შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24/51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2018
ძალაში შესვლის თარიღი 14/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016536
24/51
16/11/2017
ვებგვერდი, 15/06/2018
480610000.03.030.016536
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ


საქართველოს მთავრობას

და

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას

 

(შემდგომში ერთობლივად წოდებულნი, როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“ და თითოეული წოდებული, როგორც „ხელშემკვრელი მხარე“),

განზრახული აქვთ რა, უზრუნველყონ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს შორის გაცვლილი, ასევე, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ კონტრაქტორებთან, ან ორი ხელშემკვრელი მხარის კონტრაქტორებს შორის გაცვლილი, საიდუმლო ინფორმაციის დაცვა,

სურთ რა, შექმნან საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი წესები, რომლებიც გავრცელდება ხელშემკვრელ მხარეებს შორის გასაფორმებელი თანამშრომლობის ყველა შეთანხმებაზე და გავრცელდება კონტრაქტებზე, რომლებიც ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

ტერმინთა განმარტება

(1) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:

1. „საიდუმლო ინფორმაცია“ არის

a) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

ფაქტები, საგნები ან ცოდნა, რომელიც, მიუხედავად იმისა, თუ როგორ არის წარმოდგენილი, საიდუმლოდ უნდა იქნეს შენახული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. მათი დასაიდუმლოება, მათი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს ოფიციალური უწყების მიერ ან მისი მოთხოვნით;  

b) საქართველოში

დამუშავებული ან დამუშავების პროცესში მყოფი ცნობა/ინფორმაცია ან მატერიალური საგანი (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა), რომელიც საჭიროებს უნებართვო მოპყრობისაგან დაცვას, შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს/ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.

2. „საიდუმლო კონტრაქტი“ არის

ერთი ხელშემკვრელი მხარის (კონტრაქტორი ოფიცრის) სახელმწიფოდან ორგანოს ან საწარმოს და მეორე ხელშემკვრელი მხარის (კონტრაქტორის) სახელმწიფოდან ორგანოს ან საწარმოს შორის არსებული კონტრაქტი/ქვეკონტრაქტი; ამგვარი კონტრაქტის ფარგლებში, საიდუმლო ინფორმაცია კონტრაქტორი ოფიცრის სახელმწიფოდან უნდა გადაეცეს კონტრაქტორს, უნდა დამუშავდეს კონტრაქტორის მიერ, ან ხელმისაწვდომი გახდეს კონტრაქტორის პერსონალის იმ წევრებისთვის, რომლებმაც დავალებები უნდა შეასრულონ კონტრაქტორი ოფიცრის ობიექტებში.  

(2) საიდუმლოობის ხარისხები განისაზღვრება შემდეგნაირად:

1. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საიდუმლო ინფორმაცია არის

a) STRENG GEHEIM თუ არაუფლებამოსილი პირების მიერ მისმა ცოდნამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ან მისი ერთ-ერთი ფედერალური მიწის (Länder) არსებობას ან არსებით ინტერესებს;

b) GEHEIM – თუ არაუფლებამოსილი პირების მიერ მისმა ცოდნამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ან მისი ერთ-ერთი ფედერალური მიწის (Länder) უსაფრთხოებას, ან შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მათ ინტერესებს;

c) VS-VERTRAULICH თუ არაუფლებამოსილი პირების მიერ მისი ცოდნა შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ან მისი ერთ-ერთი ფედერალური მიწის (Länder) ინტერესებისათვის;

d) VS-NUR FÜR DEN DIENSTGEBRAUCH თუ არაუფლებამოსილი პირების მიერ მისი ცოდნა შესაძლოა არახელსაყრელი იყოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ან მისი ერთ-ერთი ფედერალური მიწის (Länder) ინტერესებისათვის.

