საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დახვეწის თაობაზე

  • Word
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დახვეწის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 539
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 123, 01/11/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
539
26/10/2004
სსმ, 123, 01/11/2004
000000000.00(0).00.000000
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დახვეწის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დახვეწის თაობაზე

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების, მისი მოქმედების ეფექტიანობის შეფასების, სატრანსპორტო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ეფექტიანი კანონმდებლობის შექმნისა და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოში ახალი ინსტიტუტის – საპატრულო პოლიციის ფუნქციონირების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის ინტერესების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს წინადადებები საპატრულო პოლიციის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის თაობაზე საზოგადოების ფართომასშტაბიანი ინფორმირების შესახებ.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობა და სატრანსპორტო სფეროში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, მათ შორის:

ა) მართვის უფლების ჩამორთმევის, როგორც ადმინისტრაციული სახდელის, მიზანშეწონილობა;

ბ) სატრანსპორტო სფეროში არსებული გადაცდომების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებების ეფექტიანობა;

გ) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდების სისტემა და მართვის მოწმობის დაკარგვის ან გარკვეული გადაცდომის ჩადენის შემდგომ გამოცდების განმეორებითი ჩაბარების მიზანშეწონილობა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის არსებული შეზღუდვების მიზანშეწონილობა;

ე) კონკრეტული გადაცდომებისათვის არსებული სახდელების – ჯარიმების ფიქსირებული თანხით გამოხატვის მიზანშეწონილობა;

ვ) ჯარიმის, როგორც ადმინისტრაციული სახდელის, ადგილზე გადახდის სანაცვლოდ მძღოლის მიერ ჯარიმის საბანკო დაწესებულებაში გადახდის სისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მისი გადაუხდელობის აღკვეთის შესაბამისი მექანიზმები;

 ზ) სატრანსპორტო საშუალებათა საქარე და გვერდითი მინების დამუქების დასაშვები ნორმის დადგენისა და მისი დარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემოღების მიზანშეწონილობა.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს სამინისტროს მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისობა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონთან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების სფეროში და უზრუნველყოს კანონის მოთხოვნათა სრული რეალიზაცია შესაბამის აქტებში.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნათა შესრულების შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს აცნობოს დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 26 ოქტომბერი.

539–IIს