დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ჩარჩო კონვენციის რატიფიცირების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1938 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 125, 27/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ჩარჩო კონვენციის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს სტრასბურგის 1995 წლის 1 თებერვლის „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ჩარჩო კონვენცია.
2. „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ჩარჩო კონვენციის (შემდგომში – კონვენციის) რატიფიცირებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი:
ა) ტერმინის ,,ეროვნული უმცირესობები“ განმარტებისას საქართველო ხელმძღვანელობს ქვემოთ აღნიშნული კრიტერიუმებით და თვლის, რომ პირთა ჯგუფს ეროვნული უმცირესობის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს, თუ:
● მისი წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები;
● ისინი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისაგან განსხვავდებიან საკუთარი ენობრივი, კულტურული და ეთნიკური იდენტურობით;
● ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე;
● ისინი საქართველოს ტერიტორიაზე კომპაქტურად არიან დასახლებული;
ბ) კონვენციის მე-10 მუხლთან მიმართებით საქართველო იღებს ვალდებულებას, ეროვნული უმცირესობისადმი მიკუთვნებული პირები ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში და სამართალწარმოების პროცესში უზრუნველყოს თარჯიმნის დახმარებით, რათა ამ გზით რეალიზებულ იქნეს მათთვის აღნიშნული მუხლით მინიჭებული უმცირესობის ენის გამოყენების უფლება. საქართველო ასევე იღებს ვალდებულებას, მაქსიმალურად შეუქმნას პირობები ეროვნული უმცირესობისადმი მიკუთვნებულ პირებს, რათა მათ სახელმწიფო ენა შეისწავლონ;
გ) კონვენციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შიდა კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში ეროვნული უმცირესობისადმი მიკუთვნებულ პირთა სახელები და გვარები ჩაიწეროს ქართულ ენაზე, ისე, რომ იმავდროულად შეძლებისდაგვარად დაცული იყოს მათ ენაზე გამოთქმის წესები;
დ) კონვენციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით შიდა კანონმდებლობით მოწესრიგდეს ის დებულებები, რომლებიც შეეხება ეროვნული უმცირესობების მნიშვნელოვანი რაოდენობით ტრადიციულად დასახლებულ რეგიონებში ქუჩებისა და სხვა ტოპოგრაფიული დასახელების ქართულ და უმცირესობის ენაზე გამოყენებას. ამასთანავე, საქართველო არ განიხილავს ეროვნულ უმცირესობათა ამ უფლებას, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებას, შეცვალოს ტერიტორიული ერთეულების არსებული დასახელებები, და მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებების დამატებით გაფორმებას;
ე) საქართველო იზიარებს და ეთანხმება კონვენციის მე-16 მუხლის მიზნებსა და სულისკვეთებას. ამავე დროს, ეს მუხლი არ შეეხება იმ განსახლებით პროცესებს, რომლებსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ეკოლოგიური ან ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებულ, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ზონებში მცხოვრებ პირთა სხვა საცხოვრებელ ადგილებში გადაყვანის მიზნით. აღნიშნული მუხლი ასევე არ შეეხება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დროებითი თუ მუდმივი დასახლების პროცესს;
ვ) კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით საქართველო აცხადებს, რომ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვა აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობით, კონვენციებით, ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, რომლებთანაც მიერთებულია საქართველო და რომლებიც აღიარებენ და იცავენ ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს. შესაბამისად, საქართველო აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ მიზანშეუწონლად მიიჩნევს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებების დამატებით გაფორმებას;
ზ) კონვენციის 30-ე მუხლთან დაკავშირებით საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის დებულებების სრულად და გარანტირებულად დაცვას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეძლებს მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული კონფლიქტების მოგვარების შემდეგ. საქართველო დახმარებას სთხოვს ევროპის საბჭოს, მის წევრ სახელმწიფოებს, რათა კონვენციის სულისკვეთება და დებულებები შეძლებისდაგვარად სრულად იქნეს დაცული აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობასთან მიმართებით.
3. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი საქართველოს პარლამენტის მიერ „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ჩარჩო კონვენციის რატიფიცირების გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2005 წლის 13 ოქტომბერი.
1938–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები