„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2611-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.05.001.018894
2611-IIს
27/06/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
190040000.05.001.018894
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფლებამოსილებები სახელმწიფო რეზერვის მიმართ

1. სახელმწიფო რეზერვის სისტემის მართვა, ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებული კომპეტენცია. სახელმწიფო რეზერვის მარაგის შექმნას, შენახვასა და მომსახურებას, სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოებას, მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს და სახელმწიფო რეზერვის მართვასთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო) მეშვეობით.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებისაგან გამოითხოვოს მონაცემები არსებული მატერიალური რესურსების შესახებ, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელი მასალებისა და საქონლის მოცულობის განსაზღვრისათვის.

3. სახელმწიფო რეზერვის ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მონაწილეობს საქართველოს სამინისტროებთან და სხვა უწყებებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამთავრობათაშორისო ეკონომიკური შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან; დებს შესაბამის უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტისათვის სახელმწიფო რეზერვის ხარჯების სტრუქტურას.

5. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო სახელმწიფო რეზერვის მართვის სფეროში:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩევს სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებელს და დებს მასთან ხელშეკრულებას;

ბ) ახორციელებს მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს;

გ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარუდგენს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

6. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სხვა უფლებამოსილებები სახელმწიფო რეზერვის სფეროში განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.სახელმწიფო რეზერვის სისტემის სტრუქტურა და მისი მართვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

7. სახელმწიფო რეზერვის სისტემა არ მოიცავს საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ მატერიალურ ფასეულობათა საპასუხისმგებლო შენახვას.

8. სახელმწიფო რეზერვის ობიექტების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების, აგრეთვე სახელმწიფო რეზერვის სისტემაში დასაგროვებელი მატერიალური ფასეულობების ნუსხას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურასა და დაგროვების ოდენობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო სახელმწიფო რეზერვის დადგენილ ოდენობამდე შევსებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შეარჩევს სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებელს, აგრეთვე პროდუქციის ღირებულების, ხარისხის და ხანგრძლივი შენახვისათვის ვარგისობის გათვალისწინებით მასთან დებს ხელშეკრულებას.

3. სახელმწიფო რეზერვში მატერიალური ფასეულობების მიწოდების სახელმწიფო დამკვეთია სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.“.

4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობებს განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ხოლო საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს − საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გასცემს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.“.

5. მე-14 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო რეზერვის შევსება, განახლება, სახელმწიფო რეზერვის შესაქმნელად განკუთვნილი რესურსების შენახვა და დროებით სარგებლობაში გადაცემა ხდება სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსა და, შესაბამისად, მიმწოდებელს, მატერიალურად პასუხისმგებელ შემნახველსა და დროებით მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული უნდა იყოს პასუხისმგებლობა სახელმწიფო რეზერვის მიწოდებისა და დაბრუნების ვადების დარღვევისათვის (სახელმწიფო რეზერვის დაგვიანებით მიწოდება და დაბრუნება, მისი ხარისხის, შეფუთვის, მარკირების შეუსაბამობა, ფარული დეფექტების აღმოჩენა, რის გამოც აუცილებელია შესაბამისი რეზერვის ხელახლა შექმნა, და სხვა), კერძოდ:

ა) მიმწოდებლის (მომხმარებლის) მიერ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსათვის საურავის გადახდა მიწოდების (დაბრუნების) ვადის გადაცილების ყოველი დღისათვის (ფარული დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში − ასეთი ფაქტის დადგენის დღიდან). საურავი უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების დადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთისარანაკლებ გაორმაგებულ ოდენობას;

ბ) მიწოდების დაგვიანების ვადა, რომლის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება ბათილად ცხადდება. მიმწოდებელს ეკისრება ხელშეკრულების დარღვევის გამო სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ხოლო სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ეძლევა სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადების უფლება;

გ) ფორსმაჟორის კონკრეტული პირობები.

3. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსა და მატერიალურად პასუხისმგებელ შემნახველს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემნახველის პასუხისმგებლობა რესურსის მიღების, შენახვის ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემის წესების დარღვევისათვის, კერძოდ:

ა) რესურსის მიღების წესები;

ბ) რესურსის შენახვის წესები;

გ) რესურსის დროებით სარგებლობაში გადაცემის წესები;

დ) ფორსმაჟორის კონკრეტული პირობები.

4. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ მიმწოდებელთან (შემნახველთან) დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში:

ა) მიმწოდებელს (შემნახველს) უფლება აქვს, მოიხსნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

ბ) სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო ვალდებულია მიმწოდებლის (შემნახველის) მოთხოვნისას აანაზღაუროს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზარალი. ამ ზარალის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო.“.

მუხლი 2

1. 2018 წლის 1 აგვისტოს რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი და მის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის რეორგანიზაციისას ამ დეპარტამენტის მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) აყვანილ იქნენ აღნიშნული სამსახურის კადრების განკარგულებაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე შესაძლებელია მისი თანხმობით დაინიშნოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე.

4. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს შემდეგი დადგენილებების მიღება:

ა) „სახელმწიფო მატერიალური რეზერვის ობიექტების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების, აგრეთვე სახელმწიფო მატერიალური რეზერვის სისტემაში დასაგროვებელი მატერიალური ფასეულობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“;

ბ) „სახელმწიფო მატერიალური რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურისა და დაგროვების ოდენობის დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ივნისი 2018 წ.

N2611-IIს