დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3117-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 140120000.05.001.019010 |
|
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად და შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს;‘‘; ბ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) ცნობა პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ფორმის ცნობა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ფსიქიკურად ჯანმრთელია.“. 2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. საკოლექციო იარაღი იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. 3. მე-9 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან სხვა სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო.“. 4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამსახურებრივი მიზნების განხორციელებისათვის.“. 5. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ უწყებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აგრეთვე აღნიშნულ სამინისტროებსა და სამსახურში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ კუთვნილი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია-მასრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოსათვის ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად გადაგზავნა. ტყვია-მასროთეკის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“. 6. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3117-რს |
დოკუმენტის კომენტარები