დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების - ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 61 |
დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.143.016520 |
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების –
ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების –
ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის).
|
მუხლი 2 |
დამტკიცდეს ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად (თან ერთვის).
|
მუხლი 3 |
დამტკიცდეს უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენი მონაცემები (ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული ოპერაციების შესახებ) დანართი №3-ის შესაბამისად (თან ერთვის).
|
მუხლი 4 |
დამტკიცდეს ცხოველების იდენტიფიკაციის რეესტრის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად (თან ერთვის).
|
მუხლი 5 |
დამტკიცდეს ცხოველის დროებითი რეგისტრაციის მოწმობის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად (თან ერთვის).
|
მუხლი 6 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 11 ივლისის №45 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 16/07/2013, 010250020.35.143.016180) .
|
მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების –
ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები და რეგულირების სფერო
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი (შემდგომში –
წესი) ადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) (შემდგომში –
ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ნერვული სისტემის მქონე ცოცხალი არსებებისათვის, მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.
|
მუხლი 2.
წესის მიზანი
|
წესის მიღების მიზანია ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.
|
მუხლი 3.
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
|
1. პატრონიანი ცხოველი –
ცხოველი, რომელსაც მოცემული პერიოდისათვის ჰყავს მეპატრონე(ფიზიკური ან იურიდიული პირი), იმყოფება მეპატრონის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ ან/და რეგისტრირებულია როგორც საკუთრება;
2. ცხოველის მეპატრონე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით მოვლა-პატრონობას, შენახვას, ვეტერინარულ მომსახურებას, საჭიროების შემხვევაში სტანდარტების შესაბამისი წესებით წვრთნას, რეგისტრაციასა და იდენტიფიკაციას; 3. უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც კონრეტული მომენტისათვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ უდგინდება მეპატრონე; 4. მიკედლებული ცხოველი – ცხოველი, რომელიც ცხოვრობს გარკვეულ ტერიტორიაზე და მასზე ხორციელდება ზედამხედველობა მიმკედლებლის მიერ; 5. უმეთვალყურეო/უზედამხედველო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც დროის მოცემულ მონაკვეთში არ ხორციელდება პატრონაჟი ან ხედამხედველობა და რომელსაც არ გააჩნია მიმკედლებელი; 6. ცხოველის მიმკედლებელი – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე, რომელსაც უფლებმოსილ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე, კვება-დაწყურვების უზრუნველყოფაზე, უფლებამოსილი ორგანოს დახმარებით ცხოველთა თავშესაფარში ან საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სურვილით სხვა ვეტერინარულ დაწესებულებაში ცხოველის ვეტერინარული მომსახურების განხორციელებაზე; 7. ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველისათვის საარსებო პირობების შექმნა: ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა, დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა, დადგენილი რაციონით კვება-დაწყურვება, გამოყოფილი განათებული ფართის დათბუნება, ძაღლის შემთხვევაში – რეგულარული გასეირნება; 8. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები – ცხოველის მეპატრონის ხანრგძლივი, მძიმე ავადმყოფობა რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, ცხოველის მეპატრონის საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუარესება, რაც შეუძლებელს ხდის ცხოველის მოვლა-პატრონობას, ხანგრძლივი პერიოდით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება, ცხოველისაგან პატრონის ხანგრძლივი პერიოდით მოცილება, პირის მიერ ცხოველის მეპატრონის სამკვიდროზე უარის თქმა; 9. ცხოველის მეპატრონის დადგენის ან ახალი მეპატრონის მოძიების ქმედითი ღონისძიებები – იდენტიფიკატორის არსებობის შემთხვევაში – ცხოველის იდენტიფიცირება, ოპტიმალურ ვადებში ცხოველის ფოტოსურათ(ებ)ის და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში, გაწეული ვეტერინარული მომსახურება, მოთხოვნები მეპატრონის მიმართ ცხოველის მოვლა-პატრონობის პირობების შესახებ და სხვა) განთავსების უზრუნველყოფა უფლებამოსილ ორგანოში, სოციალურ ქსელ(ებ)ში, სხვადასხვა შესაბამის ვებგვერდებსა და მედიასაშუალებებში; 10. ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაცია – კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული იურიდიული პირი), რომლის წესდებით გათვალისწინებულ საქმიანობის ფორმებსა და მიზნებს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში წარმოადგენს ცხოველთა დაცვა; 11. ვეტერინარული დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ საქმიანობას; 12. კინოლოგიური დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს კინოლოგიურ მომსახურებას; 13. ფელინოლოგიური დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ფელინოლოგიურ მომსახურებას; 14. ცხოველის უმტკივნეულო მოკვდინება (ევთანაზია) – ცხოველისათვის უმტკივნეულო მეთოდით სიცოცხლის შეწყვეტა წინამდებარე წესების განსაზღვრულ შემთხვევებში; 15. ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიცირება – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური, ცხოველთა დაცვის ან სხვა დაწესებულების მიერ პატრონიანი ან მიკედლებული ცხოველის რეგისტრაცია და მარკირება საგანგებო ნიშნით: სპეციალური საჭდის, მიკროჩიპის, სვირინგის ან საყელურის მეშვეობით, რომელზეც განთავსებულია იდენტიფიკატორი ნომერი და შესაბამისი ნომერი აისახება შესაბამის ბაზაში წინამდებარე წესის შესაბამისად, ბაზაში შეყვანილია მონაცემები მეპატრონის შესახებ. 16. საბელი – ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც ზღუდავს პატრონისაგან ცხოველის დაცილების შესაძლებლობას; 17. ალიკაპი – ცხოველის პირზე ასაკრავი საშუალება, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც სხვა ცხოველებისა და ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება; 18. ცხოველების დაცვა – ცხოველთა კეთილდეობის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები; 19. ცხოველებზე ზრუნვა – პირის მიერ ქმედებათა განხორციელება, რომლებიც მიმართულნი არიან ცხოველის კეთილდღეობის და დაცულობის უზრუნველყოფისაკენ; 20. ცხოველის შემფარებელი – პირი, რომელიც საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ფლობს უძრავ ქონებას, სადაც შეუძლია შეიფაროს ცხოველების მეპატრონის გამოჩენამდე, გასხვისებამდე/გაჩუქებამდე, ახალი შემფარებლისათვის გადაცემამდე ან სამუდამოდ; 21. ცხოველთა მოშენება – კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით კომერციული მიზნით ცხოველის გამრავლება; 22. ფუნქციური დანიშნულების ძაღლი – სპეციალური დანიშნულების მქონე ძაღლი, რომელიც გამოიყენება დაცვის, მოძიების, სამწყემსო დანიშნულებისათვის, უსინათლოსათვის გაძღოლისათვის, სანიტარული ან დანაშაულებრივი ფაქტების აღმოსაფხვრელად; 23. ცხოველთა თავშესაფარი – დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის მართვას, მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობას, ცხოველებისათვის ახალი მეპატრონეების მოძიებას და მათთვის გადაცემას; 24. ცხოველთა მინი/საოჯახო თავშესაფარი – დაწესებულება ან საცხოვრებელი, სადაც გამოჯანმრთელებამდე ან სამუდამოდ არიან განთავსებული მიუსაფარი ჯანმრთელი ან ტრამვირებული ცხოველები და უზრუნველყოფილია მათი ვეტერინარული მომსახურება; 25. უმეთვალყურეო ცხოველების იზოლაცირება – უფლებამოსილი ორგანოს მიერ უმეთვალყურეო ცხოველების ჰუმანური მეთოდებით აყვანა მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად, ცხოველების რეგისტრაცია, სამეცნიერო ზოოლოგიური სტანდარტის მიხედვით, ყოველი ცხოველისათვის შესაბამისი ფართითა და პირობებით უზრუნველყოფა, ვოლიერში ყოფნისას ცხოველთა რაოდენობის დადგენა, ცხოველის სახეობის, ასაკისა და წონის მიხედვით ყოველი ცხოველისათვის შესაბამისი ფართითა და პირობებით უზრუნველყოფა, ვოლიერში ყოფნისას ცხოველთა რაოდენობის დადგენა, ცხოველის სახეობის, ასაკისა და წონის მიხედვით მისაწოდებელი საკვების განსაზღვრა რაციონისა და მოცულობათა კალორიულობით დაწყურება, რეგულარული გასეირნება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სხვა, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით; 26. კასტრაცია – ხვადი ცხოველისათვის ქირურგიული ან ქიმიური მეთოდით გამრავლების უნარის შეწყვეტა; 27. სტერილიზაცია – ძუ ცხოველისათვის ქირურგიული ან ქიმიური მეთოდით გამრავლების უნარის შეწყვეტა. |
მუხლი 4.
ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა
|
1. ცხოველთა კეთილდღეობა მოიცავს მათთვის ფიზიოლოგიური და ეტიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ორგანიზმის მოთხოვნათა გათვალისწინებით ვეტერინარული სტანდარტების შესაბამისად.
2. ამ კანონის მიზნებისათვის ცხოველთა მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი საჭიროებები მოიცავენ: ა) სათანადო კვებასა და დაწყურვებას; ბ) ცხოველისათვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნას; საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობას, დათბუნებასა და განათებას საჭიროების შემთხვევაში; გ) დროულ და სათანადო სამედიცინო – ვეტერინარული მომსახურებას; დ) ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნას; ე) ცხოველისათვის აუცილებელი შესაბამისი საწვრთნელი საშუალებების ხელმისაწვდომობასა და მათ სოციალიზაციას. 3. დაუშვებელია დამახასიათებელი ჩვეული და ინსტიქტური ქცევის შეზღუდვა, ადამიანებთან და მისივე სახეობის ცხოველებთან ურთიერთობის შეზღუდვა, თუ ასეთი ქცევა საფრთხეს არ უქმნის გარშემომყოფებს. |
მუხლი 5.
ცხოველთა მეპატრონის უფლებები და მოვალეობები
|
1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს –
იყიდოს/იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან/ქუჩიდან, ან მიიღოს მემკვიდრეობით/ანდერძით ცხოველი ემოციური, ესთეტიკური ან/და პრაქტიკული მიზნებისათვის;
2. ცხოველის მეპატრონეს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები კომერციული მიზნით, სავალდებულოა მოახდინოს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა რეესტში რეგისტრაცია და იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს მეპატრონის საკუთრებას; 4. მეპატრონედ გახდომის უფლება არ აქვთ: ა) 18 წლამდე ასაკის პირებს, მათი მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე ბ) პირს, რომელსაც დაეკისრა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა და აღნიშნული გაქარწყლებული არ არის; 5. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი მოვლა-პატრონობა და შენახვა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ, უზრუნველყოს: ა) სათანადო კვება და დაწყურვება; ბ) ფიზიკური აქტიურობა; გ) საძილე ადგილი განთავსება, გათბობა და განათება; დ) ცხოველის (ძუ) შეჯვარებისა და მისი გამრავლების შემთხვევაში ცხოველებისათვის სათანადო პირობების შექმნა და უზრუნველყოფა; ე) ცხოველის გასეირნება და სატრანსპორტო საშუალებით მისი გადაყვანა შესაბამისი პირობების დაცვით; ვ) პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, უნდა განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა თავიდან აიცილოს ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა; ზ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად გაუშვას გასასეირნებლად ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია უსაფრთხოდ იქნება შემოსაზღვრული და ცხოველები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას ზიანი მიაყენონ ამ ტერიტორიის მიღმა მყოფი პირების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას. 6. მეპატრონე ვალდებულია დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები: ა) ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის იზოლირებულ ბინაში ან მათ საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ დაცულ ტერიტორიაზე; ბ) მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს ცხოველი საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარულ დაწესებულებაში, კინოლოგიურ/ფელინოლოგიურ ორგანიზაციაში, ცხოველთა დაცვის უფლებამოსილ ორგანიზაციაში ან სხვა უფლებამოსილ დაწესებულებაში 1 თვის ასაკიდან და მიიღოს სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველის მაიდენტიფიცირებელი ნომერი. საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში; გ) სავალდებულოა წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში ან ამავე დაწესებულების ჩართულობით ცხოველის გასინჯვა, იმუნიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სამკუნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება; დ) მოდარაჯე ძაღლის არსებობის შემთხვევაში შესასვლელ კარებზე განთავსებული იყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერა; ე) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და გარემოს ექსკრემენტებით დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სანიტარული მოქმედება; ვ) ცხოველის დაავადების შესახებ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას; ზ) ცხოველის სიკვდილის შესახებ, სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მარეგისტრირებელ დაწესებულებას ან/და უფლებამოსილ ორგანოს; თ) საზოგადოებრივი თავშეყრისა და მომსახურების ადგილებში ცხოველის დაშვების საკითხი წყდება შესაბამისი ობიექტის მესაკუთრის შეხედულებისამებრ, აკრძალვის შემთხვევაში ობიექტზე უნდა იყოს დემონსტრირებული შესაბამისი ნიშანი და შესაძლებლობის შემთხვევაში განათავსოს; ი) ცხოველის მიერ ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა) მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის სარეგისტრაციო დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა; კ) ცხოველის ლეშის გაუვნებელყოფა დასაშვებია ბიოთერმულ ორმოში, კრემატორიუმში ან სამარხში; ლ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების თუ სხვა ამგვარი ქმედებების ორგანიზირება და ჩატარება, რომლებიც უშვებს სისასტიკეს ცხოველთა მიმართ. ამგვარი ქმედებების შემთხვევაში განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები; მ) მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში: მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის განხორციელების, ასევე ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევის შემთხვევაში ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო (პოლიცია) დაუყოვნებლიც ჩამოართმევს ცხოველს მეპატრონეს და გადასცემს თავშესაფარს, ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით; ნ) დაუშვებელია ცხოველის ისეთი გაწვრთნა, რომელიც ავნებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. განსაკუთრებით ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ეწინააღმდეგება მის ბუნებრივ თვისებებს, თავისებურებებს და მიაყენებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას, ტკივილსა თუ ტანჯვას. ო) დაუშვებელია ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა და მოკლე საბელის ხანგრძლივად გამოყენება. პ) ავტოსაგზაო შემთხვევისას გაუფრთხილებლობით დაშავებული ცხოველი, დამშავებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ გადაყვანილი უნდა იქნეს უახლოეს ვეტერინარულ დაწესებულებაში, მას ეკისრება ვალდებულება მოახდინოს ცხოველის გამოჯანმრთელებისათვის საჭირო ვეტერინარული მომსახურების დაფინანსება და უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირებულობა, შემდგომი მზრუნველობის განხორციელების მიზნით. |
მუხლი 6.
ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო და მისი კომპეტენცია
|
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი.
2. ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) უპატრონო და უზედამხედველო ცხოველების აყვანა-იზოლაცია, მისი გადაყვანა სათანადო მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილით სპეციალურ სადგომზე, ვეტ. ექიმის შემოწმებამდე და დასკვნის დაწერამდე მოვლა-პატრონობის განხორციელება; ბ) უზედამხედველო ცხოველების დაჭერა თანამედროვე ძაღლსაჭერით და უმტკივნეულოდ; გ) დაჭერილ ცხოველთა ტრანსპორტირების განახორციელება თავშესაფრამდე სპეციალური ავტომანქანით; დ) ცხოველთა განთავსება იზოლირებულ საკარანტინო ვოლიერებში და მათზე დაკვირვების განხორციელება თავშესაფრის ვეტექიმების მიერ, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ყველა სახის საჭირო მედიკამენტებით, რაც საჭიროა ცხოველთა სრული გამოჯანმრთელებისათვის; ე) კანონით დადგენილ შემთხვევებში და შესაბამისი წესით უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად ვეტ.ექიმის მიერ ძაღლთა კასტრაცია-სტერილიზაციის ჩატარება; ვ) ვეტერინარის დაკვირვების და დასკვნის შედგენის საფუძველზე ჯანმრთელი ძაღლების დაბირკვა და გაშვება ქალაქის არეალში, სტერილიზებული/კასტრირებული კატის შემთხვევაში გამოიყენება ყურის ზედა ნაწილის მცირედი კუპირება, ხოლო სიკვდილისწინა სტადიაში და სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში დაავადებული ცხოველების ევთანაზია; ზ) თავშესაფრის ვოლიერების მოწყობა და მოვლა-პატრონობა თანამედროვე სტანდარტებითა და დადგენილი წესით; თ) სამედიცინო-ვეტერინარული მომსახურების სისტემატური განხორციელება, დაკვირვება და იზოლირება; ი) ამ წესით განსაზღვრული სტატუსის (პატრონიანი, მიკედლებული. უპატრონო, უზედამხედველო, იზოლირებული) დადგენა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება; კ) ცხოველთა მონაცემთა ბაზის წარმოება; ლ) ამ წესით და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ცხოველების მოკვდინება და შემდგომი პროცედურების განხორციელება; მ) ამ წესითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
მუხლი 7.
ცხოველთა თავშესაფარი
|
1. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
2. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოსა და ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის მხრიდან. 3. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე. 4. თავშესაფარში ცხოველის გადაყვანისთანავე, ის უნდა განთავსდეს კარანტინში, გაისინჯოს ვეტერინარის მიერ, დაკვირვებიდან სამი დღის განმავლობაში უნდა ჩაუტარდეს დეჰელმინთიზაცია და ექვსი დღის გასვლისას – ვაქცინაცია. 5. დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარებში უმეთვალყურეო, უსახლკარო და მიუსაფარი ცხოველების მოთავსების შემდეგ ხდება მათი იდენტიფიკაცია. დგინდება ცხოველის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირის ვინაობა და მათ ცხოველი უბრუნდებათ შენახვის ხარჯების ანაზღაურებით. 6. თუ ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, იდენტიფიკაციის, ვაქცინაციის და სარეაბილიტაციო პერიოდის გასვლის შემდგომ დადგენილი ვერ იქნა უმეთვალყურეო, უსახლკარო და მიუსაფარი ცხოველის პატრონი, ან ცხოველის პატრონი შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების გამო უარს აცხადებს ცხოველის მიღებაზე, ცხოველი დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებაროს გაჩუქებას ან უნდა მოხდეს მისი დაბრუნება პირვანდელი ბინადრობის არეალში. ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ცხოველის თავშესაფარში ყოფნის (დაკვირვების, სტერილიზაცია/კასტრაციის, პოსტოპერაციულ) პერიოდში უნდა ანხორციელებდეს აუცილებელ, გადაუდებელ ვეტერინარულ-სამკურნალო ღონისძიებებს, გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციებს. 7. თუკი თავშესაფრიდან გამოსულ ცხოველს საკარანტინე პერიოდის განმავლობაში გამოუვლინდება ინფექციური დაავადება, თავშესაფარი ვალდებულია, უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება ან განმეორებითი მკურნალობა. 8. ნებისმიერი პირი ნებისმიერ დროს უფლებამოსილია დაათვალიეროს თავშესაფარი და თავისუფლად მოახდინოს ფოტო/ვიდეოგადაღება, მიიღოს ინფორმაცია განთავსებულ ცხოველებთან დაკავშირებით – ხოლო ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია – აღნიშნულზე შეუზღუდავი ვადითა და პერიოდით. 