„პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 დამტკიცებულ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 დამტკიცებულ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016882
382
15/02/2019
ვებგვერდი, 18/02/2019
010130000.22.027.016882
„პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 დამტკიცებულ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №382

2019 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.10.2011წ., სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების თანდართული წესი.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ;

ბ)  მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ზოგიერთი რეკვიზიტის შევსების/დატანის თავისებურებანი

1. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ზოგიერთი რეკვიზიტი შეივსება/დაიტანება შემდეგი წესით:

ა) სახელი/გვარი – პირადობის ნეიტრალური მოწმობის პირველად გაცემის შემთხვევაში, სახელი/გვარი იწერება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ხოლო პირადობის ნეიტრალური მოწმობის შეცვლის შემთხვევაში – სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული შესაბამისი მონაცემების მიხედვით. თუ ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი აფხაზურ ან ოსურ ენასთან ერთად შედგენილია სხვა ენაზე, სახელი/გვარი იწერება ერთ-ერთი ენიდან შესრულებული ქართულენოვანი თარგმანის შესაბამისად, დაინტერესებული პირის არჩევანის გათვალისწინებით, ხოლო ასეთი არჩევანის არარსებობისას – აფხაზური ან ოსური ენიდან შესრულებული ქართულენოვანი თარგმანის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ პირს ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში არ უწერია გვარი და არ არსებობს სხვა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გვარის დადგენა, გვარის ნაცვლად შესაბამის გრაფაში იწერება – ტირე;

ბ) პირადი ნომრის მინიჭებისას გამოიყენება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლი;

გ) დაბადების თარიღი/მოქმედების ვადა – რიცხვი, თვე და წელი ამ თანამიმდევრობით იბეჭდება ერთმანეთისაგან წერტილებით გამოყოფილი ციფრობრივი გამოსახულების სახით. ამასთან, ათ რიცხვამდე და მეათე თვემდე თარიღებს წინ ემატება ნული;

დ) გაცემის თარიღი – გაცემის თარიღად ითვლება პირადობის ნეიტრალური მოწმობის დამზადების დღე. გაცემის თარიღი იბეჭდება დაბადების თარიღის/მოქმედების ვადის ანალოგიურად;

ე) დაბადების ადგილი – ჩაიწერება ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება. საზღვარგარეთ დაბადებული პირის შემთხვევაში დაბადების ადგილად ჩაიწერება ქვეყნის დასახელება. თუ ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ან/და სხვა დოკუმენტით ვერ დგინდება პირის დაბადების ადგილი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემისას დაბადების ადგილის გრაფაში იწერება „უცნობია“;

ვ) პირადობის ნეიტრალურ მოწმობაში მისი მფლობელის მისამართი ჩაიწერება განცხადებაში მითითებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე. მისამართად აღინიშნება ქალაქი, მუნიციპალიტეტი, დაბა, სოფელი. დასაშვებია ზოგიერთი ჩანაწერის შემოკლება. სოფელი – „ს.“, დაბა – „დ.“ და სხვ. ქალაქის დასახელებისას წინსართი „ქალაქი“ ან მისი შემოკლებული მინიშნება „ქ.“ არ გამოიყენება.

ზ) ბეჭედი – ბეჭედი შესაძლოა იყოს ელექტრონული ფორმითაც და მისი დატანა განხორციელდეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.

2. პირის სრულყოფილად იდენტიფიცირების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მოწმობის რეკვიზიტების შევსებისას/დატანისას, „უცნობია“ ან ტირე შესაძლებელია მიეთითოს მხოლოდ ერთი რეკვიზიტის გრაფაში.“;

გ) მე-2 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

 

„თავი II1

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, პირადი ნომრის მინიჭების წესი

მუხლი 141. რეგისტრაციის შესაძლებლობა და სუბიექტები

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი უფლებამოსილია გაიაროს რეგისტრაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის უფლება არა აქვს პირს, რომელზეც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან თუ იგი უკვე რეგისტრირებულია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. რეგისტრაციის უფლების მქონე პირი უფლებამოსილია ამ ბრძანების მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც მას რეგისტრაციაში გაატარებს და მიანიჭებს პირად ნომერს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია არ წარმოშობს პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ვალდებულებას.

მუხლი 142. რეგისტრაციის ადგილი

1. პირის რეგისტრაცია ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ტერიტორიაზე, უფლებამოსილი პირის განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

2. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო ან მხარდაჭერის მიმღები პირის მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო ან მხარდაჭერის მიმღები პირის ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო ან მხარდაჭერის მიმღები პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია დასაშვებია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წერილობითი ფორმით გამოხატული თანხმობით.

3. პირს პირადი ნომერი მიენიჭება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული, ვრცელდება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 111 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი.

მუხლი 143. რეგისტრაციის ვადები

სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პირს რეგისტრაციაში ატარებს ამ წესით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 144. განცხადების განხილვა

ამ თავით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, დაინტერესებული პირის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, განცხადების წარდგენის, განცხადების განხილვის, წარსადგენი დოკუმენტებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გამოიყენება ამ წესის II თავით დადგენილი ნორმები.“;

დ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) პირადობის ნეიტრალური მოწმობის რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“-ს ან/და ტირეს მითითებას საჭიროებს ერთზე მეტი რეკვიზიტის გრაფა.“;

ე) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირზე არ არის გაცემული პირადობის ნეიტრალური მოწმობა, შესაბამისმა პირმა მასზე ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის რეგისტრაცია უნდა გაიაროს ამ წესის II1 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტების შევსებისას/დატანისას გამოიყენება ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი თავისებურებები.“;

ვ) მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ)  22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“-ს ან/და ტირეს მითითებას საჭიროებს ერთზე მეტი რეკვიზიტის გრაფა.“;

თ) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლინდა პირისათვის  ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შემდეგ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი