„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 232
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.157.016336
232
31/08/2018
ვებგვერდი, 04/09/2018
010250040.35.157.016336
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №232

2018 წლის 31 აგვისტო

ქ. თეთრიწყარო

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, სარეგ. კოდი 010250040.35.157.016163) დამტკიცებულ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“:

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საკრებულოს უფლებამოსილება

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტობის განსაზღვრის, ორგანიზაციული საქმიანობის, მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის, თვითმმართველი ერთეულის განვითარების დაგეგმვის, საფინანსო-საბიუჯეტო, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის, სოციალურ, კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის, აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროებში.

2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის განმსაზღვრელ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა/შეცვლა;

ბ) მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ შუამდგომლობის წარდგენა;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების – გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების დადგენა და მასში ცვლილებების შეტანა;

დ) თვითმმართველი ერთეულის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების  შემოღებისა და მათი მინიჭების წესის დადგენა;

ე) ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად გეოგრაფიული ობიექტების სახელდება; დასახლებებში არსებული შენობა-ნაგებობების ნუმერაციის წესის დადგენა;

ვ) გადაწყვეტილების მიღება სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ერთად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნის, მასში გაწევრიანების ან წევრობიდან გამოსვლის შესახებ.

3. ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;

გ) საკრებულოს კომისიის შექმნა,  კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება, კომისიის პერსონალური შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;

დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;

ე) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;

ვ) საკრებულოს სამუშაო გეგმის და სამუშაო პროგრამის დამტკიცება;

ზ) საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება;

თ) საქართველოს ორგანული  კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში მუნიციპალიტეტის/საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნა;

ი) შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4. მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის  სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება;

გ) მერისათვის უნდობლობის გამოცხადება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით;

 5. თვითმმართველი ერთეულის განვითარების დაგეგმვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დამტკიცება;

ბ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის  მიზნით გასატარებელ ღონისძიებებისა და პროგრამების დამტკიცება;

დ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, პრიორიტეტების დოკუმენტის, სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის კონტროლი და მათი შესრულების შეფასება;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

6. საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება; გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნა და მისი განკარგვის წესის დადგენა;

დ)  მერისათვის  თანხმობის მიცემა სესხის ან გრანტის აღების შესახებ;

ე) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულებების დამტკიცება, ასევე ისეთი გარიგებების დადებაზე თანხმობის გაცემა, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 %-ს;

ვ) მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა;

ზ) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;

თ) გადაწყვეტილების მიღება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის განვითარებას;

ი) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება;

კ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ლ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სწავლება-გადამზადებაზე საბიუჯეტო ასიგნებათა მოცულობის განსაზღვრა; ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ყოველწლიური გეგმების დამტკიცება;

7. მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, ასევე 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესების დადგენა  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზაციო  საფასურის და ქირის საწყისი საფასურის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა;

დ) მერის  წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება;

ე) მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ვ) მერისათვის თანხმობის მიცემა კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრიანების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში ცვლილების შესახებ, სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

ზ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის მოძრავი და უძრავი ქონების პირობით ან უპირობოდ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ;

თ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალური ქონების შემძენზე/სარგებლობის უფლების მიმღებზე/მართვის უფლებით მიმღებზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ;

ი) მერისათვის თანხმობის მიცემა პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

კ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

ლ) ადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესს.

8. სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით შექმნაზე მერისათვის თანხმობის მიცემა;

გ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

დ) ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, საზოგადოებრივი განათლებისა და მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ე) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;

ვ) „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება;    

ზ) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლით თვითმმართველ ერთეულზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

თ) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

ი) მერთან შეთანხმების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ;

კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების წესებისა და პირობების დადგენა; ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარების, ადაპტირებისა და აღჭურვისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა და შესაბამის პროგრამათა დამტკიცება;

ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დამტკიცება;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების მიღება უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

9. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება;

ბ) ,,რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;

დ) გარე განათების, წყალმომარაგების (მათ შორის ტექნიკური) და წყალანირების უზრუნველყოფის, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა;

ე) ტერიტორიის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და ორგანიზების წესების დადგენა;

ვ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა;

ზ) შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა.

10. მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურულ, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების)  დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწის გადასახადების ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა;

გ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;

დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენა.

11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის დაგეგმარების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა;

ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; ქალაქმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება;

გ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება.

12. ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;

ბ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;

გ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების დამტკიცება;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება; პარკირების წესების დადგენა.

13. აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მუნიციპალიტეტის ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის კონცეფციებისა და პროგრამების დამტკიცება;

ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, ასევე მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდის დებულების დამტკიცება;

გ) ადგილობრივი ქონების და მუნიციპალიტეტის დოკუმენტების და მათთან დაკავშირებული უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა;

დ) ადგილობრივი არქივის მართვის და არქივით სარგებლობის წესების დადგენა.

14. სამხედრო ვალდებულების მოხდის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;

ბ) სამხედრო ვალდებულების მოხდის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.

15. საკრებულო აგრეთვე უფლებამოსილია  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაამტკიცოს სოფლის მეურნეობის, მათ შორის სასოფლო კოოპერაციის მხარდაჭერისა და ტურიზმის განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამები.

 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.

17. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალებით – მუნიციპალიტეტის მერი.

18. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით ან საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც მუნციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი გადაცემის შესაძლებლობას.“ .

2. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 36. საკრებულოს ფრაქციის უფლებები

1. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს:

ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე;

გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებასა და პოლიტიკურ პლატფორმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

დ) ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის საქმიანობის საკითხებზე;

ვ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე;

ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტების გამოყენების საკითხები;

თ) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს ნორმატიული აქტის პროექტები;

ი) საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც;

კ) მოითხოვოს ცალკეულ საკითხებზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა;

ლ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;

მ) საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავის მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევ, დასანიშნ, დასამტკიცებელ ან იმ კანდიდატურის თაობაზე, რომლის დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო;

ნ) წელიწადში ორჯერ, საკრებულოს ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე გააკეთოს ფრაქციის ერთსაათიანი მოხსენება;

ო) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე;

პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. ფრაქციის მიერ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარდგენილი საკრებულოს წევრის ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, ფრაქციას უფლება აქვს თავის ქვოტის შესაბამისად ამ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარადგინოს ფრაქციის ახალი წევრის კანდიდატურა.

3. ფრაქციას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს მის მიერ წარდგენილი წევრი ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც წერილობით აცნობებს შესაბამისი კომისიის (დროებითი სამუშაო ჯგუფის) თავმჯდომარეს.

4. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა საკრებულოს კომისიებში და დროებით სამუშაო ჯგუფებში განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად. ფრაქციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ადგენს საკრებულოს ბიურო საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხებისა და ეთიკის კომისიის წარდგინების საფუძველზე. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს სხდომა ამ საკითხს იხილავს რიგგარეშე და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით.

5. ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის შეცვლის შემთხვევაში საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია. 

6. ფრაქციის წარმომადგენელს საკრებულოს სხდომაზე გააჩნია სიტყვით გამოსვლის უპირატესი რიგითობა ფრაქციის გარეშე წევრთან შედარებით.“.

3. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 37. ფრაქციის ხელმძღვანელობა და საქმიანობის ორგანიზაცია

1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

2. ფრაქციის სხდომის პერიოდულობა, სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისა და  ფრაქციის მდივნის  უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

4. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე.“.

4. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“  88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 88. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი

1. თუ საკრებულომ ვერ შეძლო ვერც წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის და ვერც ალტერნატიული ვარიანტების მიღება, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა მონაწილეობით.

2. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს ბიუჯეტის ახალ პროექტს, რომელსაც განიხილავს საკრებულო ამ რეგლამენტის 86-ე და 87-ე მუხლებით დადგენილი წესით.“.

5. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 91-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 91. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი

1. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე. ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის საკითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და მერიის საფინანსო სამსახურის დასკვნების საფუძველზე.

2. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია მერის და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა ამ ნორმატიული აქტის პროექტის ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე გავლენის შესახებ.

3. ყველა საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტს უნდა ახლდეს დასკვნა და წინადადებები ხარჯების დაფარვის შესაძლო გზების თაობაზე.

4. საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საკრებულოს განსახილველად წარედგინება მერის თანხმობით და/ან მერის მიერ.

5. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვა და მიღება ხდება საბიუჯეტო ნორმატიული აქტის მიღების წესის შესაბამისად.“.

6. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 105-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 105. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი“.

7. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 116-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 116. კონტროლი მერიის საქმიანობაზე“.

8. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 127. დასახლების საერთო კრება

1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. საერთო კრების საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) საჯაროობა;

გ) კოლეგიურობა;

დ) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა;

ვ) თანასწორობა.

3. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი; საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს, აგრეთვე: ა) შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს; ბ) ამ დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.

4. საერთო კრება უფლებამოსილია:

ა) განიხილოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ბ) განიხილოს შესაბამის დაწესებულებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;

გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;

დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტქრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისათვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;

ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ზ) მუნიციპალტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივტიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;

თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხები;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;

კ) განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამები/პროექტები, შეიმუშავოს რეკომენდაციები და განახორციელოს ამ პროგრამების/პროექტების მიმდინარეობის შეფასება;

ლ) მიიღოს ინფორმაცია დასახლების მცხოვრებთა სოციალური საჭიროების შესახებ და შეიმუშაოს წინადადებები მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში;

მ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზებასთან დაკავშირებით;

ნ) შეიმუშაოს წინადადებები მუნიციპალიტეტის დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით;

ო) იშუამდგომლოს მუნიციპალიტეტთან დასახლებაში საშეშე მერქნის განაწილების თაობაზე;

პ) განიხილოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ/წარმომადგენლობით ორგანოებს წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები;

ჟ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ/წარმომადგენლობით ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები დასახლების განვითარების პრიორიტეტების შესახებ;

რ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;

ს) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების ორგანიზებასთან დაკავშირებით;

ტ) განიხილოს დასახლებისთვის სასმელი და სარწყავი წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი და შეიმუშაოს წინადადებები;

უ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით;

ფ) უფლებამოსილების ფარგლებში თხოვნით მიმართოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთო კრების ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებაში დახმარების შესახებ;

ქ) განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნციონირებასთან დაკავშირებული საკითხები;

ღ) მოისმინოს მერის მიერ ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის წარდგენილი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;

ყ) მოისმინოს დასახლების ტერიტორიიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეული მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;

შ) განახორციელოს ადგილობრივი მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

5. საერთო კრებაზე საკითხის განხილვის შედეგად მიღებული წინადადება, შენიშვნა, რეკომენდაცია საერთო კრების გადაწყვეტილების სახით ფორმდება საერთო კრების ოქმით (შემდგომ – ოქმი).

6. საერთო კრების მოწვევის ინიცირების უფლება აქვთ:

ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს (შემდგომ – ამომრჩეველთა არანაკლებ 5%);

ბ) მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;

გ) საერთო კრების რჩეულს.“.

9.  „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 1271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1271. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვალებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში

1. მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანამდებობის პირები მუნიციპალიტეტის სხვა ორგანოებთან ერთად  ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საერთო კრების უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისათვის აუცილებელი პროექტებისა და ინფორმაციის წარდგენა საერთო კრებისათვის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულო  და თანამდებობის პირები უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი გონივრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების წარმართვაზე უფლებამოსილ პირს;

3. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცება;

ბ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურის განსაზღვრა;

გ) დასახლების საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვა.“

10.  „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 1331 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1331. მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ   გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე