მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 107/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016305
107/04
14/06/2018
ვებგვერდი, 15/06/2018
220010000.18.011.016305
მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №107/04

2018 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა საბროკერო კომპანიებმა  უნდა უზრუნველყონ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესი (შემდგომში წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ იმ ტიპის საბროკერო კომპანიების (შემდგომში კომპანია) რეგულირების საკითხებს, რომლებიც ჩართულები არიან მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებითა და ბინარული ოფციონებით ვაჭრობაში.

2. წესი შეეხება მხოლოდ მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობას და არ ვრცელდება ამ კომპანიების სხვა ტიპის ფინანსურ ინსტრუმენტებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონტრაჰენტი პირი, რომელიც იკავებს საწინააღმდეგო პოზიციას სავაჭრო გარიგებაში;

ბ) საკრედიტო მხარე (ლევერიჯი) ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტის ფარგლებში კლიენტისთვის მიცემული მსყიდველობითი უნარი, რომლითაც ის უფლებამოსილია გახსნას პოზიცია კონტრაქტში ფასთა შორის სხვაობაზე და რომელიც გამოისახება, როგორც ფარდობა საწყის მარჟასა და საბაზისო აქტივში პოზიციას შორის;

გ) ბონუსი კომპანიის მიერ კლიენტისთვის მიცემული დამატებითი თანხა, რომელიც კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ;

დ) საბაზრო ფასების პროვაიდერი კომპანია უცხოური ლიცენზირებული საბროკერო კომპანია, რომელიც საქართველოში მოქმედ კომპანიას ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ფინანსური ინსტრუმენტების საბაზრო ფასებით რეალურ რეჟიმში;

ე) კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე (შემდგომში CFD) დერივატივი, რომელიც კლიენტს აძლევს შესაძლებლობას, საბაზისო აქტივის ფლობის გარეშე საბაზისო აქტივში პოზიციის გახსნისა და დახურვის ფასებს შორის არსებული სხვაობის საფუძველზე მიიღოს ფინანსური სარგებელი ან ზარალი;

ვ) ბინარული ოფციონი ოფციონი ფიქსირებული შემოსავლით,  რომლითაც კლიენტი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, დებს ფსონს საბაზისო აქტივის ფასის მოძრაობის მიმართულებაზე დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში და მხოლოდ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში იღებს ფიქსირებულ მოგებას;

ზ) მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტები ბინარული ოფციონები და კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე;

თ) ძირითადი ვალუტა რომელიმე ვალუტა ჩამოთვლილთაგან: აშშ დოლარი, ევრო, იაპონური იენი, დიდი ბრიტანეთის ფუნტი სტერლინგი, კანადური დოლარი, შვეიცარული ფრანკი;

ი) ძირითადი სავალუტო წყვილები სავალუტო წყვილები, რომლის ორივე მხარეს წარმოადგენს ძირითადი ვალუტა.

კ) არაძირითადი სავალუტო წყვილები სავალუტო წყვილები, რომლის ერთ-ერთ მხარეს მაინც არ წარმოადგენს ძირითადი ვალუტა;

ლ) ძირითადი ინდექსი ამ წესის მიზნებისთვის იგულისხმება შემდეგი ინდექსები: FTSE 100, CAC 40, DAX 30; DJIA, S&P 500, NASDAQ, NASDAQ 100, NIKKEI 225, ASX 200, EUROSTOXX 50;

მ) არაძირითადი ინდექსი დანარჩენი ინდექსები, რომლებიც არ არის განსაზღვრული როგორც ძირითადი ინდექსი;

ნ) კლიენტის ჯამური კაპიტალი კლიენტის სავაჭრო ანგარიშზე არსებული ჯამური სახსრები გარკვეული თარიღის მდგომარეობით, რომელშიც გათვალისწინებულია რეალიზებული და არარეალიზებული მოგება და ზარალი;

ო) თავისუფალი მარჟა კლიენტის ჯამური კაპიტალისა და ღია პოზიციებში გამოყენებული საწყისი მარჟის სხვაობა;

პ) სტოპ-დავალება (Stop Loss) დავალების ტიპი, რომელიც გულისხმობს ფინანსური ინსტრუმენტის გაყიდვას ან ყიდვას, როდესაც ის მიაღწევს დავალებით განსაზღვრულ ფასს.  

ჟ) გადამზღვეველი ფინანსური ინსტიტუტი უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიცენზირებულია „განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ, რომელსაც კომპანია მიმართავს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი თავად არის კლიენტის გარიგების კონტრაჰენტი და სურს კლიენტის რისკის პოზიციების გადაზღვევაж

რ) პლატფორმის პროვაიდერი უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიცენზირებულია „განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ და რომელიც კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით აძლევს სავაჭრო პლატფორმით სარგებლობის უფლებას;

ს) საწყისი მარჟა CFD-ებით ვაჭრობისთვის პოზიციის გახსნისას გაკეთებული მინიმალური მოთხოვნილი შენატანიж

ტ) ლიკვიდური აქტივები ფული და ფულადი ეკვივალენტები;

უ) საბაზისო აქტივი ფინანსური ინსტრუმენტი, საქონელი, ძვირფასი ლითონი, ეროვნული და უცხოური ვალუტა, ფულადი სახის მოთხოვნის უფლება და ა.შ., რომელთა ფასზეც მიბმულია კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე.

 მუხლი 3. საოპერაციო მოთხოვნები

1.  კომპანია ვალდებულია ეროვნულ ბანკთან შეათანხმოს პლატფორმის პროვაიდერის, საბაზრო ფასების პროვაიდერისა (თუ იგი განსხვავდება პლატფორმის პროვაიდერისგან) და გადამზღვეველი ფინანსური ინსტიტუტის პოტენციური ან არსებული კანდიდატურა.

2.  კომპანიას უნდა გააჩნდეს საქმიანობის გამართული პროცესი, რომელიც მისცემს საშუალებას  დაადგინოს, კლიენტის მიერ ტრანზაქციის განხორციელების რა ეტაპზე ხდება სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგად მოგებული ფულადი სახსრები კლიენტის კუთვნილი ფულადი სახსრები და პირიქით.

3. კომპანიას უნდა გააჩნდეს ზუსტი აღრიცხვის სისტემა, რომელიც ნებისმიერი თარიღისთვის მისცემს საშუალებას თითოეული კლიენტისათვის დაადგინოს:

ა) მის ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ოდენობა როგორც პლატფორმაზე, ისე საბუღალტრო პროგრამაში (თუ პროგრამა იძლევა საშუალებას);

ბ) დღის ბოლოსათვის სავაჭრო პლატფორმაზე არსებული კლიენტის ჯამური კაპიტალი;

გ) კლიენტის ჯამური კაპიტალის ცვლილება ნებისმიერ ორ თარიღს შორის;

დ) რეალიზებული და არარეალიზებული მოგება და/ან ზარალი ნებისმიერი პერიოდისთვის;

ე) თითოეული გარიგებისათვის ტრანზაქციის კონტრაჰენტი პირი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის, კომპანიამ უნდა აღრიცხოს ყველა ტრანზაქცია თითოეული კლიენტისა და მისი ცალკეული ანგარიშების ჭრილში შემდეგი ველების მიხედვით: 

ა) კლიენტის უნიკალური ნომერი;

ბ) კლიენტის ანგარიშის ნომერი;

გ) კლიენტისთვის მიცემული საკრედიტო მხარე;

დ) კლიენტის მიერ შეტანილი თანხა და მისი შეტანის თარიღი;

ე) კლიენტის მიერ გატანილი თანხა და გატანის თარიღი;

ვ) ვაჭრობის ჯამური შედეგი დახურილი ტრანზაქციებისთვის;

ზ) მიმდინარე (არარეალიზებული) მოგება/ ზარალი ღია პოზიციებისთვის;

თ) ღია პოზიციებში გამოყენებული საწყისი მარჟა;

ი) თავისუფალი მარჟა;

კ) კლიენტის ჯამური კაპიტალი;

ლ) ჩამოჭრილი საკომისიოები ტიპების მიხედვით.

მუხლი 4. რეკლამა და კლიენტებისათვის ინფორმაციის გამჟღავნება

1. კომპანია ვალდებულია განათავსოს ვებგვერდზე და ნებისმიერ სარეკლამო მასალაზე გაფრთხილება სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობისა და მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

2.  კომპანიას არ აქვს უფლება მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რეკლამირებისას დაპირდეს კლიენტს შემოსავლის განსაზღვრულ ოდენობას ან მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გულისხმობდეს ასეთი ინსტრუმენტებით ვაჭრობის შედეგად მაღალი მოგების მიღებას.

3. კომპანია ვალდებულია ყველა სახის სარეკლამო ღონისძიების ან/და სარეკლამო მასალებისა და მათი გავრცელების საშუალებების შესახებ ინფორმაცია მათ გავრცელებამდე მიაწოდოს ეროვნულ ბანკს.

4. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გაფრთხილებისა, კომპანიის  ვებგვერდი უნდა შეიცავდეს:

ა) ონლაინრეჟიმში სისტემის მეშვეობით ვაჭრობის სპეციფიკის აღწერას;

ბ) სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობისა და ყველა შეთავაზებული პროდუქტისათვის დამახასიათებელი მატერიალური რისკების სრულყოფილ აღწერას.

5. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გაფრთხილება რისკების შესახებ მოიცავდეს მთლიან სავაჭრო ანგარიშებში იმ სავაჭრო ანგარიშების პროცენტული წილის შესახებ ინფორმაციას, რომელთაც ბოლო საანგარიშო 12-თვიანი პერიოდის მანძილზე ჯამურად განიცადეს ზარალი CFD-ებსა და ბინარულ ოფციონებში ვაჭრობის შედეგად. იგულისხმება, რომ კლიენტის სავაჭრო ანგარიშზე დაფიქსირდა ჯამური ზარალი, თუ  ბოლო 12-თვიან საანგარიშო პერიოდში კლიენტის სავაჭრო ანგარიშისთვის ყველა რეალიზებული და არარეალიზებული მოგებისა და ზარალის ჯამი არის ნეგატიური. აღნიშნული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს ყოველი წლის ბოლოს მდგომარეობით.  იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას  არ გააჩნია სტატისტიკური მონაცემები 12 თვეზე მეტ პერიოდზე ან სტატისტიკური ინფორმაცია არასაკმარისია დასკვნისთვის, მან ეს უნდა დაასაბუთოს და გამოიყენოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც საცალო კლიენტების ანგარიშების 74-89% კარგავს სრულ თანხას. 

6. კომპანიას ეკრძალება მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება, გამოქვეყნება, მიწოდება ან მიყიდვა (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით) ინვესტორებისთვის, თუ ის არ მოიცავს რისკების შესახებ გაფრთხილებას ამ მუხლის მოთხოვნების მე-5 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 5. ხელშეკრულება

1. კომპანიის კლიენტთან დასადები სტანდარტული ხელშეკრულების ფორმაში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის ან ვინ შეიძლება იყოს განხორციელებულ ტრანზაქციაში კლიენტის კონტრაჰენტი;

ბ) ვალდებულება, რომ მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია შეატყობინებს კლიენტს, თუ ვინ იქნება მისი კონტრაჰენტი;

გ) კომპანიისა და კლიენტების უფლებები და მოვალეობები, მათ შორის კომპანიის გადახდისუუნარობის შემთხვევებში, კლიენტების სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით;  

დ) ანგარიშის გახსნისა და დახურვის პირობები და მხარეების ვალდებულებები ამ შემთხვევებში;

ე) ინფორმაცია კლიენტების სახსრების განთავსების პირობების, გატანის პირობების, პროცედურებისა და ვადების, კლიენტის მიერ საკუთარი ანგარიშიდან ამონაწერის მოთხოვნისას გასავლელი პროცედურებისა და ვადების შესახებ;

ვ) მხარეების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, შეწყვეტის პირობები და შემდგომი პროცესის აღწერა; მათ შორის კლიენტის უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მას კომპანიის ბრალეულობით მიადგა ზიანი;

ზ) ინფორმაცია კლიენტის წარმომადგენლის (პირი, რომელიც არ არის კომპანიის თანამშრომელი და მინიჭებული აქვს მისი სახელით ვაჭრობის უფლებამოსილება), მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;

თ) კომპანიის ვალდებულება კლიენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით;

ი) პლატფორმაზე ვაჭრობის პირობებისა და შეზღუდვების აღწერა;

კ) სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობისა და ყველა შეთავაზებული პროდუქტისათვის დამახასიათებელი მატერიალური რისკების სრულყოფილად აღწერა;

ლ) კლიენტის მიერ სასამართლოსთვის ან არბიტრაჟისათვის მიმართვის უფლება შესაძლო დავის შემთხვევაში;

მ) ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, კლიენტისთვის ამ კონფლიქტის წყაროსა და კლიენტზე შესაძლო უარყოფითი გავლენის გამჟღავნება;

ნ) ინფორმაცია ყველა არსებული საკომისიოსა და გადასახადის შესახებ.

2.  კომპანიის კლიენტთან დასადები სტანდარტული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ხელშეკრულების თავსართს სახელწოდებით „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, რომელიც უნდა მოიცავდეს ხელშეკრულების ყველა მატერიალურ პირობას. დაუშვებელია ხელშეკრულების თავსართში ასახვისას მითითება გაკეთდეს ხელშეკრულების შესაბამის მუხლებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს თანხის ინვესტირებას უცხოური ვალუტით, კომპანია ვალდებულია თავსართში გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „უცხოური ვალუტით განხორციელებული ინვესტიცია მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს“. აღნიშნულ ჩანაწერს უნდა მოსდევდეს შემდეგი ჩანაწერი: „ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს”.

3.  სტანდარტული ხელშეკრულების ფორმაში შესული ნებისმიერი ცვლილება ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

მუხლი 6. რისკების მართვა

1.  კომპანია, რომელიც თავად არის კლიენტის მიერ პლატფორმაზე დადებული სავაჭრო გარიგების კონტრაჰენტი, ვალდებულია ყოველდღიურად წინა დღის მდგომარეობით გაიანგარიშოს კლიენტების საკუთარი კაპიტალი და უზრუნველყოს კლიენტების ნომინალურ ანგარიშზე არანაკლებ ამ თანხის შესაბამისი თანხის არსებობა.

2. კომპანია, რომელიც თავად არის კლიენტის კონტრაჰენტი,  ვალდებულია, გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებისა, დამატებით ფლობდეს კლიენტების ჯამური კაპიტალის საშუალოთვიური ოდენობის 25%-ის ტოლ ლიკვიდურ სახსრებს მომავალი თვის განმავლობაში.

3.კომპანია, რომელიც თავად არის კლიენტის კონტრაჰენტი  ვალდებულია მისი ნებისმიერი კლიენტი არ ფლობდეს კლიენტების ჯამური კაპიტალის 25%-ზე მეტს.

4. კომპანია, რომელიც თავად არის კლიენტის კონტრაჰენტი  ვალდებულია გადააზღვიოს ტრანზაქცია, თუ კლიენტის მიერ თვის მანძილზე შეტანილი ჯამური თანხა აღემატება კომპანიის კაპიტალის 5%-ს. 

5. კომპანია ვალდებულია საქმიანობის ყველა ეტაპზე უზრუნველყოს ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.

მუხლი 7. შეზღუდვები და აკრძალვები მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებზე

1. კომპანია ვალდებულია CFD-ებით ვაჭრობაზე დააწესოს ქვემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვები:

ა) CFD-ებით ვაჭრობისას კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კლიენტისთვის მაქსიმუმ შემდეგი საკრედიტო მხარის ლიმიტების დაწესება:

ა.ა) 1:50 - CFD ძირითად სავალუტო წყვილებზე;

ა.ბ) 1:20 – CFD  არაძირითად სავალუტო წყვილებზე, ოქროსა და ძირითად ინდექსებზე;

ა.გ) 1:10 – CFD ნებისმიერ საქონელზე, გარდა ოქროსი, ასევე არაძირითად ინდექსებზე;  

ა.დ) 1:10  - CFD აქციებზე:

ა.ე) 1:2  - CFD კრიპტოვალუტებზე;

ბ) თუ სავაჭრო პლატფორმაზე კლიენტის ანგარიშზე არსებული ღია პოზიციებისათვის მოთხოვნილი საწყისი მარჟისა და არარეალიზებული ზარალის ჯამი ეცემა ღია პოზიციებისათვის მოთხოვნილი საწყისი მარჟის 50%-ის ოდენობამდე  ან მეტით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კლიენტის კონკრეტულ ანგარიშთან დაკავშირებული ყველა ასეთი CFD პოზიციის დახურვა, ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პირველივე შესაძლებლობისას.  თუ კომპანია თავად არის კლიენტის კონტრაჰენტი, მაშინ იგულისხმება, რომ მან 50%-ის დონეზე უნდა უზრუნველყოს პოზიციების დახურვა;

გ) კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სავაჭრო პლატფორმა არ იძლეოდეს საშუალებას, რომ კლიენტის თითოეული სავაჭრო ანგარიშისთვის კლიენტის ჯამური კაპიტალი გახდეს უარყოფითი რიცხვი.

2. კომპანიას ეკრძალება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ფულადი ან არაფულადი წახალისების (ბონუსი და მსგავსი შინაარსის პროდუქტები) შეთავაზება ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მიზნით ისეთი ინვესტორებისთვის, რომლებიც არ არიან გათვითცნობიერებული ინვესტორები. 

3. კომპანიას ეკრძალება ბინარული ოფციონების მარკეტინგი, გავრცელება და მიყიდვა ისეთი ინვესტორებისთვის, რომლებიც არ არიან გათვითცნობიერებული ინვესტორები.

მუხლი 8. საბაზრო მანიპულაცია

1.    კომპანიას ეკრძალება:

ა) მოახდინოს კლიენტის ანგარიშიდან ნებისმიერი პოზიციის გახსნა ან დახურვა  ან  ნებისმიერი ჩარევა კლიენტის ანგარიშზე გახნილ პოზიციაზე, მისი წინასწარი თანხმობის გარეშე;

ბ) პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდოს კლიენტს ფინანსური ინსტრუმენტის ისეთი ფასი, რაც განსხვავებულია ინფორმაციის მიწოდების დროს არსებული რეალური საბაზრო ფასისგან;

გ) ჩაერიოს საბაზრო ფასების პროვაიდერი კომპანიის მიერ მიწოდებულ ფასებში და/ან მოახდინოს ფასებზე მანიპულაცია.

2.    როდესაც კომპანია თავად არის გარიგების კონტრაჰენტი, იგი ვალდებულია კლიენტის სტოპ-დავალების შესრულება მოახდინოს კლიენტის მიერ მითითებულ ფასზე.