დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა–პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ “ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.107.016315 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016294) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მეპატრონის უფლებები ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით 1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს – იყიდოს/იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან/ქუჩიდან, ან მიიღოს მემკვიდრეობით/ანდერძით ცხოველი ემოციური, ესთეტიკური და/ან პრაქტიკული მიზნებისათვის. 2. მეპატრონეს უფლება აქვს მოაშენოს ცხოველები არაკომერციული ან კომერციული მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს მეპატრონის საკუთრებას. 4. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ თავისებურებებთან. 5. მეპატრონე ვალდებულია დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები: ა) ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირისთვის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე; ბ) მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს საამისოდ უფლებამოსილ ვეტერინარულ სამკურნალოებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით 1 თვის ასაკიდან და მიიღოს სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველის პირადი ნომერი. საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში; გ) ჭარბი აგრესიულობის ჯიშების ძაღლების ყოლა დაშვებულია მხოლოდ მეპატრონის მიერ ამგვარი ძაღლის წვრთნისა და მოვლა-პატრონობის თაობაზე ტექნიკური მინიმუმის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც გასცემს უფლებამოსილი ორგანო ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეთანხმებით; დ) აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ მაინც ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება; ე) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და აალაგოს ცხოველის ექსკრემენტები; ვ) ცხოველების ამა თუ იმ მიზეზით შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში (პატრონის გარდაცვალების ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო) დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გადაიბაროს, გააჩუქოს ან სხვა შემთხვევაში ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში; ზ) ცხოველის დაავადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას; თ) ცხოველის სიკვდილის შესახებ სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას; ი) აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) ჭარბი აგრესიულობის მქონე ჯიშის ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ლ) ცხოველის მიერ ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა), მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის ვეტერინარული პასპორტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა; მ) ძაღლის ლეშის გაუვნებელყოფა დასაშვებია მხოლოდ ბიოთერმულ ორმოსა და კრემატორიუმის მეშვეობით; ნ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების თუ სხვა ამგვარი ქმედებების ორგანიზება და ჩატარება, რომლებიც უშვებს სისასტიკეს ცხოველთა მიმართ. ამგვარი ქმედებების ორგანიზატორთა მიმართ მოქმედებს კანონი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი; ო) მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში: მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი ქმედების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევისათვის ცხოველთა დაცვის (არასამთავრობო ორგანიზაციის) შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ორგანო (პოლიცია) დაუყონებლივ ჩამოართმევს ცხოველს მეპატრონეს და გადასცემს თავშესაფარს. ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები