დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2354-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.018846 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 111. პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. შენიშვნა: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.“. 2. 1431 მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, −“. 3. 1432 მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, −“. 4. 1433 მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, −“. 5. 171-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 6. 253-ე და 254-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 253. პროსტიტუციაში ჩაბმა 1. პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან ორსული ქალის მიმართ; გ) არაერთგზის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. მუხლი 254. პროსტიტუციის ხელშეწყობა 1. პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან ორსული ქალის მიმართ; გ) არაერთგზის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“. 7. 2551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2551. არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“. 8. 376-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან/და ამ კოდექსის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 255-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 17 მაისი 2018 წ. N2354-IIს |
დოკუმენტის კომენტარები