დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3267-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010180000.04.001.016237 |
|
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №14, 12.06.96, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც: ა) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში; ბ) სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება: ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად; ბ) ამნისტიის ან შეწყალების გამო; გ) საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ; დ) ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი: „მუხლი 281. რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული დავის განხილვა რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე, ორგანული კანონით დადგენილი წესით იხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3267-რს |
დოკუმენტის კომენტარები