საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 41/17-12-16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016545
41/17-12-16
16/12/2017
ვებგვერდი, 29/08/2018
480610000.03.030.016545
საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ


საქართველო და ბელარუსის რესპუბლიკა, შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“,

მხარეებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართალდაცვით, სამეცნიერო-ტექნიკურ და სხვა სფეროებში მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე,

აცნობიერებენ რა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლს მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად,

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორმხრივად უზრუნველყოფის მიზნით, რომლის გადაცემის აუცილებლობა შესაძლოა წამოიჭრას მხარეებისთვის, და, ასევე, მის დასაცავად სამართლებრივი საფუძვლის შექმნის მიზნით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

ტერმინები და მათი განმარტებები

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი ტერმინები და მათი განმარტებები:

1) „საიდუმლო ინფორმაცია“ – საქართველოს ან/და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რომელიც დაცულია მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, გადაცემულია (მიღებულია) და, ასევე, შექმნილია ორმხრივი თანამშრომლობის პროცესში;

2) „საიდუმლოობის გრიფი“ – რეკვიზიტი, რომელიც ადასტურებს საიდუმლო ინფორმაციის შემცველ მატარებელზე არსებული მონაცემების საიდუმლოობის ხარისხს, და რომელიც აღინიშნება თავად მატარებელზე ან/და მის თანხმლებ დოკუმენტაციაზე;

3) „საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება“ – ფიზიკური პირის ან/და იურიდიული  პირის უფლება, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა; 

4) „საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა“ – ფიზიკური პირის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა ან/და მასთან მუშაობა, რაც ხორციელდება მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;

5) „საიდუმლო ინფორმაციის დაცვა“ – მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, სამართლებრივი, ორგანიზაციული, ტექნიკური და სხვა ზომების მიღება, რათა არ მოხდეს საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო გავრცელება;

6) „კომპეტენტური ორგანოები“ – მხარეთა ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე;

7) „საიდუმლო კონტრაქტი (ხელშეკრულება)“ – მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს შორის წერილობითი შეთანხმება, რომელიც, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, ან რომლის საფუძველზე ხორციელდება საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა, მიღება ან/და შექმნა;

8) „საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო გავრცელება“ – საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება ან დაკარგვა, ანდა ასეთი ინფორმაციის დასაცავად მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა, რის შედეგადაც ის ცნობილი გახდება, ან შეიძლება ცნობილი გახდეს იმ პირებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ მისი გაცნობის უფლება;

9) „საიდუმლო ინფორმაციის შემცველი მატარებლები“ – მატერიალური ობიექტები, მათ შორის ფიზიკური ველები, რომლებშიც საიდუმლო ინფორმაცია აისახება სიმბოლოების, გამოსახულებების, სიგნალების, ტექნიკური გადაწყვეტილებების და პროცესების სახით;

10) „საიდუმლო საქმიანობა“ – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობასთან, მათ შორის სწავლებასთან;

11) „მესამე მხარე“ – უცხო სახელმწიფო, მათ შორის მის იურისდიქციაში შემავალი იურიდიული ან ფიზიკური პირი ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების არც ერთ მხარეს;

12) „უფლებამოსილი ორგანოები“ – მხარეთა სახელმწიფო ორგანოები ან სხვა იურიდიული პირები, რომლებიც, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი არიან, მოეპყრონ საიდუმლო ინფორმაციას, მათ შორის, გადასცენ, მიიღონ, შეინახონ, გამოიყენონ, დაიცვან საიდუმლო ინფორმაცია.

 

მუხლი 2

შეთანხმების საგანი

წინამდებარე შეთანხმების საგანს წარმოადგენს მხარეთა მიერ საიდუმლო ინფორმაციის  გაცვლა და დაცვის ორმხრივად უზრუნველყოფა.

 

მუხლი 3

საიდუმლოობის ხარისხების შესაბამისობა

1. მხარეები, წინამდებარე შეთანხმებისა და მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ადგენენ, რომ საიდუმლოობის ხარისხები და მათი შესაბამისი საიდუმლოობის გრიფები ერთმანეთთან შესაბამისობაშია შემდეგი სახით:

ბელარუსის რესპუბლიკაში

საქართველოში

ეკვივალენტი რუსულ ენაზე

Особой важности

განსაკუთრებული მნიშვნელობის

Особой важности

Совершенно секретно

სრულიად საიდუმლო

Совершенно секретно

Секретно

საიდუმლო

Секретно

Секретно

შეზღუდული სარგებლობისათვის

Для ограниченного пользования

 

2. საქართველოს საიდუმლო ინფორმაციის შემცველ მატარებლებს, საიდუმლოობის გრიფით: „შეზღუდული სარგებლობისათვის“ / „Для ограниченного пользования“, ბელარუსის რესპუბლიკაში ენიჭება საიდუმლოობის გრიფი: „Секретно“.  

3. ბელარუსის რესპუბლიკის საიდუმლო ინფორმაციის შემცველ მატარებლებს, საიდუმლოობის გრიფით: „Секретно“, საქართველოში ენიჭება საიდუმლოობის გრიფი:  „საიდუმლო“ / „Секретно“. 

 

მუხლი 4

კომპეტენტური ორგანოები

1. კომპეტენტური ორგანოები არიან:

საქართველოში – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

ბელარუსის რესპუბლიკაში – ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი.

2. კომპეტენტური ორგანოები, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ურთიერთობენ პირდაპირ.

3. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებენ ერთმანეთს საკუთარი კომპეტენტური ორგანოს ცვლილების შესახებ.

4. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში უფლებამოსილი ორგანოების ურთიერთქმედების ორგანიზება ხორციელდება კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით.

5. საიდუმლო საქმიანობის შესრულების პროცესში უფლებამოსილი ორგანოების ურთიერთქმედება ხორციელდება პირდაპირ, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, წინამდებარე შეთანხმებით ან/და მათ შორის დადებული შესაბამისი საიდუმლო კონტრაქტით (ხელშეკრულებით) დადგენილი წესით.

 

მუხლი 5

საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ზომები

1. მხარეები, წინამდებარე შეთანხმებისა და საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, იღებენ ვალდებულებას:

ა) საიდუმლო ინფორმაციისა და მისი შემცველი მატარებლების მიმართ გამოიყენონ დაცვის ზომები, რომლებსაც ისინი ახორციელებენ საიდუმლოობის შესაბამისი ხარისხის მქონე საკუთარი საიდუმლო ინფორმაციის მიმართ, რაც შესაბამისობაშია წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლთან;

ბ) არ შეცვალონ საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი და საიდუმლოობის შესაბამისი გრიფი მის მატარებლებზე, ასეთი საიდუმლო ინფორმაციის გადამცემი მხარის  წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

გ) განსაზღვრონ ან შეცვალონ თანამშრომლობის პროცესში ერთობლივად შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი, ასევე, განახორციელონ მისი განსაიდუმლოება, მის შექმნაში მონაწილე ორივე მხარის შეთანხმებით;

დ) გამოიყენონ საიდუმლო ინფორმაცია მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რაც გათვალისწინებულია მისი გადაცემისას;

ე) არ გადასცენ მიღებული საიდუმლო ინფორმაცია მესამე მხარეს, ასევე, არ მიანიჭონ მის წარმომადგენლებს ასეთი ინფორმაციის გაცნობის უფლება, საიდუმლო ინფორმაციის გადამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

2. საჭიროების შემთხვევაში, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის დამატებითი მოთხოვნები (საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის შესახებ ვალდებულებების დეტალური აღწერით და მისი დაცვის ზომების მითითებით) შესაძლებელია განისაზღვროს საიდუმლო კონტრაქტით (ხელშეკრულებით), საიდუმლო ინფორმაციის გადამცემი მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

 

მუხლი 6

საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობა

1. საიდუმლო ინფორმაციის შემცველ, მიღებულ მატარებლებს, მათი მიმღები მხარის მიერ, დამატებით ენიჭება საიდუმლოობის გრიფი, რაც შესაბამისობაშია წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლთან.

2. საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლის ან განსაიდუმლოების შესახებ, მისი გადამცემი მხარე წერილობით შეატყობინებს საიდუმლო ინფორმაციის მიმღებ მხარეს.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ, საკუთარი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს მიმართონ შემოწმების ღონისძიებების განხორციელებაში დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების მეორე მხარის მოქალაქეებისთვის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების მინიჭებასთან, ასევე, აღნიშნული მოქალაქეების მიმართ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, მათთვის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლების მინიჭების საკითხის გადასაწყვეტად. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების განხილვა ხორციელდება მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის ურთიერთქმედების პროცესში, რომლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება აღნიშნული მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს.

4. საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება, რომელიც განსაიდუმლოებულია წინამდებარე შეთანხმებისა და მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ხორციელდება საიდუმლო ინფორმაციის გადამცემ მხარესთან შეთანხმებით.

5. თანამშრომლობის პროცესში ერთობლივად შექმნილი და, წინამდებარე შეთანხმებისა და მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, განსაიდუმლოებული საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება ხორციელდება მათ შორის წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

 

მუხლი 7

საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება

1. საიდუმლო ინფორმაციის ან/და მისი შემცველი მატარებლების გამრავლება, გარდა „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ / „Особой важности“ საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციისა, ხორციელდება მხოლოდ მისი გადამცემი მხარის წერილობითი გადაწყვეტილებით.

2. საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა და გამრავლება ხორციელდება მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მათ შორის შემდეგი დებულებების დაცვით:

ა) ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ თარგმნას და გამრავლებას, უნდა ფლობდნენ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვების ფორმას, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) საიდუმლო ინფორმაციის შემცველი მატარებლების თარგმანი და ასლები უნდა იქნეს დაცული, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, და უნდა ატარებდეს საიდუმლოობის იმავე  გრიფს, რაც აქვს საიდუმლო ინფორმაციის დედანს;

გ) თარგმანისა და გამრავლების შედეგად შექმნილი, საიდუმლო ინფორმაციის შემცველი მატარებლების ასლების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია სამსახურებრივი მიზნებისათვის, თუ საიდუმლო კონტრაქტით (ხელშეკრულებით) სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

მუხლი 8

საიდუმლო ინფორმაციის განადგურება

1. საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, იმგვარად, რომ გამოირიცხოს მისი შინაარსის სრულად ან/და ნაწილობრივ აღდგენა.

2. საიდუმლო ინფორმაციის განადგურება ხორციელდება მისი გადამცემი მხარის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. საიდუმლო ინფორმაციის შემცველი მატარებლების განადგურების ფაქტი ექვემდებარება დოკუმენტირებას. აღნიშნული მატარებლების განადგურების დოკუმენტის ასლი გადაეცემა საიდუმლო ინფორმაციის გადამცემ მხარეს.

3. „განსაკუთრებული მნიშვნელობის“/„Особой важности“ საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა განადგურდეს, არამედ უნდა დაუბრუნდეს საიდუმლო ინფორმაციის გადამცემ მხარეს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. საიდუმლო ინფორმაციის გადამცემი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, საიდუმლო ინფორმაცია ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

5. კრიზისული სიტუაციის ან სხვა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა ან უკან დაბრუნება, საიდუმლო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადამცემ მხარეს.

 

მუხლი 9

საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა

1. ერთი მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მეორე მხარის უფლებამოსილი ორგანოსათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ის საკუთარი მხარის კომპეტენტური ორგანოსგან წინასწარ გამოითხოვს წერილობით დადასტურებას, რომ მეორე მხარის უფლებამოსილი ორგანო ან/და ფიზიკური პირი, რომელსაც უნდა გადაეცეს საიდუმლო ინფორმაცია, ფლობს საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებას. ასეთი დაშვების არსებობას წერილობით ადასტურებს იმ მხარის კომპეტენტური ორგანო, რომელსაც უნდა გადაეცეს საიდუმლო ინფორმაცია, იმ მხარის კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც გეგმავს ასეთი გადაცემის განხორციელებას.   

2. საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ მიმღები მხარის უფლებამოსილ ორგანოს ან/და ფიზიკურ პირს ჰქონდეს საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება.

3. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, წინამდებარე შეთანხმებით ან/და საიდუმლო კონტრაქტით (ხელშეკრულებით) დადგენილი წესით და მათ საფუძველზე.

4. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თითოეული მხარე, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.

5. საიდუმლო ინფორმაციის შემცველი მატარებლების გადაცემა ხორციელდება დიპლომატიური არხების მეშვეობით, საფელდეგერო სამსახურის გამოყენებით, ან მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით.

6. საიდუმლო ინფორმაციის შემცველი მსხვილგაბარიტიანი მატარებლების გადაცემის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეების უფლებამოსილი ორგანოები თანხმდებიან მათი ტრანსპორტირების ადგილზე, საშუალებაზე, მარშრუტზე და თანხლების ფორმაზე.

7. საიდუმლო ინფორმაციის ელექტრონული არხებით გადაცემა ხორციელდება მხარეთა კომპეტენტურ  ორგანოებს შორის ორმხრივად შეთანხმებული, კრიპტოგრაფიული საშუალებების გამოყენებით.

8. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა არ გულისხმობს მასზე განსაკუთრებული უფლებების და მის შემცველ მატარებლებზე საკუთრების უფლების გადაცემას, თუ მხარეები წერილობით სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

9. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის განხორციელებისას გამოიყენება რუსული ენა, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

 

მუხლი 10

საიდუმლო კონტრაქტი (ხელშეკრულება)

1. საიდუმლო კონტრაქტის (ხელშეკრულების) დადებისას მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების ურთიერთქმედება ხორციელდება მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საიდუმლო კონტრაქტში (ხელშეკრულებაში), აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს:

ა) საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ვალდებულებები;

ბ) საიდუმლო ინფორმაციის გამოყენებისა და დამუშავების პირობები;

გ) მიღებული საიდუმლო ინფორმაციის მესამე მხარისათვის გადაცემის ვალდებულება, მხოლოდ მისი მიმწოდებელი მხარის წერილობითი თანხმობის საფუძველზე;

დ) სადავო საკითხების გადაჭრისა და შესაძლო ზარალის ანაზღაურების წესები, საიდუმლო ინფორმაცის უნებართვო გავრცელების შემთხვევაში.

 

მუხლი 11

ვიზიტები

1. ერთი მხარის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლების ვიზიტები, რაც გულისხმობს მათ მიერ მეორე მხარის უფლებამოსილ ორგანოში საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას, ხორციელდება, მიმღები მხარის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული, წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

2. მიმართვა ასეთი ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობაზე მიმღები მხარის უფლებამოსილ ორგანოს ეგზავნება არაუგვიანეს ერთი თვით ადრე მოსალოდნელი ვიზიტის თარიღამდე (გადაუდებელ შემთხვევებში – არაუგვიანეს შვიდი დღით ადრე მოსალოდნელი ვიზიტის თარიღამდე), მხარეების მიერ საიდუმლო ინფორმაციის იმ მოცულობით გადაცემის შესახებ სათანადო გადაწყვეტილების არსებობისას, რაც აუცილებელია ურთიერთქმედებისათვის. აღნიშნული მიმართვა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ვიზიტის მიზანი;

ბ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მამის სახელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაბადების ადგილი და თარიღი, მოქალაქეობა და პასპორტის ნომერი;

გ) წარმომადგენლის თანამდებობა, უფლებამოსილი ორგანოს დასახელება, რომლის წარმომადგენელიც ის არის;

დ) ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა წარმომადგენელს საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვება;

ე) ვიზიტის მოსალოდნელი თარიღი და ხანგრძლივობა;

ვ) უფლებამოსილი ორგანოების დასახელებები, სადაც იგეგმება ვიზიტი.

3. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის განხილვის პროცესში, მისი მიმღები უფლებამოსილი ორგანო საკუთარი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ათანხმებს, აღნიშნულ მიმართვაში მითითებული, გამგზავნი მხარის წარმომადგენლებისათვის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლების მინიჭებას.

4. საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება წარმომადგენლებს ენიჭებათ მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დაცვით, თუ ისინი ფლობენ საიდუმლო ინფორმაციასთან შესაბამისი ფორმის (საიდუმლოობის ხარისხის) დაშვებას.

5. ვიზიტის დროს წარმომადგენლებს, საჭირო მოცულობით, წარედგინებათ მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლებიც ადგენს საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის, შესასრულებლად სავალდებულო, წესებს.

6. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით განხილული მიმართვის საფუძველზე, მიღებული გადაწყვეტილებით, მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ, ნება დართონ მეორე მხარის უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენლებს, განახორციელონ განმეორებითი ვიზიტები. ასეთი გადაწყვეტილება მოქმედებს არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

7. მხარეს უფლება აქვს, მეორე მხარის წარმომადგენლებს უარი უთხრას მიღებაზე.

 

მუხლი 12

საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო გავრცელება

1. საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო გავრცელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ასეთი ფაქტის დამდგენი მხარის უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ საკუთარი მხარის კომპეტენტურ ორგანოს და, ასევე, საიდუმლო ინფორმაციის გადამცემი, მეორე მხარის უფლებამოსილ ორგანოს, და, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს გამოძიების ორგანიზებას.

2. თუ საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო გავრცელების ფაქტის გამოვლენა მოხდა სახელმწიფოში, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მხარეს, იმ მხარის კომპეტენტურმა ორგანომ, რომელმაც საიდუმლო ინფორმაცია გადასცა მესამე მხარეს, უნდა მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომები.

3. გამოძიების პროცესში მხარეთა უფლებამოსილი და კომპეტენტური ორგანოები, საჭიროების შემთხვევაში, მართავენ კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებს, ასევე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, მათ შორის, დადებული საერთაშორისო შეთანხმებების, საიდუმლო კონტრაქტის (ხელშეკრულების) შესაბამისად, ერთმანეთთან მიავლენენ საკუთარ წარმომადგენლებს. ასეთი წარმომადგენლების მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრული დაფარვა ხორციელდება გამგზავნი მხარის მიერ, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

4. საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო გავრცელების ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების შედეგების შესახებ კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას.

5. საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო გავრცელების შედეგად, იმ მხარისათვის მიყენებული ზარალის (ზიანის) ანაზღაურების ფარგლები და წესი, რომელიც ფლობს საიდუმლო ინფორმაციაზე განსაკუთრებულ უფლებებს  ან/და საკუთრების უფლებას საიდუმლო ინფორმაციის შემცველ მატარებლებზე, განისაზღვრება მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, მათ შორის დადებული საერთაშორისო შეთანხმებების, საიდუმლო კონტრაქტის (ხელშეკრულების) შესაბამისად, ასევე, კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 13

ხარჯები

მხარეები დამოუკიდებლად დაფარავენ წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუ სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული.

 

მუხლი 14

დავების გადაწყვეტა

1. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან/და გამოყენებასთან დაკავშირებული დავები უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით.

2. ასეთი კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების დროს მხარეები აგრძელებენ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.

 

მუხლი 15

ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, რომლებიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, ფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-16 მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

მუხლი 16

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მხარეების მიერ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.  ასეთ შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.

3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, საიდუმლო ინფორმაციასთან მიმართებით გრძელდება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დაცვის ზომების მიღება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

 

შესრულებულია ქ. მინსკში, 2017 წლის 16 დეკემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.  

 

 

საქართველოს სახელით

(ხელმოწერილია)

ბელარუსის რესპუბლიკის სახელით

(ხელმოწერილია)