დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 388 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.020704 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 040030000.10.003.01.017569) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.“. 2. მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქსტატი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების − დეპარტამენტებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით. 2. საქსტატის დეპარტამენტებია: ა) სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი; ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი; დ) ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტი; ე) ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტი; ვ) ფასების სტატისტიკის დეპარტამენტი; ზ) სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტი; თ) სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის დეპარტამენტი; ი) მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტი; კ) საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის დეპარტამენტი. 3. საქსტატის ტერიტორიული ორგანოებია: ა) თბილისის სტატისტიკის ბიურო; ბ) აჭარის სტატისტიკის ბიურო; გ) გურიის სტატისტიკის ბიურო; დ) იმერეთის სტატისტიკის ბიურო; ე) კახეთის სტატისტიკის ბიურო; ვ) მცხეთა-მთიანეთის სტატისტიკის ბიურო; ზ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სტატისტიკის ბიურო; თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სტატისტიკის ბიურო; ი) სამცხე-ჯავახეთის სტატისტიკის ბიურო; კ) ქვემო ქართლის სტატისტიკის ბიურო; ლ) შიდა ქართლის სტატისტიკის ბიურო.“. 3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები 1. სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობების უზრუნველყოფა; გ) საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ე) სტატისტიკურ მონაცემთა გავრცელება; ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ზ) საქსტატის საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; თ) სამართლებრივი უზრუნველყოფა; ი) სტატისტიკური მეთოდოლოგიის, სტანდარტებისა და კლასიფიკაციის შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი; კ) სტატისტიკური მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფა, კოორდინაცია და მონიტორინგი; ლ) სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია და მონიტორინგი; მ) საქსტატის საქმიანობის ანგარიშის მომზადების კოორდინაცია; ნ) საბიუჯეტო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; ო) ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება; პ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცვა და ინვენტარიზაცია; ჟ) საარქივო საქმიანობის განხორციელება; რ) საქმისწარმოების განხორციელება; ს) შესაბამის დოკუმენტებზე საიდუმლოობის რეჟიმის დაცვა; ტ) ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება; უ) სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ფ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, განხორციელება და ანგარიშგება; ქ) საქსტატისთვის სასტამბო მომსახურების გაწევა; ღ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) საქსტატის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; ბ) საქსტატის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმება; გ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი; დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სტატისტიკური საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზების პროექტირება, დაცვა და ადმინისტრირება; ბ) კომპიუტერების, სატელეფონო, ქსელური და პერიფერიული მოწყობილობების სისტემური და ტექნიკური მომსახურება, რეგიონული და ლოკალური კომპიუტერული ქსელების შექმნა, ადმინისტრირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) საქსტატის ვებგვერდების ადმინისტრირება, განახლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 4. ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წარმოება; ბ) სახელმწიფო ფინანსებისა და მონეტარული სისტემის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება; გ) სატელიტური ანგარიშების წარმოება. 5. ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა რეგისტრების სისტემის ფორმირება, აქტუალიზაცია და კოორდინაცია; ბ) სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული სუბიექტების შესახებ სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება; გ) ენერგეტიკული ბალანსის წარმოება; დ) ტურიზმის სტატისტიკის კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება. 6. ფასების სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ფასების რეგისტრაცია; ბ) სამომხმარებლო, მწარმოებელთა და სხვა ფასების ინდექსების გაანგარიშება; გ) საერთაშორისო შედარებების პროგრამაში მონაწილეობის მიღება. 7. სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების, ასევე მოსახლეობის ცხოვრების დონის შესახებ სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება; ბ) სამუშაო ძალის სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება; გ) ხელფასების სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება; დ) სოციალური ინფრასტრუქტურის სფეროს (ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამართალდარღვევები და ა.შ.) ამსახველი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და გავრცელება; ე) სოციალურ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება. 8. სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) საყოველთაო სასოფლო-სამეურნეო აღწერის დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება; ბ) სოფლის მეურნეობისა და გარემოს სფეროს სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება; გ) სასურსათო ბალანსების წარმოება. 9. მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება; ბ) მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის ამსახველ პირველად მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და გავრცელება; გ) დემოგრაფიულ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება. 10. საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის (მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების) შესახებ კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, ანალიზი და გავრცელება; ბ) საგარეო ვაჭრობის მონაცემთა დამუშავება, ანალიზი და გავრცელება; გ) ექსპორტ-იმპორტის მონაცემების სარკისებრი შედარებების განხორციელება; დ) საგადასახადო ბალანსისთვის (მათ შორის, საერთაშორისო მომსახურება მომსახურების სახეების მიხედვით), საგარეო ვალის სტატისტიკისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციისთვის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება. 11. საქსტატის ტერიტორიული ორგანოების ძირითადი ფუნქციებია: ა) ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე სტატისტიკური კვლევების ორგანიზება და განხორციელება; ბ) სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი; გ) სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებსა და რესპონდენტებთან კოორდინაციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 12. საქსტატის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო არეალი განისაზღვრება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 20 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები