დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3588-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120160000.05.001.019196 |
|
„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მობილიზაციისათვის მზადყოფნა − მშვიდობიანობის პერიოდში მიმდინარე ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების შექმნას საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნისათვის და სახელმწიფოს და მოსახლეობის გადაუდებელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის;“. 2. მე-4 მუხლის: ა) „დ“−„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თავდაცვის ძალების მობილიზაციისათვის მომზადება; ე) თავდაცვის ძალების საომარ მდგომარეობაზე ან/და საგანგებო მდგომარეობაზე გადაყვანა; ვ) საქართველოს ეკონომიკის, თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმების შემუშავება;“; ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სამობილიზაციო რეზერვების შექმნა, შენარჩუნება და განვითარება მობილიზაციის დროს სახელმწიფოს, თავდაცვის ძალებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად; ი) მობილიზაციის დროს თავდაცვის ძალებისათვის მისაწოდებელი ტექნიკის მომზადება;“. 3. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი საქართველოს მთავრობა: ა) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში აცხადებს მობილიზაციას; ბ) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში იღებს განკარგულებას სამობილიზაციო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემის შესახებ; გ) ამტკიცებს თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმას და იღებს სამართლებრივ აქტებს მობილიზაციის სფეროში; დ) უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების კოორდინირებულ მოქმედებას მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში.“. 5. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. მე-7 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მობილიზაციის გამოცხადებისას ორგანიზებას უწევენ თავდაცვის ძალების მობილიზაციის რეჟიმზე გადაყვანის ღონისძიებათა კონტროლს;“. 7. მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევენ დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გამოძახებას, მოქალაქეებისათვის შეტყობინებას და მათ შემკრებ პუნქტებში გამოცხადებას, აგრეთვე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებათა, სხვა სამობილიზაციო რეზერვებისა და მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“. 8. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თავდაცვის ძალების მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“. 9. მე-13 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის ძალების საჭიროებისათვის მობილიზაციის დროს წესდება სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს თავდაცვის ძალების სამობილიზაციო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად საჭირო სატრანსპორტო საშუალებათა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, სახელმწიფო საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან ამოღება ხდება უსასყიდლოდ, ხოლო ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან – შემდგომი სათანადო ანაზღაურებით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასების შესაბამისად შედგენილი პრეისკურანტისა და ცვეთის ფასდაკლების გათვალისწინებით და გაიცემა საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ.“. 10. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ორგანიზება სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში ჩასარიცხ პირთა შემადგენლობის დაკომპლექტების, გაწვევის, სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისაგან გათავისუფლების, სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების (დაჯავშნის) წესი და პირობები, აგრეთვე სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის ვადა განისაზღვრება „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3588-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები