საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2476-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018866
2476-რს
06/06/2018
ვებგვერდი, 21/06/2018
200000000.05.001.018866
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 მუხლი:

„მუხლი 242. სპეციალური საწარმო

1. სპეციალური საწარმო არის პირი, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად სპეციალური საწარმოს სტატუსი აქვს მინიჭებული.

2. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობასთან ერთად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური თანხმობით, განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

 ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან/და საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) კანონის შესაბამისად ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აკრძალულია აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება;

ბ) საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილისა ან წარმოებულისა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება;

გ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისთვის წარმოება.

3. პირს სპეციალური საწარმოს სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო.

4. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე/ ტერიტორიიდან – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/მიმართულებით;

ბ) ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/ მიმართულებით.

5. პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

2. 66-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, აგრეთვე  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით.“;

ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, აგრეთვე  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), უფლებამოსილი არიან საქართველოში გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშეც, მოქალაქის პირადობის მოწმობაში, პირადობის ნეიტრალურ მოწმობაში ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნული პირადი ნომერი, აგრეთვე რეგისტრაციის დროს მინიჭებული ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითონ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისას და გადასახადის საბანკო დაწესებულებაში გადახდისას. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირის,  აგრეთვე  აფხაზეთის  ავტონომიურ  რესპუბლიკასა  და  ცხინვალის  რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება მათი საგადასახადო დეკლარაციების ან/და ბანკში წარდგენილი, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებების მონაცემების საფუძველზე.

5. საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ პირს) საიდენტიფიკაციო ნომრად მიენიჭება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი, პირადობის ნეიტრალური    მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს – ამავე მოწმობაში/დოკუმენტში აღნიშნული პირადი ნომერი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს − რეგისტრაციის დროს მინიჭებული პირადი ნომერი.“.

3. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ5“ ქვეპუნქტი:

„ჰ5) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ ამ კოდექსის 242 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.“.

4. 99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ ამ კოდექსის 242 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება.“.

5. 168-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ ქვეპუნქტი:

„ჰ1) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის მიწოდება.“;

ბ) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი:

„ხ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება.“.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1902 მუხლი:

„მუხლი 1902. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის აქციზით დაბეგვრა

სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტი, აგრეთვე აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2. 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 ივნისი 2018 წ.

N2476-რს