დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვალერი გელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2828 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 05/04/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ვალერი გელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი დადასტურებულად მიიჩნევს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2006 წლის 30 მარტის №4592/4-12 დასკვნაში წარმოდგენილ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ბატონ ალექსანდრე ლომაიასთან, 2005 წელს მისული იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი, რომელმაც მას შესთავაზა შპს „ევრას“ მეშვეობით 84-ე საშუალო სკოლის ახალი შენობის აშენება ძველის ნაცვლად. ამ საუბრის შინაარსი დადასტურებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2006 წლის 27 მარტის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით. იმავეს ადასტურებს ვალერი გელაშვილის წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2006 წლის 29 მარტს მიიღო (№4504/9-38). ასევე დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ვალერი გელაშვილი იმავე მიზნით აწარმოებდა მოლაპარაკებებს 84-ე საშუალო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლებთან. კერძოდ, გულნარა ფრანგიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2006 წლის 27 მარტის სხდომაზე დაადასტურა, რომ ვალერი გელაშვილი მასაც ესაუბრა ზემოაღნიშნულ საკითხზე.
აღნიშნული ქმედებებით საქართველოს პარლამენტის წევრმა ვალერი გელაშვილმა, რომელიც საქმიან მოლაპარაკებებში წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებულ კომერციულ იურიდიულ პირს, მოქმედებდა მისი სახელით და მის ინტერესებში, უშუალოდ განახორციელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული საზოგადოების ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რაც ემსახურება საზოგადოების მიზანს; ამდენად, მან უშუალოდ განახორციელა სამეწარმეო საქმიანობა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დადასტურებულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება.
2. საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვალერი გელაშვილს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 31 მარტი.
№2828-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები