„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3129-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100110000.05.001.019006
3129-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
100110000.05.001.019006
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.05.2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.05.001.017757) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ორგანიზებას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას, სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემას და მისი სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიებს.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, პატიმრობის კოდექსი, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას სამსახური უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მეშვეობით.

3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) უფლებამოსილია ამ კანონის მიზნებისათვის და მის შესასრულებლად გამოსცეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის სპეციალური დანაყოფები შეადგენენ სპეციალური, გასამხედროებული ქვედანაყოფების ერთიან სისტემას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს მისთვის დაკისრებულ ამოცანებს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამების განხორციელების, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის, კრიზისული ვითარების მართვის და სპეციალური ღონისძიებების განხორციელების მიზნით.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები აერთიანებს სამსახურის იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამსახურის ერთიან ლოჯისტიკურ, სამედიცინო, ფინანსურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა) მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემური მონიტორინგის უზრუნველყოფას.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეები (შემდგომ – მოსამსახურე) არიან პირები, რომელთა საქმიანობაც მიმართულია სასჯელის უშუალო აღსრულებისაკენ და უზრუნველყოფს ამ კანონის მე-5 მუხლით (გარდა მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას. მოსამსახურეს ენიჭება სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება.“;

დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის სოციალური სამსახურების საჯარო მოსამსახურეებზე ვრცელდება სამსახურის სამოქალაქო დანაყოფებისათვის გათვალისწინებული ნორმები. სამსახურის სოციალური სამსახურების საჯარო მოსამსახურეებზე დამატებით ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით, 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6–მე-8 და მე-10 პუნქტებითა და მე-40 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების სამსახურებრივი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისკენ და უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში და დადგენილი წესით.

3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის სიცოცხლეს, არ უნდა ლახავდეს მის პატივსა და ღირსებას, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, არ უნდა არღვევდეს ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

4. სამსახური ვალდებულია უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად სწრაფად უზრუნველყოს საზოგადოებისათვის პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ სათანადო, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ამასთანავე, სამსახური ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო იცავს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების პატივსა და ღირსებას, უზრუნველყოფს მათ შრომის ღირსეული პირობებით, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებით. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების ან/და მათი ოჯახის უსაფრთხოებას. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების პატივისა და ღირსების შელახვა აკრძალულია და იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ კანონის მიზნებისათვის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დაცვა გულისხმობს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების უფლებას, თავიანთი თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების ფარგლებში, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება შეარჩიონ.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამსახურის მატერიალური და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამსახურის მატერიალური ფასეულობების (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების) დაცვა, შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება;“;

გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა.“.

5. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სამსახურის ორგანიზება

1. სამსახური აერთიანებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.

2. სამსახურს ექვემდებარება პენიტენციური დაწესებულებები.

მუხლი 7. სამსახურის ხელმძღვანელობა და კონტროლი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

3. სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების მიერ სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა) მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი.“.

6. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახურის სპეციალურ დანაყოფში მიღებისა და სამსახურის გავლის წესები“.

7. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახურის სპეციალურ დანაყოფში მიღების წესი, მოსამსახურის სერტიფიცირება“;

ბ) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის სპეციალურ დანაყოფში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება მაინც, იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები.

2. სამსახურის სპეციალურ დანაყოფში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის კონკურსსა და სპეციალურ შემოწმებას და თანამდებობაზე ინიშნება თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

3. მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს (შემდგომ − სასწავლო კურსი) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრში (შემდგომ – მომზადების ცენტრი). ამ პერიოდში იგი სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობით.“;

გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვის ვადით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად. ამ პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.“;

დ) მე-10 პუნქტის:

დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის სპეციალურ დანაყოფში სამუშაოდ მისაღებად კონკურსის ჩატარების, მისაღები პირის შერჩევის, მის მიერ სპეციალური შემოწმებისა და გამოსაცდელი ვადის გავლის წესი;“;

დ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამსახურის სპეციალური დანაყოფის იმ თანამდებობათა ნუსხა, რომლებზედაც პირები უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადის გარეშე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად ინიშნებიან, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი.“.

8. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულებაში ან კერძო დაწესებულებაში, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა. მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება დასაშვებია მხოლოდ სამინისტროს სისტემაში.“.

9. 101 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სამსახურის სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი გადამზადების ვალდებულებისა.“.

10. 102 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სამსახურის სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეზე.“.

11. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სამსახურის სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეზე.“.

12. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები

1. მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.

2. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებია:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეულად ან გაუფრთხილებლობით შექმნა;

გ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ;

დ) უშუალო, ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა;

ე) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებისათვის დადგენილი ეთიკის ნორმების დარღვევა.

3. დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ:

ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;

ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სამსახურის რეპუტაციას ან სამსახურის სპეციალურ დანაყოფში/სამოქალაქო დანაყოფში მომუშავე მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;

გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა სამსახურს;

დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა;

ე) ეს არის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, თუ ეს ქმედება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

4. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) საყვედური;

დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;

ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) დაკავება;

ზ) თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;

თ) ჩამოქვეითება;

ი) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება − მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის.

5. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.

6. მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსსა და დისციპლინურ წესდებას ამტკიცებს მინისტრი.

7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სამსახურის სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეზე, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით.“.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IVთავი:

„თავი IV1

სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში მიღება

მუხლი 121. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში მიღების წესი

1. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში პირი მიიღება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 122 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსი ცხადდება სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ვებგვერდის მეშვეობით.

2. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში სამუშაოდ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ) მიაღწია 18 წელს;

გ) აკმაყოფილებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

3. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში სამუშაოდ მიღების მსურველ პირს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას მოხელის სერტიფიკატი, როგორც წესი, არ მოეთხოვება.

4. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში სამუშაოდ მისაღებად კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესს, საკონკურსო კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი.

5. კონკრეტული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის სამართლებრივი აქტით.

მუხლი 122. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში უკონკურსოდ დანიშვნა

 1. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში უკონკურსოდ ინიშნება:

ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის შემცვლელი;

ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა იქნეს დაკავებული;

გ) სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე − დაწინაურების შემთხვევაში;

დ) სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე – სამსახურის იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში/ერთეულში გადაყვანისას, თუ მის მიერ კონკურსის წესით/დაწინაურების წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკვალიფიკაციო მოთხოვნებია განსაზღვრული.

2. პირი დროებით მოვალეობის შემსრულებლად „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა იქნეს დაკავებული, შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით დასაკავებელ სხვა თანამდებობაზე – არაუმეტეს 6 თვის ვადით. პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის მისი წერილობითი თანხმობით წარდგენის უფლება აქვს სამსახურის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ ერთეულის/პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება ამ მოსამსახურის გადაყვანა.

მუხლი 123. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში სამსახურის ვადა

1. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე სამსახურში მიიღება/ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში განსაზღვრული ვადით მიიღება:

ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის შემცვლელი – სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;

ბ)  თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის მოვალეობის შემსრულებელი – კონკურსის შედეგების მიხედვით სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნამდე;

გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურე – ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით.

მუხლი 124. გამოსაცდელი ვადა

1. დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია, არაუმეტეს 6 თვისა, პირი დანიშნოს გამოსაცდელი ვადით.

2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. გამოსაცდელი ვადის გავლის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.

4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.

5. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება ან დაწინაურება, აგრეთვე მისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება.

6. გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა პირს ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში.

მუხლი 125. სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები

1. სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება;

ბ) Curriculum Vitae (CV);

გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთანავე, სამსახურში მიღების მსურველს შეიძლება მოეთხოვოს სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრული, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენა, აგრეთვე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული ან აღიარებული დიპლომის წარდგენა.

მუხლი 126. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის ფიცი

სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე დებს ფიცს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

14. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები, სამსახურის გავლის პირობები“.

15. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.

2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს უფლება აქვს:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;

ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად;

გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით;

დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის სრულყოფის შესახებ და მიიღოს მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;

ვ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე ვალდებულია:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის და სხვა პირის კანონიერი უფლებები;

ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის წესები;

დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;

ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება;

ვ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები;

ზ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;

თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირთა პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით;

ი) რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად და სწორად წარმართოს სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი, ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი სახსრები;

კ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით;

ლ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამსახურის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს;

მ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობასა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღს, გამოიყენოს ისინი კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად; სამსახურებრივ-საშტატო იარაღის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს, საიარაღო სამსახურს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს. სამსახურებრივი მოწმობისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის დაკარგვა შეიძლება გახდეს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი;

ნ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები.

4. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ეკრძალება:

ა) სამსახურში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება;

ბ) სამორინეში, აზარტულ კლუბსა და სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ შესვლა;

გ) სამსახურებრივი ავტომანქანის ნარკოტიკული ან/და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. ასეთი ქმედება ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად (ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ);

დ) სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ან წინასწარი შეცნობით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებთან ისეთი ურთიერთობის დამყარება (გარიგების დადება და სხვა), რომელიც არ შედის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებში, ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის ისეთი საგნის ან/და ნივთიერების გადაცემა ან მისგან ისეთი საგნის ან/და ნივთიერების მიღება (მათ შორის, შესანახად), რომელიც არ უკავშირდება სამსახურებრივ საქმიანობას.

5. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სხვა უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი.

6. მოსამსახურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით.“.

16. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

17. მე-17–22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შვებულება

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურისათვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები:

ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი;

ბ) მოკლევადიანი დამატებითი;

გ) ანაზღაურებისგარეშე;

დ) სასწავლო;

ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება, გარდა სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა.

3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს შვებულება ეძლევა თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით.

მუხლი 18. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.

2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება.

3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, შვებულებების გრაფიკის შესაბამისად. წინა წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულება სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა თანამდებობაზე ახალდანიშნული მოსამსახურისათვის ნამსახურები დღეების პროპორციულად გამოითვლება: ორ-ნახევარი დღე სამსახურში მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე.

მუხლი 19. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს, რომელსაც ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება გამოყენებული აქვს, განსაკუთრებული გარემოების გამო შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი დამატებითი შვებულება 1 წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 დღისა.

2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება ანაზღაურდება და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში არ ითვლება.

მუხლი 20. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ანაზღაურებისგარეშე შვებულება

სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს.

მუხლი 21. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სასწავლო შვებულება

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად 2 წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვისა.

2. თუ სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს სასწავლო შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას სრულად უნაზღაურდება სასწავლო შვებულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები.

მუხლი 22. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის ბიუჯეტიდან, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

4. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ბავშვის მიერ 1 წლის ასაკის მიღწევამდე უფლება აქვს, ერთჯერადად მოითხოვოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დარჩენილი არაანაზღაურებადი შვებულება.

5. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის ბიუჯეტიდან, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

6. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შრომითი გასამრჯელო შეუნარჩუნდება.

7. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულებით შესაძლებელია ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი ბავშვის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულებით.“.

18. 24-ე და 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. სამსახურის პროფესიული დღე

სამსახურის პროფესიული დღე აღინიშნება ყოველი წლის 8 სექტემბერს.

მუხლი 25. გაფიცვა

სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა და მასში მონაწილეობა.“.

19. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა, სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება“.

20. 26-ე−32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და სამსახურის გათავისუფლებას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან.

2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს კანონით დადგენილ შემთხვევებში (გარდა ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დადგენილი წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და დანამატები ან/და ეძლევა სხვა კომპენსაცია.

მუხლი 27. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები

სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:

ა) წერილობითი განცხადება/პატაკი, თუ სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების (წელიწადში არაუმეტეს 5 დღისა) წინააღმდეგი არ არის;

ბ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შვებულება;

გ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა;

დ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წარდგენა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ე) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით;

ვ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება;

ზ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის კანონის შესაბამისად დროებითი გათავისუფლების სხვა შემთხვევა;

თ) მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა;

ი) ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

მუხლი 28. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების ნასვამი მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება

1. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი, თუ მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ნასვამია, მოცემული სამუშაო დღის განმავლობაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ჩამოაშორებს სამსახურს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს არ ეძლევა ხელფასი სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისათვის.

მუხლი 29. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება დისციპლინური წარმოებისას

1. პირს, რომელსაც უფლება აქვს, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს დისციპლინური სახდელი დააკისროს, შეუძლია სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე დისციპლინური წარმოებისას სამსახურს ჩამოაშოროს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და დანამატები.

მუხლი 30. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გადაყენება

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირმა სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება დროებით გადააყენოს თანამდებობიდან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, ამ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ პირს უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგო.

მუხლი 31. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა;

ე) გარდაცვალება.

მუხლი 32. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს:

ა) სხვა სამსახურში გადასვლის გამო;

ბ) სამსახურში სამუშაოდ მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო;

გ) იმ დოკუმენტის არქონის გამო, რომელიც აუცილებელია შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად;

დ) სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო;

ე) სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების სხვა მოსამსახურის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში;

ვ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;

ზ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;

თ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების  გარეშე, თუ მან ერთჯერადად განზრახ ან გაუფრთხილებლობით უხეშად დაარღვია სამსახურებრივი ან/და დაკისრებული მოვალეობები;

ი) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;

კ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც მას არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა;

მ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;

ნ) პირადი პატაკის საფუძველზე;

ო) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;

პ) სერტიფიკატის განუახლებლობის გამო, სერტიფიკატის განახლების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში;

ჟ) სასწავლო კურსის გავლაზე უარის თქმის გამო;

რ) სასწავლო კურსის ან პროფესიული გადამზადების კურსის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო;

ს) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ ნივთიერებათა სამკურნალო მიზნით მოხმარებისა;

ტ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტის შესამოწმებლად პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში;

უ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

2. მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად, 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, მისი თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება.

3. სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული პირი ვალდებულია დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივად გაპიროვნებული მატერიალური ფასეულობანი.“.

21. VIII და IX თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VIII

სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენა

 

მუხლი 36. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენის საფუძვლები

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ.

მუხლი 37. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენა

1. სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე.

3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობა არ იწვევს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნასთან/გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს მის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში აღდგება. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

4. ამ კანონის შესაბამისად თანამდებობიდან გადაყენებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე სამსახურში აღდგენას ექვემდებარება პირადი განცხადების საფუძველზე, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში.

5. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე, მისივე თანხმობით.

თავი IX

სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიები

მუხლი 38. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამართლებრივი და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.

2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

4. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურემ, რომელმაც იცის ან შეიძლება იცოდეს აშკარად უკანონო ბრძანების/დავალების შესახებ, უარი უნდა თქვას მის შესრულებაზე და უნდა აცნობოს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

5. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

6. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ან/და მისი ოჯახის წევრისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

მუხლი 39. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სოციალური დაცვა

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

2. მოსამსახურე ექვემდებარება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას ექვემდებარება აგრეთვე ის სამედიცინო მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას პენიტენციურ დაწესებულებაში ახორციელებს.

3. შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელსაც პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.

4. პირი სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მიიღება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით.

5. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი.

6. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს.

7. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობისათვის:

ა) მიეცემა ხელფასი, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილ დანამატს (ეს დანამატი მიეცემა მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს);

ბ) შეიძლება მიეცეს ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე ყოველთვიური დანამატი (ნამსახურების წლებში ჩაითვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში სამსახური, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა);

გ) ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში შეიძლება დაუწესდეს სხვა დანამატები;

დ) შეიძლება მიეცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები და კომპენსაცია.

8. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს საანგარიშო თვის განმავლობაში ეძლევა ყოველთვიური დანამატი შესრულებული სამუშაოს ხარისხის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, სამსახურის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული დანამატის ზღვრულ ოდენობას ადგენს მინისტრი.

9. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი მოსამსახურეს არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.

11. ამ მუხლით გათვალისწინებული სარგო, დანამატი და ფულადი ჯილდო მოსამსახურეს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

12. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

13. სამსახურში შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები, დანამატი და ფულადი ჯილდო) ოდენობა განისაზღვრება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით.

14. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

15. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას სამსახურის გენერალური დირექტორის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.

16. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურისათვის ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე ყოველთვიური დანამატის ოდენობას, სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილი დანამატის ოდენობას, აგრეთვე მოსამსახურისათვის სხვა დანამატის დანიშვნისა და გაცემის წესს ადგენს მინისტრი.

17. სამსახურის სოციალური სამსახურების მოსამსახურეთა დანამატების ოდენობებსა და გაცემის წესს ადგენს მინისტრი.

მუხლი 40. სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები და შეღავათები

1. მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები და შეღავათები.“.

მუხლი 2

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში) გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.

 2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი პროცედურების განხორციელება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა ორგანოებმა უზრუნველყონ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებების ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრმა უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებების და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ყოფილ მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ ამ კანონის ამოქმედებამდე დაკავებული თანამდებობები და შრომის ანაზღაურება, ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. ამასთანავე, არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი აქტების ძალაში შესვლამდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრს ენიჭება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება.

7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (მინისტრის), პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისა და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე.

8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3129-რს