„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3816-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.019257
3816-Iს
30/11/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
440050000.05.001.019257
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომლებს;“.

2. მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელთა კომპენსაციის გაანგარიშება“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურიდან დათხოვნისას პროკურატურის თანამშრომელს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის:

ა) უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 20%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი;

ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 15%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი;

გ) საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 10%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში არჩევის ან დანიშვნის დროს) ან „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის თანამშრომელს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში – არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაციის 80%.

4. ამ მუხლში მითითებული პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ ვრცელდება საქართველოს გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეებზე, თუ მათ აქვთ შრომის არანაკლებ 20 წლის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდათ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.“.

3. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში პროკურატურის თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, იმ კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, რომელსაც პროკურატურის თანამშრომელი დაინიშნავდა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ასეთი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ნოემბერი 2018 წ.

N3816-Iს