„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3156-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.05.001.019065
3156-რს
20/07/2018
ვებგვერდი, 06/08/2018
480610000.05.001.019065
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 313) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, ექსტრადიციის, სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შემდგომი წარმოების მიზნით გადაგზავნის, განაჩენის აღსრულების, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემის (გადმოცემის) პროცედურებს.“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საკითხებზე, გარდა ამ კანონის III და VI თავებით გათვალისწინებული საკითხებისა.“.

3. მე-3 მუხლის მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დიპლომატიური არხები.

4. თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ეროვნული სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების პროცესში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები ან სხვა ისეთი საშუალებები, რომლებიც იძლევა გაგზავნილი/მიღებული მასალის წერილობით წარდგენისა და ავთენტურობის დადგენის შესაძლებლობას, აგრეთვე საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) არხები.

5. შესაბამისი თხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის საშუალებებითა და არხებით მიწოდებული მასალა შემდგომ შესაძლებელია დადასტურდეს დოკუმენტის ორიგინალის ან დამოწმებული ასლის წარდგენით.“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების ამ თავით დადგენილი წესის მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასევე შესაძლებელია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება.

10. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე ასევე დასაშვებია ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის მოპოვება და სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიზნებისთვის გამოყენება.“.

5. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანისას არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1433 მუხლის მე-13 ნაწილით განსაზღვრული ვადები.“.

6. 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 91. პირის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გამოკითხვა/დაკითხვა

1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვა/დაკითხვა.

2. საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოსაკითხი/დასაკითხი პირის გამოძახება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოსაკითხ/დასაკითხ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მოწმეს, ექსპერტსა და დაზარალებულს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობები.

4. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას გამოიყენება შემდეგი წესები:

ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი უზრუნველყოფს გამოსაკითხი/დასაკითხი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის პიროვნების დადგენას და მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპების დაცვას;

ბ) პირის უშუალოდ გამოკითხვას/დაკითხვას აწარმოებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი ან მისი მითითებით − საქართველოს კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირი. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) საჭიროების შემთხვევაში პირის გამოკითხვის/დაკითხვის პროცესში მონაწილეობს თარჯიმანი.

5. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აუდიოსაშუალებით გამოსაკითხი/დასაკითხი პირის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ მისი წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

6. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც მიეთითება გამოკითხვის/დაკითხვის დრო და ადგილი, გამოკითხული/დაკითხული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, გამოკითხვის/დაკითხვის პროცესში მონაწილე პირები და გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სხვა აუცილებელი მონაცემები. აღნიშნული ოქმი ამ კანონით დადგენილი წესით ეგზავნება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.

7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ უცხო სახელმწიფოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვას/დაკითხვას. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ გამოსაკითხი/დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

8. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს მის ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის თხოვნით.

9. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაში, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემებისა, უნდა აღინიშნოს:

ა) მიზეზები, რომელთა გამოც შეუძლებელია პირის უშუალოდ წარმოდგენა პროცესის მწარმოებელ ორგანოში;

ბ) იმ ორგანოს და პირის (პირების) დასახელება, რომლებიც უფლებამოსილი არიან აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხონ/დაკითხონ მოწმე, ექსპერტი ან დაზარალებული.

10. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის თხოვნით. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ გამოსაკითხი/დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

11. ამ მუხლის მოთხოვნების მიუხედავად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის დისტანციური გამოკითხვა/დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აწარმოონ კანონით დადგენილი სხვა წესით.“.

7. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ეროვნული სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს, საპროცესო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია პირის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.“.

8. 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 121. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნა

1. თუ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება მოითხოვს უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან კოორდინირებულ მოქმედებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შექმნას ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, საქმიანობის წესი, საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და წევრთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით (შეთანხმებებით).

2. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებას საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.“.

9. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიცია

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებას იმ პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან რომელიც მსჯავრდებულია ამგვარი დანაშაულის ჩადენისთვის.

2. პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მომზადების პროცესში მხედველობაში მიიღება ასევე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მისი საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა, პირის საქართველოში ექსტრადიციის, მისი შემდგომი მსჯავრდებისა და დასჯის საჯარო ინტერესი, აგრეთვე სხვა გარემოებები, რომლებიც განსაზღვრავს პირის საქართველოში ექსტრადიციის მიზანშეწონილობას.

3. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების ან ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის საფუძველი და ფორმა

1. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა იგზავნება გადაუდებელ შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენამდე.

2. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების არსებობის თაობაზე, მსჯავრდებულის შემთხვევაში − კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შესახებ;

ბ) მითითება იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა დამატებით იქნება წარდგენილი;

გ) ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა დანაშაულისთვის იქნება მოთხოვნილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ექსტრადიცია;

დ) დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობა, დანაშაულის ჩადენის/შესაძლო ჩადენის ადგილისა და დროის მითითებით;

ე) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შეძლებისდაგვარად ზუსტი საიდენტიფიკაციო მონაცემები.“.

11. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაუშვებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ან პირის მსჯავრდება მის გადმოცემამდე რაიმე სხვა დანაშაულის ჩადენისთვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომლის ჩადენისთვისაც იგი საქართველოში იქნა ექსტრადირებული (სპეციალობის წესი).“;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) პირის საქართველოში ექსტრადირება გამარტივებული პროცედურის გამოყენებით განხორციელდა და ამ პირმა უარი განაცხადა მის მიმართ სპეციალობის წესის გამოყენებაზე.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით გათვალისწინებული  დოკუმენტები და უნდა შეიცავდეს ამ კანონის მე-15 მუხლში აღნიშნულ ინფორმაციას.“.

12. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება

1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ:

ა) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა;

ბ) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა;

გ) უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირი საერთაშორისო დონეზე იძებნება.

2. პირის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკავების შემთხვევაში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვისას აუცილებელია უცხო სახელმწიფომ წარმოადგინოს ამ კანონის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

3. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისთანავე ამის თაობაზე უნდა ეცნობოს დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელ შესაბამის პროკურორს, რომელიც პირის დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის მაგისტრატ მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თხოვნით.

4. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საექსტრადიციო პატიმრობა ან, საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით, − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეები.

5. მაგისტრატი მოსამართლე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება პირისთვის მისი გადაცემიდან 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რომელიც საჩივარს 5 დღის ვადაში განიხილავს.

6. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული, უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადაა 3 თვე, რომელიც საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ექსტრადიციის განხორციელებით გამოწვეული საჭიროების გამო  შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით, მაგრამ არაუმეტეს ორჯერ.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადას აგრძელებს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

8. საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალოს ან გაუქმდეს უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე და 207-ე მუხლებით დადგენილი წესები საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით.

10. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავების და მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით დაუყოვნებლივ ეცნობება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.

11. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, ექსტრადიციის განხორციელების, მათ შორის, ექსტრადიციის შესახებ ბრძანების აღსრულების (ეტაპირების), საჭიროებიდან გამომდინარე, არ გამოირიცხება საექსტრადიციო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების ხელახლა გამოყენება.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ხელახლა გამოყენებისას პირის საექსტრადიციო პატიმრობის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

13. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის მიზნით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ დადგინდა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.“.

13. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 32. კოლიზიური თხოვნები

1. პირის ექსტრადიციის თაობაზე კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში მათი დასაშვებობის საკითხს ინდივიდუალურად, ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს შესაბამისი უფლებამოსილი სასამართლო.

2. კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში პირის ამ კანონით დადგენილი წესით, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ გამოხატულია თანხმობა თხოვნის გამომგზავნ ყველა სახელმწიფოში გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იღებს დანაშაულის ჩადენის ადგილის, დანაშაულის სიმძიმის, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 341 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით საქართველოსთვის მომართვის თარიღების, პირის მოქალაქეობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია პირის ექსტრადიციის საკითხის გადასაწყვეტად კონსულტაციები გამართოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.

5. პირის გადაცემის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და უცხო სახელმწიფოს კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნას.“.

14. 34-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ უფლებამოსილი პროკურორი პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რის თაობაზედაც 10 დღით ადრე ატყობინებს დაცვის მხარეს.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მხარეები ვალდებული არიან მოთხოვნის შემთხვევაში ერთმანეთს გაუცვალონ იმ დროისთვის მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.

62. მხარეები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში გაცვალონ მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სასამართლოში გამოყენება.“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება შეიძლება მისი გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრონ მხარეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივრის განსახილველად პირველ სხდომას ნიშნავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.“;

დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“.

15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 და 342 მუხლები:

„მუხლი 341. პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის საფუძველი და გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია

1. პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.

2. თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით დაკავება მოითხოვება ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან განიხილონ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის საკითხი ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. 