9. დაუშვებელია თავშესაფარში ცხოველების გამრავლება და გაყიდვა. 10. ცხოველთა დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარს უნდა გააჩნდეს ცხოველების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბეწვის, ნაცხის, ფეკალიისა და სისხლის კვლევას, ან ლაბორატორიული კვლევის უზრუნველყოფის ქმედითი შესაძლებლობა ან ჰქონდეს დადებული ხელშეკრულება ვეტერინარულ დაწესებულებასთან, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცედურებს, ვეტერინარული სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრის დანიშნულებით განსაზღვრული აუცილებელი ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას ასეთის არარსებობის შემთხვევაში თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია ითანამშრომლოს ვეტერინარულ დაწესებულებასთან, საკარანტინე სივრცე, განთავსების ვოლიერები, გასასეირნებელი სივრცე, აღნიშნულ სივრცეებში ადამიანები (დაწესებულების სტუმრები) უნდა გადაადგილდებოდნენ სპეციალური სამედიცინო ხალათებითა და ბახილებით, საჭიროების შემთხვევაში – ქუდებითა და ნიღბებით. 11. ცხოველთა განთავსების სტანდარტები: ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ცხოველთა ყოფა-ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური პირობებით – სათანადო კვება, დაწყურვება, სისუფთავე, დათბუნება, განათება; ბ) ძაღლის განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას. ვოლიერის ფართი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 9 კვადრატულ მეტრს, სიმაღლე – მინიმუმ 150 სანტიმეტრს, თითო ვოლიერში შესაძლებელია 3 ძაღლის განთავსება, რომლებიც არ არიან ერთმანეთის მიმართ აგრესიულები კვების დროს, კვების პროცესის დაკვირვება განეკუთვნება კინოლოგის კომპეტენციას; გ) კატების განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს მინიმალური გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდგომ უნდა მოხდეს მისი დაბრუნება აყვანის ადგილას ან გაჩუქებამდე გადაყვანა ვოლიერიდან კატებისათვის სპეციალურად მოწყობილ ოთახში; დ) ცხოველის ვოლიერი არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული და ცხოველს არ უნდა ეზღუდებოდეს თავისუფალი სივრცის ხედვის შესაძლებლობა, ასევე მზიან ამინდში ნებისმიერ დროს ვოლიერს უნდა გააჩნდეს საჩრდილობელი. ხოლო წვიმის, თოვლისა და სეტყვის შემთხვევაში ვოლიერში არ უნდა აღწევდეს ბუნებრივი ნარჩენი. ე) ცხოველთა თავშესაფარში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები, სანიტარიულ ჰიგიენური ნორმები, უნდა იქნეს დაპროექტებული და მოწყობილი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საოჯახო/მინი თავშესაფრები უნდა ხელმძღვანელობდეს ვეტერინარი ექიმის რეკომენდაციებით, როგორც ცხოველთა თავშესაფარი ასევე საოჯახო/მინი თავშესაფარი ცხოველთა საცხოვრებელი პირობების გადამოწმებისა და თავშესაფრის ფუნქციონირების გაცნობის მიზნით ექვემდებარება შემოწმებას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ვადით უფლებამოსილი ორგანოს ან ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მათ შორის – დაუყოვნებლივ. ვ) ცხოველთა თავშესაფარი ვალდებულია აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და უზრუნველყოს უფლებამოსილ ორგანოში უსასყიდლოდ, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე დაინტერესებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თავშესაფარში მყოფ ცხოველთა ბრუნვის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების წარდგენა მისთვის სასურველი ფორმით. ზ) ცხოველთა თავშესაფარი ვალდებულია უზრუნველყოს უკლებლივ ყველა ცხოველის სტერილიზაცია, თუკი ამ ცხოველს არ გამოუჩნდა პირვანდელი მეპატრონე დადგენილ ვადაში. |
მუხლი 8.
უზედამხედველო ცხოველების პოპულაციის ოპტიმიზაცია
|
1. უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად გამოიყენება მხოლოდ სტერილიზაცია/კასტრაციის შესაძლებლობები და მსოფლიოში აპრობირებული სხვა ჰუმანური მეთოდები, რაც მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკით და აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
2. უზედამხედველო ცხოველების დაჭერა/აყვანა დასაშვებია ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად. 3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები გასხვისებას დაქვემდებარებული უზედამხედველო ცხოველების სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიებისა და უპატრონო ცხოველის სტატუსის მქონეთა თავშესაფარში გადაცემის ჩათვლით. |
მუხლი 9.
ცხოველების მოკვდინება (ევთანაზია)
|
1. ცხოველის ევთანაზია (ჰუმანური მეთოდებით) ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველს ვეტერინარის, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის და კინოლოგის/ფელინოლოგის/სახეობის შესაბამისი სხვა სპეციალისტის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისიის წევრები ერთხმად დაუდგენენ:
ა) არაკორექტირებად აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან/და სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში; ბ) სიცოცხლესთან შეუთავსებელ ჯანმრთელობის მდგომარეობას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების დამდგენ კომისიაში წარმომადგენლის ყოლის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომლის წესდების თანახმად საქმიანობის ფორმებსა და მიზნებს წარმოადგენს ცხოველთა დაცვა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში. 3. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ ვეტერინარის მიერ მყისიერ სათანადო ინექციის გზით, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის გარეშე, საერთო ანესთეზიის გამოყენებით. 4. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება არავეტერინარის მიერ და შემდეგი მეთოდებით: ა) დახრჩობა; ბ) გაგუდვა; გ) მოწამვლა; დ) ელექტრომუხტის გამოყენება; ე) სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება; ვ) საკვებისა და წყლის განზრახ არმიცემა; ზ) არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედება. 5. მოკვდინების პროცედურის შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია, პათანატომიური გამოკვლევა ან სამარხში განთავსება). |
მუხლი 10.
ცხოველთა დაცვა სასტიკი მოპყრობისაგან
|
1. დაუშვებელია ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება, მსგავსი ქმედებების ნებისმიერი ხელშეწყობა, ცხოველისადმი ძალადობისკენ მოწოდება.
2. ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ითვლება: ა) ცხოველის ცემა გაწვრთნის მიზნით, ან ისეთი გაწვრთნის მეთოდის გამოყენება, რომელიც ავნებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. განსაკუთრებით ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ეწინააღმდეგება მის ბუნებრივ თვისებებსა და თავისებურებებს და მიაყენებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას, ტკივილსა თუ ტანჯვას ასევე ისეთი ქმედება, რომლის შედეგადაც ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს და რომელიც გამოიწვევს ცხოველის მენტალურ ტანჯვას, ფიზიურ ტრავმას ან დასახიჩრებას; ბ) ცხოველთა გაგდება და მიტოვება; გ) ცხოველების გამოყენება სამიზნეებად; დ) საჭიროების შემთხვევაში ცხოველისათვის ვეტერინარული დახმარების აღმოუჩენლობა; ე) ცხოველებზე ანესთეზიის გარეშე ჩატარებული ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია; ვ) მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი ქმედების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევისათვის უფლებამოსილი ორგანოს ან/და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო ჩარევით ჩამოერთმევა ცხოველი მეპატრონეს და გადაეცემა თავშესაფარს, ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით; ზ) ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა (ყურების, ყბის ძვლის, კუდის მოჭრა, ხმის სიმების, დამახინჯება ან მოცილება, სმენის დაქვეითება და სხვა), ასევე, ცხოველის სხეულის ნაწილის სტრუქტურის შეცვლა, იქნება ეს რბილი ქსოვილები თუ ძვლები; გამონაკლისს წარმოადგენს ცხოველის სტერილიზაცია და კასტრაცია ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინარის გადაწყვეტილებით განხორციელებული ვეტერინარული პროცედურები; თ) ცხოველის წვრთნის პროცესში მისი აგრესიისკენ მოწოდება და წახალისება მისივე სახეობის, თუ სხვა ცხოველის ან/და ადამიანების საწინააღმდეგოდ, გარდა სამსახურებრივი წვრთნის შემთხვევებისა; ი) ცხოველების ყოლა ისეთ პირობებში, რომლებიც არ შეესაბამება მათს სახეობას, ასაკს, ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ ქცევას; კ) ცხოველების გამოყენება რეკლამებში, კინოგადაღებებში, ფოტოგრაფიაში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც ცხოველებს ადგება ტკივილი, შიში, მწუხარება, ტანჯვა და თუ ასეთი ღონისძიებების დროს ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს, ან სადაც ცხოველი შეიძლება დასახიჩრდეს ფიზიკურად ან მენტალურად; ლ) ცხოველების გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი – სამეცნიერო ქირურგიული ექსპერიმენტები დასაშვებია მხოლოდ ისეთი ცხოველის ლეშზე, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა, ლაბორატორიული ცდების, კვლევების ჩატარება დასაშვებია ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილის მიყენების გარეშე; მ) სხვა ქმედებები, რომლებიც იწვევს ცხოველის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ტანჯვას. |
მუხლი 11.
ცხოველების მოშენება
|
1. ცხოველების მოშენება უნდა იყოს მიზნობრივი, გეგმაზომიერი და წინასწარგანსაზღვრული.
