შეთანხმება სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება)

შეთანხმება სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება)
დოკუმენტის ნომერი ASH-15-11-17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2018
ძალაში შესვლის თარიღი 24/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016551
ASH-15-11-17
15/11/2017
ვებგვერდი, 17/10/2018
480610000.03.030.016551
შეთანხმება სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ  (ლაპის ლაზულის  მარშრუტის შეთანხმება)


პრეამბულა

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, საქართველო, თურქეთის რესპუბლიკა და თურქმენეთი, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,   

აღიარებენ რა რეგიონში ხელშემკვრელი მხარეების ერთიანი სატრანზიტო  და სატრანსპორტო სისტემის სრულ სარგებელს,

კვლავ ადასტურებენ რა ვალდებულებას, უზრუნველყონ ტვირთისა და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილება ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიების გავლით,

გამოთქვამენ რა სურვილს, გააუმჯობესონ რეგიონთაშორისი კავშირები, კერძოდ, შეუფერხებელი სატრანზიტო  მოძრაობა  ხელშემკვრელ მხარეებს შორის  სატრანსპორტო, საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივების გზით, და

აღნიშნავენ რა ხელშემკვრელი მხარეების წევრობას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და მონაწილეობას საერთაშორისო ხელშეკრულებებში,

 შეთანხმდნენ შემდეგზე:


ნაწილი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

მიზნები და ამოცანები

შეთანხმების ძირითად მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს შემდეგი:

a) ტვირთის,  მგზავრების და სატრანსპორტო საშუალებების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობა ხელშემკვრელი მხარეების  ტერიტორიების გავლით და ყველა საჭირო დახმარების გაწევა  სატრანზიტო მოძრაობის ხელშეწყობისათვის, წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად;

b) ტვირთის, მგზავრთა  და სატრანსპორტო საშუალებების  უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიების გავლით;

c) სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების გამარტივება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სადაც საჭიროა;

d) საჭირო ზომების მიღება აღნიშნული მარშრუტის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

მუხლი 2

განმარტებები

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

a) „საბაჟო კონტროლი“   ზომები, რომელსაც იღებენ მხარეების საბაჟო ორგანოები, რათა მოხდეს საბაჟო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

b) „სახიფათო ტვირთები“ ტვირთი, რომელსაც შეუძლია შეუქმნას მნიშვნელოვანი რისკი  ჯანმრთელობას და გარემოს, უსაფრთხოებას (მათ შორის, სახელმწიფო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას), უშიშროებას და საკუთრებას, მაშინ, როდესაც ხდება მისი ტრანსპორტირება ან როდესაც ის ინახება საცავში და სხვა;

c) „სატრანზიტო მოძრაობა“ ტვირთის ტრანსპორტირება ან მგზავრთა გადაადგილება (მათ შორის, ბარგი თანხლების გარეშე) ან ცარიელი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, დატვირთვის ან გადმოტვირთვის გარეშე, დასაწყობების ან დასაწყობების გარეშე ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლით ან შეცვლის გარეშე იმ ტერიტორიაზე, რომელიც მხოლოდ ნაწილია სრული მარშრუტის, რომელიც იწყება და სრულდება იმ ხელშემკვრელი მხარის საზღვრებს გარეთ, რომლის ტერიტორიაზეც ხდება სატრანზიტო მიმოსვლა;

d) „ნებართვა“ დოკუმენტი, რომელიც გაცემულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ და ნებას რთავს ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც დარეგისტრირებულია ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, შევიდეს, გამოვიდეს ან განახორციელოს სატრანზიტო მოძრაობა  იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიის გამოყენებით, რომელმაც გასცა ეს ნებართვა;

e) „სატრანსპორტო საშუალებები“ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება მგზავრების, ტვირთის და ბარგის ტრანსპორტირებისათვის;

f) „შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა“ სამართლებრივი აქტების ერთობლიობა, რომელიც მოქმედებს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

g) „მულტიმოდალური გადაზიდვა“ ორი ან მეტი სახეობის სატრანსპორტო საშუალების კომბინაცია;

h) „ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება“  თვითმავალი  სატრანსპორტო საშუალება, რომელიც კონსტრუქციულად  განკუთვნილია ტვირთის ან მგზავრის ტრანსპორტირებისთვის საავტომობილო გზებზე   ან მისაბმელიანი/ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების გაწევის უზრუნველსაყოფად;

i) ,,მგზავრი“ პირი, რომელიც მოგზაურობს აღნიშნული მარშრუტით.

მუხლი 3

შეთანხმების ფარგლები

წინამდებარე შეთანხმების დებულებები გამოიყენება ყველა სატრანზიტო მიმოსვლისას, რომელიც იწყება, გრძელდება ან სრულდება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

მუხლი 4

შეთანხმების გამოყენება

თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავს შეიკავებს ნებისმიერი ცალმხრივი მოქმედებისაგან, რაც ამ  შეთანხმების საფუძველზე  გამოიწვევს  მესამე სახელმწიფოებისთვის უპირატესი ხელსაყრელი პირობების შექმნას, და /ან არღვევს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 

ნაწილი II

სატრანზიტო საშუალებები

მუხლი 5

ინფრასტრუქტურული საშუალებები

ხელშემკვრელი მხარეები მიიღებენ შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყონ საშუალებები, რომელიც საჭიროა საავტომობილო, სარკინიგზო, სამოქალაქო ავიაციის, შიდა სამდინარო/საზღვაო გადაზიდვებისთვის და ასევე, მულტიმოდალური გადაზიდვებისათვის, როგორიცაა კომბინირებული სატრანსპორტო ტერმინალები, სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, ლიანდაგების შემცვლელი სადგურები, საბორნე ხაზები, ნავსადგურები, სანავიგაციო ნიშნები და საინფორმაციო ტექნოლოგია.

მუხლი 6

მულტიმოდალური ტრანსპორტი

მულტიმოდალური სატრანსპორტო ოპერაციები განხორციელდება საერთაშორისოდ აღიარებული არსებული დოკუმენტაციისა და პროცედურების საფუძველზე და ასევე ხელშემკვრელ მხარეებს შორის შეთანხმებული საერთაშორისო ინსტრუმენტებისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესაბამისად. ხელშემკვრელი მხარეები მიიღებენ შესაბამის ზომებს, რათა გაამარტივონ  ადმინისტრაციული პროცედურები, პრაქტიკა და სატრანსპორტო დოკუმენტაცია და ხელი შეუწყონ მულტიმოდალურ გადაზიდვებს.

მუხლი 7

უსაფრთხო სატრანზიტო მიმოსვლა

a) ხელშემკვრელი მხარეები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ტრანსპორტირების  უსაფრთხოებისთვის და გარემოს დაცვისათვის  სატრანზიტო მარშრუტებზე;

b) ხელშემკვრელი მხარის საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს  გარემოსდაცვით და  ტრანსპორტირების უსაფრთხოების ტექნიკურ პირობებს  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;

c) ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ ყველა შესაძლო დახმარების გაწევას თავიანთ ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანზიტო გადაზიდვებთან,  განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნული შემთხვევის მონაწილენი არიან მგზავრები, საქმე ეხება სახიფათო ტვირთებს და მალფუჭებად საკვებ პროდუქტებს. 

მუხლი 8

ვიზა

a) ხელშემკვრელი მხარეები შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გასცემენ შესაბამისი კატეგორიის ვიზებს იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისათვის და პირებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლაში და აკმაყოფილებენ სავიზო მოთხოვნებს;

b) ამ მიზნით, ვიზის გაცემის პროცედურების გამარტივებას მხარეები შეათანხმებენ მათ მიერ მიღებულ ცალკეულ ოქმში, რომელიც შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება.

მუხლი 9

ავტოსატრანსპორტო საშუალების ნებართვები

ხელშემკვრელ მხარეებს საავტომობილო ტრანსპორტირების ხელშესაწყობად შეუძლიათ, განიხილონ  სპეციალური საავტომობილო ნებართვების  სისტემის დაარსება არსებული ორმხრივი შეთანხმებების ზიანის მიუყენებლად.

მუხლი 10

ურთიერთთანამშრომლობა

ხელშემკვრელი მხარეები უნდა შეეცადონ, ითანამშრომლონ შემდეგ საკითხებში:

a) გზისთვის ვარგისობის სერტიფიკატისა და მართვის მოწმობების ორმხრივი აღიარება;

b) სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური სერტიფიცირება რეგისტრაციის  ქვეყნების მიერ, ერთი ფანჯრის პრინციპისა და სხვა ინტელექტუალური ელექტრონული ტრანსპორტირების სისტემების გამოყენება;

c) შესაბამისი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.

მუხლი 11

ნავსადგურები და სანავსადგურე აღჭურვილობები

თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეუქმნის მეორე ხელშემკვრელი მხარის დროშის ქვეშ მცურავ გემებს მომსახურების ისეთივე პირობებს, როგორსაც  საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებში  მონაწილე  საკუთარ გემებს, მათ შორის, ნავსადგურებში თავისუფალი შესვლისათვის, რომელიც ღიაა საერთაშორისო ნაოსნობისათვის, ნავმისადგომის გამოყოფისათვის, სანავსადგურე ნაგებობების გამოყენებისათვის, ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის, გადაზიდვისთვის, მგზავრთა ჩასხდომისათვის და გადმოსხდომისათვის, მომსახურების გამოყენებისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ნაოსნობისათვის.

