„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 03/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017519
60/ნ
03/05/2018
ვებგვერდი, 04/05/2018
040030000.22.022.017519
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №60/ნ

2018 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016643) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სწავლების ციკლის (ბაკალავრიატი – მაგისტრატურა – დოქტორანტურა), ასევე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი განათლების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება, ინოვაციური კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება;“;

ბ) მე-2 პუნქტის „კ3“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ4“ ქვეპუნქტი:

„კ4) ახორციელებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას;“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან, ბიბლიოთეკისაგან, დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებისაგან, დამხმარე სამეცნიერო ერთეულებისაგან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების (ადმინისტრაციის) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოს, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-8 პუნქტები:

„3. უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის მიზანია საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა. დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები ახორციელებენ დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობას და უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში.

4. უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულების მიზანია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, უცხოეთის წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან და/ან სხვა საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი პრობლემატიკის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება. დამხმარე სამეცნიერო ერთეულები ახორციელებენ  სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და შესაძლებელია მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში.

5. უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო ერთეულები, როგორც წესი, ფინანსდება მხოლოდ ამ ერთეულის ინიციატივით კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტის ბიუჯეტში მოზიდული სახსრებით.

6. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესდების 232  მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი უნდა იყოს ამ წესდებით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში.

7. ამ მუხლის მე-3, მე-4​ და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების ავტონომიურობის ფარგლები, სტრუქტურა, მართვისა და საქმიანობის წესი დგინდება ამ სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომლებიც მათი წარდგინებით მტკიცდება ამ წესდებით დადგენილი წესით.

8. გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია:

ა) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო;

ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტების საბჭოების წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.“;

ბ)  მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკადემიურ საბჭოში თითოეული:

ა) ფაკულტეტიდან აირჩევა  1 წარმომადგენელი;

ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან აირჩევა 1 წარმომადგენელი.

4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“;

გ) მე-5 პუნქტის:

გ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობის დაკავება;“;

გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;“;

დ) მე-6 პუნქტის  შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე ტარდება არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე პირი აირჩევა აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი  უფლებამოსილების ვადით.“.

6. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს;”;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“–„თ6“ ქვეპუნქტები:

„თ1) ამტკიცებს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს;

2) დადგენილებით იღებს დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, დამხმარე სამეცნიერო ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“; თ3) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;

4) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო  თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;

5) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;

6) უნივერსიტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;“;

გ) „ნ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ1) რექტორის, ფაკულტეტის საბჭოს ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების, ხოლო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე – ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ;“;

დ) „ნ1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ2“ ქვეპუნქტი:

„ნ2) აწესებს უნივერსიტეტის მედლებს, ჯილდოებსა და პრემიებს, ამტკიცებს მათი მიღების პირობებს და წესს;“;

ე) „პ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ და „პ2“ ქვეპუნქტები:

„პ1) განსაზღვრავს  უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევისა და გათავისუფლების პირობებს;

2) განსაზღვრავს ემერიტუსის წოდების მქონე პირისათვის ანაზღაურების ოდენობას და გაცემის პირობებს  და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად;“;

ვ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:

„ტ1) განსაზღვრავს ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად;“.

7. მე-9 მუხლის:

ა)   მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსთან/მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი/მდივანი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომისა), ადგენს სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი/მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და სამდივნოს უფროსი/ მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება უნივერსიტეტის ბეჭედი.“.

8. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში საბჭოს წევრის სტატუსით შედის უნივერსიტეტის თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  სამეცნიერო პერსონალის მიერ არჩეული 1 წარმომადგენელი.“.

9. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დებულებას, აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის  დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, დამხმარე სამეცნიერო ერთეულების, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებებს;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს:

ლ.ა) აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

ლ.ბ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესებს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

ლ.გ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის  დაკავების დამატებით პირობებს;

ლ.დ) ემერიტუსის წოდების მქონე პირისათვის ანაზღაურების ოდენობას და გაცემის პირობებს;

ლ.ე) ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს;“.

10. მე-13 მუხლის:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსთან/მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).“;

ბ)  მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და სამდივნოს უფროსი/მდივანი.“;

11. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ადგენს  სამეცნიერო თანამდებობების, ხოლო დამხმარე საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით ამ სტრუქტურული ერთეულის პერსონალის ნუსხას და წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხის პროექტში შეყვანის მიზნით;

2) ნიშნავს და ათავისუფლებს დამხმარე საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო ერთეულის ხელმძღვანელს;“;

12. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტების შედგენას და წარმომადგენლობითი საბჭოსათვის წარდგენას;“.

13. მე-17  მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) შეიმუშავებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს;“.

14. მე-18 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, ფაკულტეტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა), დამხმარე სამეცნიერო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6.  ფაკულტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულები ახორციელებენ  სამეცნიერო საქმიანობას და შესაძლებელია მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში.

7. ფაკულტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულები, როგორც წესი, ფინანსდებიან მხოლოდ ამ ერთეულის ინიციატივით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნივერსიტეტის ბიუჯეტში მოზიდული სახსრებით.“;

15.  III თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

 

„თავი III1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული

მუხლი 231. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული არის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც ჰყავს მართვის ორგანოები.

2. დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესდების 23​2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი  უნდა იყოს ამ წესდებით დადგენილი წესით.

3. დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა;

გ) უნივერსიტეტის რექტორის წერილობითი თანხმობით ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;

დ) ითანამშრომლოს საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან უნივერსიტეტის რექტორის წერილობითი თანხმობით;

ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში უნივერსიტეტის რექტორის წერილობითი თანხმობით;

ვ) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;

ზ) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

მუხლი 232. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის კრიტერიუმები და მათი შექმნის წესი

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული იქმნება ამ წესდებით დადგენილი წესით უნივერსიტეტში, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული იქმნება იმ დარგებში, რომლებიც უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე, პრიორიტეტულია უნივერსიტეტის კვლევით საქმიანობაში, გააჩნია მაღალი სამეცნიერო პოტენციალი მოცემული მიმართულებით და შესწევს მეცნიერული და გამოყენებითი თვალსაზრისით აქტუალური საკვლევი პროექტების განხორციელების უნარი.

4. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაქმნელად შესაბამისი სუბიექტი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც:

ა) სამეცნიერო საქმიანობის მასშტაბურობითა და ხარისხით არის წარმატებული და კონკურენტუნარიანი (ეროვნულ დონეზე მაინც), მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შესაბამისი დარგის/დარგების განვითარებაში, რაც დგინდება შემდეგი ინდიკატორების მეშვეობით:

ბ) ჰყავს  დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე არანაკლებ 5 მკვლევარი, რომელთა მიერ შექმნილი სამეცნიერო პროდუქცია (განსაკუთრებით – ბოლო 10 წლის განმავლობაში) გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ ადგილობრივ და საზღვარგარეთის რეცეცენზირებად/რეფერირებად პერიოდულ სამეცნიერო გამოცემებში და შეტანილია საერთაშორისოდ აღიარებულ ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზებში  /„Scopus“, „Web of Science“,  „Elsevier“, „ERIH“ და ა.შ/  (ქართველოლოგიური მეცნიერებებისათვის არაა აუცილებელი).

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმის დაკმაყოფილების საფუძველზე შექმნისას აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დეტალური აღწერა (სადაც უნდა განახორციელოს ამ ერთეულმა საქმიანობა), წლიური ბიუჯეტის პროექტი (ყველა აუცილებელი ხარჯის გათვალისწინებით), რითაც საბუთდება ხარჯების მიზანშეწონილობა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არსებობის მდგრადობა.

6. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული პერიოდულად შესაძლებელია შემოწმდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან და ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან და მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული კარგავს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამის სტატუსს და სტატუსის დაკარგვიდან არანაკლებ 1 წლის გასვლის შემდეგ აქვს უფლება მოითხოვოს იმავე სტატუსის მიღება ამ წესდებით დადგენილი წესით.

8. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უფლებამოსილია უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევით ერთეულის შექმნის საკითხის განხილვისას მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების ერთდროულად დაკმაყოფილების ვალდებულების შესახებ. ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის მისაღებად შესაბამისი სუბიექტი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა, უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს ერთობლივად.

მუხლი 233. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა შეიძლება ითვალისწინებდეს ძირითად და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

მუხლი 23​4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო:

ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;

გ) ასრულებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

მუხლი 23​5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს რექტორი. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს მიერ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.  

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.

4. ერთმა და იმავე პირმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.“;

16. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  უნივერსიტეტში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური, სამეცნიერო, მკვლევართა, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობები.“.

17. 25-ე მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უნივერსიტეტს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება.

6. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო იღებს რექტორის, ფაკულტეტის საბჭოს ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ხოლო ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო იღებს ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7– მე-15 პუნქტები:

„7. ემერიტუსის წოდება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც ამ წოდების მინიჭების შესახებ  მის მიერ განაცხადის გაკეთების მომენტისათვის:

ა) არის 65 წლის ან მეტი ასაკის;

ბ) უკავია პროფესორის თანამდებობა;

გ) ორჯერ მაინც იყო არჩეული უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე;

დ) აქვს უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 25 წლის გამოცდილება.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაადგინოს აკადემიურმა საბჭომ.

9. ემერიტუსის წოდება პირს ენიჭება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე. უფლებამოსილ პირს, მისი შრომითი ხელშეკრულების ვადის ნახევრის გასვლის შემდგომ, მაგრამ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, აქვს უფლება მოითხოვს მისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭება, პროფესორის თანამდებობიდან გათავისუფლების პირობით. ემერიტუსის წოდების მინიჭებისთანავე იგი თავისუფლდება პროფესორის დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან.

10. უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მქონე პირს უნივერსიტეტის მიერ მიეცემა  ანაზღაურება უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან (გარდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის სახით მიღებული თანხებისა). ანაზღაურების ოდენობას და გაცემის პირობებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

11. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უნივერსიტეტში იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს აკადემიური,  ადმინისტრაციული  და სხვა დამხმარე თანამდებობა.

12. უნივერსიტეტის 65 წლის ან მეტი ასაკის პროფესორი უფლებამოსილია გააკეთოს განაცხადი ან ემერიტუსის წოდების მისანიჭებლად ან უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადის გაკეთების შემდგომ პირი ვერ დაიკავებს პროფესორის თანამდებობას, იგი კარგავს ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე განაცხადის გაკეთების უფლებას.

13. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში, შეასრულოს როგორც ანაზღაურებადი, ისე არაანაზღაურებადი სამუშაო, აკადემიური, ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე თანამდებობის დაკავების გარეშე.

14. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით, ისარგებლოს უნივერსიტეტის რესურსებით და უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სხვა შეღავათებით.

15. უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მქონე პირს მის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უწყდება უნივერსიტეტის მიერ გასაცემი ყოველთვიური ანაზღაურება.“.

18. 27-ე მუხლის:

ა) პირველი  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და  აქვს სხვა მიღწევები დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით).“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.“;

19. 27-ე მუხლის  შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

„მუხლი 271. პროფესორის ატესტაცია

1. ამ წესდების 27-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაცია ტარდება რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისიის/კომისიების მიერ.

2. ატესტაცია ტარდება 2 ეტაპად – განხორციელებული აკადემიური საქმიანობის შეფასება და გასაუბრება. პროფესორის აკადემიური საქმიანობის შეფასება ეფუძნება აკადემიური პერსონალის მიერ შესასრულებელი საქმიანობისათვის უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პირობების შემცველ სამართლებრივ აქტს.

3. ატესტაციის შედეგად შესაბამისი კომისია თითოეულ პროფესორზე ადგენს დასკვნას და აკადემიური საბჭოს წინაშე, ატესტაციის შედეგებზე დაყრდნობით შუამდგომლობს, პროფესორი დარჩეს თუ გათავისუფლდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან.

4. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს შეიმუშავებს რექტორი, ფაკულტეტებთან შეთანხმებით და განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

5. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“.

20. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოვალეობები;“.

21. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ან/და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დარღვევა.“.

22. 29-ე მუხლს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 291294 მუხლები:

„მუხლი 291. უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისაგან.

2. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.

მუხლი 29​2. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი

1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება 10 წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები.

3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება უვადოდ შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და აქვს სხვა მიღწევები დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით).

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაცია ტარდება რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისიის/კომისიების მიერ. ატესტაცია ტარდება 2 ეტაპად – განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შეფასება და გასაუბრება. კომისიის მიერ სამეცნიერო საქმიანობის შეფასება ეფუძნება მინიმალურ სამეცნიერო მოთხოვნებს (კრიტერიუმებს), რომლებიც აისახება ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების დამდგენ სამართლებრივ აქტში. ატესტაციის შედეგად შესაბამისი კომისია თითოეულ მეცნიერზე ადგენს დასკვნას. კომისია აკადემიური საბჭოს წინაშე და ატესტაციის შედეგებზე დაყრდნობით შუამდგომლობს, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი დარჩეს თუ გათავისუფლდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს შეიმუშავებს რექტორი, დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარდგინებით და განსახილველად გადასცემს აკადემიურ საბჭოს. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

5. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 7 წლის ვადით.

6. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 4 წლის ვადით.

7. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.

8. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

9. უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლისათვის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის პროცედურის გავლის ვალდებულება, მათი არჩევიდან  არანაკლებ ნახევარი ვადის გასვლის შემდგომ არაუმეტეს ერთხელ. აღნიშნული პროცედურა ტარდება რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისიის/კომისიების მიერ, 2 ეტაპად - განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შეფასება და გასაუბრება. კომისიის მიერ სამეცნიერო საქმიანობის შეფასება ეფუძნება უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს. დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის პროცედურის შედეგად,  კომისია თითოეულ მეცნიერზე ადგენს დასკვნას და აკადემიური საბჭოს წინაშე შუამდგომლობს, უფროსი ან მეცნიერი თანამშრომელი დარჩეს თუ გათავისუფლდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან.

მუხლი 293. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები

1. სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.

2. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

მუხლი 294. მეცნიერის უფლებები და მოვალეობები

1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.

2. მეცნიერს უფლება აქვს:

ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;

დ)  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;

ე) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

3. მეცნიერი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.

4. უნივერსიტეტი/ფაკულტეტი და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უზრუნველყოფენ სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას.“.

23. 30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, დეკანი და მისი მოადგილე, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორები და მათი მოადგილეები და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. მკვლევართა თანამდებობებს მიეკუთვნება უნივერსიტეტის მიერ დამხმარე სამეცნიერო ერთეულში განსაზღვრული მკვლევართა თანამდებობები.”;

24. 31-ე მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) 65 წლის ასაკის მიღწევა;“.

25. 32-ე მუხლის  მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ ასევე დამხმარე თანამდებობასთან.

7. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მიერ აკადემიური თანამდებობის შეთავსების შემთხვევაში მას არ მიეცემა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორისათვის  უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო.“.

26. 33-ე მუხლის: 

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

ა) ოჯახის ავადმყოფ წევრებზე მეურვეობა, ორსულობა, მშობიარობა და ახალშობილთა მოვლა;

ბ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობა;

გ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;

დ) ადმინისტრაციული (ფინანსური დავალიანება) ან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა;

ე) პირადი განცხადება.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სტუდენტს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში უნარჩუნდება ხელშეკრულებით დადგენილი საფასურის ოდენობა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ სტუდენტს სწავლის საფასური განესაზღვრება მიმდინარე სემესტრში არსებული სემესტრული გადასახადით.“;

გ) მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე;“.

27. V თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

 

„თავი V1

უნივერსიტეტის განათლების საფეხურები

 მუხლი 361. განათლების საფეხურები

1. უნივერსიტეტში მოქმედებს სამსაფეხურიანი აკადემიური უმაღლესი განათლება.

2. უნივერსიტეტმა შეიძლება განხორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

3. უნივერსიტეტმა შეიძლება განახორციელოს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.

4. უნივერსიტეტი ახორციელებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.

მუხლი 362. აკადემიური ხარისხის მინიჭება და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა

1. აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას უნივერსიტეტი პირს ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს.

2. აკადემიური უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი დიპლომი და დიპლომის დანართი.

3. პროფესიული განათლების დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი პროფესიული დიპლომი.

4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

5. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა შესაბამისი ცნობა.

მუხლი 363. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები

1. რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის ან/და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ერთობლივი ქმედების განხორციელების მიზნით უნივერსიტეტი ანხორციელებს ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების წესს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთობლივად ადგენენ.

2. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთობლივი აკადემიური ხარისხის მინიჭება ხორციელდება უნივერსიტეტის და მისი პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების/დაწესებულების მიერ.“.

28. 39-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:

„მუხლი 391. უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობა

1. უნივერსიტეტი შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას.

2. უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.

3. უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (დამხმარე სახელმძღვანელოები; სასწავლო-მეთოდური და საცნობარო ლიტერატურა; სპეციალისტების მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი სერტიფიცირებული კურსები) რეალიზაცია;

ბ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის  (გამოგონების პატენტები;  ტესტ-სისტემები) წარმოება და რეალიზაცია;

გ) საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურება;

დ) მის საკუთრებაში არსებული ფართის (აუდიტორიის, საპრეზენტაციო და სააქტო დარბაზის და სხვა დამხმარე ფართის) გაქირავება ერთჯერადად ან მოკლე ვადით (მაგ.: ტრენინგებისათვის, პრეზენტაციებისათვის და მსგავსი ღონისძიებებისათვის), რომელიც დამატებით ფინანსურ სარგებელს მოუტანს უნივერსიტეტს.“.

29. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი

წესდების/წესდებაში ცვლილების პროექტს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი