საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2904-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.019029
2904-რს
04/07/2018
ვებგვერდი, 19/07/2018
080000000.05.001.019029
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 370-ე და 371-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  370.  ცრუ  ინფორმაცია,  ცრუ  ჩვენება,  ყალბი  დასკვნა,  საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი

1. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით ან/და თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნით გამოძიების დროს ან სასამართლოში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

4.  ამ  მუხლის  პირველი  ან  მე-3  ნაწილით  გათვალისწინებული  ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

მუხლი 371. მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა

მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, −

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე თავის ან ახლო ნათესავის საწინააღმდეგოდ, და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში.“.

2. 375-ე და 376-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 375. დანაშაულის დაფარვა

1. ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1941 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 221-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3391 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 365-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით და 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე.

3. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლითა და ამ კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

ა) პირს, რომელმაც წინასწარ შეუპირებლად ახლო ნათესავის დანაშაული დაფარა;

ბ) „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) პასუხისმგებელ პირს;

გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხის განმხილველ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრს;

დ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრს;

ე) ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის) თანამშრომელს (გარდა არასრულწლოვნის  მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თანამშრომელს (გარდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);

ზ) პირისათვის კონსულტაციების გაწევის უზრუნველმყოფი უფასო სატელეფონო დახმარების ქსელის ოპერატორს.

მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა

1. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია ამ კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, −

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

3. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 ივლისი 2018 წ.

N2904-რს