2. საქართველოში საიდუმლო ინფორმაცია არის

a) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ (მასთან გათანაბრებულია TOP SECRET) მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება არსებითად იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის და პოლიტიკის სფეროებში, ან/და გამოიწვიოს განსაკუთრებით მძიმე შედეგები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნისათვის თუ ორგანიზაციისათვის;

b) „სრულიად საიდუმლო“ (მასთან გათანაბრებულია SECRET) მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისათვის და იმ პირთა ინტერესებისათვის, რომლებიც დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში კონფიდენციალურად თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ სათანადო საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან, ან/და მონაცემი, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნისათვის თუ ორგანიზაციისათვის;

c) „საიდუმლო“ (მასთან გათანაბრებულია CONFIDENTIAL) მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და იმ პირთა ინტერესებს, რომლებიც ჩართული არიან სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში, ან/და მონაცემი, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებს;

d) „შეზღუდული სარგებლობისათვის“ (მასთან გათანაბრებულია RESTRICTED) მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე, ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებსა და საქმიანობაზე.

  მუხლი 2

შესაბამისობა

ხელშემკვრელი მხარეები ადგენენ, რომ შემდეგი საიდუმლოობის ხარისხები შესაბამისობაშია ერთმანეთთან:

საქართველო

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

ინგლისური ეკვივალენტი

განსაკუთრებული მნიშვნელობის

STRENG GEHEIM

TOP SECRET

სრულიად საიდუმლო

GEHEIM

SECRET

საიდუმლო

VS-VERTRAULICH

CONFIDENTIAL

შეზღუდული სარგებლობისათვის

VS-NUR FÜR DEN DIENSTGEBRAUCH

RESTRICTED

მუხლი 3

გრიფი

(1) გადაცემულ საიდუმლო ინფორმაციას გრიფი უნდა მიენიჭოს ეროვნული საიდუმლოობის შესაბამისი ხარისხის მიხედვით, როგორც ეს დადგენილია მე-2 მუხლით, მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ ან მისი მოთხოვნით.

(2) ასევე, გრიფი უნდა მიენიჭოს საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც იქმნება მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ საიდუმლო კონტრაქტებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ შესრულებულ ასლებს.

(3) წარმომშობი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საიდუმლოობის ხარისხები უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს მოცემული საიდუმლო ინფორმაციის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ ან მისი დავალებით. წარმომშობი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, საიდუმლოობის ხარისხის შეცვლასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით, საკუთარი განზრახვის შესახებ.

(4) საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა, გამრავლება და განადგურება უნდა განხორციელდეს ხელშემკვრელი მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 4

ეროვნულ დონეზე გასატარებელი ზომები

(1) ხელშემკვრელი მხარეები, საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში, მიიღებენ ყველა სათანადო ზომას, რათა უზრუნველყონ წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად შექმნილი, გაცვლილი ან არსებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვა. ხელშემკვრელ მხარეთა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში, ისინი უზრუნველყოფენ ამგვარი საიდუმლო ინფორმაციის დაცვას ისეთი ხარისხით, რომელიც, სულ მცირე, უთანაბრდება მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ, საიდუმლოობის შესაბამისი ხარისხის მქონე, საკუთარი საიდუმლო ინფორმაციისთვის მოთხოვნილ  ხარისხს.

(2) დასაიდუმლოების ვადა განისაზღვრება წარმომშობი ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.

(3) საიდუმლო ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ განსაზღვრული მიზნისათვის. მიმღები ხელშემკვრელი მხარე არ გაამჟღავნებს ან გამოიყენებს ნებისმიერ საიდუმლო ინფორმაციას და არ დაუშვებს მის გამჟღავნებას ან გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს ხორციელდება წარმომშობი ხელშემკვრელი მხარის მიერ ან მისი მოთხოვნით დადგენილი მიზნებისთვის და ნებისმიერი შეზღუდვით. ნებისმიერ სხვაგვარ შეთანხმებაზე წარმომშობ ხელშემკვრელ მხარეს გაცემული უნდა ჰქონდეს წერილობითი თანხმობა. 

