სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 040170240.32.061.016242
12
13/06/2018
ვებგვერდი, 21/06/2018
040170240.32.061.016242
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №12

2018 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის  „დ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს  სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის თანდართული წესი და პირობები.

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია




სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის წესი და პირობები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველისათვის მოძრავი ნივთის გადაცემის  წესი და პირობები შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ხელისუფლების ორგანოების  ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  სარგებლობაში არსებული მოძრავი ნივთის მზღვეველისათვის გადაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ  წესში  გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) მზღვეველი – კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია;

ბ) მოსარგებლე – საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის,  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავის სარგებლობაში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს მის მიერ ამ მოძრავი ნივთის  ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული მოძრავი ნივთის იდენტური დაუზიანებელი მოძრავი ნივთის  გადაცემის სანაცვლოდ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული  პირობებით;

გ) დაზღვეული მოძრავი ნივთი – სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონება;

დ) სადაზღვევო შემთხვევა – გარემოება, რომლის შედეგად ნივთი იმგვარად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია ან მისი აღდგენის ღირებულება აღემატება ამ მოძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტულ ოდენობას.

მუხლი 3. ქონების გადაცემის წესი

1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოსარგებლე მოძრავ ნივთს,   რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის  შედეგად  დაზიანდა, გადასცემს მზღვეველს საკუთრებაში:

ა) მის მიერ მოძრავი ნივთის ანაზღაურების  დროისათვის  ამ  მოძრავი  ნივთის    იდენტური დაუზიანებელი  ნივთის ღირებულების  ანაზღაურების  შემდეგ, ამ დებულების  შესაბამისად და  დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;

ბ)  დაზიანებული მოძრავი ნივთის  იდენტური დაუზიანებელი მოძრავი ნივთის მიღების შემდეგ, თუ სადაზღვევო ანაზღაურება მოძრავი ნივთის მიმწოდებელთან გადაირიცხება.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოძრავი ნივთის მზღვეველისათვის გადაცემა ხდება მზღვეველსა და მოსარგებლეს შორის გაფორმებული შესაბამისი მოძრავი ნივთის  მიღება-ჩაბარების აქტით.

3. მოსარგებლის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს დაზღვევის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი  ან მოსარგებლის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის  პირი, ხოლო მზღვეველის მხრიდან – შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

4. მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოძრავი ნივთის ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს თანხის მოსარგებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე (მათ შორის – კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირის ანგარიშზე, თუ ადგილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას) ჩარიცხვით.

5. მოსარგებლე ვალდებულია, მოძრავი ნივთის მზღვეველისათვის გადაცემის თაობაზე, გადაცემიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ინფორმაცია წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ან იმ ორგანოს,  რომლისაგანაც სარგებლობაში მიღებული აქვს ეს მოძრავი ნივთი კანონმდებლობით დადგენილი წესით.