2. ყველა პირი, რომელიც ეწევა სელექციას ცხოველთა გამრავლების მიზნით, პასუხისმგებელია ცხოველისა და მისი კეთილდღეობის მახასიეთებლებზე, რათა რისკის ქვეშ არ დააყენოს ნაყარის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. 3. აკრძალულია ცხოველების გამრავლება შემდეგი დაავადებების დაფიქსირების შემთხვევაში: დისპლაზია, გენერალიზებული დემოდეკოზი, იდეოპათიური ეპილეფსია, კრიპტოხიზმი, ლეიშმანიოზი-გენეტურისნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი, ასევე პოპულაციური კონტროლის მიზნით აკრძალულია 2 წლამდე და 6 წელს ზემოთ და წელიწადში ერთზე მეტად ცხოველების გამრავლება. 4. აკრძალულია სხვადასხვა სახეობის და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება, ერთი სახეობისა და სხვადასხვა ჯიშის ცხოველების შეჯვარება დასაშვებია მხოლოდ სელექციურ წესებს დაქვემდებარებული ჯიშების შემთხვევაში. 5. ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან ცხოველების კომერციულ მოშენებას და მათ პერმანენტულ რეალიზაციას, სავალდებულოა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდნენ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირად. |
მუხლი 12.
ცხოველების გამოყენება რეკლამებში, გამოფენებში, შეჯიბრებაში, გასართობ და სხვა მსგავს ღონისძიებაში
|
1. ცხოველების გამოყენება რეკლამაში, გამოფენაზე, შეჯიბრებაზე და სხვა მსგავს ღონისძიებაზე დაიშვება. ღონისძიების ორგანიზატორის მიერ წინამდებარე წესით ცხოველისათვის დადგენილი პირობების უზრუნველყოფის შემთხვევაში, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ზიანის მიუყენებლად, ამასთან ცხოველმა არ უნდა განიცადოს ისეთი ფარმაკოლოგიური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვაგვარი ზემოქმედება, რომელიც გავლენას მოახდენს მის ბუნებრივ ქცევაზე.
2. დაუშვებელია ცხოველის გამოყენება გართობის მიზნით. |
მუხლი 13.
ცხოველებზე არათერაპიული ქირურგიული ოპერაციების ჩატარება
|
1. ცხოველებზე არათერაპიული (კოსმეტიკური) ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, გარდა ვეტერინარის მიერ დაფიქსირებული ფიზიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე (მაგ., შარპეის ჯიშის ძაღლისათვის ხილვადობის მიზნით)
.
2. აკრძალულია ცხოველისათვის: ა) კუდის კუპირება; ბ) ყურების კუპირება; გ) დევოკალიზება (დადუმება), სმენის დაქვეითება; დ) ბრჭყალების, კბილების, ეშვების, კლანჭების მოკვეთა; 3. ყველა ოპერაცია, რომლის დროს ცხოველი განიცდის ტკივილს, უნდა ჩატარდეს ანესთეზიის შესაბამისი ფორმის გამოყენებით, ვეტერინარის მიერ. |
მუხლი 14.
ცხოველის მიმკედლებელი
|
1. ცხოველის მიმკედლებელი ვალდებულია:
ა) თვალყური ადევნოს მიკედლებული ცხოველის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების საჭიროების შესახებ; ბ) სამიდან ხუთ დღემდე ვადით ცხოველის გაუჩინარების შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება არაუგვიანეს მეხუთე დღისა; გ) უფლებამოსილი ორგანოს ან ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის დაინტერესების შემთხვევაში გასცეს ინფორმაცია მიკედლებული ცხოველის მდგომარეობაზე; დ) მიკედლებული ცხოველის მეთვალყურეობაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება და კონკრეტულ ცხოველზე მიმკედებლის სტატუსის მოხსნამდე განაგრძოს მიკედლებული ცხოველის მეთვალყურეობა; ე) შესაძლებელია ცხოველს ჰყავდეს ერთზე მეტი მიმკედლებელი. 2. ცხოველის მიმკედლებელი უფლებამოსილია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიკედლებული ცხოველისთვის საჭირო ვეტერინარული მომსახურების ან/და ტრანსპორტირების მომსახურება მიიღოს უსასყიდლოდ. 3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიკედლებული ცხოველის ტრანსპორტირება ან და გადაყვანა მოახდინოს მიმკედლებლის თანხმობით. |
მუხლი 15.
ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სავალდებულო მოთხოვნები
|
1. შინაური ბინადარი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, გარდაცვალებისას კი –
რეგისტრაციიდან მოხსნას. აღნიშნულ პროცედურებს უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ადგილზე მისვლით უსასყიდლოდ.
2. ცხოველთა რეგისტრაცია და რეგისტრაციის მომსახურება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხორციელდება უსასყიდლოდ. 3. შინაური ბინადარი ცხოველის მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს ცხოველთა აღრიცხავასა და იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. 4. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის, ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია სვირინგით, მიკროჩიპირებით, სპეციალური საჭდით ან საყელურით. 5. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველების რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულების ინფორმირება, საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ცხოველის შთამომავლობის და მისი გასხვისების თითოეული ფაქტის შესახებ, ასეთი ფაქტების დადგომიდან 10 დღის ვადაში. |
მუხლი 16.
ცხოველთა ერთიანი რეესტრი
|
1. შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაცია ხორციელდება ცხოველთა ერთიან რეესტრში ცხოველის პატრონის/მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე და დასტურდება ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობით.
2. ცხოველების იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და ერთიანი რეესტრის შექმნის მიზანია: ა) ცხოველების რაოდენობის დადგენა, თითოეულ მათგანზე ინფორმაციის მოძიება და აღრიცხვა, მათი მფლობელებისა და მათზე მზრუნველი პირების დადგენა/რეგისტრაცია; ბ) ცხოველების დაავადებების გავრცელების პროფილაქტიკა; გ) მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია; დ) დაკარგული/ნაპოვნი ცხოველების მოძებნა, მათი იდენტიფიცირება და პატრონისთვის დაბრუნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ; ე) უსახლკარო ცხოველების დაბინავება ახალი მეპატრონეების მოძიებით. 3. პირველადი სავალდებულო რეგისტრაციის წინ ცხოველებს უნდა ჩაუტარდეთ ყოველწლიური სავალდებულო იმუნიზაცია. 4. ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულოა 2 თვის ასაკიდან. ცხოველის პატრონის შეცვლის შემთხვევაში ხელახალი რეგისტრაცია შინაურ ბინადარ ცხოველთა ერთიან რეესტრში უნდა მოხდეს ათი დღის ვადაში. 5. მიკროჩიპი წარმოადგენს სპეციალური ინფორმაციის მატარებელ იმპლანტანტს, რომელიც შეიცავს უნიკალურ კოდს, რომელზედაც განთავსებულია ინფორმაცია ცხოველისა და მისი პატრონის შესახებ, ამავდროულად ინფორმაცია ასახულია ერთიან ბაზაში. მიკროჩიპის ხარისხი და მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. 6. ცხოველის გარდაცვალების ან მოკვდინების (ევთანაზიის) შემთხვევაში მფლობელმა აღნიშნულის შესახებ, ერთი დღის ვადაში უნდა აცნობოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ცხოველის რეგისტრაციის მოხსნის მიზნით უნდა წარუდგინოს ვეტერინარის მიერ შედგენილი ცხოველის ევთანაზიის აქტი, რომელშიდაც გაწერილი იქნება ინფორმაცია ცხოველის ევთანაზიის საფუძველისა და აუცილებლობის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ორგანო და მარეგისტრირებელი ორგანო არის სხვადასხვა – მარეგისტრირებელმა ორგანომ უფლებამოსილი ორგანოსადმი წარდგენილ ინფორმაციას ცხოველის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ თან უნდა დაურთოს ცხოველის ევთანაზიის ასლი. 7. ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, ცხოველის მეპატრონე ვალდებულია ერთი კვირის ვადაში შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს დაკარგვის ფაქტის შესახებ. 8. ცხოველთა ერთიანი რეესტრის მონაცემებით სარგებლობა უფასოა, ხოლო სარგებლობის უფლება გააჩნია ცხოველთა თავშესაფრებს, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს და ვეტერინარულ დაწესებულებებს. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის კომპეტენცია ცხოველთა პოპულაციის მართვისა და მოვლა-პატრონობის სფეროში
|
მუნიციპალიტეტის კომპეტენციას ცხოველთა პოპულაციების მართვის სფეროში წარმოადგენს:
ა) შესაბამისი ნორმატიული აქტების, მათი ცვლილებებისა და/ან დამატებების შემუშავება, განხილვა და მიღება; ბ) უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სათანადო მუხლის დაფინანსების უზრუნველყოფა; დ) საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება. |
მუხლი 18.
საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობა
|
საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უფლებამოსილია:
ა) ცხოველთა დაცვის არასამთავრობო სექტორთან ერთად, კომპეტენტური ორგანოს და სხვა სამსახურების მეშვეობით და ცენტრალური ხელისუფლების უწყება-დაწესებულებებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს წინამდებარე წესების ახსნა-განმარტებასა და პოპულარიზაციას; ბ) განახორციელოს შესაბამის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან პარტნიორობა; გ) ხელი შეუწყოს მოსახლეობის, უწინარესად მოსწავლე-ახალგაზრდობის, ჰუმანური და ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას ცხოველებთან მიმართებაში. |
დოკუმენტის კომენტარები