დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 614 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120050000.10.003.020931 |
|
„საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/04/2018, 120050000.10.003.020496) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდება“.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდების“: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდება“; ბ) პირველი მუხლის: ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების მიზანი“; ბ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდება (შემდგომში – წესდება) მეთაურებს აძლევს საშუალებას, ორგანიზებულად გადაიყვანოს თავისი ქვედანაყოფები ერთი ადგილიდან მეორეზე და უზრუნველყონ სამწყობრო ცერემონიების ჩატარება.“; გ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფის (გარდა ათეულის, ოცეულის, ასეულის, ბატალიონისა და ბრიგადისა) სამწყობრო მომზადება ხორციელდება როგორც ათეულის, ოცეულის, ასეულის, ბატალიონისა და ბრიგადის სამწყობრო მომზადება, ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის რაოდენობიდან გამომდინარე, მეთაურის/უფროსის გადაწყვეტილებით.“; დ) მე-3 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ახლო ინტერვალი – განივი მანძილი სამხედრო მოსამსახურეებს შორის, რომელიც იზომება მარჯვნიდან მარცხნივ. მარჯვნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურე მარცხენა ხელს თეძოზე მიიდებს ხელის გულით შარვლის ქამრის ზედა კიდესთან ერთ ხაზში, ცერა და დანარჩენი თითები უნდა იყოს შეერთებული და დაბლა დაშვებული, იდაყვით ეხება მარცხნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურის მკლავს.“; დ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დისტანცია – ელემენტებს შორის ფრონტიდან სიღრმეში მანძილი. ქვედანაყოფების ზომიდან გამომდინარე, დისტანცია სხვადასხვაგვარია. სამხედრო მოსამსახურეებს შორის სწორი დისტანცია არის ერთ გაშლილ მკლავს დამატებული 15 სანტიმეტრი (დაახლოებით 90 სანტიმეტრი). დისტანცია იზომება უკან მდგომი სამხედრო მოსამსახურის მკერდიდან, მის წინ მდგომი სამხედრო მოსამსახურის ზურგამდე.“; დ.გ) მე-19 და მე-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. ნორმალური ინტერვალი – განივი მანძილი სამხედრო მოსამსახურეებს შორის, რომელიც იზომება მარჯვნიდან მარცხნივ; მარჯვნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურე ასწევს მარცხენა მკლავს მხრის სიმაღლეზე, ცერა და დანარჩენი თითები შეერთებული და გამართულია (ხელის გული მიმართულია დაბლა), შუა თითის წვერი უნდა ეხებოდეს მარცხნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურის მარჯვენა მხარს. 20. ორმაგი ინტერვალი – განივი მანძილი სამხედრო მოსამსახურეებს შორის, რომელიც იზომება მარჯვნიდან მარცხნივ, ორივე მკლავის აწევით მხრების სიმაღლეზე. თითები უნდა იყოს გაშლილი და შეერთებული (ხელის გულები მიმართული დაბლა) ისე, რომ თითის წვერები ეხებოდეს სხვა სამხედრო მოსამსახურის თითის წვერებს როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს.“; ე) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამზადებელი კომანდა მიუთითებს იმ მოძრაობაზე, რომელიც უნდა შესრულდეს და შესასრულებელი კომანდისთვის ამზადებს სამხედრო მოსამსახურეს. კომანდაში „პირდაპირ ნაბიჯით, იარ!“, მოსამზადებელი კომანდაა „პირდაპირ ნაბიჯით“.“; ვ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამატებითი კომანდები უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეების მიერ მოქმედების არსის გაცნობიერებასა და ზედმიწევნით შესრულებას. დამატებითი კომანდები გაიცემა დაქვემდებარებული მეთაურების მიერ, რომლებიც აკონტროლებენ ცალკეულ ელემენტებს, როგორც უფრო დიდი ქვედანაყოფის შემადგენელ ნაწილებს იმავე მწყობრში.“; ზ) მე-16 მუხლის: ზ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომანდის ხმის სიმაღლე უნდა მიესადაგებოდეს ქვედანაყოფში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას. როგორც წესი, მეთაური დგება ქვედანაყოფის წინ, ცენტრში, სახით ქვედანაყოფისაკენ, რათა შეძლოს თავისი ხმის ყველასთვის მიწვდენა.“; ზ.ბ) მე-3 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: მწყობრში მდგომი სამხედრო მოსამსახურეები აკვირდებიან თავიანთი მეთაურის დგომის მანერას და ბაძავენ მას. თუ ეს მანერა არ შეესაბამება სამხედრო მანერას (მოდუნებული, წელში მოხრილი, შებოჭილი), დაქვემდებარებულებიც ასევე მოიქცევიან.“; თ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რიტმი კომანდებში ნიშნავს სიტყვების სათანადო თანმიმდევრობითა და რიტმულად წარმოთქმას. კომანდებს შორის ინტერვალი ყველა ქვედანაყოფისათვის საერთოა. ეს საჭიროა იმისათვის, რომ დანაყოფის თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ შეძლოს მოსამზადებელი კომანდის გაგება და იცოდეს, თუ როდის ელოდოს შესასრულებელ კომანდას.“; ი) მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დგომს − „სმენა“ მიიღებს სამხედრო მოსამსახურე, როდესაც მას მიმართავს მასზე სამხედრო წოდებით უფროსი ან თვითონ მიმართავს მასზე სამხედრო წოდებით უფროს ოფიცერს.“; კ) მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამხედრო მოსამსახურეები ამ დგომს იღებენ მაშინ, როდესაც მიმართავენ სერჟანტებს ან როდესაც სერჟანტები მიმართავენ წოდებით უფროს სერჟანტს.“; ლ) 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მხედრული მისალმება ხელით (სამხედრო წესით მისალმება) ერთნაწილიანი მოქმედებაა. ამ მოქმედების შესასრულებლად გაიცემა კომანდა „მხედრული, სალამი!“. მხედრული მისალმება ხელით შეიძლება შესრულდეს გადაადგილებისას, რომლის დროსაც მისალმებას ასრულებს მხოლოდ მწყობრზე პასუხისმგებელი პირი. მწყობრს გარეთ სამხედრო მოსამსახურეები მხედრულ მისალმებას ხელით შეასრულებენ დამოუკიდებლად, კომანდის გარეშე. სწრაფი ტემპით (სირბილით) გადაადგილებისას სამხედრო მოსამსახურემ უნდა შეანელოს მოძრაობა ნორმალურ ტემპამდე და შემდეგ შეასრულოს მხედრული მისალმება. 2. სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ახურავს თავსაბურავი კეპით ან ჩაფხუტი (სათვალით ან მის გარეშე), ხელით მხედრული მისალმების შესასრულებლად მკვეთრად ასწევს მარჯვენა ხელს ისე, რომ თითები შეერთებული იყოს, ხელისგულით დაბლა, მტევანი და მაჯა კი – გამართული. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის წვერი ეხება კეპს (ჩაფხუტს) მარჯვენა თვალთან ოდნავ მარჯვნივ, ხელის მტევანი ოდნავ დახრილია ისე, რომ წინა მხრიდან არ ჩანს ხელისგული და ხელის მტევნის ზედა მხარე. წინამკლავი არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (იხ. სურათი 6.1).“; მ) 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სალაშქრო ნაბიჯით გადაადგილება სრულდება კომანდაზე „სალაშქრო ნაბიჯით, იარ!“, ისეთნაირად, როგორც თავისუფალი ნაბიჯით გადაადგილება, იმ განსხვავებით, რომ სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ დალიონ წყალი თავისი მათარიდან და ისაუბრონ.“; ნ) 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სრული ნაბიჯით გადაადგილების დროს ნახევარ ნაბიჯზე გადასასვლელად გაიცემა კომანდა „ნახევარი ნაბიჯით, იარ!“. ეს კომანდა შეიძლება გაიცეს რომელიმე ფეხის დადგმისთანავე. შესასრულებელ კომანდაზე „იარ!“ − სამხედრო მოსამსახურემ უნდა გადადგას კიდევ ერთი სრული ნაბიჯი და შემდეგ გადაადგილება განაგრძოს ნახევარი ნაბიჯით. მკლავები მოძრაობს ისე, როგორც სრული ნაბიჯით გადაადგილებისას. სრული ნაბიჯით გადაადგილებაზე დასაბრუნებლად, რომელიმე ფეხის დადგმისთანავე გაიცემა კომანდა – „სრული ნაბიჯით, იარ!“. შესასრულებელ კომანდაზე − „იარ!“, სამხედრო მოსამსახურე კიდევ ერთხელ გადადგამს ნახევარ ნაბიჯს და გააგრძელებს გადაადგილებას სრული ნაბიჯით.“; ო) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადგილზე სიარულისას სრული ნაბიჯით გადაადგილების დასაწყებად გაიცემა კომანდა „პირდაპირ ნაბიჯით, იარ!“. მოსამზადებელი კომანდა „პირდაპირ ნაბიჯით“ შეიძლება გაიცეს რომელიმე ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე. თუმცა შესასრულებელი კომანდა „იარ!“ უნდა გაიცეს იმავე ფეხის მეორედ დადგმისთანავე. შესასრულებელ კომანდაზე „იარ!“, სამხედრო მოსამსახურემ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა დადგას ადგილზე და შემდეგ გააგრძელოს გადაადგილება სრული ნაბიჯით.“; პ) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნახევარი ნაბიჯით მარჯვნივ ან მარცხნივ გადაადგილების შეწყვეტა კომანდაზე „ათეულო (ოცეულო...), სდექ!“ სრულდება ორი მოქმედებით. მოსამზადებელი კომანდა „ათეულო (ოცეულო...)“ გაიცემა მაშინ, როცა ფეხის ქუსლები ერთადაა. შესასრულებელი კომანდა „სდექ!“ გაიცემა მაშინ, როცა ფეხის ქუსლები მომდევნო ჯერზე ერთად იქნება. კომანდის შესასრულებელ ნაწილზე „სდექ!“, სამხედრო მოსამსახურემ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას წამყვანი ფეხით, მიადგას მიმყოლი ფეხი და მიიღოს დგომი „სმენა.“; ჟ) 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დგომებიდან „იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე“ გადასვლა დგომზე „იარაღი ყარაულზე“ სრულდება მხოლოდ ადგილზე დგომისას. ამისთვის გაიცემა კომანდა „ყარაულზე, იარაღი!“. შესასრულებელ კომანდაზე „იარაღი!“ სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი „იარაღი მკერდთან“ მარჯვენა/მარცხენა მხრიდან, შემდეგ ერთი მოქმედებით მიიღოს დგომი „იარაღი ყარაულზე“ ისევე, როგორც დგომიდან „იარაღი მკერდთან“ დგომზე „იარაღი ყარაულზე“ გადასვლისას.“; რ) 43-ე მუხლის: რ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო მოსამსახურე ინარჩუნებს იარაღს ქამარზე ყველა თავისუფალი დგომისას. ამ დგომის შესასრულებლად სამხედრო მოსამსახურემ უნდა მოსჭიდოს მარჯვენა ხელი ქამარს ისე, რომ მაჯა იყოს გასწორებული და წინამკლავი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, იდაყვი მიდებული გვერდზე, იარაღი კი ვერტიკალურ მდგომარეობაში.“; რ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მწყობრში დგომისას დგომზე „იარაღი ქამარზე“ ხელით მისალმება სრულდება კომანდაზე „მხედრული, სალამი!“ შემდეგი წესით: ა) შესასრულებელ კომანდაზე „სალამი!“ სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი იარაღის ქამრისკენ უნდა წაიღოს და მოსჭიდოს ქამარს მარჯვენა ხელის ზემოდან; გაითავისუფლოს მარჯვენა ხელი და შეასრულოს მხედრული მისალმება ხელით; ბ) ხელით მხედრული სალმის შესაწყვეტად გაიცემა კომანდა „დაუშვით, ხელი!“. შესასრულებელ კომანდაზე „ხელი!“ სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი ჯერ მკვეთრი მოძრაობით უნდა დაუშვას გვერდზე ისე, როგორც დგომზე „სმენა“, ხოლო შემდეგ მოსჭიდოს ქამარს. შემდეგ მარცხენა ხელი მკვეთრი მოძრაობით დაუშვას მარცხენა გვერდზე ისე, როგორც დგომზე „სმენა“; გ) სამხედრო მოსამსახურის მიერ მოხსენების, თავაზიანობის გამოხატვისა და პატივის მიგებისას ხელით მხედრული მისალმების წესები ისეთივეა, როგორც ინდივიდუალურ სამწყობრო მომზადებაშია ახსნილი. როდესაც სამხედრო მოსამსახურეები მოვალეობას ასრულებენ ხალხმრავალ ადგილებში, სადაც ხშირად არის საჭირო მხედრული მისალმება, იარაღი უნდა ატარონ „ქამარზე.“; რ.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ ელემენტს დგომზე „იარაღი ქამარზე“ კარაბინის ქამარი მოშვებული ან დაჭიმული აქვს და მეთაურს სურს შეცვალოს ქამრის მდგომარეობა, იგი გასცემს კომანდას „მოუშვი/დაჭიმე, ქამარი!“. შესასრულებელ კომანდაზე „ქამარი!“, სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს კარაბინის ქამარს ზედა საჭერთან, გაუშვას მარჯვენა ხელი კარაბინის კონდახს და იარაღი მხრიდან მოიხსნას; მარჯვენა ხელი მოსჭიდოს კარაბინის ლულას და კარაბინი ვერტიკალურად დაიჭიროს. მარცხენა ხელით კარაბინის კონდახი მარჯვენა თეძოზე ისე უნდა მოათავსოს, რომ იარაღის სალულე მოთავსდეს მარჯვენა მკლავზე. ქამრის დასაჭიმად ან მოსაშვებად ორივე ხელი უნდა გამოიყენოს. შემდეგ მარჯვენა ხელი კარაბინის ლულას მოსჭიდოს და კარაბინი ვერტიკალურად დაიჭიროს. მარცხენა ხელი მოსჭიდოს ქამარს ზედა საჭერთან, მარჯვენა ხელი და მკლავი მოათავსოს ქამარსა და კარაბინს შორის და ქამარი მარჯვენა მხარზე გადაიკიდოს. მარჯვენა ხელი ქამარს მოსჭიდოს ისე, რომ მაჯა იყოს გამართული, მარჯვენა წინამკლავი ჰორიზონტალურად, იდაყვი მჭიდროდ მიდებული გვერდზე, ხოლო კარაბინი გასწორებული ვერტიკალურად. მარცხენა ხელი უნდა გაუშვას ქამარს და მკვეთრი მოძრაობით მიიდოს მარცხენა გვერდზე ისევე, როგორც დგომზე „სმენა“.“; ს) 57-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 57. ოცეულის მწყობრი“; ტ) 58-ე მუხლის: ტ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ოცეულის მოწყობა სრულდება ისევე, როგორც ათეულის. ოცეულის სერჟანტი დგება დგომზე „სმენა“ და გასცემს კომანდას „მოეწყვეთ!“, „ახლო ინტერვალით, მოეწყვეთ!“ ან „კოლონაში, მოეწყვეთ!“. კომანდის „მოეწყვეთ!“ ან კომანდის „ახლო ინტერვალით, მოეწყვეთ!“ შესასრულებელ კომანდაზე „მოეწყვეთ!“ პირველი ათეულის მეთაური დგება ისე, რომ მოწყობის შემდეგ მისი ათეული აღმოჩნდეს ოცეულის სერჟანტისგან სამი ნაბიჯის დაშორებით და ოცეულის სერჟანტი მოექცეს ამ ათეულის ცენტრში. დანარჩენი ათეულის მეთაურები უსწორდებიან პირველი ათეულის მეთაურს სწორი დისტანციით. პირველი ათეული ეწყობა ამ წესდების 46-ე მუხლის შესაბამისად. დანარჩენი ათეულის წევრები მოეწყობიან, მიიღებენ დგომს „სმენა“, თავს მიაბრუნებენ და მზერას მიმართავენ მარჯვნივ. ისინი იკავებენ სწორ დისტანციას მცირე ნაბიჯების წინ/უკან გადადგმით და უსწორდებიან მათ მარჯვნივ მდგომს. შემდეგ მკვეთრი მოძრაობით მიაბრუნებენ თავსა და თვალებს ფრონტისკენ ისე, როგორც დგომზე „სმენა“ და იკავებენ შესაბამის ინტერვალს, მცირე ნაბიჯების მარჯვნივ/მარცხნივ გადადგმით უსწორდებიან მათ წინ მდგომს. ინტერვალის დასაკავებლად მხოლოდ პირველი ათეულის წევრები სწევენ მარცხენა მკლავს. სხვა ათეულის წევრები მარცხენა მკლავს ასწევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მარცხნივ მდგომ სამხედრო მოსამსახურეს წინ არავინ უდგას.“; ტ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმისათვის, რომ ოცეულის სერჟანტმა მიიღოს მოხსენება ოცეულის შესახებ, იგი გასცემს კომანდას „მომახსენეთ!“. ათეულის მეთაურები თანმიმდევრობით, ფრონტიდან სიღრმეში, აბრუნებენ თავსა და მზერას ოცეულის სერჟანტისკენ, აძლევენ მხედრულ სალამს და მოახსენებენ (ხელს არ დაუშვებენ მანამ, სანამ ოცეულის სერჟანტი მხედრულ სალამზე არ უპასუხებს). ათეულის მეთაურები არ ასახელებენ თავიანთ ქვედანაყოფებს მაგალითად: თუ ათეულის ყველა წევრი მწყობრშია, ათეულის მეთაური მოახსენებს: „სერჟანტო“, „ყველა ადგილზეა“, ხოლო თუ მწყობრში ყველა არ არის, ათეულის მეთაური მოახსენებს მიზეზებს, თუ რატომ არ არის სამხედრო მოსამსახურე (რიგითი მაღლაკელიძე – ლაზარეთი; რიგითი კაპანაძე – განწესი).“; უ) 76-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ათეულის მეთაურს შემმოწმებელი მიჰყავს თავის ათეულისაკენ. შემმოწმებლისა და ათეულის მეთაურის შემოსვლისას ათეულში სამხედრო წოდებით ყველაზე მაღალი სამხედრო მოსამსახურე გასცემს კომანდას „თავისუფლად!“, როდესაც შემმოწმებელი უახლოვდება თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ან მის აღჭურვილობას, სამხედრო მოსამსახურე ავტომატურად იღებს დგომს „სმენა“. როდესაც შემმოწმებელი გადაადგილდება შემდეგი სამხედრო მოსამსახურისაკენ, უკვე შემოწმებული სამხედრო მოსამსახურე გადადის დგომზე „თავისუფლად“. როდესაც შემმოწმებელი დაასრულებს შემოწმებას, გასცემს დირექტივას „განაგრძეთ!“ და დატოვებს ადგილს;“; ფ) 79-ე მუხლის პირველი − მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ასეულის მეთაური, როგორც წესი, იკავებს ადგილს ქვედანაყოფის პირველი მწკრივიდან 12 ნაბიჯის დაშორებით ასეულის ცენტრში. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც ასეული ეწყობა კოლონაში, როგორც უფრო დიდი ზომის ქვედანაყოფის ნაწილი (ასეული კოლონაში, ოცეულებით კოლონაში ან ოცეულებით გაშლილ მწყობრში) ან როდესაც ასეული მოწყობილია მიჯრილ მწყობრში. ასეთ შემთხვევებში, ასეულის მეთაურის ადგილი არის ასეულის პირველი მწკრივიდან ექვსი ნაბიჯის დაშორებით, პირველი მწკრივის ცენტრში და წინ მდგომი ელემენტის ბოლო მწკრივიდან 12 ნაბიჯის დაშორებით (იხ. სურათი: 23-24-25-26-26ა). 2. ასეულის მედროშე იკავებს ადგილს ასეულის მეთაურისგან ორი (38-სანტიმეტრიანი) ნაბიჯით უკან და ორი (38-სანტიმეტრიანი) ნაბიჯით მარცხნივ (იხ. სურათი: 23-24-25-26-26ა). ასეულის მეთაურმა სხვების ყურადღების მიქცევის გარეშე უნდა მიუთითოს მედროშეს, რომ დარჩეს ადგილზე ან გადაადგილდეს მეთაურთან ერთად, როდესაც ასეული უნდა შებრუნდეს მარჯვნისაკენ ან გადაადგილდეს მცირე მანძილზე. 3. ასეულის მეთაურის მოადგილე იკავებს ადგილს ასეულის სერჟანტის ზურგიდან ორი ნაბიჯის დაშორებით, თუ ასეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში. კოლონაში ან მიჯრილ მწყობრში იგი იკავებს ადგილს ასეულის ბოლო მწკრივიდან სამი ნაბიჯის დაშორებით, ცენტრიდან ერთი (38-სანტიმეტრიანი) ნაბიჯით მარჯვნივ (იხ. სურათი: 23-24-25-26-26ა). 4. ოცეულების მეთაურები იკავებენ ადგილს თავისი ოცეულის პირველი მწკრივიდან ექვსი ნაბიჯის დაშორებით, მის ცენტრში, თუ ასეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში ოცეულებით გაშლილ მწყობრში ან ოცეულებით კოლონაში. თუ ასეული მოწყობილია კოლონაში, ოცეულებით კოლონაში, ან ასეული მოწყობილია კოლონაში ოცეულებით გაშლილ მწყობრში, ოცეულის მეთაურის ადგილი არის მისი ოცეულის პირველი მწკრივიდან ერთი ნაბიჯის დაშორებით, ოცეულის ცენტრში. თუ ასეული მოწყობილია მიჯრილ მწყობრში, ოცეულის მეთაურის ადგილი არის ასეულის პირველი მწკრივიდან ერთი ნაბიჯის დაშორებით და ოცეულის მეთაურები თანაბრად არიან განაწილებულები ასეულის ფრონტის გასწვრივ (იხ. სურათი: 23-24-25-26-26ა). 5. ასეულის სერჟანტი იკავებს ადგილს ასეულის ბოლო მწკრივიდან სამი ნაბიჯის დაშორებით, ცენტრში, თუ ასეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში. თუ ასეული მოწყობილია კოლონაში ან მიჯრილ მწყობრში, მისი ადგილი არის ასეულის ბოლო მწკრივიდან ასეულის ცენტრიდან სამი ნაბიჯის დაშორებით და ერთი (38-სანტიმეტრიანი) ნაბიჯით მარცხნივ. თუ ასეული გადაადგილდება მიჯრილი მწყობრით და ასეულის მეთაურს მწყობრში თავისი ადგილი უკავია, ასეულის სერჟანტი რჩება თავის ადგილზე, რათა უზრუნველყოს ქვედანაყოფის გადაადგილების საჭირო ტემპი და კონტროლი (იხ. სურათი: 23-24-25-26-26ა). ასეულის მეთაურის არყოფნისას: ა) თუ ასეული მოწყობილია მიჯრილ მწყობრში, ასეულის სერჟანტის ადგილი არის ასეულის მწყობრის პირველი მწკრივიდან ხუთი ნაბიჯის დაშორებით, ქვედანაყოფის ცენტრში; ბ) თუ ასეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში ან ოცეულებით კოლონაში, ასეულის სერჟანტის ადგილი არის ასეულის პირველი მწკრივიდან ცხრა ნაბიჯის დაშორებით, ასეულის ცენტრში; გ) თუ ასეული მოწყობილია კოლონაში, ოცეულებით კოლონაში, ასეულის სერჟანტის ადგილი არის ასეულის მარცხენა ფლანგიდან ცხრა ნაბიჯის დაშორებით, ასეულის ცენტრში. 6. ოცეულის სერჟანტი იკავებს ადგილს მისი ოცეულის ბოლო მწკრივიდან ერთი ნაბიჯის დაშორებით, ცენტრში, თუ ოფიცრები ესწრებიან მოწყობას, ამ შემთხვევაში თუ ასეული მოწყობილია მიჯრილ მწყობრში, ოცეულის სერჟანტები თანაბრად ნაწილდებიან ასეულის ზურგში (იხ. სურათები: 23-24-25-26-26ა). ოფიცრების არყოფნისას: ა) თუ ასეული მოწყობილია მიჯრილ მწყობრში, ოცეულის სერჟანტის ადგილი არის ასეულის პირველი მწკრივიდან ერთი ნაბიჯის დაშორებით. ოცეულის სერჟანტები თანაბრად ნაწილდებიან ასეულის ფრონტის გასწვრივ; ბ) თუ ასეული მოწყობილია გაშლილ მწყობრში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში ან კოლონაში, ოცეულის სერჟანტის ადგილი არის მისი ოცეულის პირველი მწკრივიდან სამი ნაბიჯის დაშორებით, ოცეულის ცენტრში; გ) თუ ასეული მოწყობილია კოლონაში, ოცეულებით კოლონაში, ოცეულის სერჟანტის ადგილი არის მისი ოცეულის მარცხენა ფლანგიდან სამი ნაბიჯის დაშორებით, ოცეულის ცენტრში; დ) თუ ასეული გადაადგილდება და ასეული მოწყობილია კოლონაში, ოცეულებით კოლონაში, მაშინ ოცეულის სერჟანტები რჩებიან თავიანთ ადგილებზე და უზრუნველყოფენ თავიანთი ოცეულის გადაადგილების საჭირო ტემპსა და კონტროლს.“; ქ) 79-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის სურათი 26ა:
სურათი 26ა. ასეული გაშლილ მწყობრში, ოცეულებით გაშლილ კოლონაში.“; ღ) 96-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ასეულის სამწყობრო დათვალიერების ჩასატარებლად ასეული მოეწყობა გაშლილ მწყობრში, ოცეულებით გაშლილ მწყობრში. ასეულის სერჟანტი გასცემს კომანდას „მოემზადეთ სამწყობრო დათვალიერებისთვის!“. ამ დირექტივაზე ოცეულის სერჟანტები ასრულებენ ბრუნს ზურგისაკენ, გახსნიან მწკრივებს და გაასწორებენ ასეულს ხაზში ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესდების 83-ე და 84-ე მუხლებით. როდესაც ყველა ოცეულის სერჟანტი შებრუნდება ფრონტისაკენ, ასეულის სერჟანტი გასცემს კომანდას „თავისუფლად!“.“; ყ) 104-ე მუხლის: ყ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ დროშის დაშვება სრულდება როგორც სამწყობრო ცერემონიის ნაწილი, იგი უნდა შესრულდეს მეთაურისადმი წარდგენისა და პატივის მიგების შემდეგ, მაგრამ ჯარების დათვალიერების დაწყებამდე. ამ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება სახელმწიფო დროშის დაშვების დროს. შესაბამისად, სახელმწიფო დროშის აღმართვა არ იქნება ამ სამხედრო სამწყობრო ცერემონიის ნაწილი.“; ყ.ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. მეთაურებს, ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლიათ შეიტანონ მცირე ცვლილებები სამწყობრო ცერემონიის პროცედურებში. თუმცა, მათ არ შეუძლიათ შეცვალონ დადგენილი ღონისძიებების თანმიმდევრობა. სამწყობრო ცერემონიები შეიძლება ჩატარდეს ხმლის თანხლებით. სამწყობრო ილეთების შესრულება ხმლით ხორციელდება ამ წესდების №5 დანართის შესაბამისად.“; შ) 111-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 111. ცერემონიის დასრულება ქვედანაყოფის ბოლო ელემენტის ტრიბუნასთან ჩავლისა და კომანდა „სწორება, პირდაპირ!“ შესრულების შემდეგ, ორკესტრი იწყებს რვადათვლიანი რიტმით დაკვრას დასარტყამ ინსტრუმენტზე. პირველ დარტყმაზე ორკესტრი იწყებს (ადგილზე) თავდაცვის ძალების სამხედრო მელოდიის შესრულებას. შესაბამის დროს ტამბურმაჟორი გადააადგილებს ორკესტრს წინ და შეასრულებინებს ბრუნს მარცხნისაკენ მარშირების ხაზთან. მელოდიის დასრულებისა და ორკესტრის ჩავლის შემდეგ, ხელმძღვანელი და ჯარების დამთვალიერებელი ოფიცერი შებრუნდებიან ერთმანეთისკენ და გაცვლიან მხედრულ სალამს. ამით ცერემონია ოფიციალურად დასრულდება.“; ჩ) 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება ამ წესდების 108-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო თუ დროშის დაშვება არის სამწყობრო ცერემონიის ნაწილი, სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება სახელმწიფო დროშის დაშვების დროს;“; ც) 117-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ხელმძღვანელის დირექტივაზე „საზეიმო მარში!“, ბატარეის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: „სააღლუმოდ, თავისუფლად!“, კვლავ ბრუნდება ზურგისაკენ და მიიღებს დგომს „სააღლუმოდ თავისუფლად“. როდესაც საზეიმო მარშის მსვლელობისას ორკესტრი დაიწყებს რვადათვლიანი რიტმის დაკვრას (თავდაცვის ძალების სამხედრო მელოდიის დაკვრამდე), ბატარეის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: „ბატარეა, სმენა!“ და კვლავ ბრუნდება ზურგისაკენ. როდესაც ორკესტრი დაასრულებს თავდაცვის ძალების სამხედრო მელოდიის დაკვრას, ბატარეის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას: „დაისვენეთ!“.“; ძ) 119-ე მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. როდესაც ბატალიონის ბოლო ელემენტი ჩაუვლის ტრიბუნას და შეასრულებს კომანდას „სწორება, პირდაპირ!“, ორკესტრი შეწყვეტს მარშის მელოდიას, დასარტყამი ინსტრუმენტით შესრულებას რვადათვალიან რიტმს და ადგილზე დაიწყებს თავდაცვის ძალების სამხედრო მელოდიის შესრულებას. მელოდიის შესრულებისას, შესაბამის დროს ტამბურმაჟორი გადააადგილებს ორკესტრს პირდაპირ და შეასრულებინებს ბრუნს მარცხნისაკენ მარშირების ხაზზე. ცერემონიალი მთავრდება თავდაცვის ძალების სამხედრო მელოდიის შესრულებით.“; წ) 123-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სტუმრისა და მასპინძლის თავიანთ ადგილებზე დაბრუნების შემდეგ, საპატიო ყარაულის მეთაური გასცემს კომანდას „ყარაულზე, იარაღი!“ და ორკესტრი დაუკრავს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს. თუ სტუმარი არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ ჯერ შესრულდება მისი ქვეყნის ჰიმნი, რასაც მოჰყვება ბარაბანზე სამწამიანი დარტყმა და შემდეგ შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ჰიმნების დასრულების შემდეგ საპატიო ყარაულის მეთაური ასრულებს ბრუნს ზურგისაკენ და გასცემს კომანდას „ფეხთან, იარაღი!“. ამ კომანდაზე ორკესტრი დაიწყებს თავდაცვის ძალების მელოდიის შესრულებას, საპატიო ყარაულის მეთაური მელოდიის დასრულებამდე რჩება დგომზე „სმენა“, მელოდიის დასრულების შემდეგ იგი მიიღებს დგომს „მხედრული მისალმება“ და გამოაცხადებს: „------ ღონისძიება დასრულებულია“. საპატიო ყარაული რჩება მოდიფიცირებულ დგომზე „სმენა“ მანამ, სანამ სტუმრები დატოვებენ ადგილს. ორკესტრმა შეიძლება დაუკრას სხვა მუსიკა, სანამ სტუმრებს გააცნობენ შტაბსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს.“; ჭ) 129-ე მუხლის: ჭ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თავდაცვის ძალები იყენებს სახელმწიფო და ქვედანაყოფის დროშებს, რომლებსაც ატარებენ მედროშეთა ჯგუფები.“; ჭ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამწყობრო ცერემონიის, აღლუმის ან საპატიო ყარაულის ღონისძიებაზე, როგორც წესი, წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი სახელმწიფო დროშა. სახელმწიფო დროშას მიკუთვნებული აქვს საპატიო ადგილი და გადაადგილებისას მას ატარებენ ქვედანაყოფებისა და ორგანიზაციული დროშების მარჯვნივ. საქართველოს თავდაცვის ძალების დროშას (თუ წარმოდგენილია) ატარებენ სახელმწიფო დროშის მარცხნივ (პირველი მარცხენა). ცერემონიის ჩამტარებელი ქვედანაყოფის დროშას ატარებენ საქართველოს თავდაცვის ძალების დროშის მარცხნივ (თუ წარმოდგენილია). დროშას, რომელიც ეკუთვნის ცერემონიის ჩამტარებელ შტაბს, განათავსებენ ქვედანაყოფის ცენტრში. დაქვემდებარებული ქვედანაყოფები, როგორც წესი, ატარებენ მხოლოდ თავიანთი ქვედანაყოფის დროშას (მათი შტაბის ზურგიდან ოთხი ნაბიჯის დაშორებით).“; ხ) 130-ე მუხლის: ხ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 130. მხედრული მისალმება დროშით“; ხ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვედანაყოფის დროშა მხედრული მისალმების ნიშნად წინ იხრება ყველა სამხედრო ცერემონიაზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის, „დროშის დაშვების მელოდიის“ ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას, ასევე ქვედნაყოფის მეთაურის ან მოწვეული უცხოელი მაღალი რანგის სტუმრების პატივის მიგების ნიშნად, მაგრამ არა სხვა შემთხვევაში. საქართველოს თავდაცვის ძალების დროშა ითვლება ქვედანაყოფის დროშად, ამიტომ იგი წინ დაიხრება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის, „დროშის დაშვების მელოდიის“ ან სხვა ქვეყნის საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას, აგრეთვე საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის, თავდაცვის ძალების მეთაურის, მისი უშუალო წარმომადგენლის ან მასთან წოდებით გათანაბრებული პირისათვის პატივის მიგებისას, მაგრამ არა სხვა შემთხვევაში.“; ჯ) №1 დანართის მე-3 − მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც შენობაში ოფიცერს წარუდგება, მოახსენებს ან აბარებს მას პატაკს, უნდა მოიხადოს თავსაბურავი, დააკაკუნოს კარზე და თუ ამის ნებართვას მისცემენ, ოთახში შევიდეს; მიუახლოვდეს ოფიცრის სამუშაო მაგიდას ორ ნაბიჯზე, შეჩერდეს, მხედრულად მიესალმოს და მოახსენოს მაგალითად: „ბატონო ------ რიგითი _____ მოგახსენებთ ____“. სამხედრო მოსამსახურე არ დაუშვებს ხელს მოხსენების დასრულებამდე და ვიდრე ოფიცერი არ დაუბრუნებს მხედრულ სალამს (შესაძლებელია, შემოიფარგლოს სიტყვიერი მისალმებით). სამხედრო მოსამსახურე რჩება დგომზე „სმენა“ საუბრის დასრულებამდე ან სანამ ოფიცერი მისცემს დგომის შესაცვლელად შესაბამის კომანდას. როდესაც მათ შორის საუბარი დასრულდება, სამხედრო მოსამსახურე ასრულებს მხედრულ მისალმებას და ელოდება მხედრულ სალამზე პასუხს, ამის შემდეგ ასრულებს შესაბამის ბრუნს და გადის ოთახიდან. როდესაც სამხედრო მოსამსახურე აკეთებს მოხსენებას შენობაში და თან აქვს იარაღი, პროცედურა არის იგივე, იმ განსხვავებით, რომ იგი არ მოიხდის თავსაბურავს და მხედრულად მიესალმება იარაღით ისე, როგორც ეს ამ იარაღით უნდა შესრულდეს. 4. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სერჟანტს შენობაში წარუდგება, მოახსენებს ან აბარებს მას პატაკს, მოქმედებს ამ დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ მოხსენების დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე დამოუკიდებლად (კომანდის გარეშე) მიიღებს დგომს „სააღლუმოდ თავისუფლად“. 5. შენობის გარეთ წარდგენის ან მოხსენების ჩაბარებისას, სამხედრო მოსამსახურე სწრაფად გადაადგილდება ოფიცრისკენ, შეჩერდება მისგან დაახლოებით სამი ნაბიჯის დაშორებით, მიესალმება მხედრულად და მოახსენებს, მაგალითად: „ბატონო ------ რიგითი -------- მოგახსენებთ ------ “. სამხედრო მოსამსახურე არ დაუშვებს ხელს მოხსენების დასრულებამდე და ვიდრე ოფიცერი არ დაუბრუნებს მხედრულ სალამს. სამხედრო მოსამსახურე რჩება დგომზე „სმენა“ საუბრის დასრულებამდე ან სანამ ოფიცერი მისცემს დგომის შესაცვლელად შესაბამის კომანდას. როდესაც ოფიცერი წასვლის ნებას დართავს სამხედრო მოსამსახურეს, ისინი კვლავ გაცვლიან მხედრულ სალამს. თუ სამხედრო მოსამსახურეს თან აქვს იარაღი, იგი შეასრულებს მხედრულ მისალმებას ისე, როგორც ეს ამ იარაღით უნდა შესრულდეს. 6. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სერჟანტს შენობის გარეთ წარუდგება ან აბარებს მას მოხსენებას, მოქმედებს ამ დანართის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ მოხსენების დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე დამოუკიდებლად (კომანდის გარეშე) მიიღებს დგომს „სააღლუმოდ თავისუფლად“.“; ჰ) №2 დანართის: ჰ.ა) 23-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თვლაზე − ოთხი, სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელი მკვეთრი მოძრაობით უნდა მიიდოს მარჯვენა გვერდზე ისე, როგორც დგომზე „სმენა“.“; ჰ.ბ) 45-ე პუნქტის „გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დგომის „იარაღის შემოწმება“ მისაღებად, თუ სავაზნე კოლოფი მიერთებულია, სამხედრო მოსამსახურემ მარჯვენა ხელით უნდა მოხსნას სავაზნე კოლოფი მესამე მოქმედების შესრულებამდე და მოათავსოს სავაზნე კოლოფი სხეულისა და შარვლის წელს შორის, წინ, მარჯვენა მხარეს. სასხლეტ კაუჭზე დაწოლისა და გადამყვანის ბოლომდე ზემოთ აწევის შემდეგ, დაუყოვნებლივ მიუერთოს სავაზნე კოლოფი იარაღს, დგომის „იარაღი მკერდთან“ მიღებამდე.“; ჰ1) №5 დანართის: ჰ1.ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამხედრო მოსამსახურეებმა უნდა მიიღონ დგომი „სმენა“, კომანდის „ამოიღეთ, ხმალი!“ გაცემამდე და კომანდის „ჩააგეთ, ხმალი, ქარქაშში!“ გაცემის შემდეგ (იხ. სურათი 2). 4. ხმლის ქარქაშიდან ამოსაღებად გაიცემა კომანდა „ამოიღეთ, ხმალი!“ მოსამზადებელ კომანდაზე „ამოიღეთ“ სამხედრო მოსამსახურემ მარცხენა ხელი უნდა მოსჭიდოს ქარქაშს და მოატრიალოს იგი 180°-ით, საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, დახაროს ქარქაში ფრონტისკენ ისე, რომ ზედაპირთან შექმნას 45°-იანი კუთხე; მოსჭიდოს მარჯვენა ხელი ხმლის ტარს და ამოსწიოს იგი ქარქაშიდან დაახლოებით 15 სანტიმეტრით. მარჯვენა წინამკლავი უნდა იყოს ზედაპირის პარალელურად (იხ. სურათი 3).“; ჰ1.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამხედრო მოსამსახურეები დგომს „ხმალი მხართან“ მიიღებენ: ა) კომანდის გაცემისას; ბ) დგომების შეცვლისას; გ) ოფიცრები, რომლებიც ოფიციალურად მიმართავენ სხვა ოფიცრებს (თუ ხმალი ამოღებულია ქარქაშიდან); დ) როდესაც სერჟანტი ოფიციალურად მიმართავს სამხედრო მოსამსახურეს ან როდესაც მას მიმართავს ოფიცერი (თუ ხმალი ამოღებულია ქარქაშიდან); ე) სანამ ხმალს ჩააგებენ ქარქაშში; ვ) კომანდის „სირბილით, იარ!“ მოსამზადებელ კომანდაზე (და სწრაფი ტემპით გადაადგილებისას მოსამზადებელ კომანდაზე).“; ჰ2) №8 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოტორიზებული და მექანიზებული ქვედანაყოფები, ისევე როგორც ქვეითები, ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეშე ასრულებენ სამწყობრო მომზადებას და მონაწილეობენ ცერემონიებში. სამწყობრო ცერემონიებზე მოტორიზებული და მექანიზებული ქვედანაყოფების სატრანსპორტო საშუალებათა ორგანიზებული გადაადგილებისათვის, თავდაცვის ძალები იყენებს ამ დანართით განსაზღვრულ პროცედურებს, რომელიც შესაძლებელია, ადგილობრივ პირობებზე მორგების მიზნით მოდიფიცირდეს.“; ჰ3) №9 დანართის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს თავდაცვის ძალებში აკრძალულია სახელმწიფო დროშის გადატანა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, იგი ყოველთვის უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში და არ უნდა იქნეს გამოყენებული შესასვლელების ან კარების მოსართავად და სპიკერის ტრიბუნაზე ან სხვა რამეზე გადასაფარებლად;“; ჰ4) №10 დანართის: ჰ4.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „განთიადი“ – დგომი „სმენა“, „სააღლუმოდ თავისუფლად!“ მიიღება ოფიცრის ან სერჟანტის კომანდაზე სიგნალის პირველ ნოტზე;“; ჰ4.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ახორციელებენ ცერემონიის სამოყვარულო ფოტო- და ვიდეოგადაღებას, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას გამოხატავენ მხედრულ თავაზიანობას ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ დანართით.“; ჰ4.გ) №10 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ევალებათ ცერემონიის ფოტო- და ვიდეოგადაღება, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას მხედრული თავაზიანობის გამოსახატად არ წყვეტენ თავიანთ საქმიანობას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები