შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების თაობაზე

შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 194
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 25/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.020509
194
20/04/2018
ვებგვერდი, 24/04/2018
040170020.10.003.020509
შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №194

2018 წლის 20 აპრილი

   ქ. თბილისი

 

შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია გამოქვეყნებიდან 2 წლის განმავლობაში.

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



შპსენგურჰესისდა შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო

1. შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში − წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ (რომლის 100%-იანი წილი ეკუთვნის შპს „ენგურჰესს“) (შემდგომში – საწარმო) საქონლისა (დანართი №1) და მომსახურების (დანართი №2) შესყიდვების სპეციალურ წესს. 

2. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება საწარმოს შეუფერხებელი ექსპლუატაციისა და შესაბამისი პარამეტრებითა და მოცულობით ელექტროენერგიის წარმოების უზრუნველსაყოფად, ასევე სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეუფერხებლად გატარებისათვის, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

3. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები და/ან ქვეყნები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე, სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.  

5. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას საწარმო ახორციელებს მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. საქონლის/მომსახურების შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.  

მუხლი 2. შესყიდვების ძირითადი პრინციპები

საწარმოში შესყიდვების განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

ა) შესყიდვების განხორციელების აუცილებლობა;

ბ) რაციონალური არჩევანი;

გ) საჯაროობა და ტრანსფარენტულობა;

დ) პოტენციურ მონაწილეთა მიმართ შესაძლებლობათა გამოხატვის თანასწორი გარემო პირობების ფორმირება და ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;

ე) საზოგადოებრივი ნდობის გარემოს ფორმირება;

ვ) ეკონომიკური ეფექტიანობა.

მუხლი 3. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შესყიდვა –  საწარმოს მიერ ამ წესის დანართებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია –  შპს „ენგურჰესი“, შპს „ვარდნილჰესების კასკადი“;

გ) შესყიდვის ობიექტი –  შესასყიდი საქონელი, მომსახურება;

დ) საქონელი –  წესის №1 დანართში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული საქონლის სახეები;  

ე) მომსახურება –  წესის №2 დანართში მოცემულ ჩამონათვალში მითითებული მომსახურების სახეები;

ვ) შესყიდვების გეგმა –  საწარმოს მიერ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმა;

ზ) პრეტენდენტი –  პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;

თ) მიმწოდებელი –  პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

ი) გადაუდებელი აუცილებლობა –  ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოს ფუნქციონირებას ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საწარმოს ინტერესებს ან მის ქონებას;

კ) გამარტივებული შესყიდვა –  შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა;

ლ) დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი –  კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი;

მ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა –  ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი);  

ნ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა –  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში –  სისტემა);

ო) ფასის კლების ბიჯი –  ფასის კლების ბიჯი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით;

პ) წინადადება –  ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;

ჟ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით;  

რ) ელექტრონული ვაჭრობა –  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;

ს) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები –   შემსყიდველის მიერ დადგენილი, პრეტენდენტის მიერ წარსადგენი დოკუმენტები;

ტ) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

უ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია –  შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელშიც მოცემული იქნება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის საფუძველი;    

ფ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება –  ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება;

ქ) მრავალწლიანი შესყიდვა –  შესყიდვა, რომელიც გრძელდება 12 (თორმეტი) კალენდარულ თვეზე მეტი ვადით;

ღ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული  წინადადების ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

მუხლი 4. საწარმოს უფლება-მოვალეობები

1. საწარმო უფლებამოსილია:

ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში –  ხელშეკრულება);  

ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის ინტერესებიდან გამომდინარე;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.

2. საწარმო ვალდებულია:

ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი.  შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება.  შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.  

მუხლი 5. შესყიდვების დაგეგმვა

1. საწარმო შესყიდვებს ახორციელებს შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს მიერ შპს „ენგუჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით შემუშავებული და პარტნიორის მიერ დამტკიცებული წლიური ბიზნესგეგმის შესაბამისად.

2. მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შპს „ენგურჰესის“  დირექტორთა საბჭო. 

3. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად იმ შემთხვევაში, თუ მისი დაფინანსება ხორციელდება მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან, ხოლო მიწოდება ან/და ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება მომდევნო წლის განმავლობაში.  

მუხლი  6. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვის პროცედურასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებს:

ა) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის წინადადების განხილვას, შერჩევასა და შეფასებას;

ბ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;

გ) მიმწოდებლის შერჩევას გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა.

მუხლი 7. შესყიდვის საშუალებები   

1. შესყიდვის საშუალებებია: გამარტივებული შესყიდვა და შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.

2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალების (მათ შორის, დასაშვებია შესყიდვის მოსაწვევის გაგზავნა და პრეტენდენტის შეთავაზებების მიღება ელექტრონული ფოსტით) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან სხვა უცხო ენებზე, თუ:

ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს;

ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია;

გ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევის განხორციელება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;

დ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;

ე) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, როცა საქონლის შესყიდვა ან/და მომსახურების გაწევა განკუთვნილია საქართველოს იმ ტერიტორიაზე განთავსებული ენერგოობიექტებისათვის, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არ სრულდება საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნა;

ვ) ადგილი აქვს ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას.  

3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება          5 000 (ხუთი ათასი) ლარს (გარდა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებებით შესასყიდი საქონლისა და მომსახურების შესყიდვისა), აგრეთვე, თუ შესყიდვის ობიექტი არის ინტერნეტით გამოწერის გზით საქონლისა და მომსახურების შესყიდვა. ასეთ შემთხვევებში, ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს  შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შესყიდვის ობიექტის დასახელებას,  შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას, მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი), ხოლო ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა,  შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას.

მუხლი 8. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განმახორციელებელი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ 5 (ხუთი) წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი.  

3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს,  წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი  ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.

6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

მუხლი 9. კომისიის აპარატი

1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში − აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. აპარატის ფუნქცია არის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.

3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.

4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში.

მუხლი 10. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში − განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.

2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ 2 (ორი) დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.

3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:    

ა) განცხადების ნომერი;

ბ) შემსყიდველის დასახელება;

გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;  

ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;

ვ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით, თუ – მათ გარეშე;

თ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;

ი) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;

კ) ბიჯის ოდენობა.

4. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.

მუხლი 11. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;

ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;

გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში);

დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);

ე) კომისიის ან აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ;

ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე  შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.

მუხლი 12. წინადადების წარდგენა  

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.

2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.

3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალისწინებულ გარანტიას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.

5. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 13. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი  

1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.

3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან, მისი ბუნებიდან გამომდინარე, დაბრუნება შეუძლებელია.

4. დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინება სავალდებულოა. კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება, რაც უნდა დასაბუთდეს დოკუმენტაციაში.

5. დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინების შემთხვევაში, კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას, თუ მის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

6. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ყოველ კონკრეტულ ელექტრონულ ტენდერში შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ დადებული ხელშეკრულებით, ანგარიშფაქტურით, ინვოისით ან/და სხვა ისეთი დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

7. სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.).

მუხლი 14. შერჩევა/შეფასება  

1. კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

2. პრეტენდენტის წინადადების ფასი ფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთული გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წინასწარ ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს გარანტიის დედნის წარდგენა. გარანტიის დედნის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ იმ პრეტენდენტზე, რომლის მიერაც დაფიქსირებულ იქნა უდაბლესი ფასი, ხოლო სხვა პრეტენდენტები ვალდებულნი არიან, გარანტიის დედანი წარადგინონ მხოლოდ სატენდერო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, თუ კომისია გადავა შერჩევის/შეფასების მიზნით შემდეგი უდაბლესი შეთავაზების პრინციპით მომდევნო პრეტენდენტზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.

4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.  იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.

7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.

8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს,  ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენასთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ ითვალისწინებს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას,  ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად გაგზავნილ მოწვევასთან ერთად.

9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.

10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია,  შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო  პრეტენდენტს. თუ მომდევნო პრეტენდენტის შეთავაზებული ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, შემსყიდველი ორგანიზაცია იღებს გადაწყვეტილებას ტენდერის შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 15. დისკვალიფიკაცია

1. კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.

2.  პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-14 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება   შემსყიდველის მიერ დაწესებულ პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას;

ბ) თუ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი  დოკუმენტ(ებ)ი არ არის წარდგენილი დადგენილ ვადაში ან არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ  პირობებს;

გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;

დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას;

ე) იგი არ წარადგენს ნიმუშს ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ  პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას;

ვ) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;

ზ) თუ ის, ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით;

თ) თუ მის მიერ წარდგენილი შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის გარანტია არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ  პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას;

ი) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით  ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

კ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას ან მის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ  პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას.

3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადებების მიღების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.

მუხლი 16. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში წარდგენილი გარანტია

1. პრეტენდენტი ვალდებულია, წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 2 (ორი) პროცენტს.

3. ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა, რეზიდენტი პირების შემთხვევაში, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით, ხოლო არარეზიდენტი პირების შემთხვევაში,  60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინადადებების მიღების დასრულების ვადას.

4. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება ხელშეკრულების დადების, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების, შეწყვეტის ან პრეტენდენტის შემსყიდველის მიერ დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.

5. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:

ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;

ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას ან მის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ  პირობებს;

გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო;

დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე;

ე) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაწესებულ  პირობებს.

მუხლი 17. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენა, ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა

1. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა – სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენისთანავე, კომისია ამ პრეტენდენტს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარსადგენად და ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 4 და არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა.

2. თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია მოთხოვნილი არ არის, კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 4 და არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა.

3. თუ შესყიდვის ელექტრონული პროცედურების შედეგად ხელშეკრულება იდება უცხოელ კონტრაჰენტთან, ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად მითითებულია უცხო ქვეყნის სამართალი ან/და დავის განმხილველად განსაზღვრულია არბიტრაჟი ან უცხო ქვეყნის სასამართლო, რის გამოც ასეთი ხელშეკრულების პროექტი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებს შესაბამისი უწყებ(ებ)ის სამართლებრივ ექსპერტიზას ან თანხმობას, კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 4 და არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა.

4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.  

5. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად.

6. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით გამოიყენება ხელშეკრულების უზრუნველყოფის (შესრულების) გარანტირების მექანიზმი. გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს და არ უნდა იყოს 2 (ორი) პროცენტზე ნაკლები. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

7. გარანტიის მოქმედების ვადა და მისი დაბრუნების პირობები უნდა განისაზღვროს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

8. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

9. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა.

მუხლი 18. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში.

2. შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია.

3. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული შესყიდვის განხორციელების სხვა საშუალება.

მუხლი 19. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები

1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი ელემენტები და პირობები:

ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;

ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა;

გ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);

დ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების ხარისხი, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა;

ე) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები ან/და ეტაპობრივი ვადები და ადგილი;

ვ) საქონლის ან მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი;

ზ) ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი (ვადები);

თ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისა და საავანსო თანხის საბანკო გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);

ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი;

კ) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის;

ლ) ფორსმაჟორული სიტუაციები;

მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა;

ნ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

ო) დავების გადაწყვეტის წესი;

პ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები.

2. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი წარმოადგენს უცხოურ კომპანიას, შესაძლებელია ხელშეკრულება გაფორმდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაუცველად.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე.

4. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ არის საქართველოს რეზიდენტი და ერთჯერადი შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების ღირებულება არ აღემატება 40 000 (ორმოცი ათასი) ლარს, ხოლო თუ მიმწოდებელი საქართველოს რეზიდენტია და ერთეული შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების ღირებულება არ აღემატება 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან.  გარდა ამ მუხლში გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევისა, მიმწოდებელმა საავანსო თანხის მიღებისთვის უნდა წარადგინოს საავანსო თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების მიღების ვადას.

მუხლი 20. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია გამოყოფს შესაბამის პირთა ჯგუფს (ინსპექტირების ჯგუფი).

2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი ინსპექტირების ჯგუფის ფუნქციებია:

ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლი;

ბ) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების ჯეროვანი შესრულების კონტროლი, უფლებამოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე დადგენილი მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების შესრულებასთან შესაბამისობის დადასტურება;

გ) საქონლის ან/და მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება;

ე) ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით,  კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.

3. უფლებამოსილი პირის მიერ ჩასაბარებელი საქონლის ან/და მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (მომთხოვნი) ხელმძღვანელი შესყიდული საქონლის ან/და მომსახურების მოთხოვნასთან შესაბამისობას ადასტურებს ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაზე ხელმოწერით.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, აწარმოოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის ინსპექტირება შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ნედლეულისა და მაკომპლექტებელი ნაწილების ხარისხისა და ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების (მომსახურების) ინსპექტირება.

5. ყველა გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასა და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

მუხლი 21. სასამართლო განხილვა და სამართალი

1. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ და პრეტენდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლო წესით.

2. სასამართლოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. უცხოელ კონტრაქტორებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებებზე, თუ ერთჯერადი შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულება არ აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, არ გავრცელდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

მუხლი 22. ცვლილების შეტანის წესი

წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

დანართი 1

საწარმოს მიერ სპეციალური წესით შესასყიდი საქონლის ნუსხა

1

ძირითადი და დამხმარე ელექტრომექანიკური, ჰიდრომექანიკური და ელექროტექნიკური დანადგარ-მოწყობილობებისა და მათი სათადარიგო ნაწილების შესყიდვა

2

ნათურებისა და გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვა

3

სტაციონარული და გადასატანი საკონტროლო, მზომი და ლაბორატორიული ხელსაწყოებისა და აპარატურის შესყიდვა

4

გადამწოდების, სენსორების, გამშვი მოწყობილობების, ავტომატური ამომრთველების, რელეებისა და მათი სათადარიგო ნაწილების შესყიდვა

5

ამწე-მექანიზმებისა და ლიფტების სათადარიგო ნაწილების შესყიდვა

6

კომპიუტერების, პრინტერების, სკანერებისა და ასლგადამღები მანქანებისათვის მარაგი ნაწილებისა და სახარჯი მასალების (კატრიჯებისა და სხვა) შესყიდვა

7

არგონის, პროპანის, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის შესყიდვა

8

საპოხ-საცხი მასალების შესყიდვა

9

სხვადასხვა მარკისა და დანიშნულების ცემენტის შესყიდვა

10

ელსადენებისა და  საკაბელო პროდუქციის შესყიდვა

11

საღებავებისა და გამხსნელების შესყიდვა

12

აკუმულატორების, დენისა და ძაბვის გარდამქმნელებისა და უწყვეტი კვების წყაროების (ე.წ. იუპიესების) შესყიდვა

13

სხვადასხვა დიამეტრისა და სახეობის მილების, შლანგების, საკვალთების, მილისების, მილტუჩების, მუხლების, ვანტუზების, სარქველების, სანტექნიკური მოწყობილობებისა და აქსესუარების  შესყიდვა

14

საკისრების შესყიდვა

15

ელექტროდების, კარბიდისა და შედუღებისათვის საჭირო (კალა, „პსრ“, „კანიფოლი“ და სხვა მასალის) შესყიდვა

16

ელექტრო და მექანიკური სამუშაო იარაღებისა და ხელსაწყოების შესყიდვა

17

ლითონის კონსტრუქციებისა და კონსტრუქციის ელემენტების  (კუთხოვანა, შველერი, ძელაკი, ნაგლინი, ფურცლოვანა, არმატურა და სხვა) შესყიდვა

18

სახანძრო-სამაშველო ინვენტარის შეძენა

19

ქიმიური რეაგენტებისა და შხამქიმიკატების შესყიდვა

20

სხვადასხვა ზომისა და ფორმის მეტიზების (ქანჩი, ჭანჭიკი, თვითმჭრელი და სხვა) შესყიდვა

21

შუასადებების, შემამჭიდროებლებისა და რეზინოტექნიკური ნაკეთობების შესყიდვა

22

ავტოსათადარიგო ნაწილების შესყიდვა.

 

დანართი 2

საწარმოს მიერ სპეციალური წესით შესასყიდი მომსახურების ნუსხა

1

ჰიდროაგრეგატების ვიბრაციის გამომწვევი მიზეზების კვლევა და აღმოფხვრა

2

მიმდინარე და კაპიტალური რემონტები კოდორიჰესების დეპარტამენტში

3

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება სათადარიგო ნაწილებითურთ

4

საბაჟო საბროკერო მომსახურება, სატრანსპორტო საშუალებების

ტექდათვალიერება საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე  

5

სატრანსპორტო გადაზიდვები და სატაკელაჟო სამუშაოები

6

საშეფო-საინჟინრო მომსახურებები

7

სადეზინფექციო სამუშაოები

8

პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად პერსონალის გადამზადება ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, ტრენინგების გავლა

9

თ/კაშხლისა და სადერივაციო გვირაბში ნატურული დაკვირვებები

10

სუფოზიური პროცესების კვლევა თაღოვან კაშხალზე

11

ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების, კვანძებისა და დეტალების დამზადება  და შეკეთება ქარხნულ პირობებში

12

ავარიულად დაზიანებულ ძირითად და დამხმარე მოწყობილობებზე უწესივრობების აღმოფხვრა

13

ტრანსფორმატორების ზეთების ქრომატოგრაფიული და

ელექტროქიმიური ანალიზის ჩატარება, ტრანსფორმატორების ელექტრული გაზომვები.