(4) საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლების მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ხელშემკვრელი მხარეების შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად. საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების მინიჭება ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების შემოწმების დასრულების შემდეგ, ისეთი სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საიდუმლოობის შესაბამისი ხარისხის მქონე ეროვნული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის მიმართ გამოყენებულ სტანდარტებზე არანაკლებ მკაცრია.

(5) პირს, რომელსაც ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს, ენიჭება VS-VERTRAULICH/„საიდუმლო” ან უფრო მაღალი ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება, წარმომშობი ხელშემკვრელი მხარის წინასწარი ნებართვის გარეშე.

(6) საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ და საჭიროებენ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობას საკუთარ სახელმწიფოში, ხორციელდება მათი კომპეტენტური ორგანოების მიერ.

(7) თუმცა საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც კანონიერად ცხოვრობდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში, სულ მცირე, ხუთი წლის მანძილზე და ამ სახელმწიფოში იწყებენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამსახურს, ხორციელდება ამ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ, მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად; საჭიროებიდან გამომდინარე, ის მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მოსთხოვს უსაფრთხოების შემოწმების ჩატარებას.

(8) ხელშემკვრელი მხარეები, თითოეული საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უზრუნველყოფს, რომ ჩატარდეს აუცილებელი უსაფრთხოების შემოწმებები და შესრულდეს წინამდებარე შეთანხმება.

მუხლი 5

საიდუმლო ინფორმაციის განადგურება და უკან დაბრუნება

(1) საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს, თუ:

a. შეუძლებელია მისი დაცვა ან გამოყენება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ან

b. წარმომშობი ხელშემკვრელი მხარე მოითხოვს მის განადგურებას.

(2) საიდუმლო დოკუმენტები ისე უნდა განადგურდეს, რომ გამოირიცხოს მათში არსებული საიდუმლო ინფორმაციის აღდგენის შესაძლებლობა.

(3) საიდუმლო დოკუმენტების განადგურება ხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

(4) საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საგნობრივი მასალა ისე უნდა განადგურდეს, რომ შეუძლებელი იყოს მისი ამოცნობა, ან ისე უნდა შეიცვალოს, რომ გამოირიცხოს საიდუმლო ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ აღდგენა.

(5) წარმომშობ ხელშემკვრელ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განადგურების შესახებ.

(6) წარმომშობი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, საიდუმლო ინფორმაცია ექვემდებარება დაბრუნებას.

მუხლი 6

საიდუმლო კონტრაქტების დადება

(1) საიდუმლო კონტრაქტის დადებამდე კონტრაქტორმა ოფიცერმა, საკუთარი კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, კონტრაქტორის კომპეტენტური ორგანოსგან უნდა მიიღოს საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება, რათა  გარანტია ჰქონდეს, რომ შესაძლო კონტრაქტორი ექვემდებარება ამ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს უსაფრთხოების კონტროლს და რომ მას გატარებული აქვს საიდუმლო კონტრაქტის შესრულებისთვის საჭირო უსაფრთხოების ზომები. თუ კონტრაქტორი ჯერ არ ექვემდებარება უსაფრთხოების კონტროლს, ამ მიზნით შესაძლებელია მოთხოვნის გაკეთება.

(2) ასევე, საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მიღება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ საწარმოს მოეთხოვება სატენდერო შეთავაზების გაკეთება და თუ, სატენდერო პროცედურის ფარგლებში, საიდუმლო ინფორმაციის გაცემა უნდა მოხდეს საიდუმლო კონტრაქტის დადებამდე.

(3) პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენება შემდეგი პროცედურები:

1. იმისათვის, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოდან კონტრაქტორს მიენიჭოს საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება, მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროექტის, ასევე, იმ საიდუმლო ინფორმაციის ბუნების, ფარგლებისა და საიდუმლოობის ხარისხის შესახებ, რომლის მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ გადაეცემა კონტრაქტორს ან შეიქმნება მის მიერ.

2. საწარმოს სრულ დასახელებაზე, მის საფოსტო მისამართზე, მისი უსაფრთხოების თანამდებობის პირის ვინაობაზე, საწარმოს ტელეფონისა და ფაქსის ნომრების და მისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დამატებით, საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, განსაკუთრებით იმის შესახებ, შესაბამისი საწარმოს მიერ თუ რა ფარგლებში და საიდუმლოობის რომელ ხარისხამდე იქნა გატარებული უსაფრთხოების ზომები, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის  შესაბამისად.

3. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის უკვე გაცემული დაშვებით გათვალისწინებული ფაქტების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

4. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის ასეთი ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება იმ ორგანოს სახელმწიფო ენაზე, რომელსაც მიეწოდება ინფორმაცია, ან ინგლისურ ენაზე.

5. საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება და, საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მინიჭების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეების შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისადმი მიმართული მოთხოვნები გადაიცემა წერილობით.

მუხლი 7

საიდუმლო კონტრაქტების შესრულება

(1) საიდუმლო კონტრაქტები უნდა შეიცავდეს უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ მუხლს, რომლის თანახმად, კონტრაქტორი ვალდებულია, საკუთარი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღოს საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად საჭირო ზომები.

(2) უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ მუხლი, დამატებით, უნდა შეიცავდეს შემდეგ დებულებებს:

1. ტერმინის „საიდუმლო ინფორმაცია“ და ორივე ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხების განმარტება, წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად;

2. ორივე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს დასახელება, რომელიც უფლებამოსილია, ნებართვა გასცეს საიდუმლო კონტრაქტთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის გაცემაზე და კოორდინაცია გაუწიოს მის დაცვას;   

3. არხები, რომლებიც გამოყენებული იქნება კომპეტენტურ ორგანოებსა და შესაბამის კონტრაქტორებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად;

4. საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით იმ ცვლილებების შეტყობინების პროცედურები და მექანიზმები, რომლებიც შეიძლება გამოწვეულ იქნეს საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ცვლილების გამო, ან იმის გამო, რომ დასაიდუმლოება აღარ არის საჭირო;  

5. თანხმობის პროცედურები კონტრაქტორების პერსონალის ვიზიტებზე ან მათ მიერ წვდომაზე;

6. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის პროცედურები იმ კონტრაქტორებისთვის, სადაც მოხდება ამგვარი ინფორმაციის გამოყენება ან განთავსება;

7. მოთხოვნა, რომ კონტრაქტორი საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლებას მიანიჭებს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც აქვს ინფორმაციის გაცნობის საჭიროება და დავალებული აქვს ან წვლილი შეაქვს საიდუმლო კონტრაქტის შესრულებაში, და რომელიც VS-NUR FÜR DEN DIENSTGEBRAUCH/ „შეზღუდული სარგებლობისათვის“ ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციის შემთხვევის გარდა წინასწარ არის შემოწმებული საიდუმლო ინფორმაციის შესაბამის ხარისხზე;

8. მოთხოვნა, რომ საიდუმლო ინფორმაციის მესამე მხარისთვის გამჟღავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, ან საიდუმლო ინფორმაციის მესამე მხარისთვის გამჟღავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ნებადართული, თუ ამაზე არსებობს წარმომშობი ხელშემკვრელი მხარის თანხმობა;

9. მოთხოვნა, რომ კონტრაქტორი დაუყოვნებლივ შეატყობინებს საკუთარ კომპეტენტურ ორგანოს საიდუმლო კონტრაქტით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის ნებისმიერი ფაქტობრივი ან შესაძლო დაკარგვის, გაჟონვის ან უნებართვო გამჟღავნების შესახებ.

(3) კონტრაქტორი ოფიცრის კომპეტენტური ორგანო კონტრაქტორს მიაწვდის ყველა იმ დოკუმენტური ჩანაწერის ცალკე სიას (საიდუმლოობის სახელმძღვანელო), რომელიც საჭიროებს დასაიდუმლოებას, განსაზღვრავს საიდუმლოობის საჭირო ხარისხს და უზრუნველყოფს, რომ ეს სია თან დაერთოს საიდუმლო კონტრაქტს დანართის სახით. კონტრაქტორი ოფიცრის კომპეტენტური ორგანო, ასევე, გადასცემს ან უზრუნველყოფს ამ სიის გადაცემას კონტრაქტორის კომპეტენტური ორგანოსთვის.

(4) კონტრაქტორი ოფიცრის კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს, რომ კონტრაქტორს ჰქონდეს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონტრაქტორის კომპეტენტური ორგანოსგან მიიღებს საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის სათანადო დაშვებას.

მუხლი 8

საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა

(1) STRENG GEHEIM/ „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაცია ხელშემკვრელ მხარეთა შორის გადაიცემა მხოლოდ მთავრობათაშორისი დიპლომატიური არხებით.

(2) პრინციპის დონეზე, VS-VERTRAULICH / „საიდუმლო“ და GEHEIM / „სრულიად საიდუმლო“ ხარისხების მქონე საიდუმლო ინფორმაცია ერთი სახელმწიფოდან მეორეში გადაიცემა ოფიციალური კურიერის მეშვეობით. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები შესაძლოა შეთანხმდნენ გადაცემის ალტერნატიულ არხებზე. საიდუმლო ინფორმაციის მიღება უნდა დამოწმდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ან მისი მოთხოვნით და საიდუმლო ინფორმაცია მიმღებთან უნდა გადაიგზავნოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

(3) სპეციალურად განსაზღვრული პროექტისთვის კომპეტენტური ორგანოები შესაძლოა შეთანხმდნენ ზოგადად ან შეზღუდვების გათვალისწინებით რომ VS-VERTRAULICH / „საიდუმლო“ და GEHEIM / „სრულიად საიდუმლო“ ხარისხების მქონე საიდუმლო ინფორმაცია შესაძლებელია გადაცემულ იქნეს, ოფიციალური კურიერის გარდა, სხვა არხებით, თუ ოფიციალური კურიერის მომსახურების გამოყენება გამოიწვევს განსაკუთრებულ სირთულეს ამგვარი ტრანსპორტირებისთვის, ან საიდუმლო კონტრაქტის შესრულებისთვის. ასეთ შემთხვევებში:

1. გადამტანი უნდა იყოს უფლებამოსილი, გაეცნოს შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციას;

2. გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საგნების სია უნდა დარჩეს გამგზავნ კომპეტენტურ ორგანოსთან; ამ სიის ასლი უნდა გადაეცეს მიმღებს, კომპეტენტური ორგანოსთვის მისი გადაგზავნის მიზნით;

3. საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საგნები უნდა შეიფუთოს ეროვნულ საზღვრებში ტრანსპორტირების მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;

(4) საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საგნების ჩაბარება უნდა მოხდეს მიღების დამადასტურებელი ჩანაწერით, და

(5) გადამტანმა თან უნდა იქონიოს, გამგზავნი ან მიმღები ორგანოს სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, კურიერის სერტიფიკატი.

(4) როდესაც დიდი ოდენობის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხდება, ტრანსპორტირების საშუალებები, მარშრუტი და ესკორტი განისაზღვრება კომპეტენტური ორგანოების მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და დეტალური ტრანსპორტირების გეგმის საფუძველზე.

(5) VS-VERTRAULICH / „საიდუმლო“ და უფრო მაღალი ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციის ელექტრონული გადაცემა არ უნდა განხორციელდეს დაუშიფრავი ფორმით. აღნიშნული საიდუმლოობის ხარისხების მქონე საიდუმლო ინფორმაცია შესაძლებელია დაიშიფროს მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ ურთიერთშეთანხმებით დამტკიცებული დაშიფვრის საშუალებებით.

