იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2387
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 20/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2387
06/06/2003
სსმ, 59, 20/06/2003
000000000.00(0).000.000000
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ

იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესი მეტისმეტად გაჭიანურდა. აღნიშნულმა გარემოებამ უკიდურესად გაამწვავა ამჟამინდელი განსახლების ადგილზე დროებითი საცხოვრებელი ფართობით მათი უზრუნველყოფის პრობლემა, რაც აიძულებს დევნილებს, განსაკუთრებით მრავალშვილიან და ახალშექმნილ ოჯახებს, თვითნებურად დაიკავონ სახელმწიფო თუ უწყებრივ დაქვემდებარებაში მყოფი შენობები. 1998 წლიდან მხოლოდ ქ. თბილისში 177 შენობაში შეჭრის ფაქტი მოხდა. აქედან 68 დევნილებმა დღემდე შეინარჩუნეს, დანარჩენი შენობებიდან კი ისინი გამოასახლეს შესაბამის სასამართლო გადაწყვეტილებათა საფუძველზე.

ა.წ. 14 მაისს სააღსრულებლო დეპარტამენტის სპეცრაზმმა მიუღებელი, უხეში ფორმით გამოასახლა გეოლოგიის ინსტიტუტის შენობაში განთავსებული დევნილები. მათგან ზოგიერთი მძიმედ დაშავდა. ამ შემთხვევამ საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დევნილები კვლავ დააბრუნეს ინსტიტუტის შენობაში მათთვის სხვა, დროებითი საცხოვრებელი ფართობის გამოყოფამდე.

მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს, რადგან მათ არ გაითვალისწინეს რეალობა და დროულად არ მიიღეს სათანადო ზომები, რომ საკუთარი სახსრებით თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ნაწილობრივ მაინც გადაეჭრათ საცხოვრებელი ფართობით დევნილთა უზრუნველყოფის პრობლემა, უპირველესად იმ ოჯახებისათვის, რომლებიც ექვემდებარებიან გამოსახლებას სასამართლო გადაწყვეტილებათა საფუძველზე.

მსგავსი მოვლენების, სხვადასხვა შენობებში დევნილთა თვითნებური შეჭრის ფაქტების განმეორების თავიდან აცილების და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. წინადადება მიეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, უმოკლეს ვადაში შეამოწმოს 14 მაისს გეოლოგიის ინსტიტუტის შენობიდან დევნილთა გამოსახლებისას სათანადო ორგანოების მიერ გატარებულ ღონისძიებათა კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

2. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს:

ა) დროებით საცხოვრებელი ფართობით დევნილთა უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავება 2 თვის ვადაში და მისი ეტაპობრივი განხორციელება;

ბ) სასამართლო გადაწყვეტილებათა საფუძველზე გამოსახლებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის დროებითი საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2387Iს