სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ

სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 236
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 340090000.10.003.020551
236
18/05/2018
ვებგვერდი, 22/05/2018
340090000.10.003.020551
სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №236

2018 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს „სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №176 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი ადგენს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილი ან ბიზნესოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამო ან/და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ განადგურების სამართლებრივ საფუძვლებს და არეგულირებს სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების პროცესში მონაწილე პირთა ურთიერთობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და ამ მუხლით განსაზღვრული ტერმინები, რომლებსაც აქვს შემდეგი მნიშვნელობები:  

ა) სურსათის/ცხოველის საკვების განადგურება – სურსათის/ცხოველის საკვების მექანიკური, ფიზიკურ-ქიმიური, ბიოლოგიური ან/და სხვა სახის დამუშავება, განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, დამარხვა, დაწვა, საკანალიზაციო სისტემაში ჩაშვება, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება ან მათი ნებისმიერი კომბინაცია;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაცია – სურსათის/ცხოველის საკვების მეორეული გამოყენება მატერიალური ან/და ენერგეტიკული რესურსების სახით (მათ შორის, ცხოველის საკვებად გამოყენება);

გ) ტექნიკური გადამუშავება – ნებისმიერი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაციისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებათა შეცვლის მიზნით.

მუხლი  3. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურება

1. სურსათი/ცხოველის საკვები შესაძლებელია დაექვემდებაროს განადგურებას, თუ იგი:

ა) არ შეესაბამება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ვადაგასულია.

2. გადაწყვეტილებას სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შესახებ იღებს სააგენტო. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება ბიზნესოპერატორს.

3. თუ სურსათი/ცხოველის საკვები წარმოადგენს დაავადების აღმოცენების, გავრცელების ან/და გარემოს დაბინძურების წყაროს, მისი განადგურების მეთოდებს, პირობებსა და ვადებს განსაზღვრავს სააგენტო. 

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, განადგურების მეთოდები, პირობები და ვადები შერჩეული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით.

5. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების ხარჯების (მათ შორის, შენახვისა და ტრანსპორტირების) ანაზღაურება ხდება ბიზნესოპერატორის მიერ.

6. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ბიზნესოპერატორისთვის.

7. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებას ახორციელებს ბიზნესოპერატორი, სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

8. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შემდეგ დგება სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების აქტი (დანართის შესაბამისად) ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე – ბიზნესოპერატორს  და ინახება ორი წლის განმავლობაში.

მუხლი 4. სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაცია

1. სურსათის/ცხოველის საკვების სანიტარიულ-ჰიგიენური, ვეტერინარიულ-სანიტარიული ან/და ფიტოსანიტარიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ნებადართულია სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაცია ტექნიკური გადამუშავების გზით.

2. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილებას უტილიზაციის განხორციელების შესახებ იღებს სააგენტო.

3. უტილიზაცია ნებაყოფლობითია და მის ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი.

მუხლი 5. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს გასანადგურებელი ან/და უტილიზაციისათვის განკუთვნილი სურსათის/ცხოველის საკვების შენახვა განცალკევებით.

2. გასანადგურებელი ან/და უტილიზაციისათვის განკუთვნილი სურსათის/ცხოველის საკვების რაოდენობა აღრიცხული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის მიერ. მონაცემები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სურსათის/ცხოველის საკვების სახეობის, დასახელების, წონის, მოცულობის, პარტიის ნომრისა და რაოდენობის, პარტიის შეფუთული ერთეულის რაოდენობის, დამზადების თარიღისა და პარტიის ცვლის ნომრის შესახებ. მონაცემთა სისწორისათვის პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი.

3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს გასანადგურებელი სურსათის/ცხოველის საკვების გადასაზიდად გამოყენებული სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების სანიტარიული დამუშავება მათი დაცლის შემდეგ.

მუხლი 6. დავის გადაწყვეტა

სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი   წესით.