კონვენცია საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

კონვენცია საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5/22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 17/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016530
5/22
29/11/2017
ვებგვერდი, 08/05/2018
480610000.03.030.016530
კონვენცია საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
კონვენცია
საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

საქართველოს მთავრობა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა,

სურთ რა, შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ორმაგი დაუბეგრაობის ან გადასახადების გადაუხდელობის ან თავიდან აცილების მეშვეობით გადასახადების შემცირების შესაძლებლობის შექმნის გარეშე (შეთანხმების ბოროტად გამოყენების სქემების ჩათვლით, რომლის მიზანია მე-3 იურისდიქციის რეზიდენტების მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული შეღავათებით არაპირდაპირი სარგებლობა),

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

პირები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია

ეს კონვენცია ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

მუხლი 2

გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია

1. ეს კონვენცია ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი ან შემოსავლის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და, ასევე, კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია:

a) საქართველოს შემთხვევაში:

(i) მოგების გადასახადი;

(ii) საშემოსავლო გადასახადი;

(შემდგომში „საქართველოს გადასახადი“).

b)მოლდოვას რესპუბლიკის შემთხვევაში :

(i) საშემოსავლო გადასახადი;

(შემდგომში „მოლდოვას გადასახადი“).

4. ეს კონვენცია ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავსი ტიპის გადასახადებზე, რომლებიც ამ კონვენციის ხელმოწერის შემდეგ დაწესდება არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების შესაბამის საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.

მუხლი 3

ზოგადი განსაზღვრებები

1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) საქართველოს ტერიტორია ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე, მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

b) ტერმინი „მოლდოვას რესპუბლიკა“ ნიშნავს მის საზღვრებს შორის არსებულ ტერიტორიას, რომელიც შედგება მიწის, წიაღის, წყლის და მიწასა და წყალს ზემოთ არსებული საჰაერო სივრცისაგან, რომელთა მიმართ მოლდოვას რესპუბლიკა ახორციელებს თავიანთ აბსოლიტურ და ექსკლუზიურ სუვერენიტეტსა და იურისდიქციას, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ ნიშნავს საქართველოს ან მოლდოვას რესპუბლიკას, კონტექსტის შესაბამისად;

d) ტერმინი „საწარმო“ მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას;

e) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

f) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;

g) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და “მეორე ხელშემკვრელი  სახელმწიფოს  საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას  საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლუატაციას ახორციელებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:

(i)საქართველოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

(ii)მოლდოვას რესპუბლიკის შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს.

j)ტერმინი „ნაციონალური პირი“ ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:

i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა; და

(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს ან ამხანაგობას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე;

k) ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობა“ მოიცავს პროფესიული მომსახურებისა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის წარმართვას.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმებით.

მუხლი 4

რეზიდენტი

1. ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა  კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოსა და მის ნებისმიერ პოლიტიკურ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მასში არსებული წყაროდან ან იქ განთავსებული კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);

b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არცერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;

c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;

d) თუ ის  არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არცერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ეფექტური მართვის ადგილი.

მუხლი 5

მუდმივი დაწესებულება

1. ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.

2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ძირითადად მოიცავს:

a) მართვის ადგილს;

b) ფილიალს;

c) ოფისს;

d) ქარხანას;

e) სახელოსნოს;

f) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს, და

g) მოსავლის გაშენების ადგილს.

3. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ასევე მოიცავს:

a) სამშენებლო მოედანს ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტს მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს 6 თვეზე მეტი ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში;

b) საწარმოს მიერ თავიანთი თანამშრომლების ან ამგვარი საქმიანობისთვის დაქირავებული სხვა პერსონალის მიერ მომსახურების გაწევას, საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი საქმიანობა (იგივე ან დაკავშირებულ პროექტთან მიმართებით) ხელშემკვრელ სახელმწიფოში ხორციელდება პერიოდით ან პერიოდებით, რომლის საერთო ხანგრძლივობა აღემატება 3 თვეს ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში.

4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს:

a) შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან დანიშნულების ადგილამდე მიტანის მიზნით;

b) საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგის დასაწყობებას, მხოლოდ მარაგად შენახვის, დანიშნულების ადგილამდე მიტანის ან დემონსტრირების მიზნით;

c) საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

f) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის a)-e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი კომბინაციისათვის გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.

5. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, გარდა მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ამ პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომელიც, ამავე პუნქტის დებულებების შესაბამისად, ამ საქმიანობის  ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.

6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით,  რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.

მუხლი 6

შემოსავალი უძრავი ქონებიდან

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინს „უძრავი ქონება“ ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სასოფლო და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის. საზღვაო და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.

3. პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.

4. პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე.

მუხლი 7

მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.

2. მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.

3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.

4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ მიღებულია მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრა საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე განაწილების საფუძველზე, მაშინ მე-2 პუნქტი ვერანაირად შეუშლის ხელს ხელშემკვრელ სახელმწიფოს განსაზღვროს დასაბეგრი მოგების ოდენობა ამგვარი განაწილების წესით; ამასთან განაწილების მეთოდი უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგი შესაბამისობაში მოდიოდეს ამ მუხლის პრინციპებთან.

5. მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის საქონლის ან პროდუქციის მხოლოდ შეძენის საფუძველზე მიღებული მოგება.

6. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის  რაიმე საფუძვლიანი და საკმარისი მიზეზი.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ კონვენციის სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლების დებულებებზე.

მუხლი 8

საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება ფონდში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.

მუხლი 9

ურთიერთდამოკიდებული საწარმოები

1. იმ შემთხვევაში, როდესაც:

a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან

b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში,

და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არარსებობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ კონვენციის სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.

მუხლი 10

დივიდენდები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.

ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „დივიდენდები“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალო მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

4. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კონვენციის მე-7 მუხლის დებულებები.

5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. მეორე სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.

6. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი პირის მიერ აქციების ან სხვა უფლებების შექმნის ან განაწილების, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, ძირითადი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა, ამგვარი აქციების ან სხვა უფლებების შექმნის ან განაწილების მეშვეობით.

მუხლი 11

პროცენტი

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ამგვარი პროცენტი ასევე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.

3. ტერმინი „პროცენტი“ ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე პროცენტად არ განიხილება.

4. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ  პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ კონვენციის მე-7 მუხლის დებულებები.

5. პროცენტი ითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი პროცენტი და ამ პროცენტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება.

6. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.

7. ამ მუხლის დებულება არ გამოიყენება, თუ სავალო მოთხოვნის შექმნასთან ან განაწილებასთან, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, დაკავშირებული ნებისმიერი პირის ძირითადი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა, ამგვარი სავალო მოთხოვნის შექმნის ან განაწილების მეშვეობით.

მუხლი 12

როიალტი

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი როიალტი, რომლის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ამგვარი როიალტი აგრეთვე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფშო, სადაც იგი წარმოიშობა, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს როიალტის საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ნებისმიერ ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე, კინემატოგრაფიული ფილმების ჩათვლით, საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისთვის.

4. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში  გამოიყენება ამ კონვენციის მე-7 მუხლის დებულებები.

5. როიალტი წარმოშობილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როდესაც გადამხდელია ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება და ამგვარი როიალტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი როიალტი წარმოიქმნა იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება.

6. თუ გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.

7. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ უფლებების შექმნასთან ან განაწილებასთან, რომლის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, დაკავშირებული ნებისმიერი პირის ძირითადი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა, ამგვარი უფლებების შექმნის ან განაწილების მეშვეობით.

მუხლი 13

შემოსავლები კაპიტალის მატებიდან

1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციების გასხვისებით მიღებული შემოსავალი, რომლის ღირებულების 50%-ზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიქმნება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახლემწიფოში.

5. პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.

მუხლი 14

შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან

1. მე-15, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. პირველი პუნქტის დებულების მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:

a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და

b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და

c) ანაზღაურების ხარჯის მატარებელი არ არის მუდმივი დაწესებულება, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.

3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, საერთაშორისო გადაზიდვებში გამოყენებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე დაქირავებით მუშაობით მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.

მუხლი 15

დირექტორთა ჰონორარები

დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.  

მუხლი 16

ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები

1. მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც  თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

3. ამ მუხლის წინა პუნქტების დებულებების მიუხედავად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ხელოვნების მუშაკებისა და სპორტსმენების მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ამგვარი გათვალისწინებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული გაცვლის შესახებ პროგრამის ფარგლებში. 

მუხლი 17

პენსიები

ამ კონვენციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, წარსულში დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

მუხლი 18

საჯარო სამსახური

1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:

(i)არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან

(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.

2. a) პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ასეთი პენსია და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე  ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.

3. მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელფასზე, გასამრჯელოზე, პენსიასა და სხვა მსგავს ანაზღაურებაზე.

მუხლი 19

სტუდენტები

ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების  წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

მუხლი 20

სხვა შემოსავლები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ კონვენციის წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. პირველი პუნქტის დებულებები არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული  უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება წინამდებარე კონვენციის მე-7 მუხლის დებულებები.

3. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში აზარტული თამაშებიდან და ლატარიებიდან მიღებული შემოსავლები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

4. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ უფლებების შექმნასთან ან განაწილებასთან, რომლის საფუძველზეც ხდება შემოსავლის გადახდა, დაკავშირებული ნებისმიერი პირის ძირითადი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა, ამგვარი უფლებების შექმნის ან განაწილების მეშვეობით.

მუხლი 21

ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა

1. a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც მოლდოვას რესპუბლიკაში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

ამგვარი გამოქვითვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით;

b) თუ ამ კონვენციის ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.

2. როდესაც მოლდოვას რესპუბლიკის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, მაშინ მოლდოვას რესპუბლიკა დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ამასთან, ამგვარი გამოქვითვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ოდენობას, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.

  მუხლი 22

დისკრიმინაციის აკრძალვა

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, მათი  რეზიდენტობის თვალსაზრისით. ეს დებულება, პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ერთ-ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, მათი ფაქტობრივად ყოფნის ადგილის თვალსაზრისით.

3. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები გაათავისუფლოს გადასახადისგან, მიანიჭოს საგადასახადო შეღავათი ან შეუმციროს გადასახადი მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.

4. იმ შემთხვევების გარდა, რომლებზეც ვრცელდება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობით გამოქვითვას, თითქოს პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები გადახდილი იქნა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, თითქოს ეს დავალიანება საწარმოს გააჩნია პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ.

5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც  ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

6. მიუხედავად მე-2 მუხლისა, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებზე.

მუხლი 23

ურთიერთშეთანხმების პროცედურა

1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ კონვენციის დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია ამ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ კონვენციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. საქმე წარდგენილი უნდა იქნეს ამ კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.

2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას ჩათვლის დასაბუთებულად და არ შეეძლება საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, ის უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  გადაწყვიტოს საკითხი ამ კონვენციის დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად.

3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან დავა, რომლებიც წარმოიშობა ამ კონვენციის განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ აგრეთვე შეუძლიათ ერთმანეთთან კონსულტაციების წარმოება ამ კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.

4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ  ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის, მათი ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით.

მუხლი 24

ინფორმაციის გაცვლა

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ კონვენციის დებულებების შესრულების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ან მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ კონვენციასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული პირველი და მეორე მუხლებით.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების შეფასება ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო წარმოება ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.

3. პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:

a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;

c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს  ნებისმიერი  სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან საქმიანი პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს (ordre public).

4. თუ ამ მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციას, მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე გავრცელდება მე-3 პუნქტის შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს  ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია არ ესაჭიროება შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის.

5. მე-3 პუნქტის დებულებები, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ნომინალური მფლობელის, აგენტის ან მინდობილი მესაკუთრის განკარგულებაშია ან დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთან.   

მუხლი 25

დახმარება გადასახადების აკრეფაში

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები საგადასახადო მოთხოვნის შესრულების მიზნით გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას. ეს დახმარება არ შემოიფარგლება პირველი და მე-2 მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების გზით დაარეგულირონ წინამდებარე მუხლის გამოყენება.

2. ტერმინი „საგადასახადო მოთხოვნა“ ამ მუხლში გამოყენებისას, ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახის გადასახადებთან დაკავშირებულ საგადასახადო ვალდებულებას, იმ პირობით, რომ ასეთი გადასახადები არ მოდის წინააღმდეგობაში კონვენციის დებულებებთან ან ნებისმიერ სხვა ინსტრუმენტთან, რომლის მონაწილეებიც არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები, ისევე როგორც პროცენტი, ადმინისტრაციული ჯარიმები და ამ ვალდებულებების ამოღებისა და შესრულების დროს გაწეული ხარჯები.

3. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებული მოთხოვნა ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით უნდა იყოს განხორციელებული და ეს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება პირს, რომელიც სხვა სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი ხელი შეუშალოს ამ საგადასახადო ვალდებულების ამოღებას, მაშინ ასეთი ვალდებულება მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით, ამოღებული იქნება სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. სხვა სახელმწიფო წარადგენს ამ საგადასახადო დავალიანებას მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება ამ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით.

4. საგადასახადო მოთხოვნა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, მიღებული უნდა იქნას მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური უწყების მიერ შესაბამისი აღსრულების მეთოდების გამოყენებისთვის, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს მოთხოვნას, როდესაც სახელმწიფო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით ვალდებულია გამოიყენოს საგადასახადო აღსრულების მეთოდები მის შესასრულებლად. ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, გამოიყენებს საგადასახადო აღსრულების ისეთ მეთოდებს, რომელსაც იგი გამოიყენებდა ამ სახელმწიფოში წარმოშობილი საგადასახადო მოთხოვნის შესასრულებლად, მიუხედავად იმისა თუ იმ დროისათვის, როდესაც გამოყენებული იქნა ამგვარი მეთოდები, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ეს საგადასახადო მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა საგადასახო აღსრულების მეთოდების გამოყენებას, ან ეხებოდა პირს, რომელსაც უფლება ჰქონდა მისი შესრულებისათვის ხელი შეეშალა.

5. მიუხედავად მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებებისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად მიღებული საგადასახადო ვალდებულების მოთხოვნასთან დაკავშირებით არ ექვემდებარება დროში შეზღუდვას ან არ მიენიჭება რაიმე უპირატესობა ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, მისი შინაარსიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მე-3 და მე-4 პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მიღებულ საგადასახადო მოთხოვნას ამ სახელმწიფოს მიერ არ მიენიჭება არავითარი პრიორიტეტი მეორე სახელმწიფოში, ამ პირველად ხსენებულ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით.

6. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის წარმოქმნის, ხანდაზმულობის ან მისი თანხის გამოანგარიშებასთან დაკავშირებული გამოძიება წარმოებული უნდა იქნეს ამ სახლემწიფოს სასამართლოს ან მის ადმინისტრაციულ უწყებაში.

7. როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მე-3 და მე-4 პუნქტის გათვალისწინებით მეორე სახელმწიფოს მიმართავს საგადასახადო მოთხოვნების თაობაზე, და მანამდე, სანამ მეორე მხარე ამ მოთხოვნას შეასრულებს და გადასცემს პირველ სახელმწიფოს, ეს საგადასახადო მოთხოვნა აღარ განიხილება:

a) მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო მოთხოვნის მიწოდების შემთხვევაში, პირველად ხსენებული სახელმწიფოს მოთხოვნა ამ საგადასახადო მოთხოვნის აღსრულების თაობაზე ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმებით იქნება განხორციელებული და ეხება პირს, რომელსაც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით არ შეუძლია ხელი შეუშალოს საგადასახადო მოთხოვნის; ან

b) მე-4 პუნქტის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის მიმართ, პირველად ხსებენულ სახელმწიფოს, საგადასახადო მოთხოვნის შესასრულებლად, მისი კანონმდებლობის მიხედვით, შეუძლია გამოიყენოს საგადასახადო აღსრულების მეთოდები.

პირველად ხსენებულმა სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ დაუყონებლივ უნდა შეატყობინოს მეორე სახელმწიფოს ამ ფაქტის შესახებ და მეორე სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე უნდა შეწყვიტოს ან გადაავადოს მოთხოვნის შესრულება.

8. ამ მუხლის არცერთი დებულება არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს წარმოქმნის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ვალდებულებას:

a) განახორციელოს ადმინისტრაციული ზომები, რომელიც წინააღმდეგობაშია ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ გამოცდილებასთან;

b) განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ხელშემკვრელი სახელმწიფოს საზოგადოებრივ ინტერესებთან;

c) უზრუნველყოს დახმარება, თუ მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ საგადასახადო ვალდებულების შესასრულებლად ან აღსასრულებლად არ მოიმოქმედა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ადმინისტრაციული პრაქტიკით გათვალისწინებული ზომები;

d) უზრუნველყოს დახმარება იმ შემთხვევებში, როდესაც ხელშემკვრელ სახელმწიფოს ადმინისტრაციული მოთხოვნა აშკარად არათანაზომიერია იმ სარგებლის მიმართ, რომელიც წარმოიშვება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

მუხლი 26

დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები

ეს კონვენცია გავლენას ვერ მოახდენს  დიპლომატიური წარმომადგენლობებისა ან საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების ან ცალკეული შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.

 

მუხლი 27

ძალაში შესვლა

1. თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით, მეორეს აცნობებს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე.

2. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. ეს კონვენცია იმოქმედებს:

a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) შემოსავალებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ  კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

მუხლი 28

მოქმედების შეწყვეტა

ეს კონვენცია ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს კონვენციის მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის კონვენციის შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, კონვენცია წყვეტს მოქმედებას:

a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) შემოსავლებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

რის დასტურადაც ამ კონვენციას ხელი მოაწერეს შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.     

 შესრულებულია 2017 წლის 29 ნოემბერს ქ. თბილისში ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ კონვენციის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

სახელით

ხელმოწერილია

მოლდოვას რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

ხელმოწერილია

 

ოქმი

„საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციის“ ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ კონვენციის განუყოფელ ნაწილს:

საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „პოლიტიკური ქვედანაყოფები“ ან „ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები“ ნიშნავს „ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს” ან „ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს”. 

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2017 წლის 29 ნოემბერს ქ. თბილისში ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ კონვენციის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.    

საქართველოს მთავრობის

სახელით

ხელმოწერილია

მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

ხელმოწერილია