სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 408
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.020724
408
08/08/2018
ვებგვერდი, 10/08/2018
120260020.10.003.020724
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №408

2018 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ

მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლისა და „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით:

1. მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევა განხორციელდეს 2018 წლის 13 აგვისტოდან 2018 წლის 29 დეკემბრამდე.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1800-ით.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (შემდგომში − სპეციალური პენიტენციური სამსახური) გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1395-ით.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1370-ით.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს  200-ით.

6. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, ამავე მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული უწყებების წერილობითი მოთხოვნების შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევის პროცესი შესაბამის უწყებაში შეიძლება შეწყდეს ამავე მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებამდე.

8. 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა (შემდგომში – თბილისის რაიონი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდგომში − აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეული) რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

10. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე