„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 03/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.016856
356
03/12/2018
ვებგვერდი, 03/12/2018
170040000.22.027.016856
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №356

2018 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (სსმ III, №33,  31.03.2010, მუხ. 517) დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის ხელმოწერის (ფაქსიმილეს) ნამდვილობის დამოწმება;“.

2. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოწმეთა დასწრება სავალდებულოა, თუ მოწმდება აქტი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო ან წერა-კითხვის არმცოდნე პირია და სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდვა შეუძლებელია.“.

3. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27. სანოტარო მოქმედების შესრულება უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით

1. სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუმ თავად უნდა წაიკითხოს აქტი და მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, აქტი შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს აქტს.

2. სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე სმენადაქვეითებულმა პირმა თავად უნდა წაიკითხოს აქტი და აქტის ბოლოს ნოტარიუსის ხელმოწერამდე თავისი ხელით უნდა დაწეროს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, აქტი შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს აქტს.

3. სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მოთხოვნით, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაისწროს სპეციალისტი ან ის პირი, რომელმაც იცის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ენა და რომელიც დაადასტურებს მისი ნების შესაბამისობას სანოტარო მოქმედების შინაარსთან. ასეთი პირის მონაწილეობას უზრუნველყოფს სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი. სხვა შემთხვევაში, სანოტარო მოქმედება სრულდება ნოტარიუსსა და წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებულ პირს შორის წერილობითი კომუნიკაციის საშუალებით.

4. თუ სანოტარო მოქმედება სრულდება წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი ვალდებულია წაუკითხოს მას სანოტარო აქტის ტექსტი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს აქტში. უსინათლო პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სანოტარო მოქმედების შესრულებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე, რომელიც ნოტარიუსის თანდასწრებით აცნობს გარიგების ტექსტს უსინათლო პირს. უსინათლო  პირი გარიგებას ხელს აწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით. მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით გარიგებაზე ხელის მოწერისას ხელმომწერმა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს სანოტარო დოკუმენტი მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) ნამდვილობის თაობაზე.

5.  თუ სანოტარო მოქმედების მონაწილე უსინათლოს აქვს ბრაილის შრიფტით კითხვის უნარი, ასეთ შემთხვევაში, მისი სურვილისამებრ შესაძლებელია ამ შრიფტის გამოყენებით სანოტარო მოქმედების შესრულება. ბრაილის შრიფტის გამოყენებით სანოტარო მოქმედების შესრულებისას გამოიყენება ამ ინსტრუქციით თარჯიმნის მიმართ დადგენილი წესები. უსინათლო პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სანოტარო მოქმედების შესრულებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით.

6. თუ სანოტარო აქტი ფორმდება წერა-კითხვის არმცოდნე პირის, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედება შეასრულოს მოწმის ან/და თარჯიმნის დახმარებით, რომელსაც შეუძლია მოცემულ პირს გააგებინოს საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელის მოწერით, რომ გარიგების შინაარსი შეესაბამება წერა-კითხვის არმცოდნე პირის, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ნებას. აღნიშნულის შესახებ უნდა მიეთითოს სანოტარო აქტში. მოწმის ან/და თარჯიმნის მონაწილეობას უზრუნველყოფს წერა-კითხვის არმცოდნე პირი, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი.

7. თუ ანდერძი ფორმდება ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1361-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

8. ნოტარიუსი ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით დაადგინოს მოწმის ან/და თარჯიმნის ვინაობა. მოწვეული პირი ვალდებულია ნოტარიუსს დაუდასტუროს, რომ მან იცის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ენა და იძლევა ამ პირის ნების სრული და სწორი განმარტების გარანტიას. ნოტარიუსი აფრთხილებს მოწვეულ პირს არასწორი თარგმანისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რის თაობაზეც სპეციალურად აღინიშნება გარიგების ტექსტში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული პირის მიმართ მოქმედებს თარჯიმნის მიმართ დადგენილი ნორმები.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია უზრუნველყოს სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდვა შესაბამისი ტექნიკური საშუალების გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდვა, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე,  შეუძლებელია. ვიდეოჩანაწერი უნდა ასახავდეს შესასრულებელი სანოტარო მოქმედების სრულ მიმდინარეობას და თან უნდა დაერთოს სანოტარო აქტს და სათანადოდ დაარქივდეს.

11. ნოტარიუსი ვალდებულია ამ მუხლით დადგენილი წესების დაცვის შესახებ მიუთითოს სანოტარო აქტში.

12. თუ სანოტარო მოქმედების მონაწილის ნაცვლად ან მასთან ერთად დოკუმენტს ხელს აწერს სხვა პირი ამ მუხლით დადგენილი რომელიმე მიზეზის გამო, ეს პირი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი ან სხვა პირი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე.

13. უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის, ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის ნებისა და გარიგების შინაარსის შესაბამისობის დადასტურებისას მოწმის, თარჯიმნის ან სხვა პირის ხელმოწერა განიხილება ამ სანოტარო მოქმედების შემადგენელ ნაწილად და არ შეიძლება განხილულ იქნეს ცალკე მოქმედებად. ასეთ შემთხვევაში საზღაური გადაიხდევინება მხოლოდ იმ პირის/პირთა რიცხოვნობის გათვალიწინებით, რომლის/რომელთა კანონიერ ინტერესსაც ემსახურება ეს სანოტარო მოქმედება.

14. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ხელმძღვანელობს ამ მუხლით დადგენილი წესებით.

15. ამ მუხლით განსაზღვრული სანოტარო მოქმედებების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ სანოტარო აქტის მონაწილე პირებისათვის გასაგებია სანოტარო მოქმედების შინაარსი და მისი შედეგები, ასევე მათ მიერ გამოხატული ნების შესაბამისობა იმ ტექსტთან, რომელთან დაკავშირებითაც იქნა იგი გამოვლენილი. ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ ეჭვი ეპარება ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცულობაში და ვერ ადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული პირის ნების გამოვლენის ნამდვილობას.“.         

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი