ვანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016355
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
127
28/12/2018
ვებგვერდი, 31/12/2018
010250020.35.121.016355
ვანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2018 - 31/01/2019)

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №127

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა“ (დანართი N 1).
მუხლი 2
დამტკიცდეს „სარიტუალო დახმარების პროგრამა“ (დანართი №2).
მუხლი 3
დამტკიცდეს „ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა“ (დანართი №3).
მუხლი 4
დამტკიცდეს „სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამა“ (დანართი №4).
მუხლი 5
დამტკიცდეს „სამედიცინო  დახმარების პროგრამა“ (დანართი №5).
მუხლი 6
დამტკიცდეს „დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულთა დახმარების პროგრამა“ (დანართი №6).
მუხლი 7
დამტკიცდეს „საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებისა და საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, სოციალურად დაუცველ ვეტერანთა დახმარების პროგრამა“ (დანართი №7).
მუხლი 8
დამტკიცდეს „ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების დახმარების პროგრამა“ (დანართი №8).
მუხლი 9
დამტკიცდეს „დღეგრძელთა (100  და   მეტი წლის)  დახმარების პროგრამა“ (დანართი №9).
მუხლი 10
დამტკიცდეს „მეორე მსოფლიო ომის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის   სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებისა და 9 აპრილს დაზარალებულთა დახმარების პროგრამა“ (დანართი N 10).
მუხლი 11
დამტკიცდეს „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა“ (დანართი №11).
მუხლი 12
დამტკიცდეს „მარჩენალგარდაცვლილ პირთა დახმარების პროგრამა“ (დანართი №12).
მუხლი 13
დამტკიცდეს „სტუდენტთა დახმარების პროგრამა“ (დანართი №13).
მუხლი 14
დამტკიცდეს „მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების პროგრამა“ (დანართი №14).
მუხლი 15
დამტკიცდეს „ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა“ (დანართი №15).
მუხლი 16
დამტკიცდეს „უსახლკაროთა დახმარების პროგრამა“ (დანართი №16).
მუხლი 17
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი



დანართი 1
მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა  

1.  პროგრამის დაფინანსების წყარო:

ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2.  პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალურ საკითხთა   სამსახური.

3.  პროგრამის მიზანი:

 მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოთი მომსახურება.

4.  განსახორციელებული ღონისძიებები:

მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, შესაბამისი მოკვლევის საფუძველზე დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის განსაზღვრა, ბენეფიციარის სტატუსის მინიჭება და უფასო სასადილოთი მომსახურება.

5.  დამატებითი ინფორმაცია:

ა) დახმარებით (უფასო სასადილო) ისარგებლებენ ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები (რეგისტრირებული) პირები;

ბ)  დახმარება პროგრამაში ჩართულ ყოველ ბენეფიციარზე გაიცემა დღეში ერთჯერადი კვების სახით, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მენიუს შესაბამისად;

გ) პროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური ასიგნებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში შესაძლებელია ბენეფიციარებზე საჩუქრად გაიცეს საკვები პროდუქტები;

დ)  დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობა (მოწმობები), ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია/შუამდგომლობა და მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი მოკვლევისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. 

6.  მოსალოდნელი შედეგი:

მზრუნველობამოკლებულთა  მატერიალური და მორალური თანადგომა.

7.  შეფასების კრიტერიუმიები:

დახმარებით მოსარგებლე ბენეფიციართა გაუმჯობესებული სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა.


დანართი 2
სარიტუალო დახმარების პროგრამა

                                                                                                                                   


1. პროგრამის დაფინანსების წყარო:

ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2.  პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის  და სოციალურ საკითხთა სამსახური.

3.  პროგრამის  მიზანი:

ა) სოციალურად დაუცველ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა;

ბ) ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილე გარდაცვლილთა ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა;

გ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ და „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შედეგად გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით დელეგირებული ვალდებულებების ფარგლებში, გარდაცვლილი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა.

დ) გარდაცვლილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების  ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა.

4.  განსახორციელებელი ღონისძიებები:

ა) სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 1-70000-ის ჩათვლით, ხოლო არასრულწლოვან გარდაცვლილზე 1-100000-ის ჩათვლით) გარდაცვლილის  დასაფლავების ხარჯების  გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ბ) გარდაცვლილი ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილის დასაფლავების ხარჯების გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ)  გარდაცვლილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის ოჯახის წევრზე ან დასაფლავების ხარჯების გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

დ) გარდაცვლილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების დაკრძალვის ხარჯების გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

5.  დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:

გარდაცვლილი, გარდაცვალებამდე ბოლო 180 (ასოთხმოცი) დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

6.  დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები:

 ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში,  წარმოდგენილი უნდა იქნეს: გარდაცვალების ცნობა, დასაფლავების ხარჯების გაწევის დამადასტურებელი ცნობა, დახმარების მიმღები პირის პირადობის მოწმობა (ასლი), საბანკო რეკვიზიტი, გარდაცვლილის პირადობის მოწმობა (ასლი), გარდაცვლილის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან.

ბ) ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: გარდაცვალების ცნობა, დასაფლავების ხარჯების გაწევის დამადასტურებელი ცნობა, დახმარების მიმღები პირის პირადობის მოწმობა  (ასლი), საბანკო რეკვიზიტი, გარდაცვლილის პირადობის მოწმობა (ასლი),  დამადასტურებელი მოწმობა, რომ გარდაცვლილი იყო ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილე.

გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: გარდაცვალების ცნობა (ასლი), დასაფლავების ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ცნობა, დახმარების მიმღები პირის პირადობის მოწმობა (ასლი), საბანკო რეკვიზიტი, გარდაცვლილის პირადობის მოწმობა (ასლი), ვეტერანობის მოწმობა (ასლი) ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (ასლი). იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, საჭიროების მიხედვით, ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან (ოჯახის სარეიტინგო ქულა).

დ) საჭიროების შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.                               

5.  მოსალოდნელი შედეგი:

 გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება.

6.  შეფასების კრიტერიუმი:

გარდაცვლილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის   გაუმჯობესება.


დანართი 3
ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა

 


1. პროგრამის დაფინანსების წყარო:

   ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა  სამსახური.

3. პროგრამის მიზანი:

ახალშობილთა ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა და დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების სტიმულირება.

4. განსახორციელებელი ღონისძიებები:

მოქალაქეთა განცხადებების, თანდართული დოკუმენტების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და ბენეფიციარებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა შემდეგი ოდენობით:

  ა) პირველ შვილზე 300 (სამასი) ლარი, მეორე შვილზე 350 (სამასორმოცდაათი) ლარი, მესამე შვილზე 400 (ოთხასი) ლარი, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე 500 (ხუთასი) ლარი;

  ბ) ტყუპების შემთხვევაში, თითოეულ ბავშვზე 500 (ხუთასი) ლარი;

გ) თუ ახალშობილის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 1-დან 70000-მდეა, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დახმარების ოდენობა გაიზრდება 20 (ოცი) %-ით.

5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:

ა) სავალდებულოა ახალშობილის  მამა (მამის გარდაცვალების ან არყოფნის შემთხვევაში - დედა) ახალშობილის დაბადებამდე არაუგვიანეს 180-ე დღიდან განცხადების შემოტანამდე უწყვეტად  იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტში;

ბ) სავალდებულოა ახალშობილი განცხადების შემოტანის მომენტში რეგისტრირებული იყოს ვანის მუნიციპალიტეტში;

6. დამატებითი ინფორმაცია:

ა)  დახმარება მიეცემა ახალშობილის დედას  ან მამას. დედის და მამის მიერ დახმარების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, დახმარება მიეცემა ერთ-ერთი მათგანის მიერ უფლებამოსილ პირს ან ახალშობილის ოჯახის კანონიერ წარმომადგენელს;

ბ)  დახმარება გაიცემა ახალშობილის ოჯახზე ერთჯერადად, ბავშვის ერთი წლის ასაკის შესრულებამდე;

გ) დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლების („ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - დახმარების მიმღები პირის) პირადობის მოწმობა, საბანკო რეკვიზიტი. სამსახურს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

7. მოსალოდნელი შედეგი:

ახალშობილთა ოჯახების მატერიალური და მორალური თანადგომა.

8. შეფასების კრიტერიუმი: 

დემოგრაფიული პროცესების გაუმჯობესების მაჩვენებელი.


                                                             დანართი 4
სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამა

1. დაფინანსების წყარო:

ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2.   პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.

3. პროგრამის მიზანი:

პროგრამა ითვალისწინებს ფულადი დახმარების გაწევას დაზარალებული ოჯახებისთვის, რომელთაც ხანძრის შედეგად დაეწვათ საცხოვრებელი სახლი ან სტიქიური მოვლენების შედეგად (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათა ცვენა, წყალდიდობა, ძლიერი ქარი) დაზარალდნენ.

4. დახმარებით ისარგებლებენ ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ის ოჯახები (პირები), რომლებსაც დაუზიანდათ ერთადერთი საცხოვრებელი სახლი (ბინა), სადაც ცხოვრობდნენ და სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ.

5. ხანძრის შედეგად  დაზარალებულმა უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ვანის სახანძრო სამაშველო განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა/შუამდგომლობა და საბანკო რეკვიზიტი.

6. სტიქიის შედეგად დაზარალებულმა უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა/შუამდგომლობა და საბანკო რეკვიზიტი.

7. საჭიროების შემთხვევაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

8. ფინანსური დახმარება დაზარალებულს მიეცემა ერთჯერადად. დახმარების ოდენობა განისაზღვრება ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახზე არაუმეტეს 3000 (სამიათასი) ლარის, ხოლო სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით. დახმარების ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 13 მარტის N 20 370 ბრძანებით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგების შემსწავლელი და შენობა-ნაგებობების დეფექტური აქტების შემდგენი მუდმივმოქმედი კომისია.

9.   მოსალოდნელი შედეგები:

ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მატერიალური თანადგომა.

10.  შეფასების კრიტერიუმი:

პროგრამით მოსარგებლე ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.


დანართი 5
სამედიცინო  დახმარების პროგრამა

1. პროგრამის დაფინანსების წყარო: 

ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.

3. პროგრამის მიზანი:

ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება.

4. განსახორციელებელი ღონისძიებები:

 წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა, დახმარების ოდენობის განსაზღვრა, საგარანტიო წერილების გაცემა, გაწეული მომსახურების ღირებულებების ანაზღაურება.        

5. დახმარების მიმღებები:

ა) დახმარებით ისარგებლებენ ვანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ის პირები, რომლებიც დაფინანსების მოთხოვნის მომენტში რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 1-დან 100000-ის ჩათვლით.

ბ) ვანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ის პირები, რომლებიც დაფინანსების მოთხოვნის მომენტში რეგისტრირებულნი არ არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ან მინიჭებული აქვთ 100000 - ზე მეტი სარეიტინგო ქულა, პროგრამით გათვალისწინებული დახმარებით ისარგებლებენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე.

6.  6. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა დახმარების მთხოვნელმა  განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან, ანგარიშ-ფაქტურა, ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან.

 ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა დახმარების მთხოვნელმა მერის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ანგარიშ-ფაქტურა, ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან.

 გ) სამსახურს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები.

7. დახმარების მოცულობის განსაზღვრა:

7.1  დახმარების მოცულობა განისაზღვრება პაციენტის კატეგორიის მიხედვით.

7.2  პირველ კატეგორიაში შედიან:

ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ   სარეიტინგო ქულა 1-დან 70000 -ის ჩათვლით;

ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 1-დან 100000-ის ჩათვლით;

გ) 18 წლამდე ასაკის შშმ პირები.

7.3  მეორე კატეგორიაში შედიან:

ა) ონკოლოგიური  (ავთვისებიანი სიმსივნე) დაავადების მქონე პირები;

ბ)  გულის დაავადებათა  მქონე პაციენტები;

გ) C ქრონიკული ჰეპატიტით და ღვიძლის ციროზით დაავადებული პირები.

7. მესამე კატეგორიაში შედის დახმარების მიმღები ყველა სხვა მოქალაქე.

7. პირველ კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს აუნაზღაურდებათ სამედიცინო დაწესებულებაში მათ მიერ გადასახდელი თანხის 100%, თუ გადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთას) ლარს. თუ გადასახდელი თანხის ოდენობა აღემატება 500 (ხუთას) ლარს, მოქალაქეს აუნაზღაურდება 500 (ხუთას) ლარს დამატებული 500 (ხუთას) ლარს ზევით არსებული თანხის 50 %, მაგრამ არაუმეტეს 750 (შვიდასორმოცდაათი) ლარისა. მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს წლის განმავლობაში არაერთჯერადად, ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ამოწურვამდე. ამ კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებზე არ ვრცელდება მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მათთვის ორსულობის, საკეისრო კვეთის ან ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 200 (ორასი) ლარით;

7. მეორე კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს, თუ ისინი გადიან მკურნალობის კურსს               

7.3 ქვეპუნქტით განსაზღვრული დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, აუნაზღაურდებათ სამედიცინო დაწესებულებაში მათ მიერ გადასახდელი თანხის 100%, თუ გადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთას) ლარს. თუ გადასახდელი თანხის ოდენობა აღემატება 500 (ხუთას) ლარს, მოქალაქეს აუნაზღაურდება 500 (ხუთას) ლარს დამატებული 500 (ხუთას) ლარს ზევით არსებული თანხის 50 %, მაგრამ არაუმეტეს 750 (შვიდასორმოცდაათი) ლარისა. მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს წლის განმავლობაში არაერთჯერადად, ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ამოწურვამდე. თუ მოქალაქეს ჭირდება სამედიცინო დაწესებულების მომსახურება 7.3 ქვეპუნქტში არშემავალი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, მათ დამატებით შეუძლიათ ერთჯერადად ისარგებლონ დაფინანსებით, მესამე კატეგორიის მოქალაქეებისთვის დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქის წლიური დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 750 (შვიდასორმოცდაათ) ლარს.

 7.7 მესამე კატეგორიის მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება პაციენტის გადასახდელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. ამ კატეგორიის მოქალაქეები პროგრამით ისარგებლებენ წელიწადში ერთხელ და მათთვის პროგრამა არ ითვალისწინებს 200 (ორას) ლარზე ნაკლები ღირებულების სამედიცინო მომსახურების თანხის დაფინანსებას.      

8. ანგარიშსწორების წესი:

ანგარიშსწორება განხორციელდება უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებებზე, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

9. პროგრამით არ დაფინანსდება:

ა) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;

ბ) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;

გ) კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული ესთეტიკური ქირურგიის ხარჯები;

დ) ორსულობა, საკეისრო კვეთა და ფიზიოლოგიური მშობიარობა;

ე) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედებით გამოწვეული და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა;

ვ) იმ პაციენტების მკურნალობა, რომელთა სამედიცინო მომსახურების საფასური გადახდილია.

10.   მოსალოდნელი შედეგი:

სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სიკვდილიანობის, დაავადებების შემცირება.

 11. შეფასების კრიტერიუმი:

პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფებისათვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის ზრდა.


დანართი 6
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულთა დახმარების პროგრამა

1. პროგრამის დაფინანსების წყარო:

ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.

3. პროგრამის მიზანი:

დიალიზის სახელმწიფო პროგრამაზე მყოფ მოქალაქეთა მგზავრობის ღირებულებისა (რაიონიდან სამედიცინო დაწესებულებამდე) და მკურნალობისათვის  აუცილებელი მედიკამენტების შესაძენად  ფინანსური დახმარება.

4. ანსახორციელებელი ღონისძიებები:

მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის განსაზღვრა, მგზავრობის ღირებულებისა და მკურნალობისათვის აუცილებელი მედიკამენტების შესაძებად  ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება.

 5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:

 სავალდებულოა ბენეფიციარი დაფინანსების მოთხოვნამდე ბოლო 180 დღის განმავლობაში და პროგრამით სარგებლობის მთელი პერიოდის მანძილზე უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

6. დამატებითი ინფორმაცია:

ა) პროგრამაში ჩასართავად დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №100  და საბანკო რეკვიზიტი.

ბ)  სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №100 ან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობის/მონაწილეობის  დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს ყოველთვიურად;

გ) სამსახურს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

7. მოსალოდნელი შედეგი:

 ბენეფიციარების მატერიალური და მორალური თანადგომა.

8. შეფასების კრიტერიუმი:

პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფებისათვის სამედიცინო მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის ზრდა, ბენეფიციარების სტიმულირება.


დანართი 7
საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებისა და საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, სოციალურად დაუცველ ვეტერანთა დახმარების პროგრამა

         


1. პროგრამის დაფინანსების წყარო:  

ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2.  პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.

3.  პროგრამის მიზანი:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებსა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების  გაწევა;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის  საბრძოლო მოქმედებებსა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე, სოციალურად დაუცველ (100000 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები) ვეტერანთათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების  გაწევა.

4.  განსახორციელებელი ღონისძიებები:

მოქალაქეთა განცხადებების, თანდართული დოკუმენტების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და ბენეფიციარებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა შემდეგი ოდენობით:

 ა)  დაღუპულ  მეომართა  ოჯახის წევრზე - 500  (ხუთასი) ლარი;

 ბ)  სოციალურად დაუცველ ვეტერანზე - 300 (სამასი) ლარი.

5.  დამატებითი ინფორმაცია:

ა) დახმარება გაიცემა დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრზე და საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, სოციალურად დაუცველ ვეტერანზე ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელზე;

 ბ) დაღუპული მეომარი (გარდაცვალების მომენტში) და დახმარების მიმღები პირი ბოლო   ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად,  რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ ვანის მუნიციპალიტეტში;

 გ) საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, სოციალურად დაუცველი ვეტერანი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტში;

დ)  დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

დ.ა) დაღუპული მეომარის ოჯახის წევრისგან, ვეტერანობის დამადასტურებელი  მოწმობა, გარდაცვალების ცნობა, დახმარების მიმღები პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რომ აღნიშნულ პიროვნებას დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია და საბანკო რეკვიზიტები;

დ.ბ) სოციალურად დაუცველი ვეტერანისგან, ვეტერანობის დამადასტურებელი  მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან (1 – 100000) და საბანკო რეკვიზიტები;

6.  მოსალოდნელი შედეგი:

დაღუპულ მეომართა ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი ვეტერანების მატერიალური და მორალური თანადგომა.

7.  შეფასების კრიტერიუმი:

დაღუპულ მეომართა ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი ვეტერანების ეკონომიური მდგომარეობის   გაუმჯობესება.


დანართი 8
    ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების დახმარების პროგრამა

1. დაფინანსების წყარო: 

ვანის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტი.

2. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ  საკითხთა სამსახური.

3.   პროგრამა ითვალისწინებს:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ), 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის   ერთჯერადად ფინანსური დახმარების გაწევას.

ბ) არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევებით (ფენილკეტონურია და სხვა ჰიპერფენილალანინემიები) დაავადებული, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ყოველთვიურად ფინანსური დახმარების გაწევას.

4.  პროგრამით ისარგებლებენ:

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბოლო ერთი წლის მანძილზე უწყვეტად რეგისტრირებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვები და არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევებით დაავადებული, 18 წლამდე ასაკის ბავშვები.

5. ბენეფიციარი განისაზღვრება განცხადების/მომართვის, შესაბამისი დოკუმენტაციის და მოკვლევის მასალების გათვალისწინებით:

 ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის მეურვემ უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, საბანკო რეკვიზიტი, ბენეფიციარის დაბადების მოწმობა და ცნობა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო სოციალური პაკეტის მიღების თაობაზე.                  

ბ) არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევებით დაავადებული ბავშვის მეურვემ უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, საბანკო რეკვიზიტი, ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა N100 და დაბადების მოწმობა.

6.  ფინანსური დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ), 18 წლამდე ასაკის ბავშვებს გაეწევათ საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევებით დაავადებულ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებს - ყოველთვიურად, 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 

7.   მოსალოდნელი შედეგები:

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვების და არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევებით დაავადებული, 18 წლამდე ასაკის ბავშვების მატერიალური და მორალური თანადგომა.

8.   შეფასების კრიტერიუმი:

შემცირებული სოციალური რისკები, შშმ სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვების და არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევებით დაავადებული, 18 წლამდე ასაკის  ბავშვების სტიმულირება.

 


დანართი 9
დღეგრძელთა (100  და   მეტი წლის)  დახმარების პროგრამა

1. პროგრამის დაფინანსების წყარო:

ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.

3. პროგრამის მიზანი:

 ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  ყველა დღეგრძელისთვის (100 და მეტი  წლის ხანდაზმულთათვის)  ერთჯერადი ფინანსური  დახმარების გაწევა.

4. განსახორციელებელი ღონისძიებები:

 მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის განსაზღვრა და ბენეფიციართათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:

   სავალდებულოა ბენეფიციარი დაფინანსების მოთხოვნამდე ერთი წლის განმავლობაში  უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

6. დამატებითი ინფორმაცია:

ა) დახმარების მოთხოვნის უფლება აქვს ბენეფიციარს ან მისი ოჯახის წევრსა (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მის მეურვეს).

ბ) დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ბენეფიციარის და მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საბანკო რეკვიზიტი. სამსახურს  საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

7. მოსალოდნელი შედეგი:

   ხანდაზმულთა მატერიალური და მორალური თანადგომა

8. შეფასების კრიტერიუმი:

დახმარების მოსარგებლე ბენეფიციართა სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.


დანართი 10
მეორე მსოფლიო ომის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის   სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებისა და 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულთა დახმარების პროგრამა                                                                                                                    

1. პროგრამის დაფინანსების წყარო:

ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2.  პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალურ საკითხთა სამსახური.

 3.  პროგრამის მიზანი:

ა) 9 მაისისთვის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის ერთჯერადი  ფინანსური დახმარების   გაწევა;

ბ) 26 აპრილისთვის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა;

გ)  1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა.

4.  განსახორციელებელი ღონისძიებები:

მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის განსაზღვრა და ბენეფიციართათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა შემდეგი ოდენობით:

 ა)  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის 500 (ხუთასი) ლარი;

 ბ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებისათვის 300 (სამასი) ლარი.

 გ) 1989 წლის  9 აპრილს დაზარალებულთათვის 500 (ხუთასი) ლარი.

5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:

სავალდებულოა ბენეფიციარი დაფინანსების მოთხოვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.                   

6. დამატებითი ინფორმაცია:

ა) დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ ბენეფიციარს, მისი ოჯახის წევრს ან მეურვეს;

 ბ) დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს   II მსოფლიო ომის ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობა, ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილის დამადასტურებელი საბუთი ან 1989 წლის 9 აპრილის აქციაში დაზარალებულის დამადასტურებელი საბუთი, ბენეფიციარის და დახმარების მიმღები პირის პირადობის მოწმობა და საბანკო რეკვიზიტი. სამსახურს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

 7. მოსალოდნელი შედეგი:

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, ჩერნობილის ატომური ელ. სადგურის ავარიის  სალიკვიდაციო სამუშაოების და 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეებისათვის მატერიალური და მორალური თანადგომა,  მათი ღვაწლის დაფასება.

 8.  შეფასების კრიტერიუმი:   

პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა სოციალური და ეკონომიური  მდგომარეობის   გაუმჯობესება.


დანართი 11
მრავალშვილიანი   ოჯახების დახმარების პროგრამა

1. დაფინანსების წყარო: 

ვანის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტი.

2.   2. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.

3. პროგრამის მიზანი:

პროგრამა ითვალისწინებს იმ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ერთჯერადი ფინანსურ დახმარების გაწევას, რომელთაც  ჰყავთ ოთხი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი.

4. განსახორციელებელი ღონისძიებები:

მოქალაქეთა განცხადებების, თანდართული დოკუმენტების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და ბენეფიციარებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა თითოეულ არასრულწლოვან  შვილზე 100  (ასი) ლარის ოდენობით.

5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:

სავალდებულოა არასრულწლოვანთა მამა (მამის გარდაცვალების ან არყოფნის შემთხვევაში - დედა) და არასრულწლოვანი შვილები, დახმარების მოთხოვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში (ახალშობილის შემთხვევაში, დაბადების მომენტიდან დახმარების მოთხოვნამდე), უწყვეტად იყვნენ რეგისტრირებულნი  ვანის მუნიციპალიტეტში.

6. დამატებითი ინფორმაცია:

ა) დახმარება მიეცემა არასრულწლოვანთა დედას  ან მამას. დედის და მამის მიერ დახმარების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, დახმარება მიეცემა ერთ-ერთი მათგანის მიერ უფლებამოსილ პირს ან არასრულწლოვანთა ოჯახის კანონიერ წარმომადგენელს;

ბ) დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, მშობლების („ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - დახმარების მიმღები პირის) პირადობის მოწმობა, საბანკო რეკვიზიტი.

გ) სამსახურს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

7. მოსალოდნელი შედეგი:

 მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური და მორალური თანადგომა.

8. შეფასების კრიტერიუმი: 

მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მაჩვენებელი.


დანართი 12
მარჩენალგარდაცვლილ პირთა დახმარების პროგრამა  

1. დაფინანსების წყარო: 

ვანის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტი.

2.  პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.

3.  პროგრამის მიზანი:

    ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ და პროგრამით ისარგებლებენ მარჩენალ გარდაცვლილთა შემდეგი კატეგორიები:

    ა) სოციალურად დაუცველი მარჩენალგარდაცვლილი პირები, რომლებიც ღებულობენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს, რეგისტრირებული არიან სოციალურად   დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000-მდე სარეიტინგო ქულა;

    ბ) მარჩენალგარდაცვლილი პირები, რომლებიც იღებენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს;

    გ) დედ-მამით ობლები, რომლებიც იღებენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს.

 4. განსახორციელებელი ღონისძიებები:

მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის განსაზღვრა და ბენეფიციართათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა შემდეგი ოდენობით:

 ა) სოციალურად დაუცველი მარჩენალგარდაცვლილი პირებისთვის, რომლებიც იღებენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს, რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100000-მდე სარეიტინგო ქულა, ერთ ბენეფიციარზე - 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 ბ) მარჩენალგარდაცვლილი პირებისთვის, რომლებიც იღებენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს, ერთ ბენეფიციარზე - 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

გ) დედ-მამით ობლებისთვის, რომლებიც იღებენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს, ერთ ბენეფიციარზე - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:

     სავალდებულოა მარჩენალგარდაცვლილი პირი დაფინანსების მოთხოვნამდე ბოლო 180 დღის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

 6. დამატებითი ინფორმაცია:

ა) დახმარების მოთხოვნის უფლება აქვს ბენეფიციარის ოჯახის წევრს ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მის მეურვეს.

 ბ)  დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: 

ბ.ა) სოციალურად დაუცველი  ბენეფიციარის შემთხვევაში, მისი პირადობის მოწმობა, ბენეფიციარის პირადობის ან დაბადების მოწმობა, საბანკო რეკვიზიტი, ცნობა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალური პაკეტის მიღების თაობაზე და ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულა).

ბ.ბ) მისი პირადობის მოწმობა, ბენეფიციარის პირადობის ან დაბადების მოწმობა, საბანკო რეკვიზიტი, ცნობა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან“ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალური პაკეტის მიღების თაობაზე.

გ) სამსახურს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

 7. მოსალოდნელი შედეგები:

 მარჩენალგარდაცვლილი პირების მატერიალური და მორალური თანადგომა.

  8.  შეფასების კრიტერიუმი:

  მარჩენალგარდაცვლილი პირების სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.


დანართი 13
სტუდენტთა დახმარების პროგრამა

1. პროგრამის დაფინანსების წყარო: 

ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2.  პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

ვანის მუნიციპალიტეტის  მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  სამსახური.                                                                                    

3. პროგრამის მიზანი:

     პროგრამა ითვალისწინებს დახმარების გაწევას ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბოლო ერთი წლის მანძილზე უწყვეტად რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახები იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 1-100000-მდე სარეიტინგო ქულა ან არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

4. განსახორციელებელი ღონისძიებები:

 შემოსული განცხადებების, თანდართული დოკუმენტების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და ბენეფიციარებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა შემდეგი ოდენობით:

 ა) სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე - 500 (ხუთასი) ლარი;

 ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებზე - 1000 (ათასი) ლარი.

5. დამატებითი ინფორმაცია:

დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს:

 ა) სოციალურად დაუცველი სტუდენტის მიერ პირადობის მოწმობა, ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან (1-100000),  ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის სტუდენტი და საბანკო რეკვიზიტი;

ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტის მიერ პირადობის მოწმობა, ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის სტუდენტი, ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზიდან სტატუსის შესახებ და საბანკო რეკვიზიტი;

გ) სამსახურს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

6.  6. მოსალოდნელი შედეგები

     ბენეფიციარების მატერიალური და მორალური თანადგომა.

7.  შეფასების კრიტერიუმი:

დახმარებით მოსარგებლე ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი სტიმულირება.


დანართი 14
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების პროგრამა

1. დაფინანსების წყარო:

ვანის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტი.

2. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.

3. პროგრამის მიზანი:

პროგრამა ითვალისწინებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას.

4. განსახორციელებელი ღონისძიებები:

მოქალაქეთა განცხადებების, თანდართული დოკუმენტების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და ბენეფიციარებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:

სავალდებულოა ბენეფიციარი, დახმარების მოთხოვნამდე ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული  ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

6. დამატებითი ინფორმაცია:

ა) დახმარება მიეცემა ბენეფიციარს, მისი ოჯახის წევრს, მის მეურვეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს;

ბ) დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს ბენეფიციარის და დახმარების მიმღები პირის პირადობის მოწმობები, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ და საბანკო რეკვიზიტი. სამსახურს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

7. მოსალოდნელი შედეგი:

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მატერიალური და მორალური თანადგომა.

8. შეფასების კრიტერიუმი: 

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.


დანართი 15
ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა

1. პროგრამის დაფინანსების წყარო:

 ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო:

 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.

3. პროგრამის მიზანი:

 პროგრამა ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეზე (მსხვერპლზე), რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა - მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა, ერთჯერადი ფინანსური  დახმარების გაწევას.

4. განსახორციელებელი ღონისძიებები:

 მოქალაქეთა განცხადებების განხილვა, დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის განსაზღვრა და ბენეფიციართათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

5. დახმარების მიღების აუცილებელი პირობა:

 სავალდებულოა ბენეფიციარი ძალადობის მსხვერპლად აღიარების და განცხადების შემოტანის მომენტში რეგისტრირებული იყოს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

6. დამატებითი ინფორმაცია:

ა) დახმარების მოთხოვნის უფლება აქვს ბენეფიციარს ან მისი ოჯახის წევრს (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მის მეურვეს ან კანონიერ წარმომადგენელს).

ბ) დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ბენეფიციარის და მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტი და საბანკო რეკვიზიტი.

გ) სამსახურს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

7. მოსალოდნელი შედეგი:

ძალადობის მსხვერპლთა მატერიალური და მორალური თანადგომა.

8. შეფასების კრიტერიუმი:

დახმარებით მოსარგებლე ბენეფიციართა სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი სტიმულირება.


                                                             დანართი 16
უსახლკაროთა დახმარების პროგრამა

1. დაფინანსების წყარო:

ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

2.   პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები:

 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია (შემდგომში - კომისია) და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური (შემდგომში - სამსახური).

3. პროგრამის მიზანი:

პროგრამა ითვალისწინებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“-ს საფუძველზე რეგისტრირებული პირების/ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფას.

4. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა დაკმაყოფილების რიგითობა  განისაზღვრება კომისიის მიერ, „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“-ს მე-4 მუხლით დადგენილი შეფასებისა და რიგითობის პირობების გათვალისწინებით.

5. კომისიის გადაწყვეტილება ვანის მუნიციპალიტეტისთვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის პროგრამის ბენეფიციარად რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებლად ჩასმის ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის ბინის ქირით უზრუნველყოფა მოხდება კომისიის მიერ დადგენილი რიგითობის გათვალისწინებით, პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების შესაბამისად,  

6. დამატებითი ინფორმაცია:

ა) საცხოვრებელი ფართის/ბინის მოძიების ვალდებულება ეკისრება ბენეფიციარს, რომელიც მესაკუთრესთან/მოსარგებლესთან გაფორმებულ ხელშეკრულებას წარუდგენს სამსახურს.

ბ) ბინის ქირის ოდენობა, უძრავი ქონების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრება შემდეგნაირად:

ბ.ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე - არაუმეტეს 100 (ასი) ლარი თვეში;

ბ.ბ) მთისძირის, შუამთის, ტობანიერის, ციხესულორის, ზედავანის, სალხინოს, დიხაშხოს, ბზვანის, ამაღლების, ზეინდრის, გორას ადმინისტრაციულ ერთეულებში - არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) ლარი თვეში;

ბ.გ) ყუმურის, მუქედის, გადიდის, სულორის, ძულუხის, საპრასიის, ფერეთას, სალომინაოს, უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში - არაუმეტეს 60 (სამოცი) ლარი თვეში;

გ) კომისიის გადაწყვეტილების და სამსახურის მიერ მოძიებული დამატებითი მასალების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას ბენეფიციარის აღნიშნულ პროგრამაში არაუმეტეს ორი წლის ვადით ჩასმისა და ქირის განსაზღვრული ოდენობის თაობაზე;

დ) საცხოვრებელ ფართში/ბინაში კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულება ეკისრება ბენეფიციარს.

6.   მოსალოდნელი შედეგები:

უსახლკარო ოჯახების მატერიალური თანადგომა;

7.  შეფასების კრიტერიუმი:

უსახლკარო ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი სტიმულირება.