საჰაერო სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ

  • Word
საჰაერო სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1982
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/02/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 20/03/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1982
27/02/2003
სსმ, 21, 20/03/2003
000000000.00(0).000.000000
საჰაერო სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საჰაერო სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ითვალისწინებს, რომ:

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ¨ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 ოქტომბრის №581 ბრძანებულების მე-5 პუნქტის თანახმად უცხო ავიაკომპანიების მიერ საქართველოს საავიაციო ბაზრის ცალმხრივად ათვისების შემთხვევაში უნდა დაწესდეს ამ ავიაკომპანიების მიერ კომერციული ხელშეკრულების საფუძველზე ეროვნული ავიაკომპანიის სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხის სავალდებულო გადახდა;

საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის 1992 წელს დადებული „საჰაერო სატრანსპორტო შეთანხმება“ საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საჭიროებს რატიფიცირებას;

ბრიტანეთისა და საქართველოს შორის „საავიაციო გადაზიდვების შესახებ“ ხელშეკრულება მხოლოდ პარაფირებულია, რაც აფერხებს მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის მოწესრიგებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

საგადასახადო შეღავათები, რომლებითაც სარგებლობენ თურქეთისა და ბრიტანეთის ავიაკომპანიები, იურიდიულ საფუძველს მოკლებულია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ისინი უნდა იბეგრებოდნენ ისევე, როგორც სხვა ავიაკომპანიები, თუ არ არსებობს ხელშეკრულება, რომელიც მათთვის შეღავათებს აწესებს;

არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად ართულებს საქართველოში ავიაციის განვითარებას და აზარალებს ქვეყნის ბიუჯეტს. არ არის გამოყენებული მგზავრთა გადაყვანის პარიტეტულად გაყოფის საერთაშორისო, საყოველთაოდ აღიარებული პრაქტიკა; არ არსებობს ეროვნულ ავიაკომპანიებთან კომერციული ხელშეკრულება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნულ ბრძანებულებას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელი შეუწყოს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის 1992 წელს დადებული „საჰაერო სატრანსპორტო შეთანხმების“ შესაბამისი პროცედურების დაცვით, დროულად წარმოდგენას საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ დააჩქარონ ნორმატიული ბაზის მომზადება ბრიტანეთსა და საქართველოს შორის „საავიაციო გადაზიდვების შესახებ“ ხელშეკრულების ხელმოსაწერად და საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისათვის წარმოსადგენად.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ინფორმაცია ორმხრივი საჰაერო სატრანსპორტო შეთანხმებების შესახებ, ყველა თანდართული დოკუმენტით (მათ შორის, შესაბამისი კორესპონდენციით, ნოტებითა და მემორანდუმებით).

4. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ შეაჩეროს რეგულარული რეისების შესასრულებლად გაცემული დროებითი ნებართვების მოქმედება შესაბამისი ავიაკომპანიებისათვის, სანამ ნორმატიული ბაზა არ იქნება წესრიგში მოყვანილი და საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად არ იქნება დაცული ეროვნული ავიაკომპანიების ინტერესები.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს აღნიშნული ავიაკომპანიების მიერ მათი საქმიანობის დაწყების დროიდან დღემდე გადასახდელი გადასახადების ამოღება.

6. შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა საქართველოს პარლამენტს 10 დღის ვადაში წარომოუდგინონ ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი

თბილისი,

2003 წლის 27 თებერვალი.

№1982–IIს