(6) VS-NUR FÜR DEN DIENSTGEBRAUCH / „შეზღუდული სარგებლობისათვის” ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ მიმღებებს შესაძლოა გადაეცეთ ფოსტით ან მიწოდების სხვა მომსახურებით, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლო გადაცემის შესახებ მიმღებსა და გამგზავნს შორის წინასწარ იქნა მიღწეული შეთანხმება.     

(7) VS-NUR DEN DIENSTGEBRAUCH / „შეზღუდული სარგებლობისათვის” ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაცია შესაძლებელია ელექტრონულად გადაიცეს ან ხელმისაწვდომი გახდეს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ დამტკიცებული მოწყობილობის საშუალებით. საიდუმლოობის აღნიშნული ხარისხის საიდუმლო ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიცეს დაუშიფრავი ფორმით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, დამტკიცებული დაშიფვრის საშუალებები არ არის ხელმისაწვდომი, გადაცემა ხორციელდება მხოლოდ ფიქსირებული ქსელით და გამგზავნი და მიმღები წინასწარ შეთანხმდნენ შესაძლო გადაცემაზე. 

მუხლი 9

ვიზიტები

(1) პრინციპის დონეზე, ვიზიტორებს ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან მიენიჭებათ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება და დაშვება იმ ობიექტებზე, სადაც ხორციელდება საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობა, მხოლოდ იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს წინასწარი ნებართვით, რომლის სახელმწიფოშიც უნდა განხორციელდეს ვიზიტი. ამგვარი ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც აქვთ ინფორმაციის გაცნობის დადასტურებული საჭიროება და უფლებამოსილნი არიან, გაეცნონ საიდუმლო ინფორმაციას, ხელშემკვრელი მხარეების შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

(2) ვიზიტის შესახებ მოთხოვნა ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს უნდა წარედგინოს დროულად და ამ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზეც სურთ ამ ვიზიტორებს შესვლა. კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს შეატყობინებენ ამგვარი მოთხოვნის დეტალების შესახებ და უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების დაცვას.

(3) ვიზიტის შესახებ მოთხოვნის წარდგენა უნდა მოხდეს იმ სახელმწიფოს ენაზე, სადაც ხორციელდება ვიზიტი, ან ინგლისურ ენაზე და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1. ვიზიტორის სახელი და გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, მისი პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

2. ვიზიტორის მოქალაქეობა;

3. ვიზიტორის სამსახურებრივი თანამდებობა და იმ ორგანოს ან უწყების დასახელება, რომელსაც იგი წარმოადგენს;

4. საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის მიზნებისთვის, საიდუმლო ინფორმაციასთან ვიზიტორის დაშვების ხარისხი;

5. ვიზიტის მიზანი და ვიზიტის სავარაუდო თარიღი, და

6. იმ უწყებების დასახელება, საკონტაქტო პირები და ნაგებობები, სადაც უნდა განხორციელდეს ვიზიტი.

მუხლი 10

კონსულტაციები

(1) ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი დებულებები, რომლებიც არეგულირებს საიდუმლო ინფორმაციის დაცვას.

(2) წინამდებარე შეთანხმების შესრულებისას მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს, ერთ-ერთი ამ ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე.

(3) თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, დამატებით, ნებას დართავს, ვიზიტით ეწვიოს მისი სახელმწიფოს ტერიტორიას, რათა მის კომპეტენტურ ორგანოებთან განიხილოს მისი ობიექტები და პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარისგან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაეხმარება აღნიშნულ კომპეტენტურ ორგანოს, დაადგინოს, არის თუ არა ამგვარი საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ, ადეკვატურად დაცული. ვიზიტის დეტალები განისაზღვრება კომპეტენტური ორგანოების მიერ.   

მუხლი 11

დავის გადაწყვეტა

ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის კონსულტაციების ან მოლაპარაკებების გზით და გადასაწყვეტად არ უნდა გადაეცეს რომელიმე ეროვნულ ან საერთაშორისო სასამართლოს, ან მესამე მხარეს.

მუხლი 12

საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი დებულებების დარღვევა

(1) მეორე ხელშემკვრელ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, როდესაც შეუძლებელია საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო გამჟღავნების გამორიცხვა, ან თუ არსებობს ეჭვი ან დადგენილია ამგვარი გამჟღავნება.

(2) კომპეტენტურმა ორგანოებმა და ხელშემკვრელი მხარის სასამართლოებმა, რომლებსაც, ამ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, აქვთ იურისდიქცია, უნდა გამოიძიონ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მარეგულირებელი დებულებების დარღვევები და მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი ზომები. მეორე ხელშემკვრელმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს ამ გამოძიებას, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, და ის ინფორმირებული უნდა იყოს შედეგების შესახებ.

მუხლი 13

ხარჯები

თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს მის მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესრულებისას გაწეული ხარჯების დაფარვას.

მუხლი 14

კომპეტენტური ორგანოები

(1) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოები არიან:

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის:

შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტრო (ეროვნული უსაფრთხოების ორგანო),

ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტრო (განსაზღვრული უსაფრთხოების ორგანო),

თავდაცვის ფედერალური სამინისტრო (სამხედრო უსაფრთხოების ორგანო);

2 საქართველოსთვის:

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

(2) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ კომპეტენტური ორგანოები უშუალოდ აცნობებენ ერთმანეთს საკუთარ საკონტაქტო მონაცემებს და მასში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

(3) ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხებით აცნობებენ ერთმანეთს კომპეტენტური ორგანოების ნებისმიერი ცვლილების შესახებ და მათ საკონტაქტო მონაცემებს.

(4) კომპეტენტური ორგანოების ცვლილების შემთხვევაში, ეს არ აისახება წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის ინიცირებაზე.

მუხლი 15

ურთიერთობა სხვა ხელშეკრულებებთან, შეთანხმებებთან და ურთიერთგაგების მემორანდუმებთან

წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ მოახდენს საიდუმლო ინფორმაციის დაცვის შესახებ ხელშემკვრელ მხარეებს ან კომპეტენტურ ორგანოებს შორის არსებულ ნებისმიერ ხელშეკრულებაზე, შეთანხმებაზე და ურთიერთგაგების მემორანდუმზე იმდენად, რამდენადაც ისინი წინააღმდეგობაში არ მოდის მის დებულებებთან.

მუხლი 16

დასკვნითი დებულებები

(1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი მოთხოვნების დასრულების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შეტყობინების დღეს. შესაბამის თარიღად განისაზღვრება შეტყობინების მიღების თარიღი.

(2) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

(3) წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია წერილობით ცვლილებების შეტანა, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია წარადგინოს წერილობითი მოთხოვნა წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე წარადგენს ამგვარ მოთხოვნას, ხელშემკვრელი მხარეები მოლაპარაკებებს გამართავენ წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

(4) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, დიპლომატიური არხების მეშვეობით, განახორციელოს წინამდებარე შეთანხმების დენონსაცია, ექვსთვიანი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დენონსაციის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გადაცემულ ან კონტრაქტორის მიერ შექმნილ საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობა უნდა გაგრძელდეს წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის დებულებების შესაბამისად მანამდე, სანამ ეს გამართლებული იქნება დასაიდუმლოების არსებობით.

(5) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში წინამდებარე შეთანხმების დარეგისტრირების ინიცირებას, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ მოახდენს ის ხელშემკვრელი მხარე, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზეც იდება წინამდებარე შეთანხმება. რეგისტრაციის და გაეროს სარეგისტრაციო ნომრის შესახებ მეორე ხელშემკვრელი მხარე ინფორმირებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც ეს დადასტურდება სამდივნოს მიერ. 

შესრულებულია ქ. თბილისში 2017 წლის 16 ნოემბერს ორ დედნად ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ქართულ და გერმანულ ტექსტებს შორის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს 

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)