„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3382-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010230000.05.001.019142
3382-Iს
05/09/2018
ვებგვერდი, 24/09/2018
010230000.05.001.019142
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის ეფექტიანობას და ანგარიშვალდებულებას, საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა საჯარო რესურსების გამოყენებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, აგრეთვე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა და გასცეს დასკვნები საფინანსო და ეკონომიკური სფეროების მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, იმ პროგრამებზე, რომელთა დასაფინანსებლად განსაზღვრულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრების გამოყენება ან რომლებიც გავლენას ახდენს ამ სახსრების ფორმირებაზე, აგრეთვე საქართველოს პარლამენტს, სხვა შესაბამის ორგანოებსა და დაწესებულებებს წარუდგინოს საგადასახადო კანონმდებლობის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემისა და სრულყოფის წინადადებები.“.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.“.

5. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად.“.

6. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველი ერთეულის მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხვა იურიდიულ პირებზე, ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებას;“;

ბ.ბ) „ზ“−„კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის კორპორაციის) საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ერთეულის მიერ გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე;

თ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების საკუთრების მართვასა და განკარგვას;

ი) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, რომელშიც ავტონომიური რესპუბლიკა ან/და თვითმმართველი ერთეული ფლობს წილის/აქციების 50 პროცენტს და 50 პროცენტზე მეტს, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდები – აქცია, წილი − განთავსებულია ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. აღნიშნულმა საწარმომ თავისი ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია მოთხოვნისამებრ უნდა წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;

კ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებასა და სესხს, რომელთა გარანტად დგას სახელმწიფო, კერძო სამართლის სუბიექტის საქმიანობას იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საბიუჯეტო ან სახელმწიფო ფონდების კუთვნილი თანხების, აგრეთვე რაიმე ფორმით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრების გამოყენებასთან ან მართვასთან;“.

7. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2 წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 სექტემბერი 2018 წ.

N3382-Iს