„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3572-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.019184
3572-Iს
31/10/2018
ვებგვერდი, 20/11/2018
480140000.05.001.019184
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტი გამოხატავს თანხმობას საქართველოსთვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) გზით.

2. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება (ან მასთან შეერთება), რომელიც:

ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს  შესვლას;

ბ) სამხედრო ხასიათისაა;

გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას;

დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასთან ან გაცემასთან;

ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონების მიღებას;

ვ) რატიფიცირებას საჭიროებს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად.“.

2. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას საქართველოს პარლამენტი გამოხატავს, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარუდგენს საქართველოს მთავრობა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მთავრობა რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ.“.

3. მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. რატიფიცირებისათვის წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების წინასწარ განხილვა

საქართველოს პარლამენტისთვის რატიფიცირებისათვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, აგრეთვე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კანონპროექტს წინასწარ განიხილავს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტის სხვა კომიტეტებთან ერთად, და გამოაქვს შესაბამისი დასკვნა.

მუხლი 17. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა, განიხილავს საქართველოს პარლამენტი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას (ან მასთან შეერთებას) ახორციელებს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით.

3. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) შესახებ დადგენილების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს სარატიფიკაციო სიგელს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2018 წ.

N3572-Iს