დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.113.016375 |
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგი საპატიო წოდებები:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე; ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწე; გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მცხოვრები. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 სექტემბრის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 18/09/2015 სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.113.016239); ბ) „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 სექტემბრის №41 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.171.016090). |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების თანდართული წესი. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ეს წესი განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური კუთვნილებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ. 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭება პიროვნებას განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა თაობისათვის. 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო. 5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, სათათბირო ორგანოს – „საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭოს“ დასკვნის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო. 6. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, უფლება აქვს უარი თქვას საპატიო წოდებასა და ჯილდოზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს „საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭოს“. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. |
მუხლი 2.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე. ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. |
მუხლი 3.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწე |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დამსახურებული მოღვაწის წოდება ენიჭება პირს, რომელსაც გააჩნია განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ხელოვნების დარგში განსაკუთრებული მიღწევები, წარმოაჩინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ან/და სხვა ქვეყნების მაშტაბით. |
მუხლი 4.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მცხოვრები |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მცხოვრების წოდება ენიჭება პირს, რომელსაც არანაკლებ 10 წელი უცხოვრია მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში და თავისი უანგარო საქმიანობით გააჩნია მნიშვნელოვანი დამსახურება ამ ადმინისტრაციული ერთეულის წინაშე.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული წოდების მინიჭებისას მიეთითება კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება. |
მუხლი 5.
საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის დასახელება |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრს; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს; დ) მუნიციპალიტეტის მერს; ე) საზოგადოებრივ გაერთიანებას; ვ) საინიციატივო ჯგუფს (ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ახლდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა). 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ „საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭოს“, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) კანდიდატის ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე; დ) კანდიდატის წერილობითი თანხმობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე; ე) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები; ვ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები. |
მუხლი 6.
საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭო და კანდიდატების შერჩევის წესი |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭო“ (შემდგომში – საბჭო) იქმნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
2. საბჭოს წევრებად შეიძლება მოწვეული იქნენ: საკრებულოს, მერიის, საზოგადოების, მასმედიის, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე, ის მოქალაქეები, რომლებსაც უკვე მიენიჭათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებები და ჯილდოები. 3. საბჭო აწარმოებს დასახელებული კანდიდატების შესახებ დოკუმენტების შეჯერებას და განხილვას. 4. საბჭოს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად წარდგენილი კანდიდატების შესახებ. 5. საბჭო გადაწყვეტილებას კანდიდატისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე იღებს საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტით. |
მუხლი 7.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭება |
1. საბჭოს წარდგენის საფუძველზე, საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს ანიჭებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და სუვენირი, რომლის ნიმუშებს ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე. 3. მოქალაქისათვის, რომელსაც მიენიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მოწმობის და სუვენირის გადაცემა ხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წელიწადის ნებისმიერ დროს საზეიმო ვითარებაში. 4. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქრები და/ან ფულადი ჯილდო. |
მუხლი 8.
მოქალაქის უფლებები, რომელსაც მიენიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო |
1. მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე.
2. მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში; ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი მოქალაქის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე. |
მუხლი 9.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დამადასტურებელი მოწმობა და სუვენირი |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დამადასტურებელი მოწმობისა და სუვენირის დამზადებას უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.
2. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები