ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობის შესახებ

  • Word
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2655
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 01/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2655
15/02/2006
სსმ, 28, 01/03/2006
000000000.00(0).000.000000
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობის შესახებ

საქართველოს პარლამენტმა „ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 ოქტომბრის №1927-IIს დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოისმინა საქართველოს მთავრობის მოხსენება ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და იქ განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.

აღნიშნული მოხსენებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ მანდატის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა შეფასდეს მკვეთრად უარყოფითად, ხოლო რუსეთის ფედერაციის ქმედებები – საქართველოს ამ რეგიონის ანექსიის პერმანენტულ მცდელობად.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, აამოქმედოს პროცედურები „ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 ოქტომბრის №1927-IIს დადგენილების მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული დავალებების შესრულების, მათ შორის, სოჭის 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების გადახედვის, აგრეთვე ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების ეფექტიანი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციით ჩანაცვლების მიზნით.

3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შემდგომი ინსპირირებული დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, კონფლიქტის ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მასობრივი დარღვევის შესაჩერებლად და სამშვიდობო პროცესის რეალურად დასაწყებად, დაევალოს საქართველოს მთავრობას, გაააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ახალი სამშვიდობო ფორმატის შემუშავების მიზნით.

4. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის სრულმასშტაბიანი, მშვიდობიანი, პოლიტიკური მოწესრიგების მიზნით, დაევალოს საქართველოს მთავრობას, გაააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მოწონებული სამშვიდობო გეგმის სრულად იმპლემენტირების დასაწყებად.

5. დაევალოს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და იქ განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ არსებული ფაქტობრივი მასალის მიწოდება საერთაშორისო ორგანიზაციების, რუსეთის ფედერაციისა და პარტნიორი სახელმწიფოებისათვის.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

 

თბილისი,

2006 წლის 15 თებერვალი.

№2655–Iს