საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ

  • Word
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 66, 16/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
3014
11/05/2006
სსმ, 66, 16/05/2006
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ

საქართველოს პარლამენტი:

ეყრდნობა ქართველის ხალხის ურყევ სურვილს, აშენოს ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფო;

აცნობიერებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალიებს, წარმოქმნილს ევროპული და ევროატლანტიკური ინსტი-ტუტების გაფართოების, საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხისა და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე დემოკრატიული ცვლილებების შედეგად;

ადასტურებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლების ურყევ ნებას, არამედ ძირითად პოლიტიკურ სპექტრს შორის არსებული სრული თანხმობის და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანს;

აცხადებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცება, რეფორმების წარმატებული მიმდინარეობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და კონფლიქტების მშვიდობიანი, პოლიტიკური მოგვარება მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას;

ითვალისწინებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის სახელმწიფოს განმტკიცებისა და გაძლიერების გარანტი ქვეყნისა და ხალხის დემოკრატიული განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის გზით;

გამოხატავს მტკიცე პოლიტიკურ ნებას, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებას რეგიონში, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში, მათ შორის, განავითაროს საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა, როგორც საერთო ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი;

განიხილავს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მონაწილეობას ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, როგორც საქართველოს ფაქტობრივი მოკავშირეობის    ამადასტურებელ ფაქტს;

მიესალმება საქართველოს მიერ ნატოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში მიღწეულ პროგრესს;

ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატოში გაწევრიანების პროცედურით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის გაჭიანურება ან დაბრკოლება გახდება მკაფიო, წამახალისებელი გზავნილი ყველა ძალისთვის, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების, აგრეთვე ნატოს გაძლიერებისა და გაფართოების შეფერხებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაევალოს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, განაგრძოს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისათვის აუცილებელი ყველა ვალდებულების სრულად და დროულად შესრულების უზრუნველყოფა და ამ მიზნით ინტენსიურად გააგრძელოს მუშაობა როგორც ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს ხელისუფლებებთან, ისე ნატოს საერთაშორისო აპარატთან.

2. ეთხოვოს ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოებს, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დროულად და წარმატებით დასრულებას.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე            ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2006 წლის 11 მაისი.

№3014-Iს