შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 177/4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2018
ძალაში შესვლის თარიღი 08/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016528
177/4
17/07/2017
ვებგვერდი, 17/04/2018
480610000.03.030.016528
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ


საქართველოს მთავრობა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობა (შემდგომში – ხელშემკვრელი მხარეები);

გამოთქვამენ რა სურვილს ხელი შეუწყონ უფრო ფართო ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობას ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო  ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების სფეროში;

აღიარებენ რა, რომ ამგვარი ინვესტიციების წახალისება და ორმხრივი დაცვა ხელს შეუწყობს ბიზნეს-ინიციატივების სტიმულირებასა და ორივე ხელშემკვრელი მხარის  კეთილდღეობის დონის ამაღლებას;

თანხმდებიან რა, რომ ინვესტიციების სტაბილური ჩარჩო უზრუნველყოფს ორივე ხელშემკვრელი მხარის ეკონომიკური რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას,

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

განსაზღვრებები

 

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

1. ტერმინი „ინვესტიცია“ ნიშნავს ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის  სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის  შესაბამისად, პირდაპირ და არაპირდაპირ საკუთრებაში არსებულ და ინვესტირებულ ყველა სახის ქონებას, რომელიც მოიცავს:

(a) მოძრავ და უძრავ ქონებას, ასევე, ნებისმიერ სხვა ქონებრივ უფლებას, როგორიცაა: გირაო,  იპოთეკა, უზუფრუქტი და მსგავსი უფლებები;

(b) კომპანიას, აქციებს, წილებს, ვალდებულებებს და კომპანიაში მონაწილეობის სხვა ფორმებს;

(c) ვალდებულებებს, ობლიგაციებს, სესხებს და  ვალის სხვა ფორმებს;

(d) ფულადი თანხის, ან ნებისმიერი სხვა ქონების ან შესრულების მოთხოვნას, რომელსაც გააჩნია ეკონომიკური ღირებულება;

(e)  ინტელექტუალური და სამეწარმეო საკუთრების უფლებებს, როგორებიცაა: საავტორო უფლებები, სავაჭრო ნიშნები, პატენტები, ტექნიკური პროცესები, ნოუ-ჰაუ და გუდვილი, რომლებიც დაკავშირებულია ინვესტიციასთან;  და 

(f)  კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებულ უფლებებს, როგორიცაა: კონცესიები, ლიცენზიები, უფლებამოსილებები ან ნებართვები. აღნიშნული შეთანხმება არ ვრცელდება ბუნებრივ რესურსებზე.

ფულადი მოთხოვნა, რომელიც მოიცავს ზემოაღნიშნული (a)-(f) პუნქტებით განსაზღვრულ ნებისმიერ ინტერესს, არ ვრცელდება:

  1. საქონლისა და მომსახურების გაყიდვის კომერციულ კონტრაქტებზე, ხელშემკვრელი მხარის მოქალაქის ან კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქის ან კომპანიის მიმართ, ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე; ან
  2. კრედიტის გაცემაზე, რომელიც დაკავშირებულია კომერციულ ტრანზაქციებთან, ისეთი, როგორიცაა ვაჭრობის დაფინანსება.

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, ქონება ინვესტიციად განიხილება, თუ მას გააჩნია ინვესტიციისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმები, მათ შორის, ისეთი კრიტერიუმების ჩათვლით, როგორიცაა კაპიტალის ან სხვა რესურსების დაბანდება, შემოსავლის ან მოგების მიღების მოლოდინი და შესაძლო რისკი.

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, არბიტრაჟის გადაწყვეტილება ან სხვა ბრძანება ან სასამართლო გადაწყვეტილება, გამოტანილი ინვესტიციასთან დაკავშირებით, არ განიხილება ინვესტიციად.

2. ტერმინი „ინვესტორი” თითოეულ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში ნიშნავს:

(a)  ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეს მისი კანონმდებლობის შესაბამისად;

(b)  ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია ან ორგანიზებულია ამ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და ეწევა არსებით სამეწარმეო საქმიანობას ამ ხელშემკვრელი მხარის  სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

3. ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს:

a. საქართველოსთან მიმართებაში: საქართველოს კანონმდებლობით  განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ წყლებთან  მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

b. არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან მიმართებაში: არაბთა გაერთიანებული საემიროების ტერიტორია, მის ტერიტორიული წყლებს, საჰაერო და წყალქვეშა სივრცეს, რომელთა მიმართებაში არაბთა გაერთიანებული საემიროები ახორციელებს სუვერენულ უფლებებს, საერთაშორისო სამართლისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების კანონის შესაბამისად, მათ შორის მის სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში, ხმელეთსა და კუნძულებზე განხორციელებულ ნებისმიერ ღონისძიებას წყლებთან  ზღვის ფსკერსა და წიაღთან მიმართებაში, ბუნებრივი რესურსების მოძიებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, მისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. 

