდებარე თავის მიზნებისათვის:

  1. კომერციული წარმომადგენლობა ნიშნავს ნებისმიერი სახის კომერციულ საწარმოს, რომელიც იქმნება:
    1. იურიდიული პირის დაარსების, შესყიდვის ან შენარჩუნების გზით; ან
    2. ფილიალის ან წარმომადგენლობის დაარსების ან შენარჩუნების გზით,

მეორე მხარის სივრცეში ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად.

  1.  იურიდიული პირი ნიშნავს კომერციული ან სხვა მიზნით შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით სათანადოდ შექმნილ ან სხვაგვარად ორგანიზებულ, კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ნებისმიერ იურიდიულ პირს, ნებისმიერი კორპორაციის, ტრასტის, ამხანაგობის, ერთობლივი საწარმოს, ინდივიდუალური საწარმოს ან ასოციაციის ჩათვლით;
  2. მეორე მხარის იურიდიული პირი ნიშნავს იურიდიულ პირს, რომელიც დაარსებული ან სხვაგვარად ორგანიზებულია ამ მხარის კანონმდებლობის მიხედვით და რომელიმე  მხარეში ეწევა არსებით სამეწარმეო საქმიანობას.

მუხლი 2

რეგულირების სფერო და დაფარვის არეალი[7]

  1. ეს თავი ეხება კომერციულ წარმომადგენლობებს ყველა სექტორში, გარდა ამ ხელშეკრულების მე-8 თავით (მომსახურებით ვაჭრობა) განსაზღვრული მომსახურების სექტორებისა.[8]
  2. ეს თავი გავლენას არ ახდენს ინვესტიციებთან დაკავშირებული იმ სხვა საერთაშორისო შეთანხმებების განმარტებებსა თუ მოქმედებაზე, რომლის მხარეებსაც ჰონგ კონგი, ჩინეთი და საქართველო წარმოადგენენ[9]. მეტი სიცხადისთვის, კონფლიქტის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ორმხრივ შეთანხმებას ინვესტიციების წახალისებასა და დაცვაზე, რომლის მხარეებიც იქნებიან მხარეები.

               მუხლი 3

ეროვნული რეჟიმი

მუხლი 4-ის (დათქმები) და 10-1 დანართით (დათქმების ცხრილები) განსაზღვრული დათქმების შესაბამისად, თითოეული მხარე მეორე მხარის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, ასევე ამგვარი პირების კომერციულ წარმომადგენლობებს, უწესებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს სიტუაციებში იგი საკუთარ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს და ამგვარი პირების კომერციულ წარმომადგენლობებს უწესებს.

მუხლი 4

დათქმები

  1. მუხლი 3 (ეროვნული რეჟიმი) არ ეხება:
    1. მხარის მიერ 10-1 დანართის (დათქმების ცხრილები) ჩამონათვალში განსაზღვრულ ნებისმიერ დათქმას;
    2. (a) ქვეპუნქტში მითითებულ დათქმაში შესულ ცვლილებას, იმ პირობით, რომ ცვლილება არ ამცირებს მე-3 მუხლთან (ეროვნული რეჟიმი) აღნიშნული დათქმის შესაბამისობას; და
    3. მხარის მიერ მიღებულ ნებისმიერ ახალ დათქმას, რომელიც შესულია 10-1 დანართში (დათქმების ცხრილები) და  გავლენას არ ახდენს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ამ მხარისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო დონეზე;

იმ პირობით, რომ ამგვარი დათქმები წინააღმდეგობაშია მე-3 მუხლთან (ეროვნული რეჟიმი).

  1. მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ან ცალმხრივად, მთლიანად ან ნაწილობრივ, გააუქმოს 10-1 დანართით (დათქმების ცხრილები) განსაზღვრული დათქმები, მეორე მხარისთვის  წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.
  2. მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია ახალი დათქმის დამატება 10-1  დანართში (დათქმების ცხრილები) ამ მუხლის პირველი პუნქტის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად, რის შესახებაც წერილობით ატყობინებს მეორე მხარეს. ამგვარი შეტყობინების მიღებისას, მეორე მხარემ შეიძლება დათქმასთან დაკავშირებით მოითხოვოს კონსულტაციის გამართვა. კონსულტაციის გამართვის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, მხარე, რომელიც ამატებს ახალ დათქმას, კონსულტაციებს იწყებს კონსულტაციის მომთხოვნ მხარესთან.

მუხლი 5

ძირითადი პერსონალი

  1. თითოეული მხარე შეეცდება, საკუთარი კანონებისა და მარეგულირებელი აქტების შესაბამისად, მეორე მხარის ფიზიკურ პირებს, რომელთაც დააფუძნეს ან გეგმავენ დააფუძნონ კომერციული წარმომადგენლობა აღნიშნული მხარის სივრცეში, და მეორე მხარის ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ დაქირავებულ ძირითად პერსონალს მისცეს საკუთარ სივრცეში დროებით შესვლისა და დარჩენის უფლება, რათა მათ განახორციელონ კომერციულ წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საქმიანობა.
  2. თითოეული მხარე შეეცდება, საკუთარი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქების შესაბამისად, ნება დართოს მეორე მხარის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს და მათ კომერციულ წარმომადგენლობას, ამ წარმომადგენლობის საქმიანობასთან დაკავშირებით, აიყვანონ ნებისმიერი ძირითადი პერსონალი ფიზიკური ან იურიდიული პირის სურვილისამებრ, მიუხედავად ეროვნების და მოქალაქეობისა, იმ პირობით, რომ ასეთ ძირითად პერსონალს მიღებული აქვს ნებართვა შევიდეს, დარჩეს და იმუშაოს შესაბამისი ქვეყნის სივრცეში და რომ მისი დასაქმება შეესაბამება ამგვარი ძირითადი პერსონალისთვის გაცემული ნებართვის პირობებსა და ვადებს.

მუხლი 6

რეგულირების უფლება

  1. არაფერი ამ თავში არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ აუკრძალოს მხარეს მიიღოს, შეინარჩუნოს ან აღასრულოს ნებისმიერი ზომა, რომელიც შესაბამისობაშია ამ თავთან,  და რომელიც განეკუთვნება საზოგადოებრივი ინტერესების საგანს, როგორიცაა ზომები ჯანმრთელობის, უსაფრთხოების ან გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად, ან სათანადო ზომები კეთილგონივრული მიზნებისთვის.
  2. მხარემ არ უნდა თქვას უარი ან სხვაგვარად აარიდოს თავი, ან არ უნდა შესთავაზოს სხვას უარის თქმა ან გადახვევა პირველ პუნქტში განსაზღვრული ზომებიდან, მეორე მხარის იურიდიული ან ფიზიკური პირების კომერციული წარმომადგებლობების საკუთარ სივრცეში დაფუძნების, შესყიდვის, გაფართოების ან შენარჩუნების წახალისებაზე.

მუხლი 7

გამჭვირვალობა

  1. თითოეული მხარე დაუყონებლივ აქვეყნებს, ასაჯაროებს ან მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე მიაწვდის მას თავის კანონებს, რეგულაციებს, პროცედურებს და სასამართლო გადაწყვეტილებებს და საერთო გამოყენების ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ, ამ მხარის სივრცეში მეორე მხარის იურიდიული და ფიზიკური პირების კომერციულ წარმომადგენლობებზე .
  2. ეს შეთანხმება არ აიძულებს მხარეს გაამჟღავნოს ან ხელმისაწვდომი გახადოს კონფიდენციალური ან კერძო ინფორმაცია, მათ შორის იურიდიული თუ ფიზიკური პირების კომერციული წარმომადგენლობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მისი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას ან რომლის გამჟღავნებაც ხელს შეუშლის კანონის აღსრულებას ან სხვაგვარად წინააღმდეგობაში მოვა კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის შესახებ მის კანონმდებლობასთან ან ან რომელიც ზიანს მიაყენებს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის ლეგიტიმურ კომერციულ ინტერესებს.

მუხლი 8

გადახდები და გადარიცხვები

  1. გარდა მე-17 თავის (ზოგადი დებულებები და გამონაკლისები) მე-6 მუხლით (საგადამხდელო ბალანსის უზრუნველყოფის ზომები) გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარე არ იყენებს შეზღუდვებს მიმდინარე გადახდებისა და კაპიტალის მოძრაობის მიმართ, რომელიც უკავშირდება კომერციული წარმომადგენლობის ფარგლებში სექტორებში საქმიანობას გარდა მომსახურების სექტორისა.
  2. ეს თავი  არ ახდენს გავლენას საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეთანხმების მუხლებით მხარეებისთვის განსაზღრვულ უფლებებსა და ვალდებულებებზე, მათ შორის, IMF შეთანხმების მუხლების შესაბამისად სავალუტო კურსთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენებაზე, იმ პირობით, რომ მხარე არ დააწესებს ისეთ შეზღუდვებს კაპიტალთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ამ თავით მისთვის განსაზღვრულ ვალდებულებებს, გარდა მე-17 თავის (ზოგადი დებულებები და გამონაკლისები) მე-6 მუხლით (საგადამხდელო ბალანსის უზრუნველყოფის ზომები) გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან IMF-ის მოთხოვნის საფუძველზე.

მუხლი 9

გადასინჯვა

ეს თავი ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში, მხარეთა ვალდებულებების შემდგომი განვითარების კუთხით.

 

თავი 10-ის (დაფუძნება) დანართების ჩამონათვალი

დანართი 10-1

დათქმების ცხრილები

 

თავი 11

ინტელექტუალური საკუთრება

მუხლი 1

განმარტებები

წინამდებარე თავის მიზნებისთვის, თუ საპირისპირო განზრახვა არ წარმოიშვა:

  1. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები გულისხმობს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, სასაქონლო ნიშნებთან, გეოგრაფიულ აღნიშვნებთან, დიზაინთან, პატენტებთან და ინტეგრალური მიკროსქემების  ტოპოლოგიასთან დაკავშირებულ უფლებებს, მცენარეთა ჯიშებიდან გამომდინარე უფლებებს, დახურულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ უფლებებს, როგორც ეს განსაზღვრული და აღწერილია „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS)“ შეთანხმებაში;
  2. TRIPS-ის შეთანხმებ ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმებას, რომელიც მითითებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების 1C დანართში, დროდადრო შეტანილი გადასინჯვების ან შესწორებების გათვალისწინებით, რომელიც ვრცელდება ორივე მხარეზე, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური საბჭოს მიერ გაცემული ნებისმიერ დებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი გამონაკლისის ჩათვლით.

მუხლი 2

მიზანი და პრინციპები

წინამდებარე თავის მიზანია ვაჭრობიდან და ინვესტიციებიდან მიღებული სარგებლის გაზრდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვისა და აღსრულების გზით. მხარეები აღიარებენ, რომ:

  1. შექმნიან და შეინარჩუნებენ ინტელექტუალური საკუთრების გამჭვირვალე სისტემებს და უზრუნველყოფენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ადეკვატურ და ეფექტიან დაცვას და აღსრულებას უფლებების მფლობელთათვის და მოსარგებლეთათვის;
  2. ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვა და აღსრულება ხელს უნდა უწყობდეს ტექნოლოგიური ინოვაციების პოპულარიზაციასა და ტექნოლოგიების გადაცემასა და გავრცელებას;
  3. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და შეუძლია შეამციროს ხარვეზები და დაბრკოლებები საერთაშორისო ვაჭრობაში;  
  4. ინტელექტუალური საკუთრების სისტემები ხელს უნდა უწყობდეს ღია, ინოვაციური და ეფექტიანი ბაზრების შექმნას, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ეფექტიანად შექმნას, გამოყენებას, დაცვასა და აღსრულებას, შესაბამისი შეზღუდვებისა და გამონაკლისების დაწესებას და უფლებათა მფლობელებს, მოსარგებლეებსა საზოგადოებრივ ინტერესს შორის სათანადო ბალანსის მიღწევას;
  5. ინტელექტუალური საკუთრების სისტემები თავად არ უნდა იქცნენ კანონიერი ვაჭრობის ბარიერებად;
  6. შესაძლებელია საჭირო გახდეს სათანადო ზომების გატარება, იმ პირობით თუ ისინი შეესაბამება „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების  ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS)“ შეთანხმებისა და წინამდებარე თავის დებულებებს, იმისათვის რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ბოროტად გამოყენება მათი მფლობელების მიერ, ან ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც უსაფუძვლოდ ზღუდავს ვაჭრობას, ეწინააღმდეგება კონკურენციას, ან უარყოფით ზემოქმედებას ახდენს საერთაშორისო დონეზე ტექნოლოგიების გადაცემაზე; და
  7. შესაძლებელია გატარდეს ზომები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და კვებით უზრუნველყოფის მიზნით, იმ პირობით თუ ისინი შეესაბამება „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების  ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმებისა და წინამდებარე თავის დებულებებს.

მუხლი 3

ვალდებულებები წარმოადგენს მინიმალურ ვალდებულებებს

თითოეული მხარე, როგორც მინიმუმ, უზრუნველყოფს წინამდებარე თავის დებულებათა ამოქმედებას. მხარეს შეუძლია, თუმცა არ არის ვალდებული, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიზნით გაატაროს უფრო ფართო ზომები, ვიდრე ამას წინამდებარე თავი ითვალისწინებს, იმ პირობით, რომ დაცვისა და აღსრულების  ეს დამატებითი ზომები წინამდებარე შეთანხმების დებულებებს არ ეწინააღმდეგება. თითოეული მხარე თავისუფლად განსაზღვრავს წინამდებარე თავის დებულებათა განხორციელების მეთოდს, თავისი საკანონმდებლო სისტემისა და პრაქტიკის შესაბამისად.

მუხლი 4

საერთაშორისო შეთანხმებები

თითოეული მხარე ადასტურებს თავის ვალდებულებას „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS) შეთანხმების“ ფარგლებში და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული  სხვა საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში, რომლთა მხარესაც ორივე მხარე წარმოადგენს.

მუხლი 5

ინტელექტუალური საკუთრება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა

მხარეები აღიარებენ TRIPS-ის შეთანხმებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ დოჰას დეკლარაციით გათვალისწინებულ პრინციპებს, რომელიც მიღებულ იქნა 2001 წლის 14 ნოემბერს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მინისტრთა კონფერენციის მიერ და ადასტურებენ, რომ წინამდებარე თავის დებულებები ზიანს არ აყენებს ზემოაღნიშნულ დეკლარაციას. 

მუხლი 6

ამოწურვა

ეს თავი არ ზღუდავს მხარეთა თავისუფლებას, თავად განსაზღვრონ, გამოიყენება თუ არა, და რა პირობებში გამოიყენება, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ამოწურვის რეჟიმი. მხარეები თანხმდებიან შემდგომშიც განიხილონ საპატენტო უფლებების ამოწურვასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები.

მუხლი 7

უფლების მოპოვებისა და შენარჩუნების პროცედურები

  1. თითოეული მხარე ვალდებულია:
  1. გააგრძელოს მუშაობა ექსპერტიზისა და რეგისტრაციის საკუთარი სისტემების გაუმჯობესებისათვის, მათ შორის ექსპერტიზის პროცედურებისა და ხარისხის სისტემების გაუმჯობესების გზით;
  2. განმცხადებელს წერილობით შეატყობინოს ინტელექტუალური საკუთრების უფლების მინიჭებაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზების შესახებ;
  3. დაინტერესებულ მხარეებს მისცეს შესაძლებლობა, გაასაჩივრონ ინტელექტუალური საკუთრების უფლების მინიჭება ან რეგისტრაცია, ან მოითხოვონ ინტელექტუალური საკუთრების არსებული უფლების შეწყვეტა, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობა; და
  4. მოითხოვოს, რომ გადაწყვეტილებები საჩივართან, შეწყვეტასთან, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობასთან დაკავშირებით იყოს დასაბუთებული და წერილობითი ფორმით.
  1. ამ მუხლის მიზნებისთვის, „წერილობითი ფორმა“ და „წერილობითი შეტყობინებების გაგზავნა“ შეიძლება მოიცავდეს წერილობით კომუნიკაციას ელექტრონული ფორმით.

მუხლი 8

პატენტუნარიანობის საკითხი

  1. მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, პატენტები გაიცემა ნებისმიერი სახის გამოგონებაზე, იქნება ეს პროდუქტი თუ პროცესი, ტექნოლოგიის ყველა სფეროში, იმ პირობით, თუ იგი არის ახალი, გააჩნია საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა.
  2. მხარეებს შეუძლიათ პატენტი  არ გასცენ ისეთ გამოგონებებზე, რომლებზეც პატენტი არ გაიცემა თავიანთ სივრცეში კომერციული გამოყენებიდან გამომდინარე და ეს აუცილებელია, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების დაცვის მიზნით, ადამიანის, ცხოველის ან მცენარის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ჩათვლით, ან გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან ასაცილებლად, იმ პირობით, რომ გამონაკლისი პატენტის  გაცემის წესიდან არ გამოიყენება მხოლოდ იმის გამო, რომ ობიექტის გამოყენება აკრძალულია მათი კანონმდებლობით.
  3. მხარეებს ასევე შეუძლიათ პატენტი არ გასცენ:
  1. ადამიანებისა და ცხოველებისათვის გათვალისწინებული მკურნალობის ქირურგიულ, თერაპიულ და დიაგნოსტიკურ ხერხებზე;
  2. მცენარეებსა და ცხოველებზე, გარდა მიკროორგანიზმებისა, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებზე,  გარდა არაბიოლოგიური და მიკრობიოლოგიური პროცესებისა.

მუხლი 9

ცვლილებები, შესწორებები და შენიშვნები საპატენტო განაცხადებთან  დაკავშირებით

თითოეულმა მხარემ პატენტზე განმცხადებლებს უნდა მისცეს შესაძლებლობა წარმოადგინონ ცვლილებები, შესწორებები და შენიშვნები თავიანთ საპატენტო განაცხადებთან დაკავშირებით, თითოეული მხარის კანონების, რეგულაციებისა და წესების შესაბამისად.

მუხლი 10

გამჭვირვალობა

ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით და საზოგადოებრივი მონიტორინგისათვის, ქართული მხარე ინტერნეტში გამოაქვეყნებს და ხელმისაწვდომს გახდის რეგისტრირებულ მონაცემთა ბაზებს გამოგონების, სასარგებლო მოდელების, მცენარეთა ჯიშების პატენტებზე, ასევე მონაცემებს დიზაინზე, სასაქონლო ნიშნებზე და გეოგრაფიულ აღნიშვნებზე. ხოლო ჰონგ-კონგი, ჩინეთი საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად ინტერნეტში საზოგადოებრივი მონიტორინგისათვის ხელმისაწვდომს გახდის რეგისტრირებულ მონაცემებს გამოგონების სტანდარტულ პატენტებზე, მოკლევადიან პატენტებზე, რეგისტრირებულ დიზაინებზე და სასაქონლო ნიშნებზე, რაც შეიცავს იმ აუცილებელ მონაცემებს, რაც შეესაბამება საკუთარი კანონმდებლობას. 

მუხლი 11

ნიშნების სახეობები როგორც სასაქონლო ნიშნები

მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ ნიშნის სახეობების სასაქონლო ნიშნებად, მათ შორის ვიზუალურ და ხმოვან ნიშნებად დაცვის მექანიზმებზე. 

მუხლი 12

საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო  ნიშნები

მხარეებმა უნდა უზრუნველყონ  საყოველთაოდ  ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვა  როგორც მინიმუმ  TRIPS-ის შეთანხმების 16.2 და 16.3 მუხლისა და „სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ“ პარიზის 1883 წლის 20 მარტის კონვენციის მე-6 bis მუხლის შესაბამისად, პერიოდულად მასში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც ვრცელდება ორივე მხარეზე. 

მუხლი 13

გეოგრაფიული აღნიშვნები

  1. თითოეული მხარე აღიარებს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნები შეიძლება დაცულ იქნეს სასაქონლო ნიშნის, ან sui generis სისტემის, ან სხვა სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით.[10]
  2. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, „გეოგრაფიული აღნიშვნები“ არის აღნიშვნები, რომლებიც მიუთითებს, საქონლის წარმოშობაზე მხარის სივრციდან, ან ამ სივრცეში არსებული რეგიონიდან ან ადგილიდან, და რომლის ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები ძირითადად განპირობებულია მისი წარმოშობის გეოგრაფიული ადგილით.
  3. TRIPS-ის შეთანხმების 22-ე და 23-ე მუხლებისთვის ზიანის მიუყენებლად, მხარეები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ამ შეთანხმების შესაბამისად, რათა უზრუნველყონ მე-2 პუნქტში მითითებული გეოგრაფიული აღნიშვნების  ურთიერთდაცვა. რომლებიც გამოიყენება მხარეთა სივრციდან წარმოშობილი საქონლის აღნიშვნის მიზნით. თითოეული მხარე დაინტერესებულ მხარეებს უზრუნველყოფს სამართლებრივი საშუალებებით იმისათვის, რომ აღიკვეთოს  ამგვარი გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება იდენტური ან მსგავსი საქონლისთვის, რომელიც არ არის წარმოშობილი იმ ადგილიდან, რომელზეც მიუთითებს კონკრეტული გეოგრაფიული აღნიშვნა.

მუხლი 14

სელექციონერთა უფლებები

მხარეები, თავიანთი კომპეტენტური უწყებების მეშვეობით, ითანამშრომლებენ  სელექციონერთა უფლებების ხელშეწყობისა და  მხარდაჭერის  მიზნით,  იმისათვის რომ:

  1. მოხდეს ორივე მხარის სელექციონერთა უფლებების მარეგულირებელი ადმინისტრაციული სისტემების უკეთესი ჰარმონიზება, მათ შორის გაუმჯობესდეს, საერთო ინტერესის სახეობათა დაცვა და ინფორმაციის გაცვლა; და
  2. შემცირდეს სელექციონერთა უფლებების ექსპერტიზის შესაბამის სისტემებს  შორის პროცედურების ზედმეტი დუბლირების შემთხვევები.

მუხლი 15

საავტორო უფლებების კოლექტიური მართვა

თითოეულმა მხარემ  ხელი უნდა შეუწყოს საავტორო უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი შესაბამისი ორგანიზაციების  შექმნას  და დაეხმაროს ამ ორგანიზაციებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი ეფექტიანი, გამჭვირვალე საქმიანობა და საკუთარი წევრების მიმართ ანგარიშვალდებულება.

მუხლი 16

გენეტიკური რესურსები, ტრადიციული ცოდნა და ფოლკლორი

  1. თითოეული მხარის საერთაშორისო ვალდებულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილნი არიან შეიმუშაონ შესაბამისი ზომები გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის დაცვის მიზნით.
  2. მხარეები თანხმდებიან შეისწავლონ გენეტიკურ რესურსებთან, ტრადიციულ ცოდნასა და ფოლკლორთან დაკავშირებული საკითხების მომავალში განხილვის შესაძლებლობა, თავიანთ შესაბამის კანონებთან და მრავალმხრივ შეთანხმებებთან მიმართებაში  განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.

მუხლი 17

აღსრულება

  1. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას აამოქმედოს  ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა აღსრულების ეფექტიანი სისტემები იმისათვის, რომ აღმოფხვრას იმ საქონლითა და მომსახურებებით ვაჭრობა, რომლითაც ირღვევა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.
  2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს TRIPS-ის შეთანხმების შესაბამისად სისხლის სამართლებრივი პროცედურებისა და სასჯელის/ჯარიმების გამოყენებას სულ მცირე ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა განზრახ სასაქონლო ნიშნის  კონტრაფაქცია ან საავტორო უფლების მეკობრეობა ეკონომიკური მასშტაბით. უფლებების განხორციელების სამართლებრივი საშუალებები უნდა მოიცავდეს პატიმრობას და/ან ფულად ჯარიმებს, საკმარისს იმისათვის, რომ შემაკავებელი ფაქტორის როლი შეასრულოს და თანაზომიერი იყოს იმ სასჯელებთან მიმართებაში, რომლებიც გამოიყენება შესაბამისი სიმძიმის დანაშაულებათა შემთხვევებში.

მუხლი 18

თანამშრომლობა ზოგადი ნაწილი

  1. თითოეული მხარე მეორე მხარის მოთხოვნით, გაუცვლის ინფორმაციას, რომელიც შეეხება:
  1. შესაბამის ადმინისტრაციაში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას;
  2. ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნულ სისტემაში შეტანილ  ცვლილებებს და  ამ სისტემების განხორციელების პროცესში განვითარებულ მოვლენებს; და
  3. კანონმდებლობას, პროცედურებსა და პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვასა და აღსრულებასთან.
  1. თითოეული მხარე, მეორე მხარის მოთხოვნით, განიხილავს კერძო დაინტერესებული მხარეების ინტერესთა სფეროში შემავალ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს და  კითხვებს.
  2. მხარეები შეისწავლიან არსებული შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობებს საერთო ინტერესის ისეთ სფეროებში, რომელთა მიზანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა სისტემის ფუნქციონირების, მათ შორის, ერთმანეთის იურისდიქციის ფარგლებში ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესება. ამგვარი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს, და არა მხოლოდ, შემდეგ სფეროებს:
  1. საპატენტო ექსპერტიზის სფეროში სამუშაო გამოცდილების გაზიარება;
  2. ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა აღსრულება;
  3. ინტელექტუალურ საკუთრების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
  4. საპატენტო ექსპერტიზის ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება; და
  5. პატენტის მიღების პროცედურის გამარტივება და მასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება.
  1. თითოეული მხარე, მეორე მხარის მოთხოვნით, განიხილავს ყველა კონკრეტულ შემოთავაზებას თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უკავშირდება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას ან აღსრულებას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით ვაჭრობის განვითარებას ან კერძო მხარეებს შორის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დავების მოგვარების ალტერნატიული, საარბიტრო და მედიაციის  საშუალებების, გამოყენების ხელშეწყობას (მათ შორის, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების მოწყობის გზით).  

მუხლი 19

კომუნიკაცია

  1. თითოეული მხარე განსაზღვრავს საკონტაქტო პირს, იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მხარეებს შორის კომუნიკაციას, ამ თავში განსაზღვრულ საკითხებზე და მიაწვდის მეორე მხარეს შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას. მხარეები დაუყონებლივ აცნობებენ ერთმანეთს საკონტაქტო პირებთან დაკავშირებული დეტალების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
  2. მხარეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს შეხვედრა მეორე მხარესთან ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ამ თავით განსაზღვრულ საკითხებზე.
  3. მე-2 პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნა, პირველ პუნქტში განსაზღვრულ საკონტაქტო პირს უნდა მიეწოდოს მხარეებს შორის შეთანხმებული ნებისმიერი საშუალებით.

 

თავი 12

კონკურენცია

მუხლი 1

განმარტებები

წინამდებარე თავის მიზნებისთვის:

  1. ანტიკონკურენციული ბიზნესქმედებები ნიშნავს ისეთი ტიპის ბიზნესაქტივობას ან ტრანზაქციას, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების ფუნქციონირებას, იმდენად, რამდენადაც მან შესაძლოა  გავლენა იქონიოს მხარეებს შორის ვაჭრობაზე, კერძოდ:
  1. საწარმოებს შორის შეთანხმებები, საწარმოების ასოციაციების გადაწყვეტილებები და შეთანხმებული ქმედებები,  რომელთა მიზანი ან შედეგია რომელიმე მხარის სივრცეში ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან აკრძალვა;
  2. ერთი ან რამდენიმე საწარმოს მიერ  დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც გამოიხატება რომელიმე მხარის სივრცეში ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე კონკურენციის შეზღუდვაში, დაუშვებლობაში ან აკრძალვაში;
  3. საწარმოებს შორის კონცენტრაცია, რომელიც იწვევს რომელიმე მხარის სივრცეში ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე დომინირებული მდგომარეობის მოპოვებას ან გამყარების და მნიშვნელოვნად ზღუდავს ეფექტიან  კონკურენციას.
  1. კონკურენციის კანონმდებლობა გულისხმობს:
  1. ჰონგ კონგ, ჩინეთისთვის, კონკურენციის დადგენილებას (ჰონგ კონგის კანონები, თავი 619) და მის ქვემდებარე კანონმდებლობას; და
  2. საქართველოსთვის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს, მის  საფუძველზე მიღებულ მარეგულირებელ აქტებსა და ცვლილებებს, ასევე ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების კანონმდებლობას.

მუხლი 2

მიზან

თითოეული მხარე აცნობიერებს, რომ ანტიკონკურენციული ბიზნესქმედებების აკრძალვა, კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება და კონკურენციის საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა ხელს უწყობს ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ეკონომიკური ეფექტიანობის წახალისებასა და  მომხმარებელთა კეთილდღეობას.  

მუხლი 3

კონკურენციის კანონმდებლობა და აღმასრულებელი ორგანოები

  1. თითოეული მხარე შეინარჩუნებს ან მიიღებს კონკურენციის კანონმდებლობას, რომელიც ანტიკონკურენციული ბიზნეს ქმედებების აკრძალვის გზით, ხელს შეუწყობს და დაიცავს ბაზარზე კონკურენციას.
  2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს კონკურენციის შიდა კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს ან ორგანოების არსებობას. 

მუხლი 4

კანონის აღსრულების პრინციპები

  1. კონკურენციის კანონის აღსრულების პროცესში თითოეული მხარე უზრუნველყოფს გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და პროცედურული სამართლიანობის პრინციპების დაცვას.  
  2. კონკურენციის კანონის აღსრულების პროცესში, თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს როგორც ამ შეთანხმების მონაწილე, ისე არახელშემკვრელი მხარის მიმართ თანაბარი მოპყრობა მსგავს ვითარებაში.
  3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს პირის უფლებას, თავის დაცვის მიზნით, წარმოადგინოს მოსაზრებები ან მტკიცებულებები, მანამ, სანამ მოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ ქმედება არღვევს კონკურენციის კანონმდებლობას, ან სანამ პირს დაეკისრება სანქცია ან სხვა ზომები კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისათვის. 
  4. თითოეული მხარე უზრუნველყოფს იმ პირის შესაძლებლობას, რომელსაც კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისათვის დაეკისრა სანქცია ან სხვა ზომები, მოითხოვოს მათი გადახედვა, შესაბამისი მხარის კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქტების შესაბამისად.

მუხლი 5

გამჭვირვალობა

  1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს თავისი კონკურენციის კანონმდებლობის, მარეგულირებელი აქტების, სახელმძღვანელო წესების და ამგვარი კანონმდებლობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა წესის საჯაროობას, გარდა შიდა ოპერაციული პროცედურებისა.
  2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მისი ყველა საბოლოო ადმინისტრაციული გადაწვეტილება, რომლითაც დადგინდება  კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა, გამოცემული იქნება წერილობითი ფორმით და მოიცავს შესაბამის ფაქტებსა და სამართლებრივ საფუძველს, რომელსაც გადაწყვეტილება ეფუძნება.
  3. თითოეული მხარე ეცდება, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქტების შესაბამისად, გაასაჯაროოს გადაწყვეტილებები და მის აღსასრულებლად გამოცემული ბრძანებები, გარდა ნებისმიერი კომერციული საიდუმლოებისა ან სხვა ინფორმაციისა, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობით დაცულია საჯარო გამჟღავნებისგან.

მუხლი 6

თანამშრომლობა

  1. მხარეები აღიარებენ, კონკურენციის სფეროში, სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.
  2. მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეები ითანამშრომლებენ შეტყობინების, კონსულტაციებისა და ინფორმაციის გაცვლის გზით.
  3. მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ თავიანთი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქტების შესაბამისად, არსებული ადმინისტრაციული რესურსის ფარგლებში. მეტი სიცხადისთვის,  ჰონგ კონგ, ჩინეთის, შემთხვევაში, მისი კომპეტენცია გულისხმობს ისეთ უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს, რომელთა განხორციელება მას შეუძლია დამოუკიდებლად საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 7

 ინფორმაციის კონფიდენციალურობა

  1. წინამდებარე თავი არ  გულისხმობს მხარეთა კონკურენციის აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ისეთი ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც ეწინააღმდეგება მხარის კანონმდებლობას, მარეგულირებელ აქტებს, მნიშვნელოვან ინტერესებს ან მე-5 მუხლის (გამჭვირვალობა) მე-3 პუნქტს.
  2. მხარეები უზრუნველყოფენ ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობას, რომელიც მეორე მხარის მიერ მიეწოდათ,  კონფიდენციალური ინფორმაციის სახით. მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ ინფორმაციას:
  1. ვალდებულია გამოიყენოს იგი მხოლოდ მოთხოვნის დროს განსაზღვრული მიზნებისთვის, თუ ინფორმაციის გამცემი მხარისგან მიღებული ექნება შესაბამისი ნებართვა;
  2. ვალდებულია არ გაამჟღავნოს მიღებული ინფორმაცია ნებისმიერ სხვა ორგანოსთან, ერთეულთან ან პირთან, რომელიც არ არის უფლებამოსილი პირი, ინფორმაციის გამცემი მხარის კონკურენციის აღმასრულებელი ორგანოსგან;
  3. ვალდებულია, შეასრულოს ინფორმაციის გამცემი მხარის კონკურენციის აღმასრულებელი ორგანის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა პირობა. 

მუხლი 8

ტექნიკური თანამშრომლობა

მხარეებმა შესაძლოა წაახალისონ ტექნიკური თანამშრომლობა,  მათ შორის, გამოცდილების გაზიარება, სასწავლო პროგრამები, სამუშაო შეხვედრები და კვლევითი თანამშრომლობა, კონკურენციის პოლიტიკასა და კანონის აღსრულებასთან მიმართებით, კონკურენციის აღმასრულებელ ორგანოთა შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. 

მუხლი 9

კონკურენციის აღმასრულებელი ორგანოების დამოუკიდებლობა

წინამდებარე თავი არ ზღუდავს თითოეული მხარის დამოუკიდებლობას, კონკურენციის სფეროში საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის აღსრულების პროცესში. 

მუხლი 10

დავების მოგვრება

არცერთ მხარეს არ აქვს უფლება გამოიყენოს მე-16 თავით (დავების მოგვარება) განსაზღვრული დავების მოგვარების პროცედურა წინამდებარე თავით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებით. წინამდებარე თავის დებულებების ინტერპრეტაციასა თუ იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი განსხვავება ან დავა მხარეებს შორის გადაწყდება მეგობრული კონსულტაციების გზით, მე-11 მუხლის (კონსულტაციები) შესაბამისად.

მუხლი 11

კონსულტაციები

მხარეებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობის ან ამ თავით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, თითოეული მხარე, მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, გამართავს კონსულტაციებს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით. მხარე ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ მოთხოვნაში მიუთითოს, თუ რა გავლენას ახდენს დასმული საკითხი მხარეებს შორის ვაჭრობასა თუ ინვესტიციებზე. 

 

თავი 13

 გარემოს დაცვა და ვაჭრობა

მუხლი 1

დაცვის დონეები

მხარეები ადასტურებენ თითოეული მხარის სუვერენულ უფლებას, განსაზღვროს გარემოს დაცვის საკუთარი დონეები და გარემოსდაცვითი განვითარების პრიორიტეტები და მიიღოს ან შეცვალოს გარემოსდაცვითი კანონები და პოლიტიკა.

მუხლი 2

გარემოსდაცვითი კანონები და მარეგულირებელი აქტები

მხარეები აღიარებენ, რომ არ არის მართებული ვაჭრობის ან ინვესტიციების წახალისება გარემოს დაცვის შესახებ თავიანთ კანონებში, მარეგულირებელ აქტებში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში არსებული დაცვის მექანიზმების დასუსტებით ან  შემცირებით. შესაბამისად, არცერთმა მხარემ არ უნდა თქვას უარი ან სხვაგვარად გადაუხვიოს მსგავს კანონებს, მარეგულირებელ აქტებს, პოლიტიკას და პრაქტიკას იმგვარად, რომ ეს ასუსტებდეს ან ამცირებდეს ამ კანონებით, მარეგულირებელი აქტებით, პოლიტიკითა და პრაქტიკით დადგენილ დაცვის დონეს ვაჭრობის ან ინვესტიციების წახალისების მიზნით.

მუხლი 3

აღსრულება

წინამდებარე თავის არცერთი ჩანაწერი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ კონკრეტული მხარის უწყებას უფლება მიეცეს, მეორე მხარის სივრცეში დაიწყოს  გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის  აღსრულება.

მუხლი 4

მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებები

მხარეები აღიარებენ, რომ მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებები  (შემდგომში მოხსენებული როგორც „MEAs”) მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გარემოს დაცვის კუთხით გლობალურ და ადგილობრივ დონეზე, და ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, ეფექტურად მოახდინონ თავიანთ კანონებსა და პრაქტიკაში იმ მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების დებულებათა ასახვა, რომლებიც ორივე მხარის ვალდებულებაა.

მუხლი 5

გარემოზე ზემოქმედების გავლენის მიმოხილვა

მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, ეცდებიან  შეაფასონ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებით გამოწვეული ზემოქმედება გარემოზე ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ნებისმიერ დროს, თავიანთი შესაბამისი წარმომადგენლობითი პროცესებისა და ინსტიტუტების მეშვეობით.  

მუხლი 6

თანამშრომლობა

აღიარებენ რა გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვნებას  მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები საერთო ინტერესის სფეროებში.

მუხლი 7

დავის მოგვარების გაუვრცელებლობა

მხარეები არ მიმართავენ მე-16 თავით (დავების მოგვარება) გათვალისწინებულ არბიტრაჟს წინამდებარე თავით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

თავი 14

გამჭვირვალობა

მუხლი 1

საჯაროობა

  1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ზოგადი გამოყენების კანონები, მარეგულირებელი აქტები, პროცედურები და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ რაიმე საკითხზე, დროულად იქნეს გამოქვეყნებული, მათ შორის, სადაც შესაძლებელია, ინტერნეტის მეშვეობით, ან საჯარო გახადოს სხვა ფორმით, იმგვარად, რომ დაინტერესებულ პირებს და მეორე  მხარეს მიეცეს მისი გაცნობის საშუალება.
  2. მხარეები დროულად გასცემენ პასუხს კონკრეტულ კითხვებს და, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ ერთმანეთისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას პირველ პუნქტში განმარტებულ საკითხებთან დაკავშირებით.
  3. წინამდებარე თავით განსაზღვრული დებულებები არ ავალდებულებს მხარეს, მეორე მხარეს მიაწოდოს ან მისცეს დაშვება ისეთ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია საიდუმლო ინფორმაციად ან რომლის გამჟღავნება შეაფერხებს კანონის აღსრულებას ან სხვაგვარად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს, ან რომელიც ლახავს კონკრეტული საჯარო თუ კერძო საწარმოს ლეგიტიმურ კომერციულ ინტერესებს. 

მუხლი 2

 შეტყობინება და ინფორმაციის მიწოდება

  1. თითოეული მხარე ეცდება მეორე მხარეს შეატყობინოს ნებისმიერი ზომის შესახებ, რომელმაც, მხარის შეხედულებით, შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე. 
  2. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ჩაითვლება მიწოდებულად, როდესაც იგი შესაბამისად ეცნობება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ან გახდება საჯარო შესაბამისი მხარის კანონმდებლობის თანახმად ან გამოქვეყნდება მის ოფიციალურ, საჯარო და უფასოდ ხელმისაწვდომ ვებ-გვერდზე.
  3. წინამდებარე მუხლის საფუძველზე მიწოდებულმა ნებისმიერმა შეტყობინებამ, გამოხმაურებამ თუ ინფორმაციამ არ უნდა მოახდინოს გავლენა იმის  დადგენაზე, შეესაბამება თუ არა ზომა წინამდებარე შეთანხმებას.
  4. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი შეტყობინება, მოთხოვნა თუ ინფორმაცია მეორე მხარეს გადაეცემა წინამდებარე შეთანხმების მე-15 თავის (ინსტიტუციური დებულებები) მე-4 მუხლით (საკონტაქტო პუნქტი) განსაზღვრული პასუხისმგებელი ორგანოების მეშვეობით.

მუხლი 3

ინკორპორირება

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, GATT  1994 შეთანხმების X და GATS შეთანხმების III მუხლები, mutatis mutandis, გაერთიანდება წინამდებარე შეთანხმებაში და გახდება მისი ნაწილი.

 

თავი 15

ინსტიტუციური დებულებები

მუხლი 1

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების  ერთობლივი კომისიის დაფუძნება

  1. მხარეები აფუძნებენ საქართველო – ჰონგ კონგ, ჩინეთის ერთობლივ კომისიას (შემდგომში წოდებული, როგორც „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისია“), რომელიც შედგება თითოეული მხარის წარმომადგენლისგან. მხარეებს წარმოადგენენ მათ მიერ ამ მიზნით დანიშნული მაღალი რანგის თანამდებობის პირები.

მუხლი 2

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის ფუნქციები

  1. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისია:
  1. განიხილავს წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს;
  2. განიხილავს საკითხებს, რომლებიც მის წინაშე დააყენა რომელიმე მხარემ ან კომიტეტმა, ან წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა;
  3. წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, შეისწავლის შესაძლებლობებს მხარეებს შორის მომავალში ვაჭრობის გაფართოვებისა და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით;
  4. განიხილავს ნებისმიერ შემოთავაზებას წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის კუთხით და მხარეებისთვის გასცემს რეკომენდაციებს; და
  5. განიხილავს ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე.
  1. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივმა კომისიამ, შესაძლოა:
  1. შექმნას დამატებითი კომიტეტები ან სპეციალური სამუშაო ჯგუფები და, საჭიროების შემთხვევაში, რჩევისთვის საკითხი გადასცეს რომელიმე კომიტეტს ან სამუშაო ჯგუფს;
  2. ხელი შეუწყოს წინამდებარე შეთანხმების შესრულებას საიმპლემენტაციო ღონისძიებების გზით;
  3. შეეცადოს მოაგვაროს ნებისმიერ უთანხმოება, რომელიც უკავშირდება წინამდებარე შეთანხმების განმარტებას ან გამოყენებას, მე-16 თავით (დავების მოგვარება) გათვალისწინებული დავის მოგვარების მექანიზმისთვის ზიანის მიუყენებლად.
  4. შეეცადოს მიიღოს რჩევა არასამთავრობო პირების ან ჯგუფებისგან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ექცევა მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, თუ ეს ხელს შეუწყობს მას დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში;
  5. მიიღოს სხვა ზომები თავისი ფუნქციების შესასრულებლად, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.  

მუხლი 3

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ერთობლივი კომისიის საპროცედურო წესები

  1. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ერთობლივი კომისია იღებს გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს მის ფუნქციაში შემავალ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ეს განსაზღვრულია მე-2 მუხლით (თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისიის ფუნქციები), ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. თუ მხარის წარმომადგენელი  ერთობლივ კომისიაში დათანხმდა გადაწყვეტილებას მხარის შიდასამართლებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით, გადაწყვეტილება ძალაში შევა იმ თარიღიდან, როდესაც მხარე შეატყობინებს, რომ მისი შიდასამართლებრივი მოთხოვნები დაკმაყოფილდა,  თუ თვითონ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ძალაში შესვლის უფრო გვიანი თარიღი. მხარემ შესაძლოა დროებით გამოიყენოს ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება მის ძალაში შესვლამდე, სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით.
  2. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისია შეიკრიბება შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში. შემდგომში საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვეულებრივ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ასეთი შეხვედრების თავმჯდომარეობას მონაცვლეობით შეითავსებს თითოეული მხარე. FTA ერთობლივი კომისია განსაზღვრავს საკუთარ საპროცედურო წესებს.
  3. მხარეებს ნებისმიერ დროს წერილობითი გზით შეუძლიათ მოითხოვონ FTA ერთობლივი კომისიის სპეციალური შეხვედრის გამართვა. აღნიშნული შეხვედრა უნდა გაიმართოს წერილობითი თხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ.
  4. FTA ერთობლივი კომისია ჩვეულებრივ შეიკრიბება მაღალი თანამდებობის პირთა დონეზე, თუ რომელიმე მხარე არ მოითხოვს შეხვედრის გამართვას უფრო მაღალ დონეზე.
  5. მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, თითოეული მხარე ვალდებულია ჩამოაყალიბოს FTA ერთობლივი კომისიის საკუთარი დელეგაციის შემადგენლობა.
  6. FTA ერთობლივი კომისიის თავმჯდომარე მხარე უზრუნველყოფს შეხვედრისთვის საჭირო ადმინისტრაციულ დახმარებას და ჩაიწერს FTA ერთობლივი კომისიის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლის ასლები გადაეცემა მეორე მხარეს.

მუხლი 4

საკონტაქტო ორგანო

წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მხარეთა შორის კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით, თოთოეული მხარე გამოყოფს საკონტაქტო ორგანოს:

  1. ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში, ვაჭრობისა და მრეწველობის დეპარტამენტი; და
  2. საქართველოს შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

 

თავი 16

დავების მოგვარება

მუხლი 1

თანამშრომლობა

მხარეებმა ყოველთვის უნდა შეუწყონ ხელი თანამშრომლობას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით და დავის წარმოშობისას ყველანაირად ეცადონ, თანამშრომლობისა და კონსულტაციების გზით, მიიღონ ორმხრივად დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება ნებისმიერ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს შეთანხმების მოქმედებაზე.

მუხლი 2

გამოყენების სფერო

თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ნებისმიერ დროს, თუ მხარე მიიჩნევს, რომ მეორე მხარის მიერ გატარებული ღონისძიება ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებით მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ან  მეორე მხარე ვერ განახორციელებს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, გამოიყენება წინამდებარე თავით განსაზღვრული დებულებები დავების მოგვარების შესახებ.

მუხლი 3

ფორუმის არჩევა

  1. როდესაც დავა ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმებისა და სხვა ხელშეკრულების, მათ შორის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სხვა შეთანხმებების ფარგლებში, რომლის მონაწილენიც არიან მხარეები, საჩივრის წარმდგენი მხარე უფლებამოსილია აირჩიოს ფორუმი,  სადაც მოხდება დავის მოგვარება.
  2. მას შემდეგ, რაც საჩივრის წარმდგენი მხარე აირჩევს ფორუმს, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩეული ფორუმი გამორიცხავს ყველა სხვა ფორუმის გამოყენებას. 

მუხლი 4

კონსულტაციები

  1. მხარეები ყველანაირად უნდა ეცადონ, ნებისმიერ დავასთან დაკავშირებით, კონსულტაციების მეშვეობით მივიდნენ ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდე, წინამდებარე მუხლის  დებულებების შესაბამისად.
  2. კონსულტაციების გამართვის შესახებ მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა მოიცავდეს მოთხოვნის მიზეზებს, მათ შორის,  სადავო ღონისძიებების იდენტიფიკაციას და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შესახებ მითითებას. საჩივრის წარმდგენმა მხარემ, მოთხოვნა უნდა წარუდგინოს მოპასუხე მხარეს.
  3. კონსულტაციების გამართვის შესახებ მოთხოვნის წარდგენის შემდეგ, მოპასუხე მხარემ უნდა უპასუხოს მას, მოთხოვნის მიღების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში და უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად:
  1. მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 15 დღის განმავლობაში ფრიად სასწრაფო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, მალფუჭებად საქონელთან დაკავშირებით;
  2. მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით, ორმხრივად დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
  1. თუ მოპასუხე მხარე არ მოახდენს რეაგირებას ზემოაღნიშნული 10 დღის განმავლობაში, ან არ დაიწყებს მოლაპარაკებებს მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადების განმავლობაში, საჩივრის წარმდგენი მხარე უფლებამოსილია პირდაპირ გააკეთოს მოთხოვნა, წინამდებარე თავის შესაბამისად, საარბიტრაჟო ტრიბუნალის (შემდგომში „საარბიტრაჟო ტრიბუნალი“) შექმნასთან დაკავშირებით.
  2. კონსულტაციები უნდა იყოს კონფიდენციალური და არ უნდა ზღუდავდეს რომელიმე მხარის უფლებებს ნებისმიერ შემდგომ ან სხვა პროცესებში.

მუხლი 5

კეთილი სამსახური, მორიგება ან მედიაცია

  1. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეთანხმდნენ კეთილი სამსახურის, მორიგებისა და მედიაციის პროცედურის გამოყენებაზე. მათ შეუძლიათ მედიაციის პროცესის დაწყება, გაგრძელება ან შეწყვეტა ნებისმიერ დროს, მათ შორის წინამდებარე თავით განსაზღვრული საარბიტრაჟო ტრიბუნალის პროცედურების მიმდინარეობისას.
  2. კეთილი სამსახურის, მორიგებისა და მედიაციის პროცედურები, მათ შორის აღნიშნული პროცედურების მიმდინარეობისას მხარეების მიერ გაჟღერებული პოზიციები, უნდა იყოს კონფიდენციალური  და არ უნდა ზღუდავდეს რომელიმე მხარის უფლებებს ნებისმიერ შემდგომ და სხვა პროცესში.

მუხლი 6

საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბება

  1. მომჩივანი მხარე უფლებამოსილია, საქმის განხილვის მიზნით, წერილობითი ფორმით მოითხოვოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბება იმ შემთხვევაში, თუ:
  1. მე-4 მუხლით (კონსულტაციები) გათვალისწინებული კონსულტაციების მეშვეობით ვერ მოგვარდება:
  1. ფრიად სასწრაფო სადავო საკითხები, მათ შორის, მალფუჭებად საქონელთან დაკავშირებით, მოთხოვნის მიღების თარიღიდან 30 დღის განმავლობაში; ან
  2. სხვა ყველა დანარჩენი საკითხი, მოთხოვნის მიღების თარიღიდან 60 დღის განმავლობაში; ან
  1. წინამდებარე თავის მე-4 მუხლის (კონსულტაციები) მე-4 პუნქტი ამოქმედდება.
  1. საჩივრის წარმდგენმა მხარემ, მოთხოვნაში უნდა მიუთითოს, გაიმართა თუ არა კონსულტაციები, განსაზღვროს კონკრეტული სადავო ღონისძიება/ღონისძიებები, წარმოადგინოს საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების მოკლე მიმოხილვა, საკმარისი იმისათვის, რომ ნათლად აღიწეროს პრობლემა და უზრუნველყოს მოთხოვნის ჩაბარება მეორე მხარისთვის.
  2. საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბების თარიღად მიიჩნევა უკანასკნელი არბიტრის დანიშვნის თარიღი.

მუხლი 7

საარბიტრაჟო ტრიბუნალის შემადგენლობა

  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება სამი წევრისგან.
  2. საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებული მოთხოვნის წარდგენის თარიღიდან 15 დღის განმავლობაში, თითოეულმა მხარემ უნდა განსაზღვროს საარბიტრაჟო ტრიბუნალის თითო წევრი.
  3. დავის მხარეებმა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უნდა დანიშნონ მესამე არბიტრი, საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებული მოთხოვნის წარდგენის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში. ამგვარად, დანიშნული არბიტრი უხელმძღვანელებს საარბიტრაჟო ტრიბუნალს.
  4. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებული მოთხოვნის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში საარბიტრაჟო ტრიბუნალის რომელიმე წევრ(ებ)ი ან თავმჯდომარე არ დანიშნულა წინამდებარე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დავის რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი უფლებამოსილი იქნება დანიშნოს წევრ(ებ)ი შემდგომი 30 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი არის წინამდებარე დავის რომელიმე მხარის მოქალაქე ან გააჩნია მუდმივი ცხოვრების ადგილი დავის რომელიმე მხარის ტერიტორიაზე, გენერალური დირექტორის მოადგილე ან მომდევნო რანგის ხელმძღვანელი ოფიცერი, რომელიც არ აღმოჩნდება წინამდებარე დავის რომელიმე მხარის მოქალაქე ან არ ექნება მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დავის რომელიმე მხარის ტერიტორიაზე, უფლებამოსილი იქნება განახორციელოს საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის საჭირო კანდიდატურის დანიშვნა.
  5. საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე არ უნდა იყოს დავის რომელიმე მხარის მოქალაქე, ასევე არ უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დავის რომელიმე მხარის ტერიტორიაზე და არ უნდა იყოს დასაქმებული დავის რომელიმე მხარის მიერ.
  6. თითოეული არბიტრი ვალდებულია:
  1. ჰქონდეს სპეციალური ცოდნა ან გამოცდილება სამართლის, საერთაშორისო ვაჭრობის, წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ სხვა სფეროებში ან ისეთი დავების მოგვარებაში, რომელიც გამომდინარეობს საერთაშორისო ვაჭრობის შეთანხმებებიდან;
  2. მკაცრად იყოს არჩეული ობიექტურობის, საიმედოობის და კეთილგონიერების საფუძველზე;
  3. არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახის შეხება დავის საგანთან;
  4. იყოს დამოუკიდებელი და არ უკავშირდებოდეს ან არ იღებდეს ინსტრუქციებს დავის რომელიმე მხარისგან; და
  5. იცავდეს ქცევის კოდექსს იმ წესების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დავების განმხილველი ორგანოს მიერ 1996 წლის 11 დეკემბერს მიღებული დავების მოგვარების წესისა და პროცედურების შესახებ შეთანხმების ქცევის წესებში.
  1. თუ წინამდებარე მუხლის თანახმად დანიშნული არბიტრი გადადგება, ან ვერ შეძლებს მოვალეობის შესრულებას, 15 დღის განმავლობაში დაინიშნება შემცვლელი არბიტრი, თავდაპირველი არბიტრის დანიშვნისთვის განსაზღვრული შერჩევის პროცედურების თანახმად და შემცვლელ არბიტრს ექნება იგივე უფლებამოსილებები და მოვალეობები, რაც თავდაპირველ არბიტრს. საარბიტრაჟო ტრიბუნალის საქმიანობა უნდა შეჩერდეს, შემცვლელი არბიტრის დანიშვნის განმავლობაში.

მუხლი 8

საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფუნქციები

  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფუნქციას წარმოადგენს დავის საგნის ობიექტური შეფასება, მათ შორის, საქმის იურიდიული მხარისა და ფაქტების შესწავლა და წინამდებარე შეთანხმების გამოყენებადობისა და მასთან შესაბამისობის შემოწმება.
  2. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის დაასკვნის, რომ სადავო ღონისძიება შეუსაბამოა წინამდებარე შეთანხმებასთან ან მოპასუხე მხარემ არ შეასრულა წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მან უნდა გასცეს რეკომენდაცია, რომ მოპასუხე მხარემ, მოიყვანოს სადავო ღონისძიება წინამდებარე შეთანხმებასთან ან შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი მისი ვალდებულებები.
  3. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა განმარტოს წინამდებარე შეთანხმება განმარტებასთან დაკავშირებული საერთაშორისო საჯარო სამართლის ჩვეულებითი ნორმების შესაბამისად. საერთაშორისო ტრიბუნალს არ შეუძლია, თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებში, გადააჭარბოს ან დააკნინოს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები.

მუხლი 9

საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცედურო წესები

  1. თუ მხარეთა მიერ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, საარბიტრაჟო საქმის განხილვა უნდა წარიმართოს 16-1 დანართით (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცედურო წესები) განსაზღვრული საპროცედურო წესების შესაბამისად.
  2. წინამდებარე მუხლითა და 16-1 დანართით (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცედურო წესები) განსაზღვრული წესების გარდა, საარბიტრაჟო ტრიბუნალი, დავის მხარეებთან კონსულტაციით, უფლებამოსილია მიიღოს დამატებითი საპროცედურო წესები, რამდენადაც იგი ჩათვლის საჭიროდ, იმ პირობით, რომ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება წინამდებარე თავს და 16-1 დანართს (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცედურო წესები).
  3. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე; იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ვერ მიაღწევს კონსენსუსს, მან შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით. არბიტრებმა შესაძლოა წარმოადგინონ განსხვავებული მოსაზრებები საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც ვერ მოხდა ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა მიუთითოს თავის ანგარიშში არბიტრების განსხვავებული მოსაზრებები იმ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც ვერ მოხდა ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება ისე რომ არ მოხდეს უმრავლესობისა და უმცირესობის პოზიციებთან დაკავშირებული არბიტრების ვინაობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება. საარბიტრაჟო ტრიბუნალის ანგარიშით განსაზღვრული ცალკეული არბიტრების მოსაზრებები, უნდა იყოს ანონიმური.
  4. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის დაარსების თარიღიდან 20 დღის განმავლობაში დავის მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, კომპეტენციის ფარგლები განისაზღვრება შემდეგნაირად:

„შეისწავლოს, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებების ფონზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბების შესახებ მოთხოვნაში მითითებული საკითხი, მე-6 მუხლის (საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჩამოყალიბება) თანახმად და დასაბუთებასთან ერთად, შეაფასოს სამართალი და ფაქტები და, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს რეკომენდაციები დავების გადაწყვეტის მიზნით.“

  1. დავის მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნის თარიღიდან 15 დღის განმავლობაში როგორც კი შესაძლებელი იქნება, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, უნდა განსაზღვროს საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცესო გრაფიკი.
  2. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, თოთოეულმა მხარემ უნდა გადაიხადოს თავისი არჩეული არბიტრის ხარჯი და მისი საკუთარი დანახარჯები. საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარის ხარჯები და საარბიტრაჟო პროცედურის გამართვასთან დაკავშირებული სხვა სახის ხარჯები გაღებულ უნდა იქნეს დავის მხარეების მიერ თანაბრად.

მუხლი 10

საქმისწარმოების შეჩერება ან შეწყვეტა

  1. დავის მხარეები შესაძლოა შეთანხმდნენ, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შეაჩეროს თავისი საქმიანობა ნებისმიერ დროს, აღნიშნული შეთანხმების თარიღიდან არაუმეტეს 12 თვის პერიოდით. ასეთ შემთხვევაში, დავის მხარეებმა ერთობლივად უნდა შეატყობინონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარეს. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის საქმიანობა შეჩერებულია 12 თვეზე მეტი პერიოდით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის უფლებამოსილება წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დავის მხარეების მიერ აღნიშნული სხვაგვარად არის შეთანხმებული.
  2. დავის მხარეები უფლებამოსილნი არიან, შეთანხმების საფუძველზე, ნებისმიერ დროს შეწყვიტონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის  საქმისწარმოება საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარისთვის ერთობლივი შეტყობინების გაგზავნის გზით მანამ, სანამ მოხდება დავის მხარეების მიმართ საბოლოო ანგარიშის წარდგენა.

მუხლი 11

საარბიტრაჟო ტრიბუნალის ანგარიშები

  1. საარბიტრაჟო ტრიბუნალის ანგარიშები უნდა მომზადდეს დავის მხარეების დაუსწრებლად. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, თავისი ანგარიშები უნდა დააფუძნოს წინამდებარე შეთანხმების შესაბამის დებულებებს,  დავის მხარეთა წარდგინებებსა და არგუმენტებზე და დანართი 16-1 (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცედურო წესები), მე-14 პუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის მიწოდებულ სხვა სახის ინფორმაციას.
  2. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დავის მხარეებს უნდა წარუდგინოს ანგარიშის პროექტი საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნის თარიღიდან 90 დღის განმავლობაში, ან გადაუდებელი შემთხვევის დროს, მათ შორის მალფუჭებად საქონელთან დაკავშირებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში. გამონაკლის შემთხვევებში, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი მიიჩნევს, რომ მას არ შეუძლია ანგარიშის პროექტის წარდგენა მომდევნო  90 დღის ვადაში ან გადაუდებელი შემთხვევების დროს, მომდევნო 30 დღის ვადაში, მან უნდა აცნობოს დავის მხარეებს წერილობითი ფორმით დაგვიანების მიზეზებისა და იმ მიახლოებითი პერიოდის შესახებ, რა ვადაშიც ის წარმოადგენს ანგარიში პროექტს. ანგარიშის პროექტის წარდგენის გადავადების პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 30 დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული დავის მხარეთა მიერ სხვაგვარად არის შეთანხმებული
  3. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა თავისი ანგარიშის პროექტში უნდა განსაზღვროს:
  1. დავის საგნის აღწერითი ნაწილი, სადაც თავმოყრილი იქნება დავის მხარეების წინადადებები და არგუმენტები;
  2. საქმის იურიდიული მხარისა და ფაქტების ერთობლიობის საფუძველზე და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებების გამოყენებასთან დაკავშირებული დასკვნები;
  3. წინამდებარე შეთანხმებასთან სადავო ღონისძიების შეუთავსებლობაზე ან მოპასუხე მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დასკვნები და, თუ შესაძლებელია, დავის მოგვარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები; და
  4. წინამდებარე მუხლის (b) და (c) ქვეპუნქტების შესაბამისად მიღებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებული დასაბუთება.
  1. დავის მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო ტრიბუნალს წერილობითი ფორმით წარუდგინოს ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით თავისი შენიშვნები  ანგარიშის პროექტის მიღების თარიღიდან 10 დღის ვადაში ან დავის მხარეების შეთანხმების საფუძველზე დადგენილ ვადაში.
  2. დავის მხარეების მიერ წარდგენილი ნებისმიერი შენიშვნის განხილვისა და შემდგომი საჭირო შემოწმების შემდეგ, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა წარუდგინოს თავისი საბოლოო ანგარიში დავის მხარეებს 30 დღის განმავლობაში ან გადაუდებელი შემთხვევების დროს 15 დღის ვადაში, მას შემდეგ რაც მოხდება ანგარიშის პროექტის წარდგენა დავის მხარეებისთვის, თუ მხარეების მიერ აღნიშნული სხვაგვარად არ არის შეთანხმებული. საბოლოო ანგარიშში უნდა იყოს განსაზღვრული დავების მხარეების მიერ ანგარიშის პროექტზე წარდგენილი ყველა არგუმენტი და ასევე, საარბიტრაჟო ტრიბუნალის შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები და მათთან დაკავშირებული დასაბუთება.
  3. საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიში არის საბოლოო და აქვს სავალდებულო ძალა დავის მხარეებისთვის იმ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ანგარიში ეხება.
  4.  თუ მხარეები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ, საბოლოო ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ანგარიშის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პირობით. 

მუხლი 12

საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიშის განხორციელება

  1. თუ თავის ანგარიშში საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაადგენს, რომ სადავო ღონისძიება შეუსაბამოა წინამდებარე შეთანხმებასთან ან მოპასუხე მხარემ არ შეასრულა წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე ნაკისრი  ვალდებულებები, მოპასუხე მხარემ უნდა აღმოფხვრას შეუსაბამობა ან შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
  2. მოპასუხე მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები. თუ დაუყოვნებლივი შესრულება შეუძლებელია, მოპასუხე მხარემ უნდა შეასრულოს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები გონივრულ ვადაში.

მუხლი 13

გონივრული ვადა

  1. მე-12 მუხლში (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიშის განხორციელება) მითითებული გონივრული ვადა დავის მხარეთა მიერ ერთობლივად განისაზღვრება. თუ დავის მხარეები ვერ შეთანხმდებიან გონივრულ ვადაზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიშის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში, ერთ-ერთ მხარეს შეუძლია გადასცეს საქმე თავდაპირველ საარბიტრაჟო ტრიბუნალს, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას.
  2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დავის მხარეებს უნდა განუსაზღვროს გონივრული ვადა  საკითხის გადაცემიდან 30 დღის განმავლობაში.
  3. გონივრული ვადა, ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს საარბიტრაჟო ტრიბუნალის ანგარიშის წარდგენის თარიღიდან 15 თვეს. გონივრული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს დავის მხარეების მიერ ერთობლივი შეთანხმებით.

მუხლი 14

შესაბამისობის განხილვა

  1. როდესაც არსებობს უთანხმოება მე-12 მუხლის (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიშის განხორციელება) პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელებული ზომების არსებობის ან წინამდებარე შეთანხმებასთან  მათი შესაბამისობის შესახებ, ამგვარი დავა უნდა მოგვარდეს წინამდებარე თავით გათვალისწინებული საარბიტრაჟო პროცედურის თანახმად, მათ შორის, რამდენადაც შესაძლებელია, თავდაპირველ საარბიტრაჟო ტრიბუნალთან მიმართვით, იმავე არბიტრების შემადგენლობით. თუ ეს შეუძლებელია, თავდაპირველი არბიტრების დანიშვნის წესის შესაბამისად უნდა მოხდეს შემცვლელი არბიტრების დანიშვნა და მათი აღჭურვა თავდაპირველი არბიტრების ყველა უფლებამოსილებითა და მოვალეობით.
  2. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის საკითხთან დაკავშირებით თავისი ანგარიში უნდა წარუდგინოს დავის მხარეებს მისთვის საკითხის გადაცემის თარიღიდან 60 დღის განმავლობაში. როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაადგენს, რომ მას არ შეუძლია თავისი ანგარიშის წარდგენა მოცემულ ვადაში, მან უნდა აცნობოს დავის მხარეებს წერილობითი ფორმით გადავადების მიზეზების შესახებ, იმ სავარაუდო პერიოდის მითითებით, რომლის განმავლობაშიც იგი წარმოადგენს ანგარიშს. ნებისმიერი გადავადება არ უნდა აღემატებოდეს მომდევნო 15 დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავის მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან.
  3. წინამდებარე მუხლისა და 16-1 დანართის (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცედურო წესები) დებულებები, რომლებიც ეხება საარბიტრაჟო ტრიბუნალის პროცედურებს, უნდა გამოიყენებოდეს mutatis mutandis წინამდებარე მუხლით განსაზღვრული საარბიტრაჟო საქმისწარმოებასთან მიმართებით.

მუხლი 15

კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერება

  1. თუ მე-14 მუხლის (შესაბამისობის განხილვა) თანახმად, საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაადგენს, რომ მოპასუხე მხარეს დადგენილ გონივრულ ვადაში ვერ მოჰყავს მე-12 მუხლის (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიშის განხორციელება) პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში ღონისძიებები, რომლებიც შეუსაბამო იყო წინამდებარე შეთანხმებასთან ან მოპასუხე მხარე, წერილობით გამოხატავს, რომ იგი არ მოიყვანს ღონისძიებას მე-12 მუხლის (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიშის განხორციელება) პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში, ამგვარმა მხარემ, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები მოთხოვნის წარმდგენ მხარესთან, რათა შეთანხმდნენ კომპენსაციის ორმხრივად მისაღებ ოდენობაზე. თუ დავის მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას კომპენსაციასთან დაკავშირებით ან არ მოხდება მსგავსი სახის მოთხოვნის წარდგენა გონივრული ვადის გასვლის თარიღიდან 20 დღის განმავლობაში, საჩივრის წარმდგენი მხარე უფლებამოსილია მოპასუხე მხარეს შეუჩეროს კონცესია ან სხვა ვალდებულებები. საჩივრის წარმდგენმა მხარემ უნდა აცნობოს მოპასუხე მხარეს, კონცესიის და სხვა ვალდებულებების შეჩერებამდე 30 დღით ადრე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერების დონესა და ფარგლებს.
  2. კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერების დონე უნდა იყოს  ანულირების ან გაუქმების დონის ეკვივალენტური. ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, კონცესიის ან სხვა ვალდებულების შეჩერება უნდა შეიზღუდოს წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მოპასუხე მხარის მიმართ ნაკისრი კონცესიითა და ვალდებულებებით.
  3. იმის გადაწყვეტისას, თუ რა კონცესია ან სხვა ვალდებულებები უნდა შეჩერდეს:
  1. საჩივრის წარმდგენმა მხარემ, პირველ რიგში, უნდა სცადოს შეაჩეროს კონცესია ან სხვა ვალდებულებები იმავე სექტორ(ებ)ში, რომელსაც ზიანი მიადგა ღონისძიებით, რომელიც საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მიიჩნია წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებთან შეუსაბამოდ ან რომელსაც ზიანი მიადგა მოპასუხე მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით, როგორც საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ იქნა განსაზღვრული; და
  2. თუ საჩივრის წარმდგენი მხარე მიიჩნევს, რომ  შეუძლებელია ან არაეფექტურია კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერება იმავე სექტორ(ებ)ში, იგი უფლებამოსილია შეაჩეროს კონცესია ან სხვა ვალდებულებები სხვა სექტორებში. შეტყობინება, სადაც იგი აცხადებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, უნდა მოიცავდეს მიზეზებს, რომელსაც ის ეფუძნება.
  1. მოპასუხე მხარის წერილობითი მოთხოვნისას, თავდაპირველმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა განსაზღვროს, კონცესიის ან სხვა ვალდებულებების დონე, რომელიც შეჩერდა ან უნდა შეჩერდეს საჩივრის წარმდგენი მხარის მიერ, არის თუ არა გადაჭარბებული, მე-2 პუნქტის თანახმად ან განსაზღვროს, წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპები იყო თუ არა დაცული. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ვერ დაკომპლექტდება თავისი თავდაპირველი წევრებით, იგი უნდა ჩამოყალიბდეს მე-7 მუხლით (საარბიტრაჟო ტრიბუნალის შემადგენლობა) განსაზღვრული პროცედურით.
  2. საარბიტრაჟო ტრიბუნალი წარმოადგენს თავის გადაწყვეტილებას მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნიდან 60 დღის განმავლობაში, ან თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ვერ დაკომპლექტდება თავისი თავდაპირველი წევრებით უკანასკნელი არბიტრის დანიშვნის თარიღიდან.
  3. საჩივრის წარმდგენმა მხარემ  არ უნდა შეაჩეროს კონცესიის ან სხვა ვალდებულებების გამოყენება წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
  4.  წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპენსაცია და ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვალდებულებების შეჩერება წარმოადგენს დროებით ღონისძიებებს. არც კომპენსაცია და არც ვალდებულებების შეჩერება არ უნდა წარმოადგენდეს პრიორიტეტულ ღონისძიებას მე-12 მუხლის (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიშის განხორციელება) პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასთან მიმართებით. ვალდებულებების შეჩერების ღონისძიება შესაძლებელია იყოს გამოყენებული მანამ სანამ არ მოხდება მე-12 მუხლის (საარბიტრაჟო ტრიბუნალის საბოლოო ანგარიშის განხორციელება) პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება ან ორმხრივად დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღება.

მუხლი 16

შეჩერების შემდგომი პერიოდი

  1. მე-15 მუხლით (კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერება) გათვალისწინებული პროცედურების შეუზღუდავად, თუ მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მან აღმოფხვრა შეუსაბამობა, რომელიც საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა ან შეასრულა წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, იგი უფლებამოსილია წერილობითი შეტყობინება გადასცეს საჩივრის წარმდგენ მხარეს, აღწერასთან ერთად, თუ როგორ აღმოფხვრა შეუსაბამობა ან თუ როგორ შეასრულა წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის წარმდგენი მხარე არ ეთანხმება აღნიშნულს, მას შეუძლია საკითხი გადაუგზავნოს თავდაპირველ საარბიტრაჟო ტრიბუნალს აღნიშნული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 45 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივრის წარმდგენმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერება.
  2. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა გამოსცეს თავისი ანგარიში წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საჩივრის წარმდგენი მხარის მიერ საკითხის გადაცემიდან 60 დღის განმავლობაში. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაასკვნის, რომ მოპასუხე მხარემ აღმოფხვრა შეუსაბამობა ან შეასრულა წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კონცესიის ან სხვა ვალდებულებების შეჩერება.

მუხლი 17

კერძო პირთა უფლებები

არცერთი მხარე არ უნდა ითვალისწინებდეს თავიანთი შიდა კანონმდებლობის თანახმად მოქმედების უფლებას, მათ შორის, თავიანთ შესაბამის ეროვნულ სასამართლოებში საქმის აღძვრას მეორე მხარის წინააღმდეგ, იმ საფუძვლით, რომ მეორე მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები შეუსაბამოა წინამდებარე შეთანხმებასთან.

 

თავი 16-ის (დავების მოგვარება) დანართების ჩამონათვალი

დანართი 16-1

საარბიტრაჟო ტრიბუნალის საპროცედურო წესები

 

თავი 17

ზოგადი დებულებანი და გამონაკლისები

მუხლი 1

ინფორმაციის გამჟღავნება და კონფიდენციალობა

  1. ამ შეთანხმების დებულებებით მხარეს არ მოეთხოვება, წარადგინოს ან დაუშვას ხელმისაწვდომობა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, რომელიც შიდა კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია კონფიდენციალურ ინფორმაციად  ან რომლის გამჟღავნება ხელს შეუშლიდა კანონის აღსრულებას ან სხვაგვარად დაუპირისპირდებოდა საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შელახავდა გარკვეული საჯარო თუ კერძო დაწესებულებების კანონიერ კომერციულ ინტერესებს.
  2. თუ ამ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუ მხარე ამ შეთანხმების შესაბამისად  გადასცემს ინფორმაციას მეორე მხარეს და განსაზღვრავს ამ ინფორმაციას, როგორც კონფიდენციალურს, მეორე მხარემ უნდა შეინარჩუნოს ინფორმაციის კონფიდენციალობა.

მუხლი 2

ზოგადი გამონაკლისები

  1. მე-2 (საქონლით ვაჭრობა), მე-3 (წარმოშობის წესები), მე-4 (საბაჟო პროცედურები და ვაჭრობის ხელშეწყობა), მე-5 (ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში), მე-6 (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები), მე-7  (ვაჭრობაში დაცვითი ზომები) თავების და აღნიშნული თავების დანართების მიზნებისთვის, GATT 1994-ის XX მუხლი, მათ შორის მისი განმარტებითი შენიშვნები, ინკორპორირებულია და წარმოადგენს  ამ შეთანხმების ნაწილს, mutatis mutandis.
  2. მე-8 თავის (მომსახურებით ვაჭრობა) და მე-10 (დაფუძნება) თავის და აღნიშნული თავების დანართების მიზნებისთვის, GATS-ის XIV მუხლი, მათი სქოლიოების ჩათვლით, ინკორპორირებულია და წარმოადგენს ამ შეთანხმების ნაწილს, mutatis mutandis. 

მუხლი 3

უსაფრთხოების მიზნით დაშვებული გამონაკლისები

აღნიშნული შეთანხმების მიზნებისთვის, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გამონაკლისების გათვალისწინებით GATT 1994-ის XXI მუხლი და GATS-ის XIV bis მუხლი ინკორპორირებულია და წარმოადგენს ამ შეთანხმების ნაწილს, mutatis mutandis.

მუხლი 4

დაბეგვრა

წინამდებარე შეთანხმება ზიანს არ აყენებს გადასახადებთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო შეთანხმებების ინტერპრეტაციას ან გამოყენებას, რომელთა მხარეებსაც მხარეები წარმოადგენენ.

მუხლი 5

შეთანხმების გადახედვა

მხარეები განახორციელებენ შეთანხმების ზოგად გადახედვას მისი ამოცანების შემდგომი შესრულების მიზნით ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის მანძილზე და შემდგომ მინიმუმ ხუთ წელში ერთხელ, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ. გადახედვა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ლიბერალიზაციის გაღრმავების და ბაზარზე დაშვების შემდგომი გაფართოების განხილვით.

მუხლი 6

საგადამხდელო ბალანსის უზრუნველყოფის ზომები

  1. მხარეები შეეცდებიან თავიდან აიცილონ შეზღუდვების დაწესება საგადამხდელო ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად.
  2. როდესაც მხარეს გააჩნია სერიოზული საგადასახდელო ბალანსის და გარეფინანსური სირთულეების მდგომარეობა ან დგას ამგვარი საშიშროების წინაშე, მას შეუძლია:
  1. საქონლით ვაჭრობის შემთხვევაში, GATT 1994-ის და WTO-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული 1994 წლის ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების საგადამხდელო ბალანსის დებულებების განმარტების შესაბამისად, მიიღოს ან შეინარჩუნოს შემზღუდველი საიმპორტო ზომები;
  2. მომსახურებით ვაჭრობის შემთხვევაში, მიიღოს ან შეინარჩუნოს შეზღუდვები მომსახურებით ვაჭრობაზე, რაზეც  აღებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის, გადასახადებსა და ტრანსფერებზე იმ გარიგებებთან მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულია ასეთ ვალდებულებებთან; და
  3. მე-10 თავის (დაფუძნება) ქვეშ დაფუძნების შემთხვევაში, GATS-ის XII მუხლის 1 და 3 პუნქტების შესაბამისად, მიიღოს ან შეინარჩუნოს საგადამხდელო ბალანსის უზრუნველყოფის შეზღუდვები. 
  1. მეორე პუნქტის “b” ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული ან შენარჩუნებული შეზღუდვები:
  1. უნდა შეესაბამებოდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სადამფუძნებლო შეთანხმებას;
  2. არ უნდა უშვებდნენ მეორე მხარის კომერციული, ფინანსური და ეკონომიკური ინტერესების ზედმეტად დაზიანებას;
  3. არ უნდა აღემატებოდნენ იმ საჭიროებებს, რაც აუცილებელია გარემოებებთან გასამკლავებლად, როგორც აღწერილია მე-2 პუნქტში;
  4. უნდა იყოს დროებითი და მათი დასრულება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, როგორც კი გაუმჯობესდება სიტუაცია, მითითებული მე-2 პუნქტში; და
  5. უნდა იქნენ გამოყენებული არადისკრიმინაციულ საფუძველზე ისეთნაირად, რომ მეორე მხარეზე, არ გავრცელდეს ნაკლებად ხელსაყრელი მოპყრობა ვიდრე სხვა არახელშემკვრელ მხარეზე. 
  1. მე-2 პუნქტის თანახმად მიღებული ან შენარჩუნებული ზომების მოქმედების სფეროს განსაზღვრისას მხარეს შეუძლია პრიორიტეტი მიანიჭოს ეკონომიკურ სექტორებს, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური განვითარებისთვის. თუმცა, ასეთი შეზღუდვები არ უნდა იქნეს მიღებული ან შენარჩუნებული კონკრეტული სექტორის დაცვის მიზნით.
  2. ნებისმიერი შეზღუდვა, მიღებული ან შენარჩუნებული მხარის მიერ მე-2 პუნქტის თანახმად, ან მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ეცნობება მეორე მხარეს ამგვარი ზომების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში.
  3. მხარემ, რომელიც ღებულობს ან ინარჩუნებს რაიმე შეზღუდვას მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების თარიღიდან 45 დღის განმავლობაში უნდა დაიწყოს კონსულტაციები მეორე მხარესთან, რათა გადაიხედოს მის მიერ მიღებული და შენარჩუნებული შეზღუდვები.

 

თავი 18

დასკვნითი დებულებები

მუხლი 1

 დანართები

წინამდებარე შეთანხმების დანართები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. 

მუხლი 2

 ძალაში შესვლა

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30-ე  დღეს.

მუხლი 3

 ცვლილებები

  1. მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებების შეტანა. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი პროცედურების შესაბამისად.
  2. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების ან იმ ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმების დებულებებში რაიმე ცვლილების შეტანის შემთხვევაში, რომლებიც ინკორპორირებულია წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეები მოითათბირებენ მოახდინონ თუ არა წინამდებარე შეთანხმებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა, თუ წინამდებარე შეთანხმება არ ადგენს სხვაგვარად. 

მუხლი 4

მოქმედების შეწყვეტა

  1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება მანამდე, სანამ რომელიმე მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან  180  დღის შემდეგ.
  2. პირველ პარაგრაფში მოცემული შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში, რომელიმე მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა, რათა გადაწყდეს, შეწყდეს თუ არა წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი დებულების მოქმედება უფრო გვიან, ვიდრე ეს განსაზღვრულია პირველი პარაგრაფით. ამგვარი კონსულტაციები დაიწყება მოთხოვნის მეორე მხარისთვის გადაცემიდან 30 დღის განმავლობაში და დასრულდება დებულების მოქმედების შეწყვეტამდე პირველი პარაგრაფით დადგენილი წესის შესაბამისად.  

 

ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერნი, რომელთაც შესაბამისი მთავრობების მიერ მინიჭებული აქვთ სათანადო უფლებამოსილება, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია 2018 წლის 28 ივნისს ჰონგ კონგში ორ ეგზემპლარად ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის მთავრობის სახელით

გენადი არველაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

ედვარდ იუა თან-ვა

კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი

 

 

 


1 TBT შეთანხმების პირველ დანართში მოცემული ტექნიკური რეგლამენტის განსაზღვრების შესაბამისად, სავალდებულო სტანდარტები ასევე ჯდება ტექნიკური რეგლამენტების ფარგლებში.

 

2 თუ მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება პირდაპირ იურიდიული პირის მიერ, არამედ კომერციული წარმომადგენლობის სხვა ფორმების საშუალებით, როგორებიცაა ფილიალი ან წარმომადგენლობა, მომსახურების მიმწოდებელი (ანუ იურიდიული პირი), მიუხედავად ამგვარი კომერციული წარმომადგენლობისა, იღებს სხვა მომსახურების მიმწოდებლისთვის ამ თავით გათვალისწინებულ მოპყრობის რეჟიმს. ამგვარი რეჟიმი ვრცელდება კომერციულ წარმომადგენლობაზე, რომლის საშუალებითაც ხდება მომსახურების მიწოდება და არ არის აუცილებელი გავრცელდეს მომსახურების მიმწოდებლის სხვა ნებისმიერ ნაწილზე მხარის სივრცის ფარგლებს გარეთ, სადაც ხორციელდება მომსახურების მიწოდება.   

3 ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციფიკური ვალდებულებები არ უნდა განიმარტოს ისე, რომ მხარეს მოეთხოვოს შესაბამისი მომსახურების ან მომსახურების მომწოდებლების უცხოური ხასიათიდან გამომდინარე კონკურენტული ზიანის ანაზღაურება.

4 თუ მხარე იღებს ბაზარზე დაშვების ვალდებულებას მომსახურების მიწოდებასთან მიმართებით მუხლი 1-ის (განმარტებები) (r)(i) ქვეპუნქტში მითითებული მიწოდების რეჟიმის საშუალებით და თუ კაპიტალის ტრანსსასაზღვრო მოძრაობა არის თავად მომსახურების არსებითი ნაწილი, მაშინ ეს მხარე ამ შეთანხმების შესაბამისად, ვალდებულია დაუშვას კაპიტალის მოძრაობა. თუ მხარე იღებს ბაზარზე დაშვების ვალდებულებას მომსახურების მიწოდებასთან მიმართებით მუხლი 1-ის (განმარტებები) (r)(iii) ქვეპუნქტში მითითებული მიწოდების რეჟიმის საშუალებით, მაშინ ეს მხარე, ამ შეთანხმების შესაბამისად, ვალდებულია დაუშვას მის სივრცეში კაპიტალის შესაბამისი მოძრაობა.

5 2(c) ქვეპუნქტი არ ვრცელდება მხარის ზომებზე, რომლებიც ზღუდავს წარმოების ხარჯებს მომსახურების მიწოდებისთვის.

6 ტერმინი „შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები“ ეხება საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომელთა წევრობაც ღიაა ამ შეთანხმების მხარეების შესაბამისი ორგანოებისათვის.

7 მიიჩნევა, რომ არაფერი ამ თავში არ უნდა იყოს აღქმული იმგვარად, რომ დააწესოს რაიმე ვალდებულება ინვესტიციების დაცვის  საკითხებზე, როგორიცაა: ექსპროპრიაციისგან დაცვა, სრული დაცვა და უსაფრთხოება და ინვესტიციების დაცვის სხვა საკითხები.

8 მიიჩნევა, რომ მე-8 თავის (მომსახურებით ვაჭრობა) მოქმედების სფეროდან სპეციალურად ამოღებული მომსახურების სახეები არ ხვდება ამ თავის მოქმედების სფეროში.

9 მიიჩნევა, რომ ინვესტიციების დაცვის შეთანხმებებში, რომლის მხარეებიც არიან ჰონგ კონგი, ჩინეთი და საქართველო, დავების მოგვარების არცერთი მექანიზმი არ არის გამოყენებადი ამ თავის სავარაუდო დარღვევების მიმართ.

10 ქართული მხარე თანახმაა მიაწოდოს ჰონგკონგ, ჩინეთის მხარეს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში არსებული ან ახალი კანონმდებლობის ან მისი ცვლილების ინგლისური თარგმანი. ხოლო ჰონგკონგ, ჩინეთი თანახმაა, რომ ქართულ მხარეს, ინგლისურ ენაზე, მიაწოდოს არსებული ან ახალი კანონმდებლობა ან მისი ცვლილება სასერტიფიკაციო ნიშნის  და კოლექტიური ნიშნის შესახებ ამ თავის მე-19 მუხლის (კომუნიკაცია) შესაბამისად, მას მერე, რაც ძალაში შევა ასეთი კანონი ან მისი ცვლილება.