მშრალი ნავსადგურის მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე გამოიყენებს თავის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.

მუხლი 12

სარკინიგზო აღჭურვილობები

a) ხელშემკვრელი მხარეები ახორციელებენ ტრანსპორტირებას თავიანთი პასუხისმგებლობის არეალის ფარგლებში სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთისა და მგზავრთა ტრანსპორტირების საერთაშორისო მარეგულირებელი შეთანხმებების შესაბამისად;

b) დაუბრკოლებელი სარკინიგზო ტრანსპორტირებისათვის დაკავშირებული პროცედურები, დაკარგულ ან დაზიანებულ ტვირთზე პასუხისმგებლობის ჩათვლით, შეიძლება დარეგულირდეს ხელშემკვრელ მხარეთა მიერ მიღებული ცალკე ოქმით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

ნაწილი III

საბაჟოსთან დაკავშირებული საკითხები

მუხლი 13

საბაჟო გადასახადები და გადასახდელები

a) ტრანზიტით მოძრავი ტვირთი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადებისა და გადასახდელებისაგან;

b) ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ახორციელებენ ტრანსპორტირებას ამ ხელშეკრულების შესაბამისად და მათი სტანდარტული სათადარიგო ნაწილები, რომლებიც განკუთვნილია მათი სათანადო ფუნქციონირებისათვის ორმხრივად გათავისუფლდება საბაჟო გადასახადებისა და გადასახდელებისგან, საგზაო გადასახადების, ინფრასტრუქტურის გამოყენების გამო მოსაკრებლის გამოკლებით, რომლებიც დაწესებულია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და მფლობელობისთვის, ასევე ნებისმიერი  სხვა მოსაკრებელი, რომელიც შეიძლება დაწესდეს საბაჟო ორგანოების მიერ მათ შორის განსაზღვრული დროის ლიმიტის  და სამარშრუტო მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის სატრანზიტო ოპერაციის განხორციელების დროს;

c) სტანდარტული სათადარიგო ნაწილები, რომელიც საჭიროა უკვე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად, დაიშვება დროებითი შემოტანის რეჟიმში, იმპორტის გადასახადების და სხვა გადასახდელების გადახდის გარეშე და მათზე არ ვრცელდება იმპორტის აკრძალვები და შეზღუდვები. გამოცვლილი ნაწილები ექვემდებარება განბაჟებას და რეექსპორტს;

d) ამ მუხლის  „a” პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება იმ სპეციალურ მომსახურებაზე, რომელიც გაიწევა ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 14

საბაჟო სატრანზიტო სისტემა

a) ტვირთის ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით ხელშემკვრელი მხარეები თავიანთ ტერიტორიებზე გამოიყენებენ შესაბამის საერთაშორისო კონვენციებს და შეთანხმებებს, რომლის წევრებიც ისინი არიან;

b) ხელშემკვრელი მხარეები, რომლებიც უკვე წარმოადგენენ ,,TIR-ის წიგნაკით ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ“ საბაჟო კონვენციის მონაწილე მხარეებს, (1975 წლის TIR კონვენცია) გამოიყენებენ აღნიშნული კონვენციის დებულებებს.

მუხლი 15

საბაჟო პროცედურების გამარტივება

a) ხელშემკვრელი მხარეები მიიღებენ ზომებს, რომ გაამარტივონ საბაჟო კონტროლის მექანიზმები ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ტვირთისა და მგზავრების გადაყვანას მათი ტერიტორიის გავლით, წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

b) ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან:

b.a) ყველა ტვირთი, რომლის ტრანსპორტირებაც ხდება მათი ტერიტორიის  გავლით, ტრანსპორტირებულ უნდა იქნეს შესაბამისად დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით ან  უზრუნველყოფილი სხვა სახის საბაჟო უსაფრთხოების ზომებით, რომელიც ასახავს საბაჟო კონტროლისა და განბაჟების შედეგებს;

b.b) მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყონ  ტრანსპორტირების მოთხოვნების შესრულება დალუქულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოუთავსებელი ნაყარი ტვირთის, მძიმეწონიანი ან არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის, რომელიც იქნება საკმარისად დაცული  საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად;

b.c) განახორციელონ საბაჟო კონტროლი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული რისკის ანალიზის მეთოდების საფუძველზე, გარდა იმ კონტროლისა, რომელიც განხორციელდება საერთაშორისო კონვენციებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, რომელთა მხარეებიც არიან ისინი;

b.d) ხელი შეუწყონ ერთობლივ და საკოორდინაციო ღონისძიებებს ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო სამსახურებს შორის, რათა უზრუნველყონ სწრაფი განბაჟება და სატრანზიტო მიმოსვლა მინიმალური დაყოვნებით;

b.e) როდესაც შესაძლებელია, იხელმძღვანელონ ,,საბაჟო პროცედურების გამარტივების და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის (1999 წლის, კიოტოს შესწორებული კონვენცია) სტანდარტებითა და რეკომენდებული პრაქტიკით;

b.f) ნება დართონ, გადასახადებისა და გადასახდელების გადახდის გარეშე, იმ კონტეინერების დროებით შემოტანას, რომლებიც ექვემდებარება რეექსპორტს და „კონტეინერების შესახებ „საბაჟო კონვენციით (ჟენევა, 1972 წელი) გათვალისწინებულ სხვა პირობებს.

ნაწილი IV

სხვადასხვა დებულება

მუხლი 16

ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფი

a) შეთანხმების განხორციელების და შემდგომი მოქმედების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, დააფუძნონ ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შედგება ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილი წარმომადგენლებისგან;

b) საკონსულტაციო ჯგუფი გამართავს მაღალ დონეზე რეგულარულ კონსულტაციებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ და საჭიროების შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეების შეთანხმების საფუძველზე.

მუხლი 17

საერთაშორისო ხელშეკრულებები

წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ახდენს გავლენას ხელშემკვრელ მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც წარმოიშვება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მხარეებიც არიან ისინი.

მუხლი 18

დავების მოგვარება

წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების გზით ამ  შეთანხმების მე-16 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 19

შეთანხმებასთან შეერთება

ნებისმიერი ქვეყანა უფლებამოსილია შეუერთდეს წინამდებარე შეთანხმებას, ხელშემკვრელ მხარეთა ერთსულოვანი თანხმობის საფუძველზე.

მუხლი 20

ძალაში შესვლა

a) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა დეპოზიტარისათვის  ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დიპლომატიური არხების საშუალებით შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების  შესახებ  უკანასკნელი წერილობითი  შეტყობინებიდან ოცდამეათე  (30) დღეს.

b) წინამდებარე შეთანხმების დეპოზიტარია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა

c) თუ ორი, ან მეტი ხელშემკვრელი მხარე ამაზე თანახმაა, შეთახმება, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ ხელშემკვრელ მხარეებს შორის, რომელმაც წარმოდგენილი მუხლის თანახმად უკვე შეატყობინა დეპოზიტარს შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.

d) სახელმწიფოსთვის რომელიც განახორციელებს შეთანხმებასთან შეერთებას, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა დეპოზიტარისათვის დიპლომატიური არხების საშუალებით  ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ  უკანასკნელი წერილობითი  შეტყობინებიდან ოცდამეათე (30) დღეს.   

მუხლი 21

ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა წერილობითი თანხმობის  საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთახმების მე-20 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 22

ხანგრძლივობა და გამოსვლა

a) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით;

b) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოვიდეს წინამდებარე ხელშეკრულებიდან დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. გამოსვლა ძალაში შევა დეპოზიტარის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის ვადაში;

c) ხელშემკვრელი მხარის მიერ გამოსვლა  გავლენას არ მოახდენს შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე.

მუხლი 23

შეტყობინება

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ, როგორც წინამდებარე შეთანხმების  დეპოზიტარმა ქვეყანამ ხელშემკვრელი მხარეებისთვის უნდა უზრუნველყოს შემდეგი საკითხების შეტყობინება:

a) ნებისმიერი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დეპონირება;

b) მე-20 მუხლის შესაბამისად წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი თარიღის ძალაში შესვლის შესახებ;

c) შეტყობინება ნებისმიერი შესწორების შესახებ 21-ე მუხლის შესაბამისად და თარიღი ამ შესწორების ძალაში შესვლის შესახებ;

d) 22-ე მუხლის შესაბამისად ნებისმიერი გამოსვლის შესახებ შეტყობინება;

e) ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინების ან კომუნიკაციის შესახებ შეტყობინება წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერნი, სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელს აწერენ მოცემულ შეთანხმებას მითითებულ თარიღებში.

ხელმოწერილია ქალაქ აშხაბადში, 2017 წლის 15 ნოემბერს, ერთ ეგზემპლარად, დარის და პაშტუს, აზერბაიჯანულ, ქართულ, თურქულ, თურქმენულ და ინგლისურ ენაზე.

ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

დეპოზიტარი გაუგზავნის ამ შეთანხმების დამოწმებულ ასლებს ხელშემკვრელ მხარეებს.

 

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის

სახელით

---------------------------------------------------------

(ხელმოწერილია)

აზერბაიჯანის რესპუბლიკის

სახელით

--------------------------------------------------------

(ხელმოწერილია)

 

საქართველოს სახელით

---------------------------------------------------------

(ხელმოწერილია)

 

თურქეთის რესპუბლიკის სახელით

---------------------------------------------------------

(ხელმოწერილია)

 

თურქმენეთის სახელით

---------------------------------------------------------

(ხელმოწერილია)