საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 328
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 27/08/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2018
სარეგისტრაციო კოდი
328
27/08/2018
ვებგვერდი, 31/08/2018
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე
ფინანსთა სამინისტრო
 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

საჯარო გადაწყვეტილება №328

2018 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 461 მუხლის შესაბამისად და საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, მიღებულ იქნეს შემდეგი შინაარსის საჯარო გადაწყვეტილება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე“:

1. საჯარო გადაწყვეტილების რეგულირების სფერო

საჯარო გადაწყვეტილება განმარტავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის  პირობებს.

2. საჯარო გადაწყვეტილების დასაბუთება და სამართლებრივი საფუძვლები

სსკ-ის 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შიდა პროცედურების, ანალიზისა და შეფასების გათვალისწინებით, 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად უიმედო სესხად კლასიფიცირებული სასესხო ვალდებულების პატიებისას (ჩამოწერისას) ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი.

აღნიშნული ნორმის გამოყენების პირობებს განმარტავს ამავე მუხლის 881  ნაწილი, რომელიც კომერციული ბანკის მიერ სსკ-ის 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უფლების გამოყენებას, ერთი მხრივ, შესაბამისი პერიოდისათვის ერთობლივი შემოსავლიდან სესხის შესაძლო დანაკარგების რეზერვის გამოქვითვას, ხოლო, მეორე მხრივ, მის მიერ შესაბამისი პერიოდისათვის სესხზე დარიცხული  პროცენტის და ჯარიმის ერთობლივ შემოსავალში შეტანას უკავშირებს.

კერძოდ, კომერციული ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილი არიან, სსკ-ის 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება გამოქვითონ ერთობლივი შემოსავლიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომერციული ბანკის მიერ:

ა) შესაბამისი პერიოდისათვის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია სესხის შესაძლო დანაკარგების რეზერვი;

ბ) შესაბამისი პერიოდისათვის ერთობლივ შემოსავალში შეტანილი არ არის სესხზე დარიცხული პროცენტი და ჯარიმა.

შესაბამისად, სსკ-ის 309-ე მუხლის 881 ნაწილის თანახმად, განსახილველი საკანონმდებლო ნორმების მიზნისთვის,     გამიჯნულია ტერმინი – „სესხი“, რაც გულისხმობს სესხის ძირითად თანხას და ტერმინი – „სასესხო ვალდებულება“, რაც სესხის ძირითად თანხასთან ერთად მოიცავს სესხის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე წარმოშობილ ყველა ვალდებულებას, მათ შორის, სესხზე დარიცხულ პროცენტს და ჯარიმას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სასესხო ვალდებულების (მათ შორის, სესხზე დარიცხული პროცენტის და ჯარიმის) პატიების შედეგად, ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი  თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.

3. გადაწყვეტილება

ფიზიკური პირი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან მისთვის კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, სსკ-ის 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, სასესხო ვალდებულების (მათ  შორის, სესხზე დარიცხული პროცენტის და  ჯარიმის) პატიების შემთხვევაში.

მუხლი 2. საჯარო გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრი                                                                                                         ივანე მაჭავარიანი