3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ძებნილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ;

ბ) პირის დაკავების მომთხოვნი ორგანო;

გ) ძებნილი პირის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების ან აღსრულებას დაქვემდებარებული განაჩენის არსებობა;

დ) მითითება იმის თაობაზე, რომ პირის ძებნა ექსტრადიციის მიზნით ხორციელდება;

ე) დანაშაულის ხასიათი და სამართლებრივი აღწერილობა;

ვ) დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ადგილი, დრო და ძებნილი პირის ჩართულობის ხარისხი;

ზ) შესაძლებლობის ფარგლებში, ინფორმაცია დანაშაულის შედეგების შესახებ;

თ) ინფორმაცია პირის ექსტრადიციის შემთხვევაში მოსალოდნელი მაქსიმალური სასჯელის ან საბოლოო განაჩენით დადგენილი სასჯელის შესახებ;

ი) განაჩენის არსებობის შემთხვევაში − ინფორმაცია იმის თაობაზე, აღსრულდა თუ არა განაჩენი რომელიმე ნაწილში და გამოტანილ იქნა თუ არა განაჩენი დაუსწრებლად;

კ) ინფორმაცია ხანდაზმულობის ვადის და მისი დინების შეწყვეტის/შეჩერების თაობაზე.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არის საკმარისი პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და დაადგინოს ამ ინფორმაციის წარმოდგენის ვადა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ამ კანონის 342 მუხლით განსაზღვრული ვადები.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული  შემთხვევების გარდა, გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ძებნილი პირის ექსტრადიცია შესაძლებელია ასევე განხორციელდეს, თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ უკვე წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები.

მუხლი 342. პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია

1. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ადგილსამყოფლის საქართველოს ტერიტორიაზე დადგენის ან ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს დაკავების დროს დაუყოვნებლივ განემარტება გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის მოთხოვნის უფლება და მიეწოდება ინფორმაცია გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. 

2. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე პირის დაკავების და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში პირის დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი შესაბამისი პროკურორი დაკავებიდან არაუადრეს 5 დღისა და არაუგვიანეს 7 დღისა დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის მიერ თანხმობის გამოხატვის მიზნით სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე.

3. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში. სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ: 

ა) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი ნებაყოფლობით გამოხატავს თანხმობას და მკაფიოდ ითხოვს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციას;

ბ) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სრულად აცნობიერებს  გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის სამართლებრივ შედეგებს და მისთვის ცნობილია ამ პროცედურასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის, ის, რომ მის მიერ გამოხატული თანხმობა საბოლოოა და რომ ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მის მიმართ შეიძლება განახორციელონ ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;

გ) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ თანხმობა გამოხატულია წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, დაშინების, მუქარის, მოტყუების ან მის მიმართ რაიმე სხვა უკანონო ქმედებების განხორციელების გარეშე;

დ) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;

ე) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საექსტრადიციო წარმოების მასალებს.

4. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის მიერ თანხმობის გამოხატვის მიზნით დანიშნულ სასამართლო სხდომაში სავალდებულოა ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დამცველის და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მონაწილეობა. პირის მიერ სასამართლო სხდომაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობა საბოლოოა და მისი გათხოვა დაუშვებელია.

5. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის პოზიციის მოსმენის შემდეგ სასამართლო ადგენს ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

6. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა ვადა არ არის დადგენილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებიდან არაუგვიანეს 10 დღისა აცნობებს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს პირის მიერ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე სასამართლოს წინაშე თანხმობის ან უარის გამოხატვის თაობაზე.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირს უფლება აქვს, ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტამდე ნებისმიერ დროს მიმართოს შესაბამის (რაიონულ) საქალაქო სასამართლოს და მოითხოვოს მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია. 

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს პირის მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში და საქმეს იხილავს ამ მუხლის მე-3−მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.

9. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გონივრულ ვადაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

10. ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირის დაკავების და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, თუ პირის დაკავება ან/და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება არ მომხდარა, უფლებამოსილი პროკურორი ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს განუმარტავს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის უფლებას და შესაბამის  რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის მიერ თანხმობის გამოხატვის მიზნით სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე.

11. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-3−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები.

12. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის  მიერ გამოხატული თანხმობა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გონივრულ ვადაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

13. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში უფლებამოსილი პროკურორი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე.

14. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს და პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მასალის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

15. თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სასამართლოს წინაშე გამოხატავს  თანხმობას მის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე და შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციას დასაშვებად მიიჩნევს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც პირის მიერ სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვიდან 20 დღის განმავლობაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა ვადა არ არის დადგენილი:

ა) პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის თაობაზე;

ბ) პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უარის თქმის თაობაზე.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი მხედველობაში იღებს პირის მიერ სასამართლოს წინაშე გამოხატულ თანხმობას, ამ კანონის 34-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლებს, აგრეთვე სხვა გარემოებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისათვის. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

17. პირის მიერ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე სასამართლოს წინაშე უარის გამოხატვის, სასამართლოს მიერ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის დაუშვებლად მიჩნევის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საექსტრადიციო პროცედურები წარიმართება ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.

18. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება (ეტაპირება) უნდა განხორციელდეს პირველი შესაძლებლობისთანავე და, ყველა შემთხვევაში, ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების უცხო სახელმწიფოსთვის შეტყობინებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

19. პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები არ არიან შეზღუდული, განახორციელონ ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ან ამ პირის მსჯავრდება მის გადაცემამდე ჩადენილი რაიმე სხვა დანაშაულისთვის, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა ექსტრადირებული.“.

16. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანა

1. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების თაობაზე თხოვნა უნდა შეიცავდეს იმავე რეკვიზიტებს, რომლებსაც შეიცავს ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა.

3. თუ პირის ექსტრადიცია გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ხორციელდება, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების თაობაზე თხოვნა უნდა შეიცავდეს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 341 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.  

5. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ ოფიციალური თხოვნით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

6. საჰაერო ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე დაჯდომა, მომთხოვნმა მხარემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა აცნობოს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ტრანზიტით გადაყვანის თაობაზე.“.

17. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) უცხო სახელმწიფოში სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების განხორციელებას.“.

18. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება სისხლის სამართლის საქმის მასალები, ხოლო იმავე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში იგზავნება აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულებები.“.

19. 39-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში ავტომატურად არ წყდება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე. იგი უნდა შეწყდეს გადაგზავნილ მასალებთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმირების შემდეგ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოები არ წყვეტენ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებას. იგი უნდა გაგრძელდეს, თუ უცხო სახელმწიფო არ დააკმაყოფილებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობას შემდეგი პირობებისა და შეზღუდვების გამო:

ა) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაულისთვის გასულია ხანდაზმულობის ვადა;

ბ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაული არ ექცევა ამ სახელმწიფოს იურისდიქციაში;

გ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო გამოსაძიებელ დანაშაულს პოლიტიკურ დანაშაულად, პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან სამხედრო დანაშაულად მიიჩნევს;

დ) თუ გამოსაძიებელი დანაშაული შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი;

ე) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო საკუთარი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზით, საქართველოს შუამდგომლობის საფუძველზე არ დაიწყებს სისხლის სამართალწარმოებას.“.

20. 47-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება (გარდა ქონების ჩამორთმევისა)“.

21. 48-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების (გარდა ქონების ჩამორთმევისა) შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები“.

22. 49-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად (გარდა ქონების ჩამორთმევისა) გადაგზავნის პირობები“.

23. 50-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების (გარდა ქონების ჩამორთმევისა) ზოგადი პროცედურა“.

24. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 52. სასჯელის სახით ჯარიმასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა

1. სასჯელის სახით ჯარიმასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გამოაქვს განჩინება პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანისას შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო უზრუნველყოფს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის ოდენობის ლარებში კონვერტაციას გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდევინება შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

4. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ პირისთვის სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

25. 54-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

26. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი:

„თავი VI1. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა

მუხლი 561. ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონება

1. ამ თავით გათვალისწინებული მიზნებისთვის ჩამორთმევას ექვემდებარება დანაშაულის საგანი ან/და იარაღი, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი ან/და დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონება (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, იურიდიული დოკუმენტი, რომელიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი სახის შემოსავალი ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონება.

2. ჩამორთმევას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის  XLIV1 თავით გათვალისწინებული ქონება იმავე თავით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 562. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის სახეები

1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურასა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი სახის თანამშრომლობა:

ა) ჩხრეკა, ამოღება ან/და ქონებაზე ყადაღის დადება;

ბ) შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონების იდენტიფიცირებასა და მოძიებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებისა და საბანკო გადარიცხვების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და მონიტორინგი;

გ) ქონების ჩამორთმევა;

დ) ჩამორთმეული ქონების განაწილება (გაყოფა) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს და შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს შორის. 

2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებულ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია შუამდგომლობის მიმღებ სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით, რომ ქონების ჩამორთმევის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნამდე განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობის ინიციატორი სახელწიფოს კომპეტენტური ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს ქონების ჩამორთმევის თაობაზე შუამდგომლობის გაგზავნამდე ჩხრეკის, ამოღების ან/და ქონებაზე ყადაღის დადების აუცილებლობა.

მუხლი 563. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები

1. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდება, აგრეთვე იმ უწყების დასახელება, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ პროცედურებს;

ბ) შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდება;

გ) თხოვნის საგანი და მიზეზი;

დ) სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერილობა და დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია;

ე) ამონაწერი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებიდან;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, იმ პირის (პირთა) თაობაზე მონაცემები, რომლის (რომელთა) მიმართაც უცხო სახელმწიფოში მიმდინარეობს სამართალწარმოება ან/და მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა;

ზ) იმ ქონების თაობაზე მონაცემები, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, მათ შორის, ინფორმაცია ქონების ადგილმდებარეობის, მისი კონკრეტულ პირთან (პირებთან) ან/და დანაშაულთან კავშირის შესახებ;

თ) ინფორმაცია იმ პროცედურების თაობაზე, რომელთა განხორციელებასაც ითხოვს შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფო დახმარების აღმოჩენისას.

2. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობას ასევე უნდა დაერთოს შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონების ჩხრეკის, ამოღების ან/და ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გადაწყვეტილების ორიგინალი ან დამოწმებული ასლი.

3. თუ ამ კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოთხოვნილია პირის კონსტიტუციურ უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, თანამშრომლობის შესახებ შესაბამის შუამდგომლობას ასევე უნდა დაერთოს შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული მოთხოვნილი ღონისძიების განხორციელების ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების ორიგინალი ან დამოწმებული ასლი, თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობას ასევე უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების ორიგინალი ან დამოწმებული ასლი;

ბ) შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება საბოლოოა და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

გ) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოცულობით არის მოთხოვნილი ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება;

დ) ინფორმაცია ქონების ჩამორთმევის აღსრულების პროცესში  დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ;

ე) ინფორმაცია იმის თაობაზე, ჰქონდათ თუ არა მესამე პირებს გამოთქმული რაიმე პრეტენზია ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებით.

მუხლი 564. ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონების თაობაზე ინფორმაციის პროაქტიულად მიწოდება

ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებული ქონების თაობაზე ინფორმაცია შესაძლებელია ამ ინფორმაციის მომპოვებელმა სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს პროაქტიულად მიაწოდოს საკუთარი ინიციატივით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფორმაციის მეორე სახელმწიფოსთვის მიწოდება ხელს შეუწყობს მის ტერიტორიაზე გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ან ამ თავით გათვალისწინებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობის ინიციირებას.

მუხლი 565. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საქართველოში აღსრულების პროცედურები

1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია განიხილოს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელების შესახებ. 

2. თუ უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე დოკუმენტაცია არ არის საკმარისი დახმარების აღმოსაჩენად, საქართველოს პროკურატურა შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმართავს შუამდგომლობით დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე. 

3. თუ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს პროკურატურა გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს უცხო სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის დახმარების აღმოჩენას.

4. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული ამ თავით გათვალისწინებული დახმარების საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენისას გამოიყენება მსგავსი ღონისძიებების განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები საერთაშორისო თანამშრომლობის თავისებურებების გათვალისწინებით.

5. თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ მოითხოვა ამ კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენა და წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს პროკურატურა ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით ქონების ჩამორთმევის თაობაზე უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.

6. რაიონული (საქალაქო) სასამართლო წარმოდგენილ შუამდგომლობას და მასალებს განიხილავს მიღებიდან 1 თვის ვადაში, პროკურორისა და იმ პირის მონაწილეობით, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს ქონების ჩამორთმევით, და იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. უცხო სახელმწიფოსგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული პერიოდით.

7. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულების საკითხის განხილვის დროს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ისმენს მხარეთა მოსაზრებებს და ამოწმებს:

ა) არსებობს თუ არა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულებისთვის;

ბ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ სრულყოფილად წარმოადგინა თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული შუამდგომლობა და მასალები;

გ) არსებობს თუ არა ამ კანონის 566 მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა;

დ) არსებობს თუ არა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები;

ე) არსებობს თუ არა მესამე პირთა სამართლებრივი მოთხოვნა ჩამორთმევისადმი დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებით.

8. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულების საკითხის განხილვის დროს სასამართლო შეზღუდულია იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც მოცემულია აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ან გამომდინარეობს მისგან.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით, რომელიც შეიძლება მისი გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივროს პროკურორმა ან/და იმ პირმა, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს ქონების ჩამორთმევით. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში. უცხო სახელმწიფოსგან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს გონივრული პერიოდით. 

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივროს პროკურორმა ან/და იმ პირმა, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს ქონების ჩამორთმევით. საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საჩივარს და გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 

11. სასამართლოს მიერ ამ კანონის 561 მუხლით გათვალისწინებული ქონების ჩამორთმევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩამორთმეული ქონება დროებით შესანახად გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

12. საქართველოს პროკურატურა ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შუამდგომლობის შესრულების შედეგების თაობაზე ინფორმაციას აწვდის შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს.

მუხლი 566. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე უარის თქმის საფუძვლები

1. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე არ აღსრულდება, თუ:

ა) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს სამართლებრივი სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს;

ბ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უშიშროებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს;

გ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი დახმარება არ არის იმ მნიშვნელობის, რომელიც გაამართლებდა მის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას;

დ) დანაშაულს, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, საქართველო პოლიტიკურ დანაშაულად მიიჩნევს;

ე) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი დახმარების აღმოჩენა შეეწინააღმდეგებოდა პრინციპს Non bis in idem;

ვ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად არ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია ამ კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც არ ზღუდავს პირის კონსტიტუციურ უფლებებს;

ზ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დახმარების აღმოჩენის შედეგად პირი შესაძლოა აღმოჩნდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა, მსგავსი გარემოების გამო;

თ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი დახმარების აღმოჩენა ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

2. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების აღმოჩენა ასევე არ მოხდება, თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია ამ კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება და ისეთი დანაშაულის საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს არ ექნებოდათ შესაბამისი სამართალწარმოების პროცესში ამგვარი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა.

3. თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენა საქართველოს ტერიტორიაზე ასევე არ მოხდება, თუ:

ა) იმ დანაშაულისათვის, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია დახმარების აღმოჩენა, გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, რაც პირს ათავისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელის მოხდისგან;

ბ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოტანილი ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება საბოლოო არ არის;

გ) უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ ქონების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება პირის  დაუსწრებლად გამოიტანა და ამ დროს პირი არ იყო უზრუნველყოფილი დაცვის მინიმალური უფლებით;

დ) საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ქონების ჩამორთმევას.

4. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე არ აღსრულდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 567. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულების გადავადება

ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება შეიძლება გადავადდეს, თუ მისი შესრულება ზიანს მიაყენებს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამართალწარმოებას.

მუხლი 568. ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე კოლიზიური თხოვნების გადაწყვეტის წესი

ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე კოლიზიური თხოვნების არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის მიერ თანამშრომლობის განხორციელების დროს სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება დანაშაულის ჩადენის ადგილი და დრო, დანაშაულის სიმძიმე, შესაბამის უცხო სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების და დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით საქართველოს პროკურატურისთვის მიმართვის თარიღები.

მუხლი 569. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესი

1. ამ კანონის 561 მუხლით გათვალისწინებული ქონების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის დროებით შესანახად გადაცემის შემდეგ საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) თაობაზე მოლაპარაკება აწარმოოს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან, რომლის შუამდგომლობის საფუძველზედაც მოხდა მისი ჩამორთმევა.  

2. ჩამორთმეული ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილება (გაყოფა) არ მოხდება, თუ ეს სახელმწიფო უარს აცხადებს ამ ქონებაზე ან/და აღნიშნული ქონების საერთო ღირებულება 40 000 ლარს არ აღემატება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით ჩამორთმეული ქონება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა. 

4. თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, ჩამორთმეული ქონების ნახევარი შეიძლება გადაეცეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს, ხოლო ქონების დარჩენილი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა.

5. თუ ჩამორთმეული ქონება ფულადი თანხა არ არის, ამ ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) უზრუნველსაყოფად შესაძლებელია აღნიშნული ქონების გასხვისება.

6. ჩამორთმეული ქონების უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) დროს მხედველობაში მიიღება ამ ქონების მესაკუთრეთა და იმ პირთა ინტერესები, რომელთაც დანაშაულის შედეგად ზიანი მიადგათ.

7. ჩამორთმეული ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ქონების ღირებულებას უნდა გამოაკლდეს ის ხარჯი, რომელიც საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა აღნიშნული ქონების მოძიებისთვის, ჩამორთმევისა და შენახვისთვის გასწიეს.

8. საქართველოს პროკურატურა შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან აფორმებს ინდივიდუალურ შეთანხმებას ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) თაობაზე.

9. საქართველოს პროკურატურა და შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შესაძლებელია შეთანხმდნენ ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებულ პირობებზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ივლისი 2018 წ.

N3156-რს