საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში) გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ

  • Word
საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში) გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1661
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/09/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 18/09/2002
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1661
13/09/2002
სსმ, 91, 18/09/2002
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში) გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატოში) გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ

საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ურყევ ნებას იცხოვროს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და გამთლიანებულ ქართულ სახელმწიფოში, აცხადებს, რომ საქართველო, როგორც ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი, თავისი უსაფრთხოების გარანტირებულ უზრუნველყოფას შეძლებს მხოლოდ ამ სივრცის კოლექტიური თავდაცვის სისტემაში ინტეგრაციით.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) კოლექტიური თავდაცვის ერთადერთი ორგანიზაციაა ევროპაში, რომელიც პასუხობს მისი წევრი ქვეყნების ინტერესებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, საქართველოს პარლამენტი აღიარებს, რომ ნატოს წევრობა, ევროგაერთიანებაში გაწევრიანებასთან ერთად, არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი.

აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადასტურებს, რომ პარლამენტში არსებული ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს ქვეყნის ნატოში სრულფასოვან გაწევრიანებას, აღიარებს, რომ ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ისტორიული არჩევანი, განპირობებული ხალხის ნებით, და თვლის, რომ აღნიშნული საკითხი არ გახდება შემდგომი პოლიტიკური დებატების საგანი.

საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ საქართველო წარმართავს რეფორმათა პროცესს პოლიტიკის, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში, რათა უახლოეს პერიოდში ქვეყანამ დააკმაყოფილოს ნატოს წევრობისათვის აუცილებელი კრიტერიუმები.

საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც მოუწოდებს, პრიორიტეტებად დასახოს ლიბერალური დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკის გაჯანსაღება და განვითარება, კორუფციასთან ბრძოლა, სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლის დაწესება, თავდაცვის სფეროს რესურსებით უზრუნველყოფის, შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისა და მათი ნატოს მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხები.

საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ ნატოში სრული ინტეგრაციისათვის საჭირო ფინანსური მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისა და ეფექტიანად წარმართვისათვის, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაევალოს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, საქართველოს პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად დაიწყოს ნატოში გაწევრიანების პროცესი.

2. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან ერთად უზრუნველყოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ გამოხატული პოლიტიკური ნების მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე.

3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად 2 თვის ვადაში შეიმუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს თავდაცვის სფეროს რეფორმირებისა და შეიარაღებული ძალების ნატოს მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევის კონკრეტული სამოქმედო გეგმა.

4. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას უმთავრესი პრიორიტეტი მიანიჭოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პროგრამების ფინანსურ უზრუნველყოფას.

5. ამ დადგენილების შესრულების მიმდინარეობის საკითხზე მომხსენებელად დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის წევრი დავით გამყრელიძე და დაევალოს მას, შესაბამისი ინფორმაცია პარლამენტს წარუდგინოს 2003 წლის საგაზაფხულო სესიაზე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე    გ. წერეთელი

თბილისი,

2002 წლის 13 სექტემბერი.

№1661–Iს