დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 25/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №36
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
„საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №112, მუხლი 1274) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუქციონის ჩატარების დროს, ადგილსა და პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი საგადასახადო ორგანო, რის შესახებაც აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;
ბ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერა);
გ) ქონების საწყის ფასს;
დ) აუქციონის პირობებს (აუქციონის ჩატარების წესს, დეპოზიტზე შესატანი თანხის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ოდენობას, ბიჯის სიდიდესა და სხვ.).“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აუქციონის ჩატარების დროს, ადგილსა და პირობებს აცხადებს საგადასახადო ორგანო მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
5. აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია, აუქციონის დაწყებამდე სახელმწიფო ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე წინასწარ შეიტანოს საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი თანხა, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონზე იმ ქონების საწყისი ფასის 2%-ზე ნაკლები, რომლის შეძენასაც ის აპირებს, და რომელიც გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი თანხის ანგარიშში ჩაითვლება.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პირი, რომლის შემოთავაზებული ფასიც მიღებული იქნება აუქციონზე, ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს მიერ აუქციონის პირობებით დადგენილ ვადაში გადაიხადოს შესაბამისი თანხა. თანხის სრულად დაფარვამდე მყიდველს არ გააჩნია ქონებაზე საკუთრების უფლება.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ პირველ ან განმეორებით აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე პირს შეუძლია, შეიძინოს ეს ქონება უკანასკნელ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად. ამ შემთხვევაში ქონების შემძენი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რის შემდეგაც მას გადაეცემა შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების მიღების შესახებ ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი.“;
გ) მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქონება გასაყიდად გაიტანოს განმეორებით აუქციონზე, რომლის რაოდენობასა და ჩატარების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო;“.
3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ გადასახადის გადამხდელის ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში და განმეორებით აუქციონზე ქონების გაცხადებული საწყისი ფასი მეტია საგადასახადო ვალდებულებებზე, მაშინ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, რომელთა დაფარვის მიზნითაც თავის დროზე ქონებას ყადაღა დაედო, ჩამოიწერება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანებისა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები