დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო-ში) რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებასთან დაკავშირებით“ საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 5 დეკემბრის დადგენილების შეჩერების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3415 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/02/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 23/03/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო-ში) რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებასთან დაკავშირებით“ საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 5 დეკემბრის დადგენილების შეჩერების თაობაზე
„ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო-ში) რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებასთან დაკავშირებით“ საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას დაევალა, რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში გამართულ ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე კვლავ დაეყენებინა ზოგიერთი ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხი და მათზე დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღების, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიერ ვმო-ში გასაწევრიანებლად მომზადებულ ანგარიშში სათანადო ვალდებულებათა აღებისა და მათი შესრულების მყარი გარანტიების დაფიქსირების გარეშე არ დაეჭირა მხარი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებისათვის, ამასთან, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემამდე საქართველოს პარლამენტისათვის წარედგინა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციასთან ვმო-ის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმებების შესახებ.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის შეხვედრაზე მიღწეულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელთა განსახორციელებლად აუცილებელია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტისათვის ხელის შეწყობა, ვინაიდან აღნიშნული გაწევრიანება უდავოდ გამოიწვევს ორი ქვეყნის ჰარმონიზებულ სავაჭრო-ეკონომიკურ სივრცეში ჩართვას; ამასთან, იგი წარმოადგენს ეკონომიკური პრობლემების ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სისტემაში არსებული საერთაშორისო ეკონომიკური მექანიზმებისა და უნიფიცირებული სამართლებრივი ნორმებისა და სტანდარტების ეფექტიანი გამოყენებით მოგვარების, წარმოქმნილი დავების საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით გადაჭრის წინაპირობას და ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის სავაჭრო პოლიტიკისა და პრაქტიკის საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაციას, გახდის მათ უფრო პროგნოზირებადსა და გამჭვირვალეს პარტნიორი ქვეყნებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეჩერებულ იქნეს საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 5 დეკემბრის დადგენილება „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო-ში) რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებასთან დაკავშირებით“.
2. საქართველოს მთავრობამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციასთან ვმო-ის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმებების შესახებ.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 24 თებერვალი.
№3415–რს
დოკუმენტის კომენტარები