ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.140.016345
40
04/05/2018
ვებგვერდი, 10/05/2018
190040000.35.140.016345
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2018 წლის 4 მაისი

დაბა ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 99-ე მუხლის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი“ დანართის შესაბამისად;
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე



დანართი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით შექმნილი ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის (შემდგომში – სარეზერვო ფონდი) ხარჯვის მექანიზმს.

2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2%-ს. სარეზერვო ფონდს, ამ წესის შესაბამისად, განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო –ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი.

3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გათანაბრებითი ტრანსფერისა) სარეზერვო ფონდის გაზრდა.

4. სარეზერვო ფონდის განსაზღვრისას დამტკიცებული (დაზუსტებული) ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური გადასახდელების საერთო ასიგნებას აკლდება წინა წლებში წარმოქმნილი ვალის დაფარვისა და მომსახურების (გარდა პროცენტისა) ან/და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადასახდელი თანხა.

მუხლი 2. სარეზერვო ფონდის განკარგვა და მიზნობრიობა

სარეზერვო ფონდიდან, ამ წესის შესაბამისად, ფინანსდება:

ა) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული, ხარჯი, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან კანონით დაცულ სხვა სიკეთეს;

ბ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულების ხარჯი;

გ) წყალდიდობის, მეწყრის, ხანძრის, ქარიშხლის, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიური ვითარების და სხვა შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯი;

დ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი ან/და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ, მძიმე ან/და გადაუდებელ შემთხვევებთან დაკავშირებული ხარჯი;

ე) ადგილობრივი პროგრამები (ქვეპროგრამები), ღონისძიებები, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს ან/და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევი ხარჯისაგან სხვა მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს;

ვ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ხარჯების დაფინანსება;

ზ) სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი ბიუჯეტით და რომელიც კანონით აკრძალული არ არის.

მუხლი 3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა

1. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიაში ფიზიკური ან იურიდიული პირისგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება და უფლებამოსილების სფეროს მიხედვით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში –სამსახური) ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა.

2. საკითხის განხილვისას სამსახური შესაბამისი ორგანოებისა და პირებისაგან გამოითხოვს მასალებს, ცნობებს, ფოტომასალებსა და მონაცემებს, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას.

3. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების (გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, სადაც მითითებული უნდა იყოს შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი ორგანიზაციული ფორმა და სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით. ასევე თანხის ოდენობა და მიზნობრიობა) საფუძველზე, ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.

4. მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება ხორციელდება ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას.

მუხლი 4წესში ცვლილების შეტანა

ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.