 

მუხლი 2

ინვესტიციების ხელშეწყობა

თითოეული ხელშემკვრელი მხარე, უცხოური ინვესტიციების სფეროში, თავისი ქვეყნის ზოგადი პოლიტიკის შესაბამისად, ხელს შეუწყობს თავის  სახელმწიფო ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ ინვესტიციების განხორციელებას და მიიღებს ამგვარ ინვესტიციებს თავის სახელმწიფოში მოქმედი  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 3

ინვესტიციების დაცვა და რეჟიმი

1.   თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს მიანიჭებს სამართლიანი და თანასწორი მოპყრობის რეჟიმს და უზრუნველყოფს სრულ დაცვასა და უსაფრთხოებას საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის შესაბამისად.

2.   არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ გაატარებს ისეთ არაგონივრულ ან დისკრიმინაციულ ზომებს, რომლებიც შეზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ განხორციელებული ინვესტიციების მართვას, შენარჩუნებას,  გამოყენებას, სარგებლის მიღებას ან განკარგვას.

3.  განსაზღვრა იმისა, რომ დაირღვა ამ შეთანხმების სხვა დებულება ან დამოუკიდებელი საერთაშორისო შეთანხმება, არ წარმოშობს წინამდებარე მუხლის დარღვევის საფუძველს.

 

მუხლი 4

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი

1.   თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს, ინვესტიციების მართვასთან, განხორციელებასთან, ოპერირებასთან და განკარგვასთან მიმართებაში, მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ის ანიჭებს ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს.

2.   უფრო მეტი სიცხადისთვის, პირველ პუნქტში მითითებული რეჟიმი არ ითვალისწინებს დავის გადაწყვეტის მექანიზმებს ან ნებისმიერ პროცედურულ ან სამართლებრივ საკითხებს, ასევე, გარანტიებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელშეკრულებო ვალდებულებებთან დაკავშირებით, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე ან სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით.

3.   წინამდებარე შეთანხმების  დებულებები არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს ისინი ავალდებულებენ ერთ ხელშემკვრელ მხარეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს მიანიჭოს ნებისმიერი ისეთი რეჟიმი, შეღავათი ან პრივილეგია, რომელიც გამომდინარეობს:

(a)  ნებისმიერი, არსებული ან მომავალში შექმნილი რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის შეთანხმებაში ან ორგანიზაციაში, ან საბაჟო კავშირში მონაწილეობიდან, რომლის წევრიც არის ან შეიძლება მომავალში გახდეს რომელიმე ხელშემკვრელი მხარე, ან

(b)  ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებიდან ან ხელშეკრულებიდან, რომელიც მთლიანად ან ძირითადად შეეხება დაბეგვრას, ან ნებისმიერი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობიდან, რომელიც მთლიანად ან ძირითადად შეეხება დაბეგვრას.

4. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვებზე, სუბსიდიებსა და სესხებზე, გარანტიებზე, დაზღვევაზე, რომელიც ენიჭებათ ადგილობრივ კომპანიებს.

 

მუხლი 5

ეროვნული რეჟიმი

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს,   მართვასთან, განხორციელებასთან, ოპერირებასთან და განკარგვასთან მიმართებაში, მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ის ანიჭებს თავის ინვესტორებსა და მათ ინვესტიციებს.

2. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვებზე.

 

მუხლი 6

ექსპროპრიაცია

1. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ მოახდენს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციების ექსპროპრიაციას, ნაციონალიზაციას, ან არ მიიღებს მსგავსი შედეგის მქონე ზომებს (შემდგომში „ექსპროპრიაცია’’), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი ექსპროპრიაცია ხორციელდება:

  1. საზოგადოებრივი ინტერესებისთვის;

  2. არადისკრიმინაციულ საფუძველზე;

  3. სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაციის გადახდის პირობით; და           

  4. სათანადო სამართლებრივი პროცედურის დაცვით.

2. ამ მუხლის 1 (c) პუნქტში მითითებული კომპენსაცია უნდა შეესაბამებოდეს ექსპროპრიებული ინვესტიციის იმ საბაზრო ღირებულებას, რომელიც არსებობდა უშუალოდ ექსპროპრიაციის განხორციელებამდე ან მოსალოდნელი ექსპროპრიაციის შესახებ საჯაროდ გამოცხადებამდე, იმისდა მიხედვით, თუ რომელი ფაქტი დადგება უფრო ადრე. კომპენსაცია უნდა იყოს ეფექტურად რეალიზებადი, თავისუფლად   გადაცემადი და გადახდა უნდა მოხდეს გაჭიანურების გარეშე. 

3. ამ მუხლის პირველმა და მეორე პუნქტებმა რაიმე გზით არ უნდა შეზღუდონ ხელშემკვრელი მხარის უფლება აამოქმედოს კანონები, მიიღოს ზომები ან მარეგულირებელი ღონისძიებები, რომლებსაც ის აუცილებლად მიიჩნევს  საზოგადოებრივი კეთილდღეობის ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, კერძოდ, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა, კონტროლი ქონების გამოყენებაზე საერთო ინტერესების შესაბამისად, ან გადასახადების, ან სხვა კონტრიბუციების  ან ჯარიმების გადახდის უზრუნველყოფა.

 

მუხლი 7

ზარალის ანაზღაურება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, თუ მათ მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციები ზარალს განიცდის ომის ან სხვა შეიარაღებული კონფლიქტის, სამოქალაქო არეულობის, სახელმწიფოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის, ამბოხის, აჯანყების ან არეულობის გამო, ამგვარი ზარალის რესტიტუციასთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციასთან ან სხვაგვარად დაფარვასთან დაკავშირებით, მეორე ხელშემკვრელი მხარე მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც ეს უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს საკუთარ ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს, იმისდა მიხედვით, თუ რომელი რეჟიმია უფრო ხელსაყრელი.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შეუზღუდავად, ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, რომლებმაც, აღნიშნულ პუნქტში მითითებული რომელიმე  გარემოების  შემთხვევაში განიცადეს ზარალი მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე:

  1. ამ უკანასკნელის შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მხრიდან მათი ინვესტიციების ან მისი ნაწილის რეკვიზიციის შედეგად; ან
  2. ამ უკანასკნელის შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მხრიდან მათი ინვესტიციების ან მისი ნაწილის განადგურების შედეგად, რაც განპირობებული არ იყო არსებული  მდგომარეობით გამოწვეული აუცილებლობით.

უზრუნველყოფილი იქნებიან რესტიტუციით ან კომპენსაციით. 

 

მუხლი 8

ტრანსფერები

1.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტიციებთან დაკავშირებული ფულადი სახსრების თავისუფალ ტრანსფერს თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ტერიტორიიდან დაყოვნების გარეშე. ამგვარი ტრანსფერები მოიცავს შემდეგს:

(a) საწყისი კაპიტალი და დამატებითი თანხები ინვესტიციის შენარჩუნების ან გაზრდის მიზნით;      

(b) ამონაგები თანხები;

(c) მეორე ხელშემკვრელი მხარის მთლიანი  ან ინვესტიციის ნებისმიერი ნაწილის გაყიდვის, ან ნაწილობრივი ან მთლიანი ინვესტიციის   ლიკვიდაციის შედეგად მიღებული შემოსავლები;     

(d) ხელშეკრულებების, მათ შორის სასესხო შეთანხმებების ფარგლებში გადახდილი თანხები;

(e) საზღვარგარეთ დაქირავებული  პერსონალის შემოსავლები, რომელიც დაკავშირებულია მის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციასთან; და

(f) წინამდებარე შეთანხმების მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად გადახდილი თანხები.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს,  მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტიციებთან დაკავშირებული ფულადი სახსრების ტრანსფერს თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, გადარიცხვის დღეს მოქმედი სავალუტო კურსით.

3. წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დააყოვნოს და/ან აღკვეთოს ფულადი სახსრების ტრანსფერი,  სამართლიანი, არადისკრიმინაციული და კეთილსინდისიერი ზომების გზით, რაც დაკავშირებულია დაბეგვრასთან, კრედიტორების უფლებების დაცვასთან და სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ გამოტანილი განაჩენების ან გადაწყვეტილებების აღსრულებასთან.

 

მუხლი 9

ეღავათებზე უარის თქმა

1. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების მინიჭებაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორისთვის, რომელიც წარმოადგენს ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის იურიდიულ პირს და ამ ინვესტორის ინვესტიციებისთვის, თუ საწარმოს ფლობენ ან მართავენ არახელშემკვრელი მხარის პირები  და  თუ შეღავათებზე უარის მთქმელ ხელშემკვრელ მხარეს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები ამ არახელშემკვრელ მხარესთან.

2. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების მინიჭებაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორისთვის, რომელიც წარმოადგენს ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის იურიდიულ პირს და ამ ინვესტორის ინვესტიციებისთვის, თუ იურიდიული პირი  ძირითად სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და თუ ამ იურიდიულ პირს ფლობენ ან მართავენ არახელშემკვრელი მხარის ან შეღავათებზე უარის მთქმელი ხელშემკვრელი მხარის პირები.

 

მუხლი 10

ეგულირების უფლება

1. წინამდებარე შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს იგი ხელს უშლიდეს რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი ნებისმიერი ისეთი ზომის მიღება, ხელშეწყობასა ან განხორციელებაში, რომელსაც ის საჭიროდ მიიჩნევს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს:

(a) შესაბამისობა ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის წინამდებარე შეთანხმებასთან;

(b) გარემოს, ასევე, ადამიანისა ან მცენარის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობის დაცვა;

(c)  ცოცხალი და არაცოცხალი ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის რეგულირება; ან

(d) საერთაშორისო მშვიდობის ან უსაფრთხოების შენარჩუნება ან აღდგენა, ან საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების დაცვა.

2. ამგვარი ზომების მიღების, შენარჩუნების ან გატარებისას, მოთხოვნის საგანს წარმოადგენს, რომ ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული თვითნებური ან გაუმართლებელი სახით, ან არ წარმოადგენდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტიციების შენიღბულ შეზღუდვას.

 

მუხლი 11

საინვესტიციო დავების გადაწყვეტა ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შორის

1. წინამდებარე მუხლი არეგულირებს ინვესტიციიდან წარმოშობილ სამართლებრივ დავებს ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შორის, ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამგვარი დავა უნდა ეხებოდეს ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესაძლო დარღვევას, რომელმაც ზარალი ან ზიანი მიაყენა მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს.

2. კონსულტაციების დასაწყებად, ინვესტორმა ხელშემკვრელ მხარეს უნდა წარუდგინოს წერილობითი შეტყობინება. შეტყობინება უნდა აკონკრეტებდეს დავის ისეთ დეტალებს, როგორიცაა:

  1. მოდავე ინვესტორის სახელი და მისამართი;
  2. მოცემული შეთანხმების ის დებულებები, რომლებიც სავარაუდოდ დაირღვა; და
  3. მტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

3. თუ ამგვარი დავა ვერ გადაწყდება მშვიდობიანი გზით ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის დავის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, ინვესტორის მოთხოვნის საფუძველზე დავა უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

  1. ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური სასამართლოს მიერ, რომლის    ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია; ან
  2. საინვესტიციო დავების რეგულირების საერთაშორისო ცენტრის (ICSID) არბიტრაჟის მიერ, რომელიც შექმნილია „სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ’’ კონვენციის საფუძველზე, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ვაშინგტონში, 1965 წლის 18 მარტს, იმ პირობით, თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე ICSID-ის კონვენციის წევრია; ან
  3. ICSID-ის დამატებითი დებულების მიხედვით, თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე არის ვაშინგტონის კონვენციის ხელმომწერი, ან
  4. სამი არბიტრის ტრიბუნალთან არბიტრაჟით, გაერთიანებული ერების კომისიის საერთაშორისო ვაჭრობის კანონში (UNCITRAL) 2010 წელს შეტანილი ცვლილებების, საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. არბიტრაჟის შემთხვევაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მოცემული შეთანხმებით, საბოლოოდ თანხმდება წინასწარ წარუდგინოს ნებისმიერი მსგავსი დავა ტრიბუნალს, რომელიც შედგენილი იქნება აღნიშნული წესების შესაბამისად.

 

4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულო. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მისი მოქმედი კანონების, რეგულაციებისა და ნორმების და, ასევე, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად.

5. დავები, რომლებიც წარმოშობილია სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან ინვესტორსა და ხელშეკრულების მეორე მხარის ნებისმიერ უფლებამონაცვლეს ან მის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის და რომელიც შეეხება ინვესტორის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას, უნდა გადაწყდეს, დავების განხილვის მოცემული პროცედურების შესაბამისად.

6. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, ნებისმიერი ფორუმის ფარგლებში დავის გადაწყვეტის პროცედურის ინიცირება, მხარეების მიერ შერჩეული ფორუმის გამოყენება გამორიცხავს დანარჩენი ორი ფორუმის გამოყენებას, მსგავსი ან იდენტური განხილვის საგნის მქონე დავებთან მიმართებაში.

7. არანაირი საინვესტიციო დავა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ არბიტრაჟს განსახილველად არ გადაეცემა, თუ გასულია ხუთ წელზე მეტი იმ დღიდან, როდესაც ინვესტორმა პირველად შეიტყო, ან  პირველად უნდა შეეტყო სავარაუდო დარღვევისა და იმ ზარალის ან ზიანის შესახებ, რომელიც მან სავარაუდოდ განიცადა.

 

მუხლი 12

დავების გადაწყვეტა ხელშემკვრელ მხარეთა შორის

1. წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით ხელშემკვრელ მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა, შეძლებისდაგვარად, გადაწყდება კონსულტაციების და/ან სხვა დიპლომატიური არხების საშუალებით.

2. თუ ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონსულტაციების და/ან სხვა დიპლომატიური არხების საშუალებით დავის გადაწყვეტის მოთხოვნიდან ექვსი თვის განმავლობაში, სადავო საკითხი, ამ ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, გადაეცემა საარბიტრაჟო ტრიბუნალს. თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, საარბიტრაჟო განხილვა ჩატარდება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს ფაკულტატიური წესების საფუძველზე, რომელიც არეგულირებს ორ სახელმწიფოს შორის დავების საარბიტრაჟო წესით გადაწყვეტას, თუ ეს მოთხოვნა არ შეიცვლება ხელშემკვრელი მხარეების  მიერ, ან წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე.

3. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, სადავო საკითხს განიხილავს სამი წევრისგან შემდგარი საარბიტრაჟო ტრიბუნალი. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს, ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარისგან მიიღებს არბიტრაჟის დანიშვნის მოთხოვნას. ამგვარად დანიშნული ორი არბიტრი შემდგომი ორი თვის ვადაში შეარჩევს მესამე არბიტრს, რომელიც იქნება მესამე სახელმწიფოს მოქალაქე. მესამე არბიტრი, ორივე ხელშემკვრელი მხარის თანხმობით, დაინიშნება საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარედ.

4. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის რომელიმე წევრი არ დაინიშნება წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პერიოდში, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, არბიტრს ან არბიტრებს დანიშნავს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივანი, საკუთარი შეხედულებისამებრ.

5. საარბიტრაჟო სამართალწარმოების ადგილია ჰააგა, ნიდერლანდების სამეფო.

6. საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ამგვარი გადაწყვეტილებები საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად თითოეული ხელშემკვრელი მხარისთვის.

7. ხელშემკვრელი მხარეები თანაბრად აანაზღაურებენ არბიტრების მიერ გაწეულ და საარბიტრაჟო სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. თუმცა, საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, ხარჯების უმეტესი ნაწილის გადახდა დააკისროს ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს.

 

მუხლი 13

შეთანხმების გამოყენება

წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მისი სახელმწიფოს მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე და შესვლის შემდეგ განხორციელებულ ყველა ინვესტიციასთან მიმართებაში, თუმცა, არ გავრცელდება იმ დავებზე ან მოთხოვნებზე, რომლებიც წარმოიშვა იმ გარემოებებიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლამდე.

 

მუხლი 14

ცვლილებები

წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული ცალკე დოკუმენტი წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 15

ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და მოქმედების შეწყვეტა

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ოცდამეათე დღეს.

2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება ათი (10) წლის ვადით და შემდეგ კვლავ დარჩება ძალაში, თუ რომელიმე მხარე არ შეწყვეტს მის მოქმედებას წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

3. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება თავდაპირველი ათწლიანი პერიოდის ამოწურვამდე ან შემდგომში, ნებისმიერ დროს, ერთი (1) წლით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4. იმ ინვესტიციებთან მიმართებაში, რომლებიც განხორციელდა წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის ძალაში შესვლის თარიღამდე, 1-13 მუხლის დებულებები ძალაში რჩება  ამ თარიღის შემდგომ კიდევ ათი (10) წლის ვადით.

ზემოაღნიშნულის დასტურად, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელისმომწერმა მხარეებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2017 წლის 17 ივლისს,  ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

 

მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრი

ვიცე-პრემიერი

არაბთა გაერთიანებული საემიროების

მთავრობის სახელით

 

